დეზერტირების ბაზარი

ცხოვრება ძვირდება! რამდენი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი?

1058
(განახლებულია 18:50 17.06.2019)
ვინ და როგორ ითვლის საარსებო მინიმუმს, რამდენია მისი ოდენობა სულადობის მიხედვით და რატომ არ არის ის არსებული რეალობის ადეკვატური? რა უნდა შეიცვალოს და როგორ?

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიას, ყოველგვარი შესავლის გარეშე, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემით დავიწყებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში 2019 წლის მაისში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და ბოლო წლებში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ვეცდები, რომ მკითხველი ციფრების „აღლუმით“ არ გადავღალო, თუმცა კონკრეტული მონაცემების მოშველიება მომიწევს.

როგორც „საქსტატი“ იუწყება, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 190.1 ლარი შეადგინა, რაც აპრილის თვესთან შედარებით 5.1 ლარით მეტია. მაისში, აპრილთან შედარებით, 4 ლარითა და 50 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და მან 168.4 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, ის იმავე მაისში 318.9 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, გასული წლის მაისის თვის მონაცემთან შედარებით, 20.7 ლარით გაიზარდა და დაუახლოვდა ჩვენში დადგენილ ორასლარიან საბაზო პენსიას, რომელსაც ასაკით პენსიონერები იღებენ.

საინტერესოა, როგორია საარსებო მინიმუმის ოდენობა სულადობის მიხედვით? − შესაძლოა ჩამეძიოთ და გეტყვით, რომ „საქსტატი“ ამ კითხვაზეც გვპასუხობს. ერთსულიან ოჯახზე თანხა 168.4 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე − 269.4 ლარით. სამსულიან ოჯახს მინიმუმ 303.1 ლარი დასჭირდებოდა, ოთხსულიან ოჯახს კი – 336.8 ლარი. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 378.9 ლარი იყო. ექვსსულიანზე და მეტზე საარსებო მინიმუმმა 448 ლარი შეადგინა. დარწმუნებული ვარ, გაბრაზდება ახლა მკითხველი და ბრძანებს, რომ ეს ციფრები რეალობას აცდენილია. არ ვიკამათებ, მეტიც, პათოსს გავიზიარებ. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, მანამდე კი მოგახსენებთ, რომ საარსებო მინიმუმმა მაისში გასულ თვეებთან შედარებით ყველა მიმართულებით მოიმატა.

ვინ და როგორ ითვლის საარსებო მინიმუმს? არც ეს კითხვა გამაკვირვებს. მოგახსენებთ, რომ ითვლის სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომელიც საბოლოო მონაცემებს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი, თავის მხრივ, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. სასურსათო კალათა ორმოცი დასახელების პროდუქტისგან შედგება. მათ შორს არის პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი. სატრანსპორტო, საკომუნიკაციო თუ სხვა ტიპის ხარჯები სასურსათო კალათის მიღმაა დარჩენილი.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციამ განაპირობა. მათივე შეფასებით, გაზრდილი საარსებო მინიმუმიც რეალობისგან ძალიან შორსაა და იგი ვერ ასახავს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია. 2019 წელს ცხოვრება გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, ინფლაციის ფონზე „საქსტატის“ მონაცემები სალაპარაკოდაც არ ღირს. რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და რეალური სურათის მისაღებად საარსებო მინიმუმის დადგენის მეთოდიკაში გარკვეული ცვლილებებია შესატანი.

ეკონომისტი ირაკლი მაკალათია: „საარსებო მინიმუმის მომატება ვერ შეფასდება დადებით ან უარყოფით ტენდენციად, რადგან ის რეალობას არ ასახავს. ქვეყანაში ინფლაციაა და საარსებო მინიმუმიც ავტომატურად იზრდება, ვინაიდან იქ შედის მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნები, რომლებზეც ფასები უფრო იწევს, ვიდრე არაპირველადი დანიშნულების საგნებზე. მაგალითად, როდესაც მობილური, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა იაფდება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან პირველად მოხმარებას, მოსახლეობის საარსებო მინიმუმზე ეს ფაქტი არანაირ გავლენას არ ახდენს. სურსათისა და მედიკამენტების გაძვირება-გაიაფების ტენდენცია კი უმალ აისახება მასზე. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ დინამიკაშია ხორცი, შაქარი, პურპროდუქტები, საწვავი და ა.შ. დღევანდელ მოცემულობაში ნომინალური საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ რეალური მაჩვენებელი, ინფლაციის გამორიცხვით, უცვლელი რჩება. სასურსათო კალათაში ინფლაციის გავლენას აქვს ორი მიზეზი: წარმოება მცირდება, რაც ზრდის ფასს და ამასთან მატულობს იმპორტული პროდუქტის ღირებულება. ამ პროცესს თან ახლავს ლარის დევალვაცია, რაც შემდეგში სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ღირებულებაზე აისახება...“

ეკონომისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს თავად სამომხმარებლო კალათის სტრუქტურაც, რადგან სხვა კომპონენტებთან ერთად ისიც განსაზღვრავს ინფლაციის არსებულ მიზნობრივ მაჩვენებელს.

ეკონომისტი ლადო პაპავა: „ჩვენი დონის ქვეყნებში სასურსათო კომპონენტი 50 პროცენტზეა, ხოლო საქართველოში ეს მაჩვენებელი 30 პროცენტია. ეს ხელოვნურად ამსუბუქებს კალათას და ასევე ხელოვნურად დაბლა სწევს ინფლაციას. ღარიბი მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს ტელევიზორი ან სასტუმროს ხარჯი გაიაფდება თუ გაძვირდება, რადგან ეს ის საქონელი და მომსახურებაა, რომელზეც მას ისედაც არ მიუწვდება ხელი. შესაბამისად, აუცილებელია სამომხმარებლო კალათის სტრუქტურის გადახედვა. საქართველოში მიზნობრივი ინფლაციის ფიქსირებული მაჩვენებლის ნაცვლად შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ინფლაციის ზედა და ქვედა ზღვარის დაწესების საკითხიც განიხილებოდეს...“

საინტერესოა, რას ფიქრობენ სტატისტიკოსები? მათი უმრავლესობა არასაკმარისად მიიჩნევს როგორც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის, ასევე ოჯახის საარსებო მინიმუმს და თვლის, რომ ფასების ზრდის ფონზე ეს მაჩვენებელიც ვითარების ადეკვატურად უნდა გაიზარდოს.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე: „ზაფხულში, სეზონის სპეციფიკის გათვალისწინებით, ფასების შემცირებას ველოდით, მაგრამ საპირისპირო ტენდენციაა. ამ ეტაპზე ინფლაციური პროცესები გაღრმავდა და ეს საარსებო მინიმუმზეც აისახა. მძიმე სოციალური ფონი გვაქვს ქვეყანაში და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა არაფერი იცვლება. ჩვენ გვესაჭიროება გაცილებით სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა და ნაკლები რეგულაციები, რომ ვითარება როგორმე გაუმჯობესდეს. რაღაც მექანიზმი უნდა შეიცვალოს, დრაკონული წესით არა, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. რაც შეეხება კონკრეტულად საარსებო მინიმუმს, ინფლაციის ფონზეც კი ის არაადეკვატურია და რეალობას მოკლებული. ის საპენსიო თანხას დაუახლოვდა, მაგრამ ჯანსაღი ადამიანისთის არასაკმარისი და წარმოუდგენლად მიზერულია. ზრდასრული ადამიანისთვის 191 ლარი არ არის საკმარისი, რომ მან ღირსეულად იცხოვროს. სახელმწიფოს არ აქვს სხვა გამოსავალი, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და მეტი შემოსავალი გაჩნდეს...“  

საგულისხმოა, რომ „საქსტატი“ არ გამორიცხავს უკვე მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას. კონსულტაციები დაწყებულია. დაველოდოთ რა შეიცვლება და ახლებურად თვლის შედეგი რამდენად იქნება რეალობის ადეკვატური...  

 

1058