თბილისის ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ

რამდენად შესაძლებელია, თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა გამეორდეს?

94
(განახლებულია 14:08 14.06.2019)
თბილისი დაზღვეული არაა განმეორებითი მასშტაბური წყალდიდობისგან, რადგან ქალაქში ბევრი პატარა მდინარეა, რომლებსაც სპეციალური სამსახურები არ აკონტროლებენ, მიიჩნევს ეკოლოგი ნინო ჩხობაძე.

13 ივნისის სტიქიიდან 4 წელი გავიდა – 21 დაღუპული, ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული და 200-ზე მეტი დაზარალებული მოქალაქე – ასეთია სტიქიის შედეგი.

ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.

ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.

მდინარე ვერე – შენარჩუნებულია თუ არა საფრთხე?

ნინო ჩხობაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა იმ საშინელი ღამის შემდეგ იმისთვის, რომ ვერეს ხეობაში ტრაგედია აღარ გამეორდეს.

„წყალდიდობის შემდეგ გააღრმავეს მდინარის ფსკერი, სპეციალური სამაგრებით გაამყარეს. ამას გარდა, გააკეთეს დამცავი ჯებირები, რომ ინერტული მასალის დიდი რაოდენობა არ ჩავიდეს ქვევით და კალაპოტი არ დანაგვიანდეს", – აღნიშნა ჩხობაძემ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

მისი თქმით, ვერეს ხეობაში წყლის დონე 13 ივნისს სწორედ დანაგვიანების გამო გაიზარდა – წყლის მასა მიწასთან და ხეებთან ერთად დაატყდა თავს საცხოვრებელ უბანს.

Тбилиси. Ликвидация последствий наводнения
photo : Совет национальной безопасности Грузии
წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია

„მას შემდეგ წინასწარ შეტყობინების სპეციალური დამცავი სისტემა გააკეთეს, დაამონტაჟეს ამ მდინარეზე. უხვი ნალექის შემთხვევაში ის მომენტალურად ირთვება. ეს ძალიან კარგია", – აღნიშნა ეკოლოგმა.

სიგნალის შემთხვევაში სპეციალური სამსახურები ოპერატიულად გადაკეტავენ საავტომობილო მოძრაობას მიმდებარე ტერიტორიაზე და ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობას გაიყვანენ.

„რისკი ყოველთვის არსებობს, რადგან ეს მთის მდინარეა და მისთვის სწრაფი დინება, წყლის სიჩქარის მკვეთრი ცვლილებებია დამახასიათებელი... რეალურად ამის მოლოდინი ყოველთვის გვექნება", – განაცხადა ჩხობაძემ.

მისი თქმით, სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები, მიუხედავად ყველაფრისა, რისკის პერმანენტულ ზონაში იმყოფებიან.

„ამ ზონაში საცხოვრებელი სახლები არ უნდა შენდებოდეს. ის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ იქ ცხოვრობენ ადამიანები და შენდება სახლები, საშიშროებას ზრდის", – განაცხადა ჩხობაძემ.

Разрушенная наводнением трасса Ваке-Сабуртало и ущелье, где текла речка Вере. Из серии Тбилисское наводнение 13 июня
© Sputnik / Alexander Imedashvili
წყალდიდობისას დანგრეული გზა

გამეორება შესაძლებელია?

თუ 2015 წლის წყალდიდობის შემდეგ მდინარე ვერე მეთვალყურეობის ქვეშაა, სხვა პატარა მდინარეები დედაქალაქში სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა. ეს წყლები პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს, აცხადებს სპეციალისტი.

„მაგალითად, 1963 წელს ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ისანი, 2012 წელს ორთაჭალაში ლეღვთახევის ადიდების გამო ოთხი ადამიანი დაიღუპა. იქაც მდინარეები დანაგვიანებული იყო. ასევე ადიდდა გლდანულა, რომელმაც ხიდი ჩაანგრია, დაიღუპნენ ადამიანები", – აღნიშნა ეკოლოგმა.

ჩხობაძის განცხადებით, რისკი შენარჩუნებულია ვარაზისხევში, დიღმისწყალში, ისანში.

ეკოლოგის თქმით, 1990-იან წლებამდე თბილისში მუშაობდა სპეციალური სამსახური, რომელიც აკონტროლებდა მთის მდინარეებს, თუმცა ამჟამად ასეთი უწყება ქალაქში აღარ არის.

94
თემები:
დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში (92)