ანზორ ბიწაძე

მემკვიდრეობითობა ქართულ პოლიტიკაში: ანზორ ბიწაძეს პარლამენტისთვის ამზადებენ

542
(განახლებულია 14:20 06.06.2019)
ამ დღეებში ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო" დელეგატთა ყრილობა ჩაატარა და პარტიის ახალი პოლიტიკური საბჭო წარუდგინა საზოგადოებას.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მისი პარტია 2020 წლის არჩევნებისათვის იწყებს მზადებას.

საინტერესოა, რომ პარტიის მთავარ საბჭოში შეიყვანეს ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძე, რომელიც 2016 წლის არჩევნების დროს საარჩევნო სიაში მეოთხე ნომერი იყო. საარჩევნო ბარიერის დაწევის გამო „დემოკრატიულ მოძრაობას“ პარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი აქვს. შესაბამისად, ამიერიდან ანზორ ბიწაძე უფრო ხშირად მოექცევა მასმედიის ყურადღების ცენტრში.

პარტიამ დელეგატთა ყრილობაზე სახელი შეიცვალა და „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" გახდა. როგორც ჩანს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პარტიის მთავარი ნარატივი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს გაერთიანება იქნება. როგორ აპირებს ამ მრავალწლიანი და ურთულესი პრობლემის მოგვარებას ბურჯანაძე, ამაზე, ალბათ, საარჩევნო პროგრამაში იქნება საუბარი. თუმცა ერთი კია - ცხოვრების ბედუკუღმართობის გამო დღეს ამომრჩევლისათვის პირველ ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება დგას და პირველ ადგილზეც ის პარტია გავა, რომელიც ამ კუთხით რეალურ გზას დაანახებს საზოგადოებას. დიდი ალბათობით კი ეს ისევ მმართველი პარტია იქნება. ბურჯანაძეს არც რუსეთთან მოლაპარაკებებზე აქვს ექსკლუზივი, რადგან აქაც მმართველი პოლიტიკური ძალა ყველაფერს აკეთებს, რაც მის ხელთაა.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც ანზორ ბიწაძის სახელიც დაუკავშირდება, არის ბრძოლა პროპორციული არჩევნებისათვის. ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წელს ასამოქმედებლად.

იქნება ხელმოწერები შეგროვდება, ხმაური და სატელევიზიო დებატები, თუმცა მმართველი პარტია მაჟორიტარებს მხოლოდ 2024 წლისათვის დათმობს.

ამ დებატებში კი ახალი პოლიტიკური სახეები გამოჩნდებიან. ანზორ ბიწაძეს უკვე აპიარებს რამდენიმე მედიასაშუალება. როგორც თავად პოლიტიკოსის ვაჟი ამბობს, ის 11 წელია, „დემოკრატიულ მოძრაობაშია“ და პარტიის ყველა აქტივობაში მონაწილეობს.

მართალია, პოლიტიკური კუთხით მისი პარტმუშაკი ბაბუის მიმართ საქართველოში დიდი ნოსტალგია არ არსებობს, მაგრამ არსებობს ძველი კონტაქტები და პურის ბიზნესი, რომელიც არჩევნების დაფინანსებისა და ამომრჩევლის მოზიდვა-მოსყიდვის შესანიშნავი საშუალებაა. და თუ აქტიური მუშაობის შედეგად ანზორ ბიწაძე „ერთიანი საქართველოს“ სიით პარლამენტში მოხვდა, დედის პოლიტიკურ გზას გააგრძელებს.

ბურჯანაძეს აკადემიურობა ნამდვილად არ აკლია, თუმცა ხალხურობა – ნამდვილად. ამ კუთხით პარტიისათვის დიდი დანაკლისია მისივე ნათელ-მირონი გუბაზ სანიკიძე, რომელმაც სწორედ არჩევნების წინ დატოვა „დემოკრატიული მოძრაობა“.

მამათა და შვილთა ბრძოლის ნაცვლად ქართულ პოლიტიკაში ბოლო ხანებში მამათა და შვილთა ხელშეწყობა დამკვიდრდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამის გამო დატოვა პოლიტიკური პარტია გია კობახიძემ. მისი შვილი კი მმართველი პარტიიდან პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

ვნახოთ, აღმოჩნდება თუ არა ასე წარმატებული ნინო ბურჯანაძის ვაჟის დებიუტი. ფაქტია, რომ მას საკანონმდებლო ორგანოსთვის ამზადებენ.

542
მიგრანტების ხელშემწყობი ცენტრი

„ცვლილებების დრო“: რუსეთის შსს მიგრანტებს დასაქმებას გაუმარტივებს

8
(განახლებულია 21:08 29.09.2020)
2020 წელს დაახლოებით 600 ათასი ადამიანი შეძლებს გახდეს რუსეთის მოქალაქე, მათი უმეტესობა დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეა.

რა პრეფერენციები მიიღეს მიგრანტებმა კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესების დღიდან და კიდევ როგორ გამარტივდება დოკუმენტების გაფორმება ქვეყანაში უცხოელების ლეგალურად ყოფნისთვის – ამ საკითხებზე Sputnik-ს რუსეთის შსს-ს მიგრაციის საკითხთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ვალენტინა კაზაკოვა ესაუბრა.

Начальник Главного управления по вопросам миграции МВД России, генерал-лейтенант Валентина Казакова
© photo: Sputnik / Nina Zotina
ვალენტინა კაზაკოვა

რუსეთის პასპორტი გაუჭიანურებლად

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიმჩნევა რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა ზრდის ტენდენცია. ამის შესახებ Sputnik-ს ინტერვიუში რუსეთის შსს-ს მიგრაციის საკითხთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალენტინა კაზაკოვამ განუცხადა.

მისი სიტყვებით, 2019 წელს რუსეთის მოქალაქე 500 ათასამდე უცხოელი გახდა, 2020 წლის 8 თვეში კი რუსეთის მოქალაქეობა 400 ათასმა ადამიანმა მიიღო. მათი 90% დსთ-ის ქვეყნებიდან არის.

„ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეს რიცხვი გაიზრდება და 600 ათასს მიაღწევს“, – ვარაუდობს კაზაკოვა.

ასეთ მაჩვენებლებს არაერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ჯერ ერთი, გამარტივდა მოქალაქეობის მიღების პროცედურა. მაგალითად, აღარ არის საჭირო სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ დოკუმენტების წარმოდგენა, რაც ადრე სავალდებულო პირობა იყო. ექვსიდან სამ თვემდე შემცირდა ასევე რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის განხილვის ვადა.

გარდა ამისა, ივლისიდან ყაზახეთის, ბელარუსის, მოლდავეთისა და უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც ბინადრობის ნებართვა აქვთ, უფრო იოლად აიღებენ რუსულ პასპორტს. თუ ადრე ბინადრობის ნებართვის საფუძველზე აუცილებელი იყო რუსეთში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, ამიერიდან მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტების წარდგენა იმთავითვე იქნება შესაძლებელი. ზაფხულის შუა რიცხვებში რუსული პასპორტის მიღების მსურველი 240 ათასი ადამიანი იყო.

„აღნიშნული კატეგორიის პირთა რაოდენობის ზრდას ველოდებით“, – ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.

დამატებით კიდევ ერთი შეღავათით ისარგებლებენ ყაზახეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ისინი არ გაივლიან გასაუბრებას შსს-სთან არსებულ კომისიებში რუსული ენის ცოდნაზე.

გამარტივდა ასევე ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც თანამემამულის სტატუსი აქვთ.

„ისინი დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურის გვერდის ავლით შეძლებენ ბინადრობის ნებართვის მიღებას და, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეობის მიღების ვადები მათთვის შემცირდება“, – დააზუსტა გენერალ-ლეიტენანტმა.

მიგრანტების დამსაქმებელთა რეესტრი

რუსეთის შსს გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დასაქმებულების და იმ დამსაქმებლების რეესტრი, რომლებიც მზად არიან, უცხოელები მიიღონ სამსახურში, აღნიშნა კაზაკოვამ. ეს იდეა შეტანილია სამინისტროს მიერ შემუშავებულ უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის ახალ კონცეფციაში.

ამჟამად სამუშაოზე გასაფორმებლად მრავალი სახის დოკუმენტი არსებობს: შრომის პატენტები, უცხო სამუშაო ძალის მოზიდვის ნებართვა, მუშაობის ნებართვა.

„უცხოელისთვის რთულია გაერკვეს ყველა პროცედურაში. დადგა ცვლილებების დრო. ამიტომ შევიმუშავეთ უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის კონცეფცია, სადაც ზოგიერთი ინოვაციის დანერგვის წინადადებით გამოვდივართ“, – ხაზი გაუსვა შსს-ს წარმომადგენელმა.

ახალი წესების თანახმად, მას შემდეგ, რაც მიგრანტი რეესტრის დახმარებით ახალ ვაკანსიას იპოვის, მომდევნო ეტაპი იქნება დოკუმენტების გაფორმება სახელმწიფო მომსახურების ერთიანი პორტალის მეშვეობით. მათი ონლაინ-შემოწმების შემდეგ უცხოელი რუსეთის ფედერაციაში შესვლის ნებართვას მიიღებს.

„ნებართვის მიღების შემდეგ უცხოელს რუსეთში ჩასვლისას უკვე ეცოდინება, რომელ დამსაქმებელთან მიემგზავრება. ჩვენი ვარაუდით, ასეთი სქემა ნებართვის დოკუმენტების გაფორმებას გაამარტივებს და მათი მიღების ვადებს შეამცირებს“, – ფიქრობს კაზაკოვა.

უფასო პატენტი და დოკუმენტების ვადის გაგრძელება

2020 წლამდე რუსეთში ყოველწლიურად 15-17 მილიონი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩადიოდა. მათ შორის დასაქმების მიზნით – 5-6 მილიონი ადამიანი, აღნიშნა ვალენტინა კაზაკოვამ.

საკარანტინო შეზღუდვების გამო წელს დაახლოებით 1,5-მა მილიონმა მიგრანტმა მიმართა რუსეთის შსს-ს ტერიტორიულ სამსახურებს ქვეყანაში ყოფნის ნებართვის გასაფორმებლად. მაგრამ ამავე პერიოდში ზოგიერთი უცხოელი რუსეთში უმუშევარი დარჩა, ზოგი საზღვრების ჩაკეტვის გამო სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. რუსეთში მიგრანტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი მიიღეს, რომლებმაც ისინი უამრავი ბიუროკრატიული პროცედურისგან გაათავისუფლა.

„ამჟამად შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ უცხოელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდეს და მუშაობდეს წინასწარ გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე“, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.

15 მარტიდან 15 ივნისამდე მიგრანტებს შეეძლოთ რუსეთში მუშაობა და ცხოვრება ნებართვის დოკუმენტების გაფორმების გარეშე, თუ მათი მოქმედების ვადა ამოწურული იყო. შრომით მიგრანტებს შრომითი პატენტის ვადის უფასოდ (პატენტის შეძენის გარეშე ვადის გაგრძელება ძალაში იყო 15 ივნისამდე) გაგრძელების შესაძლებლობა რუსეთიდან გასვლის გარეშე მისცეს. პირველ რიგში ამ შეღავათმა თანხები დაუზოგა უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და უკრაინის მოქალაქეებს, რომელთაც პატენტის გაფორმება 5350 რუბლი უჯდებოდათ.

15 ივნისის შემდეგ მიგრანტებს კიდევ არაერთხელ გაუგრძელეს დროებითი ბინადრობის ნებართვა. ამ მომენტისთვის ყველა უცხოელ მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში კანონიერად იმყოფებოდა 15 მარტამდე, დაუბრკოლებლად შეუძლია დარჩენა და მუშაობა 15 დეკემბრამდე.

ამჟამად არსებობს უცხო ქვეყნების მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორია, რომელთაც რუსეთში ოფიციალურად მუშაობა შეუძლიათ. პირველი კატეგორია – ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მოქალაქეები არიან. მათ რუსეთის მოქალაქეთა თანასწორი უფლებებით, ყოველგვარი ნებართვის დოკუმენტის გარეშე შეუძლიათ მუშაობა.

მეორე კატეგორიაში არიან პირები, რომლებიც შრომით პატენტებს იღებენ და ავანსს იხდიან. მესამე კატეგორია – ვიზების საფუძველზე ჩასული მოქალაქეები, რომლებიც შრომით ნებართვას აფორმებენ.

„2020 წლის 6 თვეში ჩვენთან 700 ათასი შეტყობინება მოვიდა დამსაქმებლებისგან უცხოელი მოქალაქეების სამსახურში მიღების თაობაზე. მათგან 50 ათასი სომხეთის მოქალაქეა, ეს დაახლოებით 7%-ია“, – აღნიშნა კაზაკოვამ.

მიგრაციის აღრიცხვა უფრო გამჭვირვალე გახდა

კიდევ ერთი სიახლე რუსეთის კანონმდებლობაში ეხება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში კერძო საკუთრებას ფლობენ. მათ შეუძლიათ მიიღონ და თავიანთ საცხოვრებელ ბინაში დაარეგისტრირონ სხვა უცხოელები. 2020 წლის სექტემბრამდე მათ კერძო საკუთრებაში ახლო ნათესავების (მეუღლე, მშობლები, შვილები) რეგისტრაციის უფლებაც კი არ ჰქონდათ.

„როდესაც მოქალაქეს არ შეუძლია საკუთარ საცხოვრებელ ფართში უცხოელის დარეგისტრირების უფლებით სარგებლობა, ის სხვადასხვა უკანონო სქემას იყენებს და გვაწვდის არასწორ ინფორმაციას. ანუ უცხოელი ცხოვრობს ერთ მისამართზე, ხოლო რეგისტრირებულია სხვა მისამართზე. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და სწორედ მის თავიდან ასაცილებლად გამოიცა ახალი კანონი“, – განმარტავს კაზაკოვა.

დანაშაული მკვეთრად არ გაზრდილა

რუსეთში კორონავირუსის გამო სხვადასხვა აკრძალვის ამოქმედება, არაერთი პროგნოზით, მიგრანტებს შორის დანაშაულის მკვეთრ ზრდას გამოიწვევდა. კაზაკოვას აზრით, ყველა იმ პრეფერენციის წყალობით, რომელიც უცხოელებმა პანდემიის პერიოდში მიიღეს, ასეთი ნეგატიური სცენარისთვის თავის არიდება მოხერხდა.

„ცხოვრებამ აჩვენა, რომ ეს შიში უსაფუძვლო იყო. ზომებმა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე უცხოელების ლეგალიზაციისთვის დროულად იქნა მიღებული, ნაყოფი გამოიღო. როდესაც უცხოელი თავს დაცულად გრძნობს, მას დანაშაულის ჩადენა არ სჭირდება, რადგან სამართლებრივ ველში იმყოფება. დანაშაული მაშინ იმატებს, როდესაც უცხოელი თავს დაუცველად გრძნობს, კარგავს სამუშაოს, ვერ შოულობს ახალს, ეწურება ნებართვის დოკუმენტების მოქმედების ვადა“, – ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.

მისი თქმით, გარკვეული შედეგი მოჰყვა შსს-ს ერთობლივ მუშაობას ქვეყნების, კერძოდ, უზბეკეთის და ტაჯიკეთის საელჩოებთან. დიპლომატიური უწყებები თანამემამულეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, დასაქმებაში ეხმარებოდნენ. გარდა ამისა, მიგრანტებს რუსეთიდან გასვლაშიც უწყობდნენ ხელს – გასამგზავრებელი რეისების დანიშვნის გზით.  

 

8
თემები:
რუსეთი დღეს
ბანკის საქმიანობა

რას ხმარდება გაზრდილი სახელმწიფო ვალი და რა განრიგით მოუწევს ქვეყანას მისი გასტუმრება

93
(განახლებულია 14:24 28.09.2020)
კორონაკრიზისის პერიოდში ნასესხებ ფულს თუ გავითვალისწინებთ, მთავრობა 2020 წელს საგარეო ვალს 6.1 მილიარდი ლარით, ხოლო საშინაო ვალს 1.8 მილიარდი ლარით ზრდის.

საგარეო ვალი მთავრობის და ეროვნული ბანკის ვალია, ხოლო საშინაო - სახაზინო და სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვალს მოიცავს.

ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, კოვიდპანდემიამდე გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვალი 3.6 მლრდ-ით იმატებდა. შედეგად საგარეო ვალი 17.7 მილიარდს (წინა წელთან შედარებით ზრდა 2.3 მლრდ), ხოლო საშინაო ვალი 5.6 მლრდ ლარს (წინა წელთან შედარებით ზრდა 1.2 მლრდ) მიაღწევდა. მაგრამ ჯერ კოვიდპანდემიამ, შემდეგ კი ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ საქმე გაცილებით უფრო გაართულა.

რას ხმარდება ნასესხები ფული

საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს ბიუჯეტში ცვლილებები, ე.წ. „ანტიკრიზისული ბიუჯეტის“ პროექტი დაამტკიცა. წლის ბოლომდე მთავრობა 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს, საიდანაც ანტიკრიზისულ ზომებზე, პანდემიით გამოწვეულ სხვა ხარჯებთან ერთად, ჯამში, 3.4 მილიარდი ლარია განსაზღვრული.

მთავრობის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, სახელმწიფო რესურსი ძირითადად შემდეგი მიმართულებებით დაიხარჯება:

• უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქეების 200-ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 450 მლნ;

• თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება – 75 მლნ;

• კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 170 მლნ;

• სოციალურად დაუცველთა და შშმ პირების გარკვეული კატეგორიების დახმარება 6 თვის მანძილზე – 85 მლნ;

• საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურება და ფრენების სუბსიდირება – 45 მლნ;

• ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯები – 345 მლნ;

• საკრედიტო-საგარანტიო სქემა – 330 მლნ;

• სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირება – 77 მლნ;

• სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვები) – 40 მლნ;

• სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა – 139 მლნ;

• კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნა – 600 მლნ.

ოპოზიციის კრიტიკა ხელისუფლებას

ქვეყნის მიერ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აღებული ვალდებულებები, წინა წლის ვალებთან ერთად, პიკურ ნიშნულს უახლოვდება. ოპოზიციის კითხვები ხარჯვის მიზნობრიობას უკავშირდება, ასევე უპასუხოა, რატომ არ გამოიყენა 3 მილიარდ ლარამდე საბიუჯეტო ნაშთი ხელისუფლებამ კრიზისის დროს. ოპონენტების ვარაუდით, თანხა ივანიშვილის გუნდმა შეგნებულად წინასაარჩევნოდ შემოინახა.

დღევანდელი მდგომარეობით მთლიანი სახელმწიფო ვალი 31,019 მლრდ ლარს შეადგენს, რაც თითოეული მოქალაქის წილად 8,3 ათასი ლარია. 2019 წელს სახელმწიფო ვალი 20,622 მლრდ ლარი იყო, ხოლო თითოეულ მოქალაქეზე 5,5 ათასი ლარი მოდიოდა. 2018-ში სახელმწიფო ვალი 17,795 მლრდ ლარი გახლდათ და თითო მოქალაქის წილად 4,7 ათასი ლარი მოდიოდა. როგორც ვხედავთ, წელს სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხოლო რა მაჩვენებელი იქნება წლის ბოლოს, ეს დამოკიდებულია კიდევ რამდენს ისესხებს მთავრობა საგარეო ვალს, რომელიც დოლარშია, და ასევე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ლარის კურსი წლის ბოლოს. ყოველი პუნქტით გაუფასურებული ლარი მნიშვნელოვნად ზრდის საგარეო ვალს თითოეული მოქალაქისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, სახელმწიფომ უზარმაზარი საგარეო ვალი აიღო, რაც ქვეყანას არაფერში დასტყობია.

„არასწორი გზით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა და სად იხარჯება ეს ფული, არავინ იცის“, – ამბობს გოცირიძე.

გოცირიძემ პრემიერ გახარიას ინიციატივაც გააკრიტიკა, როდესაც მან აგვისტოს დასაწყისში სოციალური დახმარების მესამე ტალღა დააანონსა.

„მთავრობამ 530 მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის. დღეისათვის გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი ლარი. როგორც ველოდით, დანარჩენი წინასაარჩევნოდ შემოინახეს“, – ამბობდა გოცირიძე.

მისი თქმით, მთავრობამ თავიდან ისეთი მკაცრი კრიტერიუმები დააწესა, რომ თვითდასაქმებულთა უდიდესმა ნაწილმა ვერ მიიღო ეს დახმარება. არჩევნების მოახლოების დროს კი ყოველგვარი ცნობის გარეშე დაიწყეს ფულის დარიგება.

„ამით ორ მიზანს აღწევენ – წინასაარჩევნოდ გულის მოგებას და საკუთარი აქტივის უპრობლემოდ ჩასმას ფულადი დახმარების მიმღებთა სიაში. ფაქტობრივად, ბიუჯეტიდან აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა გოცირიძემ. მისი თქმით, ეს ფული ვალად არის აღებული უცხოეთიდან და ეკუთვნის ხალხს და არაა ივანიშვილის და მისი პარტიის მოწყალება.

საგარეო ვალდებულებების დაფარვა

გარდა იმისა, თუ რას ხმარდება ნასესხები ფული, მნიშვნელოვანია როგორ და რა გრაფიკით მოხდება ნასესხები ვალის გასტუმრება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს 2020 წელს კრიზისის გამო აღებული საგარეო ვალების დაფარვა მომდევნო წლიდან არ მოუწევს. მისი თქმით, საქართველო წელს სრულად მიიღებს პანდემიიდან გამომდინარე სესხად აღებულ თანხას, რომელიც $1.5 მლრდ-ია, აქედან 900 მილიონ დოლარზე მეტი უკვე რატიფიცირებულია. კაკაურიძის ვარაუდით, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში 80%-მდე იქნება ჩამორიცხული.

„რაც შეეხება ვალის დაფარვის გრაფიკს, მხოლოდ კრიზისის გამო აღებულ ვალს თუ ავიღებთ, არც ერთი ვალის დაფარვა მომდევნო წელს არ გვიწევს, იმიტომ რომ ყველას აქვს შეღავათიანი პერიოდი მინიმუმ 3 წელი, თუმცა, ზოგადად ქვეყანას ვალის დაფარვა უწევს“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

მისივე განცხადებით, მომავალ წელს საქართველოს 2.4 მილიარდ ლარამდე საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს. ყველაზე დიდი წილი კი 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების დაფარვაზე მოდის.

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რაც უფრო გაუფასურდება ლარი, მით მეტი იქნება ბიუჯეტიდან საგარეო ვალის მომსახურებაზე გადასახდელი თანხაც.

როგორც ირკვევა, 2020 წლის პირველი 6 თვის მანძილზე მთავრობამ მხოლოდ საგარეო ვალის დაფარვაზე 623 მილიონ ლარამდე დახარჯა. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

საგარეო ვალის სიმძიმეს ეკონომიკისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საგარეო ვალის სიმძიმე ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პარამეტრებზე ნეგატიურად აისახება და კიდევ უფრო მეტად დააზარალებს მოსახლეობას.

„ბიუჯეტის გეგმას რომ ჩავხედოთ, დაახლოებით მეათედი მიდის ვალის მომსახურებაზე, რაც ძალიან დიდი რიცხვია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი არის ეკონომიკის დაახლოებით 30-32% და როცა ამის მეათედი ვალის მოხმარებაზე მიდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე ვალის მომსახურებაში დიდ თანხას იხდის თავისი გამომუშავებული ფულიდან“, – განაცხადა ხორგუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ფულს იხდის ისეთი ვალების მომსახურებაში, რაც რეალურად ვერ გამოიყენა ან მოძველდა.

„ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად წლების განმავლობაში მოცულობითი ვალია აღებული, მაგრამ ფული გაიფლანგა, საქმე უხარისხოდ გაკეთდა, ვალი კი ვალად დარჩა. ასეთი არაერთი შემთხვევაა.

გარდა იმისა, რომ ამხელა ვალი თითოეულ მოქალაქეს აზარალებს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს საკრედიტო რეიტინგს შეიძლება პრობლემა შეექმნას – შემდეგში სესხი უფრო ძვირად მოგვცენ. ამით ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გავხვდებით“, – აღნიშნა ხორგუაშვილმა.

წინა წლებს თუ გავიხსენებთ, საგარეო ვალის ზრდის ტემპი 2013 წლამდე პერიოდულად მცირდებოდა. ბოლო წლებში კი სესხის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროექტი „ბიუჯეტის მონიტორი“ აქვეყნებს სახელმწიფო ვალის დინამიკას წლების მიხედვით.

სახელმწიფო ვალი 2016 წელს 14,45 მლრდ, 2017 წელს 16,283 მლრდ, 2018 წელს 17,795 მლრდ, 2019 წელს 20,622 მლრდ ლარი იყო.

2020 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, როცა 1 დოლარი 2.33 ლარს შეესაბამება, სახელმწიფო ვალი სულ 31 019 313 066 ლარია, საიდანაც საგარეო ვალის წილად მოდის 24 533 157 613 ლარი, ხოლო საშინაო ვალი 5 966 796 000 ლარია.

რაც შეეხება მთლიანად სახელმწიფო ვალის მომსახურებას, არსებული ლარის კურსის პირობებში შემდეგი სიტუაციაა: წელს ვალდებულებების მომსახურებაზე ჯამურად 3 157 947 294 ლარია ბიუჯეტიდან გადასახდელი, ხოლო მომავალ, 2021 წელს 4 360 451 988 ლარის დაფარვა მოგვიწევს.

 

თემურ იოსელიანი

93
ვლადიმირ ვაისი

ვაისს სომხეთთან მატჩისთვის ჯერ „არ სცხელა“

0
(განახლებულია 22:19 29.09.2020)
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 5 ოქტომბრიდან ბელარუსთან მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. გამარჯვების შემთხვევაში ის ევროპის ჩემპიონატზე საგზურის მისაღებად ბრძოლას გააგრძელებს.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სომხეთის გუნდთან მომავალ მატჩზე კომენტარი არ გააკეთა. მატჩი 11 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში უნდა გაიმართოს.

„სომხეთზე რატომ მეკითხებით? მთელი ჩვენი ძალები და ყურადღება პირველ რიგში ბელარუსის ნაკრებთან თამაშისკენაა მიმართული. მერე უკვე – ერთა ლიგა, მატჩები სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. რაც შეეხება პოლიტიკასა და არეულ ვითარებას... ასეთ კითხვებს არ ვუპასუხებ“, – განუცხადა ვაისმა РИА Новости-ს.

უფრო ადრე ამავე საკითხზე „Sputnik–საქართველომ“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეს-სამსახურს მიმართა.

„ამ საკითხზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. საუბარი მატჩის გაუქმების ან მისი ნეიტრალურ მოედანზე გადატანის შესახებ ჯერ არ არის. თვალს ვადევნებთ ვითარებას, მაგრამ საბოლოო სიტყვა, ნებისმიერ შემთხვევაში, უეფაზეა“, – განაცხადეს სფფ-ის პრეს-სამსახურში.

რაც შეეხება უშუალოდ უეფას რეაქციას, ორგანიზაცია თვალს ადევნებს მთიან ყარაბაღში განვითარებულ საომარ მოვლენებს, მაგრამ სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩების გადატანას ჯერჯერობით არ გეგმავს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თბილისში 5 ოქტომბერს შეიკრიბებიან. ბელარუსთან მატჩისთვის (უეფას ერთა ლიგის გასული სეზონის გათამაშების ნახევარფინალი) ისინი სამი დღე მოემზადებიან. თამაში თბილისში 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ უნდა გაიმართოს.

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა>>

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი გასვლითი შეხვედრა ელოდება უეფას ერთა ლიგის ამჟამინდელი გათამაშების ფარგლებში – 11 ოქტომბერს ერევანში სომხეთის წინააღმდეგ და სამი დღის შემდეგ სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ.

0
თემები:
სპორტის ამბები