საქართველოში მასწავლებლებს ხელფასებს გაუზრდიან - დეტალებზე მინისტრმა ისაუბრა

© photo: Prime Time / FBმიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც მასწავლებლების ხელფასებს შეეხება

სამინისტრო განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის მორიგ ეტაპს იწყებს. რეფორმის მთავარი მიზანი ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაა, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე სამყაროში აუცილებელ ცოდნასა და უნარებს ჩაუნერგავს. სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, ძლიერი პედაგოგების მეშვეობით, რომელთაც ღირსეული ხელფასი ექნებათ.

საქართველოში სკოლის მასწავლებლები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები, მეორეზე - უფროსი მასწავლებლები, მესამეზე - წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე კი - მენტორები.

დღესდღეობით პედაგოგების საშუალო ხელფასი საჯარო სკოლებში ათას ლარამდეა, საშუალო ნომინალური ხელფასი საქართველოში, 2018 წლის მონაცემებით, 1124 ლარია.

მაღალკვალიფიციური პედაგოგები

სკოლებში სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს 2019 წლის სექტემბრიდან ხელფასს 150 ლარით მოუმატებენ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა" – პრემიერი პედაგოგების ხელფასების შესახებ

2019 წლის სექტემბრიდან ყველა უფროს მასწავლებელს, წამყვან მასწავლებელსა და მენტორს ხელფასს 150 ლარითა და მეტით მოუმატებენ. გარდა ამისა, მასწავლებლების ხელფასი ყოველ წელს გაიზრდება. მინისტრის სიტყვებით, 2022 წლისთვის საქართველოში პედაგოგების საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს.

ხელფასების მომატება შეეხება ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლებს, სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

პრაქტიკოსი პედაგოგები

პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებიც გამოცდების მეშვეობით 2019 წლის ზაფხულში თავიანთი პროფესიონალური კომპეტენციის დამტკიცებას შეძლებენ, ახალი სასწავლო წლიდან ასევე გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფროსი პედაგოგის სტატუსის მისაღებად აუცილებელ ქულებს დააგროვებენ.

შვეიცარიული სკოლა Les Roches - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა საქართველოში პროფესიონალ კადრებს მოამზადებს

იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი პედაგოგი ზაფხულში გამოცდას ვერ ჩააბარებს და სტატუსს ვერ აიმაღლებს, სახელმწიფო მას კვალიფიკაციის ამაღლებაში ტრენინგების მეშვეობით დაეხმარება და 2019 წლის შემოდგომაზე გამოცდის გადაბარების შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებიც 2019 წლის ბოლომდე ვერ დაამტკიცებენ მინიმალურ კომპეტენციას და სტატუსის ამაღლებას, შეძლებენ სკოლაში მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ დროებითი კონტრაქტის საფუძველზე. ამასთან, ხელფასი შეუნარჩუნდებათ.

საპენსიო ასაკის პედაგოგები

საპენსიო ასაკის დამსახურებული პედაგოგები, რომლებიც არ მოისურვებენ მინიმალური კომპეტენციის დამტკიცებას და სტატუსის ამაღლებას, სახელმწიფოსგან პრივილეგიას მიიღებენ. სურვილის შემთხვევაში, 2019 წელს ისინი მიიღებენ ერთჯერად ფულად ჯილდოს ორი წლის ხელფასის ოდენობით. ამასთან, მათ შეუნარჩუნებენ სამედიცინო დაზღვევას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

რაც შეეხება საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებს, ისინი ასევე შეძლებენ ერთჯერადი სახელმწიფო ფულადი ჯილდოს აღებას. ამ პრივილეგიით ისარგებლებენ ის მასწავლებლებიც, რომლებმაც უარი თქვეს გამოცდების ჩაბარებაზე, და ისინიც, რომელთაც ვერ ჩააბარეს მინიმალური კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები.

სახელმწიფო ფულადი ჯილდოს გაცემას დაიწყებს არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა. დაანონსებულ სიახლეებთან დაკავშირებით სათანადო საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდება, აღნიშნეს განათლების სამინისტროში.

მასწავლებლების რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად

კომპეტენციის დასადასტურებლად მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე 13 მაისს დაიწყო და 24 მაისამდე გასტანს.

რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ პრაქტიკოს მასწავლებლებს; პირებს, რომელთაც აქვთ ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი; სპორტული ან სამხედრო განათლების მქონე პირებს; პირებს, რომელთაც სურთ მასწავლებლობა და დიპლომის საფუძველზე აქვთ აღნიშნული საქმიანობის უფლება.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
განათლების სისტემაში რეფორმების ახალი ტალღა იწყება

ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის გამოცდა უფასოა. რაც შეეხება პირებს, რომელთაც მასწავლებლობა სურთ, მათთვის გამოცდის ჩაბარების საფასური 50 ლარს შეადგენს.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ, რომლებზეც მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრი, გამოცდების ჩატარების დრო და თარიღი.

ხელისუფლების გეგმები

ამას წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუღებელი უწოდა იმას, რომ დღეს პედაგოგები ქვეყანაში მიზერულ ხელფასებს იღებენ, და ვითარების გამოსწორების პირობა დადო.

ამჟამად საქართველოში განათლების რეფორმა მიმდინარეობს. პრემიერის ინიციატივით, იგეგმება ამ სფეროზე ხარჯის მშპ-ის 6%-მდე გაზრდა - ეს სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია მასწავლებლების საშუალო ხელფასის 1,5-1,8 ათას ლარამდე გაზრდა.

განათლების რეფორმა ოთხ წელიწადზეა გათვლილი. იგი შეეხება ხუთივე საფეხურს: სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს და სამეცნიერო განათლებას.

ყველა ახალი ამბავი
0