პენსიონერი ბაზარში

უზრუნველი სიბერე თუ უალტერნატივო ძარცვა - რას მოიტანს საპენსიო რეფორმა

1184
(განახლებულია 07:58 13.05.2019)
რა თანხაა დაგროვილი საპენსიო ფონდში, სად არის ის განთავსებული და რა სარგებელი ერიცხება? ვინ და რა მოტივით დატოვა სისტემა და რა ბედი ელის ჩვენს საპენსიო დანაზოგს?

სამსონ ხონელი

პატივცემულ მკითხველს მოეხსენება, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია, რაც ჩვენში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისთვის სისტემაში ჩართულია რვაასი ათასამდე დასაქმებული და ორმოცდაათი ათასზე მეტი კომპანია. ამავე უწყების ცნობით, საპენსიო ფონდში დაგროვილია დაახლოებით ორასი მილიონი ლარი. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა სარგებელი ერთი მილიონი ლარის ოდენობით... თუმცა დარწმუნებული ვარ, მკითხველს, ყველაზე მეტად, საპენსიო სქემიდან გასულთა რაოდენობა აინტერესებს. კანონის თანახმად, სისტემიდან გასვლა შეუძლია იმ მოქალაქეს, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით იყო 40 წლის ან მეტი ასაკის.

საპენსიო სააგენტოში ამბობენ, რომ სისტემა უკვე დატოვა სამი ათასზე მეტმა მოქალაქემ. მათი დაახლოებით 95 პროცენტი  საჯარო სექტორშია დასაქმებული. ეს ის მოქალაქეები არიან, რომელთაც პენსიამდე რამდენიმე წელი დარჩათ და მიიჩნიეს, რომ დაგროვებით სისტემაში დარჩენით საპენსიო ასაკისთვის საკმარის თანხას მაინც ვერ დააგროვებდნენ. შესაბამისად, ისინი სახელმწიფოსგან მიიღებენ საბაზისო პენსიას, რომელიც დღეს არავინ იცის, რამდენი იქნება არათუ გრძელვადიან, არამედ თუნდაც, საშუალოვადიან პერიოდში.

საკამათო არ არის, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის პარალელურად უნდა გაიზარდოს საბაზისო პენსია! კი მაგრამ, საინტერესოა, როგორ? ხელისუფლებამ დაანონსა, რომ 2020 წელს პენსია კიდევ ოცი ლარით გაიზრდება. თუ მთავრობა პენსიის ზრდას ამ ტემპით განაგრძობს, ოცი წლის შემდეგ ის დაახლოებით 600 ლარი იქნება. ეს უკვე იმაზე მეტია, რასაც ათასლარიანი ხელფასით დაგროვებით სისტემაში ჩართული მოქალაქე დააგროვებს ოც წელიწადში, მაგრამ ინფლაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ღირსეული სიბერისთვის არც ეს თანხა იქნება საკმარისი.

პროფესიული კავშირების გაერთიანება მთავრობისგან იმ ვალდებულების შესრულებას ითხოვს, რომელიც მისივე აქტიური მოთხოვნით დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ჩანაწერის სახით გაჩნდა. ის ფინანსთა სამინისტროს ავალდებულებს, რომ კანონის მიღებიდან ცხრა თვის განმავლობაში მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო საბაზისო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რამაც ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება უნდა უზრუნველჰყოს. ეს კი ნიშნავს, რომ პენსია კანონის საფუძველზე ავტომატურად ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს და აღარ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე... ანუ რამდენი პროცენტითაც გაიზრდება საშუალო ხელფასი, პენსიაც იმდენითვე უნდა გაიზარდოს. ცხრათვიანი ვადა მაისის დამდეგს ამოიწურა და ხელისუფლებისგან უახლოეს ხანში უნდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, თუ რა პოლიტიკის გატარებას აპირებს სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებით... ვიდრე ამ საკითხზე ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება, ურიგო არ იქნება გავარკვიოთ, ახლავს თუ არა რისკები დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობას, რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ მრავალი წლის შემდეგ საპენსიო დანაზოგებმა ადრესატებამდე ვერ მიაღწიოს და თანხები სახელმწიფო თვითნებურად განკარგავს. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, ეს საკითხი გვაფიქრებს ყველაზე მეტად...     

ანალიტიკოსების შეფასებით, მსჯელობენ, რამდენად დაცულია საპენსიო შენატანები და ხომ არ დაკარგავენ ამ ფულს მოქალაქეები წლების შემდეგ, თუნდაც ხელისუფლებების შეცვლის გამო. არადა, უფრო საინტერესო იქნებოდა გვეკითხა ხელისუფლებისთვის, რა შეიძლება იყოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ალტერნატივა?

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „საუბარია, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ვერ მართოს ეს ფული ან არამიზნობრივად დახარჯოს და ზოგადად, არავინ იცის, რა იქნება ოცდაათი წლის შემდეგ. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რომელთაც ეროვნული ბანკი მართავს, ფასიან ქაღალდებშია განთავსებული და ამგვარადვე იგეგმება საპენსიო ანარიცხების დაბანდებაც. ეროვნულმა ბანკმა წლების განმავლობაში ხელმძღვანელობა არაერთხელ გამოიცვალა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები არ დაქვემდებარებია პოლიტიკურ განწყობებს და არ განიავებულა. თუ სწორი მიდგომა ექნება მენეჯმენტს, ეს არის ერთ-ერთი გარანტია, რომ არც ეს ფული აორთქლდება. გარდა ამისა, კანონით არის განსაზღვრული, სად და როგორ უნდა განათავსოს მენეჯმენტმა საპენსიო თანხები და როგორც კი გაჩნდება თანხის არასწორად განკარგვის რისკი, მენეჯმენტი სოლიდარულად აგებს პასუხს თავის ქმედებაზე. თუ ის თავის გადაწყვეტილებას სათანადოდ ვერ დაასაბუთებს, დგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი...“

სპეციალისტების განმარტებით, პირველ ეტაპზე თანხები ბანკებშია აკუმულირებული და მას ბანკები 8.5 პროცენტს არიცხავენ. ექსპერტთა აზრით, საპენსიო რეფორმამ დადებითი როლი ეკონომიკის განვითარებაშიც უნდა შეასრულოს. მათივე შეფასებით, კომერციულ ბანკებს აქვთ ძალიან მაღალპროცენტიანი საცალო დაკრედიტება, რამაც ჭარბვალიანობა გამოიწვია. თანხის ბანკებში აკუმულირებით ფინანსურ ინსტიტუტებს გრძელვადიანი და ხელსაყრელი რესურსი უჩნდებათ ლარში. ეს კი ბანკებს საშუალებას მისცემს, საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ და საცალო დაკრედიტების პარალელურად, ბიზნესდაკრედიტება გაზარდონ.

ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე: „ამ ყველაფერმა ეკონომიკის განვითარებას უნდა მისცეს ბიძგი. მართალია, ითვლება, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს ტემპი სიღარიბის აღმოსაფხვრელად საკმარისი არ იქნება. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 7.5 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს... თუ დღეს არსებულ ტემპს შევინარჩუნებთ და წელიწადში ეკონომიკას საშუალოდ ხუთი პროცენტით გავზრდით, ოც წელიწადში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით სამჯერ გაიზრდება. დღეს კი ჩვენი შემოსავალი საშუალო ევროპელისას მინიმუმ ხუთჯერ და საშუალოდ ათჯერ ჩამორჩება და ასეთი ტემპით ოცი წლის შემდეგაც ღარიბები ვიქნებით...“

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ქვეყანას ალტერნატივა, გარდა დაგროვებითი საპენსიო სისტემისა, ანალიტიკოსთა უმრავლესობის პასუხია - არა! ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო, საბაზისო პენსია, ამოქმედდა დაგროვებითი სახელმწიფო სავალდებულო საპენსიო მოდელი და ასევე არსებობს კერძო საპენსიო ფონდები. არის ქვეყნები, სადაც სამივე ეს მოდელი თანაარსებობს. მათივე შეფასებით, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიის, ბალტიის სახელმწიფოებში, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა. ბევრი ქვეყნის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენისთანა გარდამავალი ტიპის ეკონომიკაში კერძო დაგროვებითი სისტემები, ფაქტობრივად, არ მუშაობს. მცდარია ის მოსაზრება, რომ მოქალაქეთა სურვილის მიუხედავად მათი დაგროვებით საპენსიო სისტემაში იძულებითი ჩართვით ადამიანის  უფლებები დაირღვა. სპეციალისტები მიგვანიშნებენ, რომ ასეთი ლოგიკით, მოქალაქეებმა გადასახადებზეც უნდა თქვან უარი, ეს კი სახელმწიფოს ხელს შეუშლის შეასრულოს მოქალაქეთა წინაშე აღებული ვალდებულებები!... არადა, სხვა რეალობა გვაქვს. მოქალაქეები გადასახადებს იხდიან, მაგრამ არც თუ იშვიათად სახელმწიფო ბოლომდე ვერ ასრულებს ხოლმე ნაკისრ ვალდებულებებს... რომელ ერთს? − შესაძლოა ჩამეძიოთ. შორს წაგვიყვანს ჩამონათვალი, ამაზე სხვა დროს...

ახლა კი, დაეწმუნებული ვარ, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული იმ მოქალაქეების დიდ უმრავლესობას, რომელსაც კანონი სისტემიდან გასვლის უფლებას ანიჭებს, ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი კითხვაზე − ენდოს თუ არა სახელმწიფოს? დახმარება ვცადე, მაგრამ ვეჭვობ, რომ არაფერი გამომივიდა...

 

1184