თი-ბი-სი ბანკი

ოთხი თვის მონაგარი, ანუ საბანკო რეგულაციები ციფრებში...

1189
(განახლებულია 14:50 02.05.2019)
როგორია გამკაცრებული საბანკო რეგულაციების პირველი შედეგები, რა იკითხება კონკრეტულ ციფრებს შორის და გამართლდა თუ არა საბანკო სფეროს წარმომადგენელთა პროგნოზი?

სამსონ ხონელი

დრო გარბის, მიმდინარე წლის მესამედი უკვე გაილია. ეს ის ოთხი თვეა, რაც საბანკო სფეროში რეგულაციების პაკეტი სრულად ამოქმედდა და საკრედიტო ორგანიზაციებს თამაშის ახალი წესები დაუდგინდათ. შედეგების შეჯამების დროა − ბრძანებს დაინტერესებული მკითხველი. ეროვნული ბანკი ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს და სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. რამდენიმე მონაცემს ჩვენც გავეცნოთ...

ჩემი ყურადღება ერთმა გარემოებამ მიიქცია: მაშინ, როცა საბანკო სექტორის წარმომადგენლები საკრედიტო პორტფელის შემცირებას უჩივიან და ამის მიზეზად გამკაცრებულ რეგულაციებს ასახელებენ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2019 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 316.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 1 აპრილისათვის 26.8 მილიარდი ლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 226.8 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების მოცულობა 89.9 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ვიდრე სხვა მონაცემებს გაგაცნობთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარს შემოგთავაზებთ. მთავარი ბანკირი აცხადებს, რომ რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას...

კობა გვენეტაძე: „ფიზიკური პირების დაკრედიტებისას ჩვენი პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვის პირველი შედეგი ლარის დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების შეთავაზებები იყო. დღეს უკვე ახალი პროდუქტები გამოჩნდა ბაზარზე − „სესხი რეპეტიტორებს“, ასევე სპეციალური, გამარტივებული შეთავაზებები ემიგრანტებისთვის ბინის შესაძენად, ან მათთვის, ვინც საქართველოშია, მაგრამ საზღვარგარეთიდან გზავნილებს იღებს. ასე რომ, რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისთვის ახალ, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს აჩენს. ვფიქრობ, რეგულაციის დადებითი ეფექტები საშუალო- და გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. ბუნებრივია, რომ ეს არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში რეგულაციაში ტექნიკური ცვლილებების შეტანას. არ შეიცვლება მთავარი პრინციპი – სესხი გაიცემა მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე...“

დავუბრუნდეთ სტატისტიკურ მონაცემებს. თქვენ წარმოიდგინეთ, მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 3.2 მილიონი ლარით გაიზარდა და 486.5 მილიონ ლარს გაუტოლდა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ დაკრედიტების ძველი სისტემის პირობებში ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა. აღვნიშნავ, რომ ვადაგადაცილებული სესხების 44.7 პროცენტი ეროვნულ ვალუტაშია გაცემული...

ორიოდე სიტყვა საქართველოს კომერციული ბანკების მთლიან აქტივებზეც ვთქვათ. საბანკო სფეროს წარმომადგენლები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პირობებში აქტივების ზრდის ტემპის საგრძნობლად შენელებას ვარაუდობდნენ. თუმცა, გაირკვა, რომ მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 464.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 1 აპრილისთვის 39.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკი აკონკრეტებს, რომ საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

საინტერესოა, რა იკითხება ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ამ და სხვა ციფრებს შორის და როგორ აფასებენ რეგულაციების პირველ შედეგებს საბანკო სფეროს სპეციალისტები და ექსპერტ-ანალიტიკოსები.

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „ამ მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა და ლარიზაციის სტრატეგიამ გაამართლა და ბიზნესის დაკრედიტების კუთხით არა თუ შემცირება არ მომხდარა, არამედ, პირიქით, ზრდის ტენდენციაა შენარჩუნებული. ახალი საბანკო რეგულაციების ნეგატიური ზეგავლენა პრაქტიკულად ამოწურულია. უცხო არ არის, რომ საბანკო რეგულაციას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც ამოწურვადია და დადებით შედეგს საშუალო- და გრძელვადიან პერიოდში გვაძლევს რისკების შემცირების, საპროცენტო განაკვეთების დაწევისა და სისტემის სტაბილური განვითარების კუთხით. საბანკო რეგულაციების კიდევ ერთ დადებით ეფექტსაც მალე ვნახავთ, როდესაც ბანკების საკრედიტო პორტფელის ბოლო წლების ასიმეტრია გასწორდება და დაკრედიტების აქცენტები ბიზნესის დაკრედიტების მხარეს გადავა...“

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ირკვევა რომ 400 მილიონი ლარით შემცირდა მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხების გაცემა. კლება ძირითადად სწრაფი სესხებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით განვადებების სეგმენტზე აისახა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს მოსალოდნელი იყო. სამაგიეროდ 463 მილიონი ლარით გაიზარდა გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხების საერთო მოცულობა და 3.526 მილიარდი ლარი შეადგინა. ექსპერტთა დასკვნით, საბანკო პორტფელს ახასიათებს გადადინების ეფექტი ერთი მიმართულებიდან მეორე მიმართულებით.  

დარწმუნებული ვარ, მკითხველს საპროცენტო განაკვეთების კლებისა თუ მატების დინამიკა განსაკუთრებით აინტერესებს. ეროვნული ბანკის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 16.3 პროცენტიდან 17 პროცენტამდე, ზრდა კიდევ უფრო მაღალია მოკლევადიან სესხებზე ეროვნული ვალუტით – 20 პროცენტიდან 22.7 პროცენტამდე. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს ბუნებრივი პროცესია. ბანკებს შეუმცირდათ განვადებისთვის გაცემული სესხების მოცულობა და ამონაგები სხვა ტიპის კრედიტიდან გაზარდეს... მათივე შეფასებით, პერსპექტივაში ვითარება შეიცვლება.

გიორგი ცუცქირიძე: „მომავალში პროცენტი აქაც დაიკლებს, წმინდა კონკურენციის ფაქტორის გამო. რისკის პრემია რეალურად კი არ გაზრდილა, არამედ დადასტურებული შემოსავლის პირობებში, პირიქით, შემცირებულია. რეგულაციებმა მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხების კუთხით შექმნა პრობლემებიც, განაკუთრებით, სავაჭრო ქსელებისთვის, მაგრამ ეს როგორც ბანკებს, ასევე მათაც მოუწევთ ბიზნეს–მოდელების გადაწყობა. მაგრამ ეს არ მიმაჩნია სერიოზულ და გადაუჭრელ პრობლემად. იკვეთება ახალი ტენდენცია − სავაჭრო ობიექტები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ტექნიკით განვადებების პრაქტიკას იყენებდნენ, ნელ-ნელა გადადიან შიდა განვადებების ახალ ბიზნეს–მოდელებზე.  

ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ ექსპერტთა ნაწილის მოსაზრება, თითქოს ახალი საბანკო რგულაციების ზეგავლენა ეკონომიკაზე და იპოთეკურ დაკრედიტებაზე ცალსახად ნეგატიური იქნებოდა, გადაჭარბებული აღმოჩნდა. პირველი კვარტლის შედეგებმა კი დადასტურა, რომ ეს მთელი კამპანია ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ იყო ორკესტრიტრებული.

 

1189
ახალი სახლები თბილისში

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ... ანუ  შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!...

30
(განახლებულია 12:29 14.07.2020)
ვის და როგორ შეუძლია საცხოვრისის შეძენისას სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით ისარგებლოს... რას მოუტანს სამშენებლო და საბანკო სექტორს, ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამა?

სამსონ ხონელი

ტელეფონი არ ჩერდება... შეტყობინებას შეტყობინება მოსდევს...  

დეველოპერულ კომპანიებს კომერციული ბანკები ენაცვლებიან და პირიქით... „ისარგებლე იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამით, შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე...“, − ასეთია გზავნილის მოკლე შინაარსი.

მოგეხსენებათ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკით სამშენებლო სექტორიც დაზარალდა. განვმარტავ, რატომ? მკვეთრად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, საკრედიტო ბაზარზე ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი კი 14.8 პროცენტიდან 16.6 პროცენტამდე გაიზარდა. სესხის გაძვირება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო. არადა, საცხოვრებელი ბინისა თუ სხვა ტიპის უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის ძირითადი ფინანსური წყარო სწორედ საბანკო კრედიტია. ასე რომ, გაყიდვები შემცირდა და ეს არსებული საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის ლოგიკური შედეგია.

პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერად მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და დეველოპერულმა კომპანიებმა, ერთობლივი პროგრამა შეიმუშავეს. ის ბინის შესაძენად ეროვნულ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხზე საპროცენტო ტვირთის შემსუბუქებას ითვალისწინებს. კერძოდ, მოქალაქეს, რომელიც ბინის შესაძენად მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ეროვნულ ვალუტაში იპოთეკურ სესხს აიღებს, მთავრობა კრედიტის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტს დაუსუბსიდირებს. პროგრამის ეს დებულება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას შეეხება, რომლის საკრედიტო თანხის ჯამური მოცულობა 200 ათას ლარს არ აღემატება. სუბსიდირების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელია. ეს არის ის პერიოდი, როცა მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და სახელმწიფო ეხმარება მას, რომ საპროცენტო ტვირთი შეუმსუბუქოს. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 70 მილიონი ლარი დაიხარჯება...

ერთი სიტყვით ქვეყნის წამყვანი ბანკები სამთავრობო პროგრამაში უკვე ჩაერთნენ. ამასობაში ინიციატივის გარშემო, რომელიც მაისის ბოლოს გაჟღერდა დისკუსია არ წყდება. სამშენებლო და საბანკო სფეროს წარმომადგენელთა შეფასებები დადებითია. საცხოვრისის პოტენციური მყიდველებიც კმაყოფილებას გამოხატავენ... რატომაც არა, ისინი პროგრამის მომხმარებლები არიან, სიკეთით ისარგებლებენ, მაგრამ ვიღაცეებმა შედარებით იაფი კრედიტით ბინები რომ შეიძინონ, საამისოდ ბიუჯეტიდან ხალხის ფული რატომ უნდა დაიხარჯოს, − შესაძლოა, ბრძანოს მკითხველმა და... აბა, რა გითხრათ, ყველამ თავისთვის განსაჯოს, რამდენად სწორია ამგვარი მიდგომა...

ექსპერტ-ანალიტიკოსთა აზრი გაიყო... ეკონომისტების ერთი ნაწილი სუბსიდირების ფაქტს არ მიესალმება. მათი შეფასებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბიუჯეტის ფულით ბანკებს აფინანსებს. არსებობს სერიოზული რისკი, რომ იმ მოსახლეობის ფულით, რომელსაც კრიზისში თავად გაუჭირდა, ბინების შეძენის მსურველ შეძლებულ მოქალაქეებს იპოთეკური სესხები დაუფინანსდეთ... 

„ძალიან მნიშვნელოვანია სუბსიდიის ფორმა, გამოდის რომ სახელმწიფო ბანკებს 70 მილიონ ლარს ჩუქნის. არადა, ეროვნული ბანკის დახმარებით შესაძლებელია, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება და ამ თანხის ბანკებისთვის სესხება, იმისათვის რომ იპოთეკურ სესხებზე ლარში დაბალი საპროცენტო განაკვეთები დააწესონ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ბიუჯეტის და მოსახლეობის გადასახადების ფული ტყუილად იფანტება. გარდა ამისა, ასეთი სტიმულირება სიგნალს აძლევს ბაზარს, დეველოპერები ეცდებიან ამ სუბსიდირების ფონზე მაღალი ფასები შეინარჩუნონ. ეს ძირეულად არასწორია. თუ უნდათ, ფართები გაიყიდოს, ფასები მინიმუმამდე უნდა დაწიონ. ახლა ისინი ცდილობენ თან მარჟაც შეინარჩუნონ, ბინები მაღალ ფასში გაყიდონ და ამავდროულად სახელმწიფოს მხარდაჭერით ისარგებლონ. ფასი ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს...“, − აცხადებს ეკონომისტი დავით კიკვაძე, რომელიც არ იზიარებს ეროვნული ბანკის შეფასებას, რომ სამშენებლო სექტორი, როგორც დამატებითი ღირებულების გადასახადის ყველაზე დიდი გადამხდელი, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია.

ექსპერტთა ერთი ნაწილი კობა გვენეტაძის უწყების ხედვას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სუბსიდირება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და ტრანზაქციების გაზრდას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი და თანაც მაღალანაზღაურებადი დარგია. შესაბამისად, მასზე ძალიან ბევრი მომიჯნავე დარგი და უამრავი დასაქმებული თუ თვითდასაქმებულია დამოკიდებული. სტატისტიკური მონაცემების მოშველიება შორს წაგვიყვანს, მკითხველს შეუძლია, თავადაც გაეცნოს „საქსტატის“ ვებგვერდზე. სუბსიდირება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და ტრანზაქციების გაზრდას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. გარდა ამისა, გადაწყვეტილება დროულად არის მიღებული, რადგან, თუ კრიზისი გაღრმავდება, მერე ძალიან რთულია იქიდან გამოსვლა...  

„სახელმწიფო მხარდაჭერა კიდევ უფრო წაახალისებს არსებულ ბაზარს. თავის მხრივ საბანკო სექტორი მაქსიმალურად უწყობს ხელს რომ დაკრედიტება გაიზარდოს. ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ინიციატივით, რაც სესხების გაცემებში მხოლოდ ახლა გამოჩნდება, სექტორის აღდგენა უფრო ადრე მოხდება. იპოთეკური სესხების სუბსიდირება ბანკებისთვისაც პოზიტიურია, თუმცა მთავარი გათვლა მაინც სამშენებლო სექტორზე და ზოგადად ეკონომიკაზეა...“, − აცხადებს ეკონომისტი ოთარ ნადარაია.  

ამასობაში ივლისის დასაწყისისთვის გაცემული ახალი იპოთეკური სესხების შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელმა პანდემიის პირობებში პირველად გადაუსწრო იანვარ-თებერვლის პერიოდის საშუალო მაჩვენებელს... სავარაუდოდ, წლის ბოლომდე კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების წილი კიდევ უფრო გაიზრდება... რა ეფექტი ექნება სუბსიდირების სამთავრობო პროგრამას სამშენებლო, საბანკო სექტორისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამას დრო გვიჩვენებს...

 

30
ვალუტის კურსი

რა უჯდება ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა

207
(განახლებულია 20:13 13.07.2020)
კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკის იმ სფეროებს, საიდანაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება ხდება, სერიოზული დარტყმა მიაყენა.

ტურიზმის გაჩერებამ, უცხოეთიდან ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიცების კლებამ ისედაც გაუფასურებული ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურების საფრთხის წინაშე დააყენა.

ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 24%-ით იყო გაუფასურებული და 3,45 ნიშნულამდე იყო მისული.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით ეროვნულმა ბანკმა მარტიდან მოყოლებული სამ თვეში რვა აუქციონი გამართა, რომლებზეც ჯამში 230 მილიონი დოლარი გაყიდა.

მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი უკვე 3 616 მილიონი აშშ დოლარია.

ეკონომისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ეროვნულ ბანკს ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკუთარი რეზერვების დახარჯვა კიდევ ბევრჯერ მოუწევს.

„ეროვნულს ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რათა ლარის კურსის სტაბილურობა 3-იან ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნოს, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსის მითითებულ ნიშნულთან სიახლოვეს შენარჩუნება ეროვნულ ბანკს დამატებით 250-300 მილიონი დოლარი დაუჯდება“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

თუმცა ქვეყანაში, სადაც იმპორტს დიდი წილი უჭირავს, არასტაბილური და გაუფასუფრებული ეროვნული ვალუტა საფრთხეს ფასების სტაბილურობასაც უქმნის, რაც, თავის მხრივ, უკვე ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროა.

სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ერთვება.

13 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,0624 GEL/$1 ნიშნულზეა.

ნიკა შენგელიას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი ბაზარზე სავალუტო ინტერვენციებს ისევ გააგრძელებს, ლარის კურსის მერყეობა თვალშისაცემი სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახდება და ამის მიზეზი იმპორტის ზრდა იქნება.

„რაც შეეხება ინფლაციას, რომელიც თარგეთირებულთან შედარებით 3,1%-ით მეტია, ვფიქრობთ, ივლისი-აგვისტოს თვეში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

„საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაცია (2020 წლის ივნისი 2019 წლის ივნისთან შედარებით) კვლავ მაღალ დონეზე რჩება – 6,1%.

ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე კი თვლის, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების გაყიდვით ლარის კურსის სტაბილურობას დიდხანს ვერ უზრუნველყოფს. 

„ეროვნული ბანკი თუ არ შეამცირებს რეალურად ფულის მასას ეკონომიკაში და მის რაოდენობას ეკონომიკის ადეკვატურს არ გახდის, მაშინ მას მოუწევს ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ლარის კურსიც მეტად გაუფასურდება, ვერც ინფლაციას გაართმევს თავს და ეს რეზერვიც შემოელევა გზადაგზა“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

როგორც ვეფხია გიორგაძემ განმარტა, ეროვნულ ბანკს ეკონომიკაში ფულის მასის შემცირება რეზერვების გამოყენების გარეშეც შეუძლია რეფინანსირების სესხების შემცირების ხარჯზე.

„რეფინანსირების სესხი ის ინსტრუმენტია, რომლითაც ეროვნული ბანკი ახდენს კომერციული ბანკებისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდებას, აქ დავამატებდი, რომ ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს რეალურად – აქვს თუ არა მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემა კომერციულ ბანკს, ის ენდობა კომერციული ბანკებისგან შემოსულ მოთხოვნას, რის შემდეგაც ფული უკვე ეკონომიკაში ხვდება“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ვეფხია გიორგაძის თქმით, დღეს საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ისედაც ნაკლებია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსაზღვრულ მინიმალურ მაჩვენებელზე. რეზერვები კი ქვეყნის მხრიდან საგარეო ვალდებულებების შესრულების – უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ერთგვარი გარანტია და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ქვეყნისთვის სესხების გაცემისას ითვალისწინებენ.

ნატა პატარაია

 

207
საქართველოს პარლამენტი

გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები საქართველოში დეპუტატები შესწორებებზე მსჯელობენ

0
(განახლებულია 12:44 14.07.2020)
პარლამენტმა დაჩქარებული რეჟიმით უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომლის მიხედვით მთავრობა წლის ბოლომდე ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს სანქციების გარეშე შეძლებს

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. დეპუტატები სამშაბათს რიგგარეშე სესიის ფარგლებში განიხილავენ ცვლილებებს კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, რომელიც მთავრობას 2020 წლის ბოლომდე უფლებას აძლევს, დააწესოს შეზღუდვები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და პარლამენტის სანქციების გარეშე.

საქართველოში შეზღუდვების ვადები გახანგრძლივდება? გადაწყვეტილება პარლამენტზეა>>

პირველი შესწორებები კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“, რომელიც მთავრობას პარლამენტის სანქციების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს, დეპუტატებმა 22 მაისს დაამტკიცეს და ის 15 ივლისამდე მოქმედებს.

ამ ვადის წლის ბოლომდე გაგრძელების პროექტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს, სავარაუდოდ, აჩქარებულ რეჟიმში განიხილავენ.

პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას ექნება უფლება, გააგრძელოს გარკვეული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე 2021 წლის 1 იანვრამდე.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ კანონის, რომელიც მთავრობას კრიზისის სწორად მართვის საშუალებას აძლევდა, მოქმედების დრო ხვალ იწურება. და თუ ეს ვადა არ გახანგრძლივდა, კორონავირუსის გავრცელების რისკები გაიზრდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რჩება პანდემიის პირობებში და მოსალოდნელია შესაძლო უფრო მძიმე მეორე ტალღა, საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, კრიზისი ისე წარმატებით მართოს, როგორც აქამდე. ამიტომ, ვადას ვახანგრძლივებთ ახალ წლამდე. ანუ, წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ვინ ივლის პირბადის გარეშე: ვინ მოხვდა მთავრობის „მწვანე სიაში">>

მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა, მთავრობა აქამდე ეფექტურად მართავდა კრიზი9სს და ამაზე მეტყველებს შედეგი, რომელიც განსხვავდება უფრო ძლიერი ფინანსური ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოების შედეგებისგან.

„ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა. ყველა გონიერი ხელისუფლება ემზადება მეორე ტალღისთვის. საქართველოც იქნება ამ მზადებაში ჩართული და მთავრობას პარლამენტი უფლებას მისცემს, მართოს კრიზისი, დაიცვას მოსახლეობა და ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მიუხედავად მმართველი პარტიის არგუმენტებისა, ოპოზიცია პროექტს ანტიკონსტიტუციურად მიიჩენვს და მას მხარს არ დაუჭერს.

„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება კოვიდის ეგიდით უფლებებს, ადამიანების შეზღუდვას და ასე შემდეგ, ეს უნდა იყოს საპარლამენტო კონტროლით განხორციელებული და არ უნდა იყოს მთავრობის დისკრეციული უფლება“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა.

ამასთან, რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ შესწორებების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. სასამართლომ სარჩელი უკვე წარმოებაში მიიღო.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.

რა უფლებებს მიანიჭებს კანონი მთავრობას

კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ 22 მაისს მიღებული პირველი შესწორებების მიხედვით, მთავრობას შეუძლია პანდემიისა და განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და მოაწესრიგოს წესებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავდება.

გარდა ამისა, მთავრობა მიიღებს უფლებას, შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა და აკრძალოს სოციალური ღონისძიებების ჩატარება.

ამავე დროს, კანონი საზღვრავს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და განპირობებული იყოს კანონით ან ნორმატიული აქტით. მათი შემოღება შეიძლება, თუ შეზღუდვები აუცილებელია საზოგადოებისთვის და არ არის დისკრიმინაციული.

გარდა ამისა, შეზღუდვები აუცილებლად უნდა იყოს პროპორციული და მათი დაწესებით გამოწვეული სარგებელი აღემატებოდეს ზარალს. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია.

კანონით ხელისუფლება ადამიანების იზოლაციასა და კარანტინში გაგზავნასაც შეძლებს, თუმცა იზოლაციასა თუ კარანტინში გაგზავნილ ყველა მოქალაქეს ექნება ადვოკატის აყვანის უფლება, ახლობლებისა და დამსაქმებლისთვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უფლება, კარანტინში გაგზავნის მიზეზების ცოდნის უფლება.

მოქმედი შეზღუდვები საქართველოში

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია დამცავი პირბადის ტარება;
  • აკრძალულია 10 კაცზე მეტის შეკრება ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე;
  • ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე. არ შეიძლება ორ მგზავრზე მეტის გადაყვანა, ისინი უკანა სავარძელზე უნდა განთავსდნენ.
  • აკრძალულია კაზინოებისა და ტოტალიზატორების მუშაობა. დაშვებულია ონლაინ–მუშაობა;
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დახურულ სივრცეში;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში დაუშვებელია სპლიტ-სისტემის კონდიციონერის გამოყენება, რომელიც იღებს შენობის ჰაერს, აგრილებს და უკან აბრუნებს. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომელშიც შეთავსებულია კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს ვითარებას და მუშაობს ახალ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზე.

0
თემები:
საქართველოს პარლამენტი