სათამაშო აპარატები

წინასწარ ცნობილი შედეგი... ანუ ფსონების მიღება გრძელდება!

1073
(განახლებულია 21:35 13.04.2019)
ხალხის რჩეულებმა ხალხზე იზრუნეს... სათამაშო ბიზნესის რეკლამის გავრცელებას საფრთხე აღარ ემუქრება! რატომ ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც ექვსი თვე ელოდა ვერდიქტს? ვინ ლობირებს სათამაშო ბიზნესს და შედგა თუ არა კორუფციული გარიგება ხელისუფლებასა და სარეკლამო ბიზნესს შორის?

სამსონ ხონელი

ხალხის რჩეულებმა გადაწყვეტილება მიიღეს! რა ჩაიდინეს ამჯერად? − შესაძლოა, ჩამეძიოს ჩვენი პარლამენტარების „ფუსფუსით“ დაინტერესებული მკითხველი. რა გაეწყობა, მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ მოეხსენება, ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა... ახლა თქვენგან ველი რეპლიკას − ესეც ხომ შედეგია?! პათოსს გავიზიარებ და ისე განვაგრძობ თხრობას. დაახლოებით ნახევარი წლის წინ, ექვსმა დეპუტატმა პარლამენტში დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებდა...

კაზინოს დამსგავსებული ქვეყანა ანუ აზარტული თამაშების გამო აღებული კრედიტები>>>

ვერდიქტის მოლოდინში ექვსი თვე გაილია... საბოლოოდ კი კანონპროექტი ჩავარდა! 42 მომხრე, 2 წინააღმდეგი, 81 დეპუტატი კენჭისყრას არ დაესწრო, − ასეთია ციფრები, რომელთა მიღმაც ადვილად იკითხება პატივცემულ პარლამენტართა გადაწყვეტილების მოტივები... 

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი მიზანმიმართულად ჩააგდო. მისივე თქმით, სარეკლამო ბიზნესს პარლამენტში ლობისტები ჰყავს, ხელისუფლებასა და სარეკლამო კომპანიას შორის კორუფციული გარიგება შედგა. პარლამენტარი დასძენს, რომ კანონპროექტი პოლიტიკურ ინტერესებს გადააყოლეს...

ლევან გოგიჩაიშვილი: „ეს არის ერთი მონოპოლიური კომპანიის ლობირება და მისი ინტერესების გათვალისწინება. ამ კომპანიას ჰქვია „აუთდორი“... კანონპროექტი ჩავარდა იმის გამო, რომ მას სერიოზულად ეკრძალებოდა რეკლამების განთავსება. მმართველ გუნდს კი არ ეყო გამბედაობა ემოქმედა ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და დაიჭირა კომპანიის მხარე... კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა, მე მიკავშირდება. ჩემი ინიციატივა იყო! სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილებაა...“ 

სათამაშო ბიზნესს რომ ხელისუფლებაში გავლენიანი მფარველები ჰყავს, ამაზე დიდი ხანია ღიად საუბრობენ ექსპერტ-ანალიტიკოსებიც. მათი შეფასებით, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სათამაშო ბიზნესი ახერხებს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საკუთარი თამაშის წესები შესთავაზოს...

ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე: „აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში აღნიშნულია, რომ სათამაშო ბიზნესი ფულის გათეთრების რისკის მატარებელია. ხაზგასმულია, რომ ეს სფერო უნდა დარეგულირდეს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ამას არ ითვალისწინებს. თუ ჩვენ ვერ ვიღებთ კანონს სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის შესახებ, მაშინ მით უფრო ვერ მივიღებთ იმ კანონმდებლობას, რომელიც აუცილებელია აზარტული თამაშების დასარეგულირებლად, რადგან ამას გაცილებით მეტი წნეხი მოჰყვება. რატომ ხდება უგულვებელყოფა? ერთადერთი მიზეზი, რასაც ვხედავ არის ის გავლენა და დიდი ფული, რომელიც ყოველწლიურად იზრდება ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე...“  

ფსონების მიღება გრძელდება!..>>>

ვარაუდს სათამაშო ბიზნესში ქართული პოლიტიკური ელიტის ინტერესების თაობაზე იზიარებს სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილიც. მათი შეფასებით, სახელმწიფო მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს და პრობლემის მოგვარებისთვის წლებია ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. მესამე სექტორი პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩართვას გეგმავს... ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა უკვე დაიწყეს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წევრები აცხადებენ, ითანამშრომლებენ იმ დეპუტატებთან, რომლებიც პრობლემით დაინტერესებული არიან... ვინ იქნება მათ შორის და ვინ არა, ამას დრო გვიჩვენებს.  

ამასობაში კი, პარლამენტარების ერთი ნაწილი, რომელმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, თავისი გადაწყვეტილების მოტივებსა და არგუმენტებზე საუბრობს... მათი უმრავლესობა „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველოს წევრია“...

სოფო კილაძე: „შემიძლია ვთქვა, რომ მეცნიერულ დონეზე გამოვიკვლიე ეს საკითხი და ყველა ის კატასტროფული შედეგი, რაც აზარტულ თამაშებს, მათ შორის, ონლაინ–თამაშებს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მე აზარტული თამაშების აკრძალვის მომხრე ვარ. ეს პოზიცია კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას ხმამაღლა დავაფიქსირე. ჩვენ ახალი პროექტის შემოტანას ვაპირებთ და დისკუსიებიც გვექნება... დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დახვეწილ კანონს მივიღებთ...“ 

ნინო გოგუაძე: „რეგულაცია, რასაც მივიღებთ, პოპულისტური არ უნდა იყოს. კანონი უნდა იყოს აღსრულებადი და შედეგზე ორიენტირებული. როდესაც ვამბობთ, რომ რეკლამის შეზღუდვა არის პრობლემის მოგვარების გზა, ეს არის ტყუილი. მთავარია, ვიფიქროთ, მოზარდი თაობა როგორ დავიცვათ აზარტული თამაშებისგან...“  

რევაზ არველაძე: „მე აზარტული თამაშების აკრძალვის მომხრე ვარ. რეკლამის აკრძალვა არაფერს არ იძლევა. ძალიან ბევრი ადამიანი გააუბედურა სათამაშო ბიზნესმა. რომ ამბობენ, დიდი თანხა შედის  ბიუჯეტშიო, რაც უფრო მეტი თანხა შედის, მით უფრო მეტი გაუბედურებული ადამიანი გვყავს. კანონპრექტის ჩასწორებულ ვარიანტს შეიძლება მხარი დავუჭირო, მაგრამ ვთვლი, რომ შედეგის მომტანი არ იქნება...“

მუხრან ვახტანგაძე: „კანონპრექტის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი, ეს კანონპროექტი დასახვეწია. არანაირ კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია.  მე გუნდური პრინციპებით ვმოქმედებ და ჩემი გუნდის გადაწყვეტილებას გვერდს არ ავუვლი. ეს არის და ეს...“ 

ხალხის რჩეულიც ასეთი უნდა! კანონპროექტს არ იცნობს, მაგრამ იცის, რომ დასახვეწია... არაფერს ვიტყვი, ერთს დავსძენ მხოლოდ, მმართველმა გუნდმა ხელებით სიარულისა და ფეხებით ტაშის კვრის დაკანონება რომ მოიწადინოს, პატივცემული პარლამენტარი მომხრეთა შორის იქნება?! 

გიგა ბუკია: „პრინციპი და სულისკვეთება აბსოლუტურად მისაღებია. დეტალები ბოლომდე არ იყო  შეთანხმებული და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე. 200 მეტრის რადიუსში აკრძალვის შემთხვევაში, რეკლამა თბილისის შემოგარენში ვერსად განთავსდებოდა, რაც გარკვეულწილად სათამაშო ბიზნესის რეკლამირებას ხელს შეუშლიდა. თბილისი არის ტურისტული ქალაქი, ბევრი სტუმარი აზარტული თამაშით არის დაინტერესებული. იყო შეთავაზება, რომ 200 მეტრის ნაცვლად, ყოფილიყო 100 მეტრი, სამწუხაროდ, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა... “

ყოფილი ხელისუფლების წევრ თენგიზ გუნავას კანონპროექტი არ წაუკითხავს, თუმცა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კარგად იცის, რომ კანონმპროექტი მისთვის მისაღები არ იყო. მაინც, საიდან იცის? − შესაძლოა ჩამეძიოთ. როგორც თავად ბრძანა, განუმარტეს...

თენგიზ გუნავა: „სიმართლე გითხრათ, კანონპრექტის დეტალებს არ ჩავღრმავებულვარ, მაგრამ როგორც ამიხსნეს არაა ჩემთვის მისაღები. მე რეგულაციების წინააღმდეგი ვარ...“ 

ასეა, გადაწყვეტილების მისაღებად ვის რა ძალისხმევა სჭირდება. ერთი წერს, მეორე კითხულობს, მესამე არ წერს და არც კითხვით იწუხებს თავს, ინფორმაციას სხვები აწვდიან. არც იმის გარანტიაა, რომ ვინც უამბობს, თავად  წაკითხული აქვს და სხვათა ნაამბობს არ იმეორებს...

1073