ქართული ოცნების ოფისი

პარლამენტის შემდეგ საკრებულო: ვინ და რატომ ირჩევს ეკა ბესელიას გზას

116
(განახლებულია 16:51 11.04.2019)
დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლას „სავსებით მოსალოდნელი“ უწოდა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ტოვებენ.

რატომ წავიდნენ, გაუგებარია - ივანიშვილმა ბესელიას პოლიტიკური პერსპექტივები შეაფასა>>>

დეპუტატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან უთანხმოებით ახსნეს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „სასამართლო სკანდალის“ ფონზე მმართველი პარტიის რიგები რვა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ისეთმა ავტორიტეტულმა წევრმა, როგორიც ეკა ბესელიაა.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა... ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება... ეს ყველაფერი კრიტიკულად ეწინააღმდეგება 2012 წლის იდეალებსა და იმ დაპირებას, რომელიც სულ ახლახან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა. სწორედ ამიტომ ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.

შაქარიშვილი და ჯიშკარიანი აპირებენ შეუერთდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციას „დაიცავი საქართველო“, რომლის ლიდერიც პოეტი დავით მაღრაძეა. ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებას გვერდში ედგა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა 13 აპრილს კრების ჩატარება და ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა.

რეაქცია

შაქარიშვილისა და ჯიშკარიანის პროტესტი ბესელიასთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„შეუძლებელია, ეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ამავდროულად სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ჩვენთან ერთად ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენენ, შეურიგდნენ იმას, რაც ახლა მმართველ პარტიაში ხდება. შეუძლებელია ვატოს, ჯაბას, ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც მრავალი წელი იბრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოსწონდეთ ის, რაც დღეს ხდება... ამიტომ მათი პროტესტი ჩემთვის სავსებით ბუნებრივი და ორგანულია“, – განაცხადა ბესელიამ.

ჩვენ ყოველთვის ერთ პოზიციაზე ვიდექით. მომავალსაც საერთო ბრძოლის ველზე ვხედავ, აღნიშნა დეპუტატმა.

„ქართული ოცნებიდან“ ორი ადამიანის წასვლაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„ეშმაკი განხეთქილებისკენ გვიბიძგებს!“ – ივანიშვილის ახალი გზავნილი>>>

„თქვენ ძალიან გინდათ, რომ ეს იყოს „ქართული ოცნების“ განხეთქილების პროცესი, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც იყო პარლამენტში და რომელიც რამდენიმე ადამიანის წასვლით შემოიფარგლა... ასე რომ, არაფერი ახალი არ ხდება“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ეჭვი შეიტანა ბესელიას და პარტიიდან წასული სხვა დეპუტატების არგუმენტების ჭეშმარიტებაში. „ისინი ღია კარის მტვრევით წავიდნენ“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

სასამართლო სკანდალი

საქართველო სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ზღურბლზეა. ამ რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი სწორედ ეკა ბესელია იყო. იგი „ქართული ოცნების“ შექმნის სათავეებთან იდგა და იყო სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული მოწინააღმდეგე. თუმცა, მას შემდეგ, რაც პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია გადაიგზავნა, ბესელია „სასამართლო სკანდალის“ მთავარ მოთავედ იქცა. 

საქმე ისაა, რომ კანდიდატების სიაში აღმოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მაშინდელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ასევე ისინი, ვისაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მმართველობაში“ ადანაშაულებდნენ.

მზადაა თუ არა „ქართული ოცნება“, სასამართლოებს სრული თავისუფლება მისცეს?>>>

ბესელიამ განაცხადა, რომ არასდროს დაუჭერს მხარს იმ პოლიტიკური გუნდის მმართველობისას მოქმედ მოსამართლეებს, რომელსაც იგი მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამდე ებრძოდა. ბესელიას პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება ვერც „ოცნების“ ლიდერების განცხადებამ შეაცვლევინა, რომლებიც დასთანხმდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას (რასაც ბესელია ითხოვდა) და შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავებას, რათა მოსახლეობას მათ ობიექტურობაში ეჭვი არ შეეტანა.

ვიდრე სასამართლო სკანდალი არ ცხრება, უზენაეს სასამართლოში კვლავ კადრების სიმცირეა – მოსამართლეთა 28 ადგილიდან 18 ვაკანტურია.

ბესელიას კვალდაკვალ უმრავლესობის რიგები დატოვეს გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა, მირიან წიკლაურმა და კობა ნარჩემაშვილმა. შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

 

116
თემები:
„ქართული ოცნების“ ტრანსფორმაცია (22)