სამხედრო გემები

მოსკოვის ხედვა: რაში სჭირდება ნატოს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სასწრაფოდ აღდგენა

98
(განახლებულია 11:31 03.04.2019)
რუსი სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო საუბრობს მოსკოვის ხედვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მიღება სურს ნატოს საქართველოსგან, და აქვე დასძენს, რომ „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია".

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მარტის მიწურულს თბილისში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოში სამხედრო-საზღვაო ძალების აღდგენას, რაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ანუ ნატოს ტრადიციული წვრთნების - Agile Spirit დაწყებამდე უნდა განხორციელდეს.

სტოლტენბერგმა ნატოში საქართველოს შესვლის თარიღი კვლავ არ დაასახელა>>>

ფორმალური თვალსაზრისით, ალიანსის არგუმენტები უწყინარი ჩანს: მანევრებისას აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. საამისოდ კი საქართველოს არ ჰყავს სამხედრო გემები, რაც ავტომატურად გამორიცხავს მის მონაწილეობას საზღვაო წვრთნებში. ბრიუსელი თითქოსდა ზრუნავს სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაზე ნატოს პროვოკაციულ მოქმედებებში თანაბარი ძალებით თბილისის სწორუფლებიან მონაწილეობაზე.

და, მაინც, არ უნდა დავივიწყოთ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობა 2008 წლის აგვისტოს ომში და ქართული დროშით მცურავი სამხედრო კატარღების პრაქტიკულად სრული განადგურება. ამ უახლესი ისტორიული მოვლენების ჭრილში სტოლტენბერგის ინიციატივა სავსებით პრაქტიკულ, გამოყენებით მნიშვნელობას იძენს: ეს შესაძლოა იყოს ახალი შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადება.

დღევანდელი მოცემულობით, როდესაც საქართველოს არ ჰყავს სამხედრო-საზღვაო ძალები, თბილისს არავინ ერჩის და ემუქრება. მეზობლებიც საქართველოს მიმართ გადაჭარბებულ ყურადღებას მხოლოდ მაშინ იჩენენ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს მორიგი მანევრები იმართება. სამხედრო სიძლიერის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 4-მილიონიანი მოსახლეობით 85-ე ადგილზეა ზიმბაბვესა (მოსახლეობა - 14 მილიონი) და კენიას (მოსახლეობა - 48 მილიონი) შორის. ერთ წელიწადში მან რეიტინგში სამი საფეხურით უკან დაიხია. როგორც ჩანს, საქართველოს უსაფრთხოების საწინდარი ხმელეთსა და ზღვაზე არის არა ნატოსთან მეგობრობა, არამედ მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა და სიმშვიდე სამხედრო პოლიგონებზე.

ბაზა „მონტრეს კონვენციიდან" გამოსასვლელად

როგორ ახერხებენ ბალტიისპირეთის ქვეყნები დე ფაქტო სამხედრო-საზღვაო ძალების გარეშე არსებობას (და, ამასთანავე, ითვლებიან ალიანსის საიმედო წევრებად), ხოლო ალიანსის არაწევრ საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება დე იურე სამხედრო ფლოტი? ვფიქრობ, სტოლტენბერგის ინიციატივა საქართველოში „საზღვაო სახელმწიფოს აღორძინებისა" მიზნად ისახავს არა ამ ქვეყნის ძლიერი სამხედრო ფლოტის შექმნას (მისი შექმნის ალბათობა ნაკლებია სახსრების დეფიციტის გამო), ან ზღვაზე თანასწორუფლებიან ერთობლივ მანევრირებას, არამედ, დიდი ალბათობით, ნატოს სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის – პორტების, დოკების, საწვავისა და არსენალის საწყობების მშენებლობას. ალიანსისთვის აუცილებელია რეგიონში ფეხის მოკიდება აღმოსავლეთით მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად. რეგიონს დამახასიათებელი თავისებურებები გააჩნია. 

შავი ზღვის აკვატორიაში არაშავიზღვისპირა სამხედრო ხომალდების ყოფნის ვადებს „მონტრეს კონვენცია" 21 დღით ზღუდავს. ეს, ფაქტობრივად, კრძალავს „უცხოტომელების" ბაზების დაფუძნებას ამ რეგიონში. მაგრამ თუ აშშ ახერხებს სტრატეგიული შეიარაღების და საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტების შესახებ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამოსვლას, „მონტრეს კონვენციის" გაწყვეტაში ამერიკელებსა და მათ მოკავშირეებს ხელს მხოლოდ სამხედრო-საზღვაო ძალების საჭირო ინფრასტრუქტურის (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განვითარებული სანაპირო სისტემა) არარსებობა უშლის. პრობლემა სერიოზულია, მაგრამ მისი მოგვარება ეტაპობრივად შესაძლებელია.

პენტაგონის მიერ რუსეთის საზღვრების მახლობლად ობიექტების განთავსება ავტომატურად აქცევს მათ მაღალი სიზუსტის იარაღის პოტენციურ სამიზნედ. ამიტომ ალიანსი წინასწარ ზრუნავს საჰაერო თავდაცვაზე, რომლის შესაძლებლობებიც საქართველოსთვის ნამდვილად გადაჭარბებულია.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები და საქართველო შეთანხმდნენ ვაზიანის ბაზის ტერიტორიაზე მსხვილი სამხედრო აეროდრომის აშენებაზე, რომელიც ნატოს ყველა ტიპის საბრძოლო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღებას შეძლებს (უცხოური ჯარებისა და შეიარაღების განთავსებისა და გადაზიდვის ლოგისტიკა).

მამუკა ბახტაძე: ქართველი ერის არჩევანი, ეს გახლავთ ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია>>>

ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნებით საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მომზადების რამდენიმე ცენტრია დაკავებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე მუშაობს. თუმცა შესაძლებელია სასწავლო ცენტრების სწრაფად ტრანსფორმირება პენტაგონის სრულფასოვან სამხედრო ბაზებად, სადაც მუდმივად არიან დისლოცირებული ალიანსის ინსტრუქტორების (მხოლოდ ამერიკელებით დაკომპლექტებული) ქვედანაყოფები.

ეს ყველაფერი – არის პროვოკაციების დაუსრულებელი ჯაჭვი რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ქვეყნების მიმართ.

ისტორია არ გვასწავლის

ნატოს გემები უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კატარღებთან და საქართველოს სანაპირო ძალებთან ერთად შავ ზღვაში დაგეგმილ „საზღვაო ფარის" წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად 28 მარტს შემოვიდნენ. ერთი მხრივ, დასავლეთი კოლექტიურად, შეძლებისდაგვარად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ოდესის პორტში მისთვის ხელსაყრელ, მაგრამ უალტერნატივო კანდიდატს, უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, არჩევნებში ახალი ვადით გასამარჯვებლად. მეორე მხრივ, ფოთის პორტში 1 აპრილს შევიდნენ ნიდერლანდების საესკადრო ნაღმოსანი Evertsen, თურქეთის TCG Yidirim, ბულგარეთის BGS Drazki და რუმინეთის ROS Regele Ferdinand, რომლებიც 4 აპრილამდე შეავსებენ მარაგს და ითანამშრომლებენ საქართველოს სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღებთან (მესაზღვრეებთან).

მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაასახელა>>>

რეგულარული სამხედრო წვრთნები საქართველოში, ნატოს ათობით წევრი ქვეყნისა და პარტნიორების მონაწილეობით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს მოგვაგონებს. მაშინ ქართული ჯარის გადაიარაღებასა და მომზადებაში 25-ზე მეტი სახელმწიფო მონაწილეობდა, საერთო ხარჯმა 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის მიუხედავად, ამერიკელმა ანალიტიკოსებმა დაასკვნეს: „ომი საქართველოში და ფინანსური კრიზისი იყო ორმაგი დარტყმა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა კავკასიაში ძალთა გადანაწილება დასავლეთის საზიანოდ".

ნატოს მიმართ საქართველოს გაცხადებულ კურსს არაფერი აქვს საერთო ეროვნულ უსაფრთხოებასთან. შესაძლოა, ზოგიერთი ქართველი პოლიტოკოსი ოცნებობს ევრაზიის ახლებურად გადანაწილების პროცესებში მონაწილეობაზე და იმედოვნებს, რომ სარგებელს ნახავს.

თბილისის იმედები ნათელი და გასაგებია. ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მან 2011 წელს მიიღო. სამი წლის შემდეგ დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომელმაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უნდა შეუწყოს ხელი. ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ხანმოკლე უვიზო ვიზიტებიც წინსვლის ილუზიას ქმნის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ალიანსის მტაცებლური სტრატეგია თბილისს ერთმნიშვნელოვნად კარგს არაფერს უქადის. მაგალითისთვის იუგოსლავიაში, ლიბიაში, ავღანეთში, ერაყში, სირიაში ნატოს ოპერატიული აქტივობების გახსენებაც საკმარისია, რათა საქართველოს მომავალი მიახლოებით განჭვრიტო.

დასავლეთისა და აღმოსავლეთის ისტორიული ურთიერთობა დოლაბების ტრიალს ჩამოგავს, რომელთა შორის მოყოლაც შავი ზღვისპირეთის კომპაქტურ ქვეყნებს კარგს არაფერს მოუტანს.

ავტორის მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

 

98
თემები:
საქართველო – ნატოს ურთიერთობები (20)