მზადაა თუ არა „ქართული ოცნება“, სასამართლოებს სრული თავისუფლება მისცეს?

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლეების სკანდალმა ჩაითრია ყველა ინსტანციის სასამართლო, საქალაქოთი დაწყებული, უზენაესით დამთავრებული, და ახლა საქართველოს ხელისუფლებამ, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 

საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო სისტემის რეფორმირების ახალი ეტაპი დაიწყო. რეფორმა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის დღიდან მიმდინარეობს. მაგრამ მზად არის თუ არა ხელისუფლება, სრული თავისუფლება მიანიჭოს მართლმსაჯულების სისტემას?

ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში" მაღალ თანამდებობაზე ბრუნდება? >>

„ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების გზით მოვიდა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობას დაუსვა წერტილი. მაშინ ოპოზიცია საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას დემოკრატიის აქილევსის ქუსლს უწოდებდა და მოსამართლეებს მიდმივად მთავრობის შეკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდა.

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
უცხოური კომპანია? ვინ არჩევს „ქართული ოცნების“ ახალ სახეებს

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ პრობლემის მოგვარება ჯერაც ვერ შეძლო. მეტიც, მას უწევს 2018 წლის დეკემბერში აგორებული ხმაურიანი სასამართლო სკანდალის შედეგებთან გამკლავება. სკანდალი კი გამოიწვია პარლამენტში წარდგენილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიამ, რომელშიც აღმოჩნდნენ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არასახარბიელო რეპუტაციის მქონე მოსამართლეები.

ასე რომ, ახლა ხელისუფლებას არა მარტო ფხიზლად მყოფი ოპოზიციისა და სასამართლო სკანდალის ფონზე განდგომილი თანაგუნდელების თავდასხმების მოგერიება, არამედ ერთდროულად ორ კანონპროექტზე მუშაობაც უწევს. ერთი ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესებს, მეორე - პირველი (საქალაქო და რაიონული) და მეორე (სააპელაციო) ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას.

განხეთქილების ვაშლი

საქართველოს სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი დეპუტატი ეკა ბესელია იყო. თავის დროზე იგი აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ შექმნაში და იყო სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი თავგამოდებული მოწინააღმდეგე. საინტერესოა, რომ სწორედ ბესელიამ წამოიწყო სასმართლო სკანდალი, როდესაც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია წარადგინეს.

ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ბრუნდება >>

ბესელიამ განაცხადა, რომ არასდროს დაუჭერდა მხარს იმ პოლიტიკური გუნდის დაკვეთების შემსრულებელ მოსამართლეებს, რომელსაც იგი მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა. დეპუტატმა დემონსტრაციულად დატოვა „ქართული ოცნების“ რიგები. მისი გადაწყვეტილება ვერ შეცვალა ვერც მმართველი პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებამ, შეეჩერებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, როგორც ამას ბესელია ითხოვდა, და შეემუშავებინათ მოსამართლეების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები, რათა მოსახლეობას მათ ობიექტურობაში ეჭვი არ შეეტანა. 

ამასობაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კატასტროფულად ცოტა მოსამართლეა - 28-იდან 18 ადგილი ვაკანტურია.

ოთხსაფეხურიანი რეფორმა

უბრალო მოკვდავისთვის სასამართლო სისტემასა და მიმდინარე რეფორმებში გარკვევა იოლი საქმე არ არის. ამიტომ დასკვნებს ისინი, როგორც წესი, პოლიტიკოსების განცხადებებზე დაყრდნობით აკეთებენ. ვინაიდან პოლიტიკურ დებატებში იმარჯვებს ის, ვინც უფრო დამაჯერებლად და ემოციურად საუბრობს თავის პოზიციაზე, ადვილი მისახვედრია, რით ხელმძღვანელობს მოსახლეობა, როდესაც წყვეტს, ვის დაუჭიროს მხარი.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის პორტფელი არც ამჯერად დათმო

არადა, სწორედ ხელისუფლების მესამე შტოზე - სასამართლო სისტემაზეა დამოკიდებული ასობით და ათასობით ადამიანის ბედი.

იმის გასარკვევად, თუ როგორ ცდილობს საქართველოს მთავრობა მესამე ხელისუფლების გათავისუფლებას პოლიტიკური გავლენისგან და მაღალპროფესიონალი მოსამართლეებისგან დაკომპლექტებული ობიექტური სასამართლოების შექმნას, მოვლენებს თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ. 

სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა საქართველოში 2013 წელს დაიწყო.

გაიზარდა სასამართლო სხდომების გამჭვირვალობა - დაუშვეს აუდიო- და ვიდეოგადაღება.

მთავრობამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (რომელსაც ევალება მოსამართლეების შერჩევა) დაკომპლექტების პრინციპიც შეცვალა. გაუქმდა პარლამენტისა და ნაწილობრივ პრეზიდენტის კვოტებიც. შედეგად საბჭოს რვა წევრს ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, ხუთს კონკურსის წესით ამტკიცებს პარლამენტი, ერთს კი წარადგენს პრეზიდენტი. საბჭოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამოეყო დისციპლინური კოლეგია და მის წევრებს ახლა ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია და არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

სასამართლო რეფორმის მეორე ტალღა 2014 წელს დაიწყო.

ამ ეტაპზე გადაწყდა ყველა სასამართლო ინსტანციის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მათი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ ამისათვის პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებს შესთავაზეს სავალდებულო სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გავლა.

ღარიბაშვილი დაბრუნდა – „ქართული ოცნების“ ირგვლივ ვნებათაღელვა მწვავდება >>

ამასთან, განისაზღვრა გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების საქმიანობის შეფასების წესი და შეიქმნა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა. მას უნდა განეხილა იმ მოსამართლეთა საჩივრები, რომელთაც უარი უთხრეს უვადოდ დანიშვნაზე.

მესამე ტალღა 2017 წელს დაიწყო.

გადაწყდა სასამართლოებში საქმეების ელექტრონულად გადანაწილება.

საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში, ე.ი. პირველი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უპირატესობა ენიჭებათ იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიანიჭეს უფლებამოსილება, დაენიშნათ საქალაქო, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები.

მეოთხე ტალღა

„ქართული ოცნება“ ამჟამად მუშაობს შესწორებებზე, რომლებიც საქალაქო, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადო დანიშვნის პროცედურებს ეხება.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეასრულა

„ეს კანონპროექტი ეხება გადაწყვეტილების მიღების წესებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნისას და მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას, თუ ისინი არღვევენ დისციპლინური ქცევის წესებს... გვინდა დამატებით აღვნიშნოთ, რომ ვიდრე ხარვეზები არ გამოსწორდება, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეჩერდეს. ჩვენ ვარეგულირებთ როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესებს, ისე „მეოთხე ტალღას“, - განუცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პირველ არხს.

სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში დეპუტატებმა შესწორებები უნდა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გაზაფხულის სესიის დასრულებამდე.

ყველა ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს.

სკეპტიკოსის შეხედულება

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ჯერ არ არის მზად, სასამართლო სისტემას სრული დამოუკიდებლობა მიანიჭოს.

 „სამწუხაროდ, მგონია, რომ მთავრობა ჯერ კიდევ არ არის მზად, ბოლომდე გაათავისუფლოს მართლმსაჯულების სისტემა და მაინც იმედოვნებს, რომ დარჩება გავლენის გარკვეული მექანიზმები. გასაგებია კიდეც, რატომ. იმიტომ რომ დღევანდელი მთავრობა არ გრძნობს თავს საკმარისად უსაფრთხოდ, რათა ხელიდან გაუშვას მართვის ბერკეტები და პოლიტიკურ არენაზე ამ მექანიზმის გარეშე განაგრძოს ბრძოლა“, - აღნიშნა სიხარულიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

ყველა ახალი ამბავი
0