საბანკო რეგულაციების შედეგები: მოწყენილი მოვაჭრეები და გაბრაზებული მყიდველები...

© Pixabay / geraltუსახო მანეკენი ხალხის ფონზე
უსახო მანეკენი ხალხის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში საკრედიტო შიმშილია! რატომ ჩაანაცვლეს ბანკები კერძო მევახშეებმა, როგორია საბანკო რეგულაციების გამკაცრების პირველი შედეგები და მოსალოდნელია თუ არა თამაშის წესების გადახედვა?

სამსონ ხონელი

ქვეყნის ფინანსური სექტორი კვლავაც საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრშია. სამწუხაროდ, მაღალი ინტერესის მიზეზი, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო არ არის. თავად განსაჯეთ...

ახალი წლის პირველივე დღეებში გახმაურებული „თიბისი ბანკის“ სკანდალური საქმე ჩვენი დროების მრავალუცნობიანი განტოლების მხოლოდ ერთი კომპონენტია. პოლიტიკურია ის თუ ფინანსური? თერთმეტი წლის წინანდელ საეჭვო საბანკი ოპერაციაზე დიდხანს რატომ დუმდა ეროვნული ბანკი და რა შეიძლება იყოს მარეგულირებლის დაგვიანებული რეაქციის მიზეზი? ვინ არის „მუქარის წერილის“ ავტორი და ავთენტურია თუ არა ის? ამ და სხვა კითხვებზე ადრე თუ გვიან პასუხები იქნება. ვინ დაიჯერებს და ვინ არა − ეს უკვე მედლის მეორე მხარეა. მანამდე კი საფინანსო სფეროში საფიქრალი სხვაც ბევრია...

აეროპორტი - Sputnik საქართველო
უცხოეთში დასაქმებულ ქართველებზე გათვლილი ციფრებს აცდენილი რეალობა

დარგის სპეციალისტები და ექსპერტ-ანალიტიკოსები გამკაცრებული საბანკო რეგულაციების ნეგატიურ შედეგებზე საუბრობენ. მიმდინარე წლიდან ამოქმედებული თამაშის ახალი წესები ჭარბვალიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული, მიზანი კი საბანკო სფეროში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის დამკვიდრება გახლდათ. ამ ახალი ნორმებით საკრედიტო რესურსი ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო მათთვის, ვისი განკარგვადი შემოსავალიც ყოველთვიურად სასესხო ვალდებულების გასტუმრების შემდეგ მსესხებლის ელემენტარულ მოთხოვნილებებს აუვიდოდა. ერთია სურვილი და მეორეა შედეგი. მალე გაირკვა, რომ სესხის აღება გაურთულდა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ვთქვათ, საბანკო სფეროს სპეციალისტები და ანალიტიკოსები ასეთ შედეგს პროგნოზირებდნენ და იქვე დასძენდნენ, რომ კერძო მევახშეები საკრედიტო რესურსს გააძვირებდნენ. სამწუხაროდ, ვარაუდი გამართლდა და პროცენტიანი სესხი ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედებისთანავე აქტუალური გახდა. ბანკები კერძო მევახშეებმა ჩაანაცვლეს. მევახშეები ფულის სესხებას მოქალაქეებს საშუალოდ წლიურ 48 პროცენტად სთავაზობენ. თანხა, მაქსიმუმ, ორი წლის ვადაში უნდა დაიფაროს. მოქალაქე ყოველთვიურად იხდის მხოლოდ პროცენტს, ძირი თანხა კი მან სრულად ორი წლის თავზე უნდა დააბრუნოს. სესხის აღება მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით არის შესაძლებელი.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
იძულებითი ნაბიჯი თუ გარიგება?!... ანუ ბანკირის თეთრი ალამი...

ფულის გამსესხებლებმა კანონის გვერდის ასავლელად ახალი სქემა შეიმუშავეს: იმის გამო, რომ ერთადერთი საცხოვრებლის იპოთეკით დატვირთვა აიკრძალა, ისინი მოქალაქისგან ქონების გადაფორმებას ითხოვენ და მას მხოლოდ გამოსყიდვის უფლებას უტოვებენ. ფულის სესხება ამ სქემით მახრჩობელა მარყუჟში თავის გაყოფის ტოლფასია.

ერთი სიტყვით, ქვეყანაში დღეს საკრედიტო შიმშილია, რამაც სამშენებლო სექტორში კრიზისი გამოიწვია. როგორც მენაშენეთა ასოციაციაში აცხადებენ, ბოლო ორ თვეში ბინების გაყიდვები 40-50 პროცენტით შემცირდა. საგრძნობლად იზარალეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელებმაც. საბანკო განვადებების პროცედურების გართულების გამო გაყიდვები განახევრდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც კომპანიების ნაწილს მაღაზიების დახურვა უწევს. გაყიდვების შემცირებაზე ჩივიან ავეჯის მაღაზიებშიც.

კრედიტების გაცემის შეზღუდვა ბანკებსაც აზარალებს. კომერციულ ბანკებში სამომხმარებლო სესხების შემცირებაზე მიანიშნებენ და აღნიშნავენ, რომ ამ მიზეზით საკრედიტო ოფიცრების სამსახურიდან გაშვება უწევთ. ბანკების ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ სესხის დამტკიცების კოეფიციენტი განახევრებულია. შემცირებულია სესხზე მოთხოვნაც და სესხის გაცემაც...

ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
ლარის „თავგადასავალი“, ანუ ვინ რას აწვება და რატომ?

ეკონომიკამ დარტყმა მიიღო და, როგორც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს, ეს მხოლოდ დასაწყისია, ყველაზე უარესი წინ არის!

ფინანსისტი შოთა გულბანი: „გავიხსენოთ 2008 წლის გლობალური კრიზისი. მისი ერთ-ერთი მიზეზი ბანკების მიერ დაკრედიტების მკვეთრი შემცირება იყო – შედეგად, გაიყინა გაყიდვები, დაიწყო მაღაზიების მასიური დახურვა, შემდეგ ეტაპზე ქარხნებმა შეამცირეს წარმოება, დაიწყო პერსონალის შემცირება, რასაც უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა მოჰყვა... დომინოს პრინციპია. თუ რამე არ შეიცვალა, წინ სერიოზული პრობლემები გველის...“

საბანკო რეგულაციების გადახედვას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია, საფინანსო სექტორის დიდი ნაწილი. უკმაყოფილებაა საზოგადოებაშიც, თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტა, ერთხანს მაინც, არ აპირებს საკრედიტო პოლიტიკის ლიბერალიზაციას და ზოგადად საკითხის განხილვას მხოლოდ პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გეგმავს. მანამდე, როგორც პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რეგულაციებმა არ უნდა შეაფერხოს ჯანსაღი კრედიტების გაცემა.

გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
სავსე სეიფი და დამუხრუჭებული ლარი...

„ჩვენ უკვე გადავერთეთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემაზე, და ჩვენ მაქსიმალურად კომფორტული პირობები უნდა გვქონდეს შექმნილი კრედიტორსა და მომხმარებელს შორის...“ − განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ საკითხი საჭიროებს დეტალურ ანალიზს, რაც სტატისტიკური მაჩვენებლების შესწავლით იქნება შესაძლებელი. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კი ფიქრობს, რომ საბანკო რეგულაციები დიდხანს არ უნდა შენარჩუნდეს. „ჩემი პირადი აზრი გახლავთ: ეს არ არის გრძელვადიანი რეგულაცია, რომელიც სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ. განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ცნობიერების განვითარების პირობებში შესაძლებელი იქნება ამის შეცვლა...“ − აცხადებს რომან კაკულია.

საინტერესოა, რა იგულისხმება „ცნობიერების განვითარების პირობებში“? – სავარაუდოდ, ჩვენი ფინანსური კულტურის დაბალი დონე. დარგის სპეციალისტები და ანალიტიკოსები სწორედ ამ პრობლემას ასახელებენ ჭარბვალიანობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. ჩვენში ადამიანებს არა აქვთ ფულის ხარჯვის კულტურა. დაბალ შემოსავალთან ერთად ეს კატასტროფის ტოლფასია.

ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი ფილიალი - Sputnik საქართველო
ყურადღებით! კრედიტი ძვირდება?!

ფინანსისტი გიორგი კეპულაძე: „მოქალაქეების მიერ მარტივად, ერთი ხელის მოსმით აღებული თანხა ზოგჯერ ხმარდება უძრავი ქონების შეძენას, ბიზნესის განვითარებას, მძიმე ავადმყოფის მკურნალობას. თუმცა, საკმარისია გავაანალიზოთ 2018 წელს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ პრობლემური ვალების გასტუმრების პროგრამა, აშკარა დავინახავთ, რომ ეს პოზიტიური მაგალითები აშკარა უმცირესობაშია. ასობით ათასმა მოქალაქემ გაუაზრებლად აიღო ვალად 2000 ლარზე ნაკლები. თანხა ძირითადად დაიხარჯა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავტომანქანის შესაძენად, საზღვარგარეთ დასასვენებლად, ქორწილისა და დაბადების დღის გადასახდელად, კაზინოში გასართობად. ადამიანებმა თავი ჩაიგდეს კაბალაში სიამოვნების მიღების და არა სასიცოცხლო აუცილებლობის გამო. დღეს ვისესხებ და ხვალ რამეს მოვიფიქრებ  – ხშირად ასეთია მთავარი გათვლა. „რამეს მოფიქრება“ გადადის ახალი ვალის აღებაში – ჯერ ბანკში, მერე მიკროსაფინანსოში, მერე კერძო მევახშეებთან, პროცენტი იზრდება და საბოლოოდ სიამოვნება მსესხებელს ბინის ფასად უჯდება...“

აღწერილი რეალობის გათვალისწინებით საბანკო რეგულაციების შემოღება და დაკრედიტების გამკაცრება აუცილებელი იყო, თუმცა უპასუხისგებლო მსესხებლების გამო პრობლემა არ უნდა შეექმნას ეკონომიკის ცალკეულ დარგებს... ანუ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ!..

 

ყველა ახალი ამბავი
0