ანაკლია

პასუხები პრეტენზიებზე - რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ?

167
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც ანაკლიის პორტს აშენებს, საქართველოს მთავრობის პრეტენზიებს უპასუხა და იმედი გამოთქვა პროდუქტიული თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საკუთარ Facebook–გვერდზე განცხადება გააკეთა საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის  ფარგლებში განხორციელებული სამუშოების, საკუთარი გეგმებისა და სახელმწიფოსთან შეთანხმების დეტალების შესახებ.

პრობლემები, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდება>>>

კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა. დღეისთვის კონსორციუმში ასევე შედის   SSA Marine (აშშ) , British Wondernet Express–ის (ცენტრალური აზია), G-Star Ltd. (ბულგარეთი) პორტის ოპერატორი.

ამ კვირაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაწვრილებით ისაუბრა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა სირთულეზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს პროექტის განხორციელებას.

მინისტრის პრეტენციები

ცქიტიშვილის სიტყვებით,  სახელმწიფო არ გეგმავდა ამ პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ინვესტორებმა თავიდან ფინანსური დახმარება, მოგვიანებით კი შეთანხმების პირობების გადახედვა მოითხოვეს, რათა სახელმწიფო ტვირთების მოზიდვის გარანტი გამხდარიყო. 

მან ასევე აღნიშნა, რომ კონსორციუმმა საინვესტიციო შეთანხმებაში ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, პორტის ოპერატორთან დაკავშირებით. მთავრობას ასევე არ აქვს სრული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელშიც, ცქიტიშვილის სიტყვებით, ასევე მოსალოდნელია ცვლილებები.

როგორც ცნობილია, პორტის მშენებლობისთვის 600 მლნ დოლარზე მეტია საჭირო. სახელმწიფო 100 მლნ დოლარის ოდენობით კრედიტს გაიღებს, თავად კონსორციუმს კი 120 მილიონის ჩადება მოუწევს,  როგორც საკუთარი კაპიტალის. დანარჩენი 400 მილიონი კორსორციუმმა კრედიტის სახით უცხოელი ინვესტორებიდან უნდა მოიზიდოს.

როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა,  პორტის მშენებლობისთვის თანხების გამოყოფის შესახებ ფინანსური გარიგების დასრულება 2018 წლის 1 იანვრისთვის უნდა მომხდარიყო, მაგრამ 2017 წლის ბოლოს, როცა გასაგები გახდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ვადა 2019 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა. მოგვიანებით ვადა კიდევ შეიცვალა – 2019 წლის 1 ივლისამდე.

რა გააკეთა კონსორციუმმა

 დღეისთვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პარტნიორებისა და ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა 70 მლნ დოლარს შეადგენს და საინვესტიციო შეთანხმებით გათალისწინებული ყველა კვლევა ჩატარებულია, ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

ანაკლიის პორტის პროექტი შეიძლება გადაიხედოს>>>

კერძოდ, ჩატარდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების კვლევა, ნიადაგის, ტოპოგრაფიული, ბათიმეტრიული, ჰიდრო და მორფოდინამიკური მოდელირება; მომზადდა გენერალური გეგმა და წინასწარი დიზაინი.

იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო პორტის მშენებლობის პროექტის ფინანსური დახურვის ვადები, ინვესტორებმა  30 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს  ადრეული ფსკერდაღრმავებითი და რეფულირების სამუშაოები ჩასატარებლად. ზღვის ფსკერიდან  მოხდა 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშის ამოღება, რომელიც განთავსდა 100 ჰექტარ ტერიტორიაზე. 

 „დღეის მდგომარეობით ანაკლიის პორტის საზღვაო ტერიტორია უკვე წარმოადგენს ყველაზე ღრმაწყლოვანს საქართველოს ტერიტორიაზე“, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში. 


ამასთან, უკვე დაიწყო ორი ტენდერი ძირითადი სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შესარჩევად და საპორტო ამწე დანადგარების შესყიდვისა და ინსტალაციისთვის. ასევე  უახლოეს დღეებში გამოვლინდება გამარჯვებული გენერალური კონტრაქტორი, რომელიც დაასრულებს პროექტის დეტალურ დიზაინზე მუშაობას, როგორც ეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით არის მიღებულინ და განახორციელებს პორტის პირველი ფაზისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს.

„შესაბამისად, უმოკლეს ვადაში დაიდება სრული საპროექტო დოკუმენტაცია, რისი ნაკლებობაც იქნა მოხსენიებული მინისტრის განცხადებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

პასუხები პრეტენზიებზე

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მინისტრის შენიშვნასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ „კონსორციუმის მიერ ოპერატორის ნაწილში  შემოთავაზებული მოდელი“ შეთანხმების პირობებს არ შეესაბამება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევანი მსოფლიოში ერთ–ერთ ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორზე - ამერიკულ SSA Marine–ზე შეჩერდა. SSA Marine მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორია, რომლის ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში მდებარეობს,  წლიურად 27, 2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს და მსოფლიოს 250 წერტილში ოპერირებს. 

კონსორციუმმა ვადების ცვლილებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

 „მოხდა მხოლოდ პროექტის ფინანსური დახურვისთვის განსაზღვრული ვადების გადავადება, თუმცა,  ეს გავლენას არ იქონიებს იმაზე, რომ პორტის პირველი ფაზის მშენებლობა თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს და 2020 წლის ბოლოსთვის მივიღოთ ოპერირებადი პორტი“, – ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა ამისა აღნიშნულია, რომ გარიგების დახურვის ვადების გაჭიანურება ოთხი ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებამ და 400 მილიონი  დოლარის ოდენობის სასესხო რესურსის გამოყოფის თაობაზე პოზიციების შეჯერებამ  გამოიწვია.

 „პროექტის მასშტაბებიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, რამდენიმე თვე დასჭირდა ფინანსური ინსტიტუტების მიერ დამოუკიდებელი საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევასა და მათთან კონტრაქტების გაფორმებას. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დამოუკიდებელ კონსულტანტებთან ერთად პროექტის შესწავლის პროცესი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორი უნდა იყოს პორტი

პორტის მშენებლობის დაწყება 2021 წლისთვის იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზის მიხედვით განხორციელდება.  

მშენებლობის პირველ ეტაპზე, სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის — პირველ ეტაპზე პორტი 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. მეორე ფაზის ამოწურვის შემდეგ, 2030 წლისთვის კი პორტის გამტარუნარიანობა 14 მლნ ტონა ტვირთზე მეტი იქნება.
კონსორციუმის მონაცემებით, ყველა, ცხრა ფაზის ამოწურვის შემდეგ პორტი შეძლებს 100 მლნ-ზე მეტი ტონა ტვირთის მიღებას. ყველა ეტაპის განხორციელებისთვის 50 წელზე მეტი იქნება საჭირო.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მლრდ დოლარია.

167
თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (42)
ახალი სახლები თბილისში

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!

522
(განახლებულია 17:21 14.07.2020)
ვის და როგორ შეუძლია საცხოვრისის შეძენისას სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით ისარგებლოს, რას მოუტანს სამშენებლო და საბანკო სექტორს, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამა?

სამსონ ხონელი

ტელეფონი არ ჩერდება, შეტყობინებას შეტყობინება მოსდევს...  

დეველოპერულ კომპანიებს კომერციული ბანკები ენაცვლებიან, და პირიქით. „ისარგებლე იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამით, შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე“, − ასეთია გზავნილის შინაარსი.

მოგეხსენებათ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკით სამშენებლო სექტორიც დაზარალდა. განვმარტავ – რატომ: მკვეთრად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, საკრედიტო ბაზარზე ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი კი 14.8 პროცენტიდან 16.6 პროცენტამდე გაიზარდა. სესხის გაძვირება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო. არადა, საცხოვრებელი ბინისა თუ სხვა ტიპის უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის ძირითადი ფინანსური წყარო სწორედ საბანკო კრედიტია. ასე რომ, გაყიდვები შემცირდა და ეს არსებული საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის ლოგიკური შედეგია.

პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და დეველოპერულმა კომპანიებმა ერთობლივი პროგრამა შეიმუშავეს. ის ბინის შესაძენად ეროვნულ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხზე საპროცენტო ტვირთის შემსუბუქებას ითვალისწინებს. კერძოდ, მოქალაქეს, რომელიც ბინის შესაძენად მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ეროვნულ ვალუტაში იპოთეკურ სესხს აიღებს, მთავრობა კრედიტის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტს დაუსუბსიდირებს. პროგრამის ეს დებულება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას შეეხება, რომლის საკრედიტო თანხის ჯამური მოცულობა 200 ათას ლარს არ აღემატება. სუბსიდირების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელია. ეს არის ის პერიოდი, როცა მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და სახელმწიფო ეხმარება მას, რომ საპროცენტო ტვირთი შეუმსუბუქოს. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ერთი სიტყვით, ქვეყნის წამყვანი ბანკები სამთავრობო პროგრამაში უკვე ჩაერთნენ. თუმცა ამ ინიციატივის გარშემო, რომელიც მაისის ბოლოს გახმოვანდა, დისკუსია დღემდე არ წყდება. სამშენებლო და საბანკო სფეროს წარმომადგენელთა შეფასებები დადებითია. საცხოვრისის პოტენციური მყიდველებიც კმაყოფილებას გამოხატავენ. რატომაც არა, ისინი პროგრამის მომხმარებლები არიან, სიკეთით ისარგებლებენ. მაგრამ ვიღაცებმა შედარებით იაფი კრედიტით ბინები რომ შეიძინონ, საამისოდ ბიუჯეტიდან ხალხის ფული რატომ უნდა დაიხარჯოს?! − შესაძლოა, ბრძანოს მკითხველმა და... აბა, რა გითხრათ, ყველამ თავისთვის განსაჯოს, რამდენად სწორია ამგვარი მიდგომა.

ექსპერტ-ანალიტიკოსთა აზრი გაიყო. ეკონომისტების ერთი ნაწილი სუბსიდირების ფაქტს არ მიესალმება. მათი შეფასებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბიუჯეტის ფულით ბანკებს აფინანსებს. არსებობს სერიოზული რისკი, რომ იმ მოსახლეობის ფულით, რომელსაც კრიზისში თავად გაუჭირდა, ბინების შეძენის მსურველ შეძლებულ მოქალაქეებს იპოთეკური სესხები დაუფინანსდეთ. 

„ძალიან მნიშვნელოვანია სუბსიდიის ფორმა. გამოდის, რომ სახელმწიფო ბანკებს 70 მილიონ ლარს ჩუქნის. არადა, ეროვნული ბანკის დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება და ამ თანხის ბანკებისთვის სესხება იმისათვის, რომ იპოთეკურ სესხებზე ლარში დაბალი საპროცენტო განაკვეთები დააწესონ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ბიუჯეტის და მოსახლეობის გადასახადების ფული ტყუილად იფანტება. გარდა ამისა, ასეთი სტიმულირება სიგნალს აძლევს ბაზარს – დეველოპერები ეცდებიან ამ სუბსიდირების ფონზე მაღალი ფასები შეინარჩუნონ. ეს ძირეულად არასწორია. თუ უნდათ, რომ ფართები გაიყიდოს, ფასები მინიმუმამდე უნდა დაწიონ. ახლა ისინი ცდილობენ თან მარჟაც შეინარჩუნონ, ბინები მაღალ ფასში გაყიდონ და ამავდროულად სახელმწიფოს მხარდაჭერით ისარგებლონ. ფასი ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს“, − აცხადებს ეკონომისტი დავით კიკვაძე, რომელიც არ იზიარებს ეროვნული ბანკის შეფასებას, რომ სამშენებლო სექტორი, როგორც დამატებული ღირებულების გადასახადის ყველაზე დიდი გადამხდელი, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია.

ექსპერტთა ერთი ნაწილი კობა გვენეტაძის უწყების ხედვას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სუბსიდირება ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას და ტრანზაქციების გაზრდას, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი და თანაც მაღალანაზღაურებადი დარგია. შესაბამისად, მასზე ძალიან ბევრი მომიჯნავე დარგი და უამრავი დასაქმებული თუ თვითდასაქმებულია დამოკიდებული. სტატისტიკური მონაცემების მოშველიება შორს წაგვიყვანს, მკითხველს შეუძლია თავადაც გაეცნოს „საქსტატის“ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, ექსპერტთა ამ ნაწილის აზრით, გადაწყვეტილება დროულად არის მიღებული, რადგან, თუ კრიზისი გაღრმავდება, მერე ძალიან რთულია იქიდან გამოსვლა...  

„სახელმწიფო მხარდაჭერა კიდევ უფრო წაახალისებს არსებულ ბაზარს. თავის მხრივ საბანკო სექტორი მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ დაკრედიტება გაიზარდოს. ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ინიციატივით, რაც სესხების გაცემაში მხოლოდ ახლა გამოჩნდება, სექტორის აღდგენა უფრო ადრე მოხდება. იპოთეკური სესხების სუბსიდირება ბანკებისთვისაც პოზიტიურია, თუმცა მთავარი გათვლა მაინც სამშენებლო სექტორზე და ზოგადად ეკონომიკაზეა“, − აცხადებს ეკონომისტი ოთარ ნადარაია.  

ამასობაში ივლისის დასაწყისისთვის გაცემული ახალი იპოთეკური სესხების შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელმა პანდემიის პირობებში პირველად გადაუსწრო იანვარი-თებერვლის პერიოდის საშუალო მაჩვენებელს. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების წილი კიდევ უფრო გაიზრდება. რა ეფექტი ექნება სუბსიდირების სამთავრობო პროგრამას სამშენებლო, საბანკო სექტორისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამას დრო გვიჩვენებს...

 

522
ვალუტის კურსი

რა უჯდება ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა

243
(განახლებულია 20:13 13.07.2020)
კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკის იმ სფეროებს, საიდანაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება ხდება, სერიოზული დარტყმა მიაყენა.

ტურიზმის გაჩერებამ, უცხოეთიდან ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიცების კლებამ ისედაც გაუფასურებული ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურების საფრთხის წინაშე დააყენა.

ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 24%-ით იყო გაუფასურებული და 3,45 ნიშნულამდე იყო მისული.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით ეროვნულმა ბანკმა მარტიდან მოყოლებული სამ თვეში რვა აუქციონი გამართა, რომლებზეც ჯამში 230 მილიონი დოლარი გაყიდა.

მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი უკვე 3 616 მილიონი აშშ დოლარია.

ეკონომისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ეროვნულ ბანკს ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკუთარი რეზერვების დახარჯვა კიდევ ბევრჯერ მოუწევს.

„ეროვნულს ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რათა ლარის კურსის სტაბილურობა 3-იან ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნოს, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსის მითითებულ ნიშნულთან სიახლოვეს შენარჩუნება ეროვნულ ბანკს დამატებით 250-300 მილიონი დოლარი დაუჯდება“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

თუმცა ქვეყანაში, სადაც იმპორტს დიდი წილი უჭირავს, არასტაბილური და გაუფასუფრებული ეროვნული ვალუტა საფრთხეს ფასების სტაბილურობასაც უქმნის, რაც, თავის მხრივ, უკვე ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროა.

სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ერთვება.

13 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,0624 GEL/$1 ნიშნულზეა.

ნიკა შენგელიას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი ბაზარზე სავალუტო ინტერვენციებს ისევ გააგრძელებს, ლარის კურსის მერყეობა თვალშისაცემი სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახდება და ამის მიზეზი იმპორტის ზრდა იქნება.

„რაც შეეხება ინფლაციას, რომელიც თარგეთირებულთან შედარებით 3,1%-ით მეტია, ვფიქრობთ, ივლისი-აგვისტოს თვეში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

„საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაცია (2020 წლის ივნისი 2019 წლის ივნისთან შედარებით) კვლავ მაღალ დონეზე რჩება – 6,1%.

ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე კი თვლის, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების გაყიდვით ლარის კურსის სტაბილურობას დიდხანს ვერ უზრუნველყოფს. 

„ეროვნული ბანკი თუ არ შეამცირებს რეალურად ფულის მასას ეკონომიკაში და მის რაოდენობას ეკონომიკის ადეკვატურს არ გახდის, მაშინ მას მოუწევს ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ლარის კურსიც მეტად გაუფასურდება, ვერც ინფლაციას გაართმევს თავს და ეს რეზერვიც შემოელევა გზადაგზა“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

როგორც ვეფხია გიორგაძემ განმარტა, ეროვნულ ბანკს ეკონომიკაში ფულის მასის შემცირება რეზერვების გამოყენების გარეშეც შეუძლია რეფინანსირების სესხების შემცირების ხარჯზე.

„რეფინანსირების სესხი ის ინსტრუმენტია, რომლითაც ეროვნული ბანკი ახდენს კომერციული ბანკებისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდებას, აქ დავამატებდი, რომ ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს რეალურად – აქვს თუ არა მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემა კომერციულ ბანკს, ის ენდობა კომერციული ბანკებისგან შემოსულ მოთხოვნას, რის შემდეგაც ფული უკვე ეკონომიკაში ხვდება“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ვეფხია გიორგაძის თქმით, დღეს საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ისედაც ნაკლებია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსაზღვრულ მინიმალურ მაჩვენებელზე. რეზერვები კი ქვეყნის მხრიდან საგარეო ვალდებულებების შესრულების – უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ერთგვარი გარანტია და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ქვეყნისთვის სესხების გაცემისას ითვალისწინებენ.

ნატა პატარაია

 

243
კახა კალაძე

კალაძე: ახალი საგანგებო მდგომარეობა საქართველოში არავის სჭირდება

0
(განახლებულია 10:33 15.07.2020)
მმართველი პარტიის გენმდივანი აცხადებს, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების მინიმალური შეზღუდვებითა და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად ყველაფერს აკეთებს

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტიის ამოცანაა, არ დაუშვას სპეკულაციები და არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაატაროს, განაცხადა თბილისის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს, რაც ოპოზიციაში იწვევს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ამით ისარგებლებს და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერევა.

„ჩვენი მიზანია, რომ საგანგებო მდგომარეობა არ შემოვიღოთ და არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ შეექმნას პრობლემა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვისაც, რომ სპეკულაციები არ გამოიწვიოს იმან, რომ არჩევნებია და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებენო... ჩვენი მიზანია, ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციების საშუალება, ყველას ჰქონდეს ერთნაირი პირობები და გარემო იმისთვის, რომ ჩაატაროს საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნებისთვის მზადება აქტიურად დაიწყო და უახლოეს მომავალში დაასახელებს თავის მაჟორიტარობის კანდიდატებს და განსაზღვრავს პარტიულ სიას.

ეპიდემიოლოგები შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდებიან, თუმცა ჯერჯერობით გამორიცხავენ პანდემიის გამო არჩევნების თარიღის გადატანას. უკვე ცნობილია, რომ არჩევნებზე, ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები გატარდება.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020