იძულებითი ნაბიჯი თუ გარიგება?!... ანუ ბანკირის თეთრი ალამი...

© photo: Anaklia Port / FBმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ თქვა უარი მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ მართვის სადავეებზე? სად წავა გავლენიანი ბანკირი და მოსალოდნელია თუ არა ვიხილოთ პოლიტიკურ ველზე?

სამსონ ხონელი

საფინანსო სექტორში ერთი ეპოქა დასრულდა! − ეს ჩემეული შეფასება როდია. დღეს, სწორედ ასე ფიქრობს „თიბისი ბანკის“ თანამშრომელთა დიდი ნაწილი. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ ოცდაშვიდი წლის წინათ დაფუძნებული კომერციული ბანკის მოხელეები თავიანთ შეფასებებში მარტო არ არიან...

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
რა მიზანი აქვს „თიბისი ბანკის“ დამაარსებელს

მკითხველს შევახსენებ, რომ უკვე დაახლოებით ორი თვეა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თერთმეტი წლის წინათ „თიბისი ბანკში“ განხორციელებული იმ საბანკო ოპერაციების დეტალები, სადაც გენერალური პროკურატურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნებით აშკარად იკვეთება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების ნიშნები... ამ მცირე ხნის განმავლობაში ფინანსური სკანდალის გარშემო მრავლად იყო განსხვავებული შინაარსის ინსინუაციები, მათ შორის პოლიტიკური მდგენელი სჭარბობდა. ეროვნულმა ბანკმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, აქციონერთა კრებას კი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა დაუწესა. საპასუხოდ „თიბისი ბანკმა“ სამართლებრივი დავა დაიწყო... 21 თებერვალს კი მოვლენები ბევრისთვის მოულოდნელი სცენარით განვითარდა... ბრალდების ადრესატები მმართველი სტრუქტურიდან წავიდნენ, ხოლო კომერციულმა ბანკმა კობა გვენეტაძის უწყების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა შეწყვიტა, საინტერესოა რატომ? როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს: „მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე...“     

TBC bank - Sputnik საქართველო
TBC Bank-ი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავას წყვეტს

საექსპერტო წრეებში ერთნი ვარაუდობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო დონეზე მიიღეს მიიღეს.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე: „თქვენ გგონიათ მამუკა ხაზარაძე თავისით გადადგა? არა, თუ დავეყრდნობით იმ ინფორმაციას, რომ აქციონერთა საბჭომ შეწყვიტა სასამართლო დავა, აქ ყველაფერი გასაგებია, - საბჭომვე გამოუცხადა მმართველობას დაეტოვებინათ პოსტები. ვინმეს თუ ჰგონია, რომ JP Morgan Chase & Co.-ს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკს, სხვა აქციონერებს, რომლებიც „თიბისი ბანკის“ აქციების ძირითადი მფლობელები არიან, თბილისიდან ვინმე ჩიტს აუფრენს, ძალიან ეშლებათ. მხოლოდ JPMorgan Chase & Co.-ის შესახებ დავწერ ძალიან მოკლედ. ის ამერიკული საფინანსო ჰოლდინგია, რომელიც რამდენიმე მსხვილი ამერიკული ბანკის გაერთიანების შედეგად ჩამიყალიბდა. 2017 წელს მისმა მოგებამ 24 მლრდ დოლარი შეადგინა. ხოლო ბრუნვა 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი აქტივები კი 2.5 ტრილიონი დოლარია. ხვდებით რა რესურსები გააჩნია „თიბისი ბანკის“ მხოლოდ ერთ აქციონერს? თუ დანარჩენ აქციონერებს და მათ ფინანსურ რესურსებს ერთად წარმოვიდგენთ, საქართველო კი არა, ცოტა უფრო ძლიერი სახელმწიფო ან რომელიმე მსხვილი ბიზნესმენი ათასჯერ დაფიქრდება დაუპირისპირდეს თუ არა ასეთ ფინანსურ მონსტრებს. ბრალდება აღიარეს ზემოთ ხსენებულმა აქციონერებმა და შეწყვიტეს სასამართლო დავა. ასეთი ტრანზაქციები ყველაზე მეტად ურტყამს ფინანსური ინსტიტუტების რეპუტაციას. ამიტომ არ დაელოდნენ ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილ ორთვიან ვადას...“

Мамука Хазарадзе - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძე TBC ბანკს ტოვებს

ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობა ღიად მიანიშნებს, რომ მამუკა ხაზარაძეს ასე მოქცევა აიძულეს. ვინ და რატომ? მოკლედ შემოგთავაზებთ რამდენიმე მოსაზრებას...

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე: „თავად ამბობს, რომ საერთაშორისო აქციონერებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება ბანკის და მისი მომხმარებლების საკეთილდღეოდ. იმასაც დასძენს, რომ იძულებითი ნაბიჯი იყო და მისი სურვილით არ მომხდარა. იძულებითი ნაბიჯის ავტორი თავად უნდა დაასახელოს. სხვაზე ამის მტკიცების ტვირთს ნუ გადაიტანთ...“

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „რაც შეეხება პარტნიორების გადაწყვეტილებას, როდესაც მამუკა ხაზარაძის პარტნიორი სასამართლო პროცესს ლონდონში წყვეტს, ხოლო გამართული კონსულტაციის შემდეგ კი მამუკა ხაზარაძე ბანკის მმართველი სტრუქტურიდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს, ეს აჩვენებ, რომ ის, არც ისე უმწიკლოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს...“

ანალიტიკოსი ლადო პაპავა: „ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს ეს გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკურია. მამუკა ხაზარაძის როგორც ბანკირის, მმართველ სტრუქტურაში ყოფნა სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა, ამიტომ მისი გადაწყვეტილება წასვლის შესახებ ბანკისთვის პოზიტიური მოვლენაა...“

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძე: ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა

ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილი ხელისუფლების ინტერესებზე მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძის საბანკო საქმიანობაში დარღვევები უსათუოდ იქნებოდა. დღევანდელ ხელისუფლებას დასჭირდა და ამოატივტივა კიდეც. შესაბამისად, ბანკირის ბოლო ნაბიჯი იყო იძულებაც და გარიგებაც...

მრავალგზის გაჟღერდა მოსაზრება ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის ინტერესთა შესაძლო დაპირისპირების თაობაზეც. ამ კონტექსტში, სხვისი არ ვიცი და მე კი საგულისხმოდ მენიშნა „შენების მოძრაობის“ ლიდერის კომენტარი.

დავით უსუფაშვილი: „ამ გადაწყვეტილებით მამუკა ხაზარაძემ მიიღო ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა და სრულმასშტაბიან ბიზნეს-პოლიტიკურ დუელში გაყვა. ასეთ ბრძოლაში კი მას „თიბისი ბანკის“ აქციონერების ინტერესები ტვირთად აწვებოდა. დღეს მან ამ ტვირთზე თქვა უარი, მეტი არაფერზე - არც ქონებაზე, არც ბიზნეს პერსპექტივაზე, არც პირად ღირსებაზე... დუელის პროცესში კი ეს ყველაფერი სასწორზე იდება და გასაგებია, რისთვის იბრძოლებს მამუკა ხაზარაძე. საკითხავია, რისთვის იბრძვის ბიძინა ივანიშვილი? ალბათ, ნიცშე, ფროიდი და ვებერიც კი მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ გვიპასუხებდნენ ამ კითხვაზე...“

ახლა მოლოდინია, სად წავა ფინანსურად გავლენიანი ბანკირი? თავად მამუკა ხაზარაძე თავის მომავალს ანაკლიის პორტს უკავშირებს... მაგრამ ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის ვარაუდობს, მამუკა ხაზარაძეს შესაძლოა არც დასცალდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება... 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: TBC Bank-ის ირგვლივ შექმნილი ვითარება პოლიტიკას არ უკავშირდება

ანალიტიკოსი აკაკი ცომაია: „არ ვიცი, არის თუ არა იმის გარანტიები, რომ სტაბილურად გაგრძელდეს ანაკლიის პორტის განვითარება, პორტის სათავეში მამუკა ხაზარაძის ყოფნით. მე არ მაქვს იმედი, რომ მას ანაკლიის პორტის აშენებას, ან სხვა რამეს დააცლიან. მთავრობაზე არ ვაპელირებ, აქ ბიძინა ივანიშვილია მთავარი, ის კი ბოლომდე ანადგურებს ადამიანს, თუ მას გულში აქვს ჩადებული...“ 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები თუ ექსპერტ-ანალიტიკოსები  ეროვნული ბანკისა და მსხვილი კომერციული ინსტიტუციის დაპირისპირების მიზეზსა და შედეგს განსხვავებულად აფასებენ, ყველანი თანხმდებიან, რომ ეს ფინანსური სკანდალი საბანკო სფეროში მოვლენათა განვითარებას კვალს დაამჩნევს. როგორი იქნება ის, პოზიტიური თუ უარყოფითი? − ამას დრო გვიჩვენებს... 

ვნახოთ, რა იქნება ხვალ და ზეგ? მანამდე კი გეტყვით, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ბანკის მმართველი სტრუქტურიდან წასვლას, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უმალ მოჰყვა ფისკალური შედეგი. ერთთვიანი ვარდნის შემდეგ, 21 თებერვალს ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ ჯგუფის აქციების ღირებულება 8.4 პროცენტით გაიზარდა. ამ დროისთვის ბანკის ერთი აქციის ღირებულება 13.96 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

და ბოლოს, ყველა გვარწმუნებს, რომ ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და ვფიქრობ, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის...   

 

ყველა ახალი ამბავი
0