ქობულიამ საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები დაასახელა

გამოწერა
ექსპორტის ზრდას ლოგისტიკური მომსახურების მაღალი ღირებულება აბრკოლებს, მიიჩნევს მინისტრი.

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. უმუშევრობის შემცირება, ექსპორტის განვითარება, ბიზნესისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობა, ინვესტიციების გაზრდა და კანონმდებლობის გაუმჯობესება – ეს ქართული ეკონომიკის მთავარი გამოწვევებია, რომლებიც უნდა გადაიჭრას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად ვითარდება და მის წარმატებებს საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, რაც საერთაშორისო რეიტინგებში აისახება.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
საქსტატი: საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა

უმუშევრობა და როგორ ვებრძოლოთ მას

საქართველოს მთავრობისთვის 2019 წელს დასაქმება კვლავ პრიორიტეტული სფერო იქნება. მთავრობა აპირებს, რომ შეამციროს უმუშევართა რიცხვი, თუმცა ამ მიმართულებით გარვეული პრობლემებია, აღნიშნა ქობულიამ.

მინისტრის თქმით, პირველი გამოწვევა, რომელზეც მრავალი კვლევა მიანიშნებს, ეს სამუშაო ძალის კვალიფიკაციაა. საჭიროა გაძლიერებული პროგრამები, რათა საბაზისო პროფესიების ათვისება მოხდეს.

მეტი ექსპორტი

მთავრობის კიდევ ერთი მიზანია პროდუქციის ექსპორტის გაზრდა. მინისტრმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელსაც მთავრობა ამ სფეროში აწყდება.

„მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც გვაქვს... თუ ჩვენ არ განვავითარებთ საექსპორტო პოტენციალს, საქართველოს ეკონომიკის ზრდას სერიოზული პრობლემები ექნება“, – განაცხადა ქობულიამ.

მინერალური წყალი ბორჯომი - Sputnik საქართველო
აგროპროდუქციის ექსპორტმა საქართველოდან 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

მან აღნიშნა, რომ ამჟამად ლოგისტიკური და სატრანსპორტო სისტემების მიერ დადგენილი ღირებულება ძალზე მაღალი და არაეფექტურია.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გაზარდოს თავისი სატრანსპორტო ეფექტურობა, რათა საკუთარი საქონელი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს. ტრანსპორტირების წილი საექსპორტო პროდუქციის ღირებულებაში იმდენად მაღალია, რომ ბევრი საქონლის ექსპორტი არაკონკურენტუნარიანი ხდება, აღნიშნა ქობულიამ.

ექსპორტის კიდევ ერთ პრობლემას, მინისტრის თქმით, ქართული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

საუბარია არა თავად პროდუქციის ხარისხზე, არამედ ხარისხის სისტემის შექმნაზე. ქობულიას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არის რიგი ინიციატივები, რომლებიც ხორციელდება, რათა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს.

„თუ ამას არ გავაკეთებთ, პროდუქციის ექსპორტს ვერ განვახორციელებთ ისეთ მსხვილ ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირის ბაზარი, ისინი, უბრალოდ, ასეთ პროდუქციას არ მიიღებენ“, – განაცხადა ქობულიამ.

ბიზნესის განვითარება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წამყვანი ქვეყანაა რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ, პრობლემები ამ სფეროში მაინც რჩება.

ერთ-ერთ ასეთ პრობლემად ქობულიამ ბიზნესისთვის ფინანსებისა და კრედიტების ხელმისაწვდომობა დაასახელა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ლარში კრედიტების ღირებულების დაწევას პროგნოზირებს

მინისტრის განცხადებით, არის ბევრი საწარმო, რომელიც ვერ განვითარდა იმის გამო, რომ მათთვის ძვირია კრედიტები, ან მათ არ აძლევენ კრედიტს იმის გამო, რომ ბანკში გირაოსთვის სახსრები არ გააჩნიათ.

კიდევ ერთ პრობლემად ქობულიამ დაასახელა ზედმეტი ბიუროკრატია, რომელსაც უცხოელი ინვესტორები აწყდებიან; ასევე სახელმწიფო ქონების პრივატიაზაციის დაბალი ტემპი. მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია არ ხდება მხოლოდ ბიუჯეტში სახსრების მოსაზიდავად, არამედ იმისთვისაც, რომ უმოქმედო ქონება, მაგალითად, შეჩერებული სანატორიუმი, ან პანსიონატი ეკონომიკას ზიანს არ აყენებდეს.

სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში

მინისტრმა გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბრისას განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა კერძო სექტორს ეყრდნობა, სახელმწიფოს საკუთრებაში ისევ რჩება დიდი კომპანიები. ქობულიას განცხადებით, მთავრობის ძირითადი გამოწვევაა სახელმწიფო კომპანიების ეფექტურობის გაზრდა ეკონომიკის განვითარებისა და მისი ეფექტურობის გაზრდისთვის.

„საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება კაპიტალის ბაზრის რეფორმასთან, ლიზინგისა და ფაქტორინგის, გადახდისუუნარობის, ანტიდემპინგური და მოძრავი აქტივების რეგისტრაციის შექმნის კუთხით“, – განაცხადა ქობულიამ.

ყველა ახალი ამბავი
0