რატომ გახდა ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სამიზნე

© Sputnik / Alexander Imedashviliთი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისი
თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
11 წლის წინანდელი ტრანზაქცია „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ.

თემურ იოსელიანი

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ახალი აღარაფერი ისმის. ბოლოს 18 იანვარს გააკეთა კომენტარი პრემიერმა ბახტაძემ – თუ რომელიმე აქციონერის მიმართ კითხვები არსებობს, მათზე პასუხის გაცემა პრობლემა არ უნდა იყოსო.

იმავე დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც განაცხადა, რომ „თიბისი ბანკი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ორგანიზაციაა ქვეყანაში და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მაჭავარიანის თქმით, სამინისტროს „თიბისის“ მიმართ საგადასახადო კუთხით შეკითხვები არ გააჩნია.

ასე რომ, სიტუაცია „ჩაწყნარებულია“, მანამდე კი საინფორმაციო საშუალებები აჭრელდა – პროკურატურა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას“) ედავება და შესაძლოა კიდეც დააპატიმრონო.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძის ბანკი დაახლოებით 17 მილიონი დოლარის „გათეთრებაშია" ეჭვმიტანილი

გავრცელდა ვარაუდებიც, რომ მამუკა ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილი დევნის. თუ გავიხსენებთ, ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ოქტომბერში შეხვედრისას გამოხატა უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ, როდესაც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან არსებული სასამართლო დავა „მოაგვარებინა“. მისი თქმით, შეხვდა ორ დაპირისპირებულ მხარეს – „თიბისი ბანკსა“ და ვანო ჩხარტიშვილს და ჩხარტიშვილი დაარწმუნა, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის მოგების მიუხედავად დავა აღარ გაეგრძელებინა.

„ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით და ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას გამოვხატავ. აგერ „თიბისი ბანკი“, ნორმალური მადლობა არ უთქვია ხაზარაძეს“, – განაცხადა მაშინ ივანიშვილმა.

შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოება ბანკების და აგრეთვე ანაკლიის პორტის გამოც მოხდა, რომელსაც მამუკა ხაზარაძის კომპანია აშენებს.

ბიძინა ივანიშვილმა „თიბისის“ მანამდეც „გაჰკრა კბილი“, როდესაც „საქართველოს ბანკთან“ ერთად „თიბისიც“ დაადანაშაულა ქვეყანაში არსებული ჭარბვალიანობის გამო.

საინტერესო იყო ერთი დეტალიც: ანონიმური ფეისბუქ-გვერდები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მუშაობდნენ, იანვარში მამუკა ხაზარაძეს დაესხნენ თავს...

TBC Bank - Sputnik საქართველო
ამხილეს თუ არა „თიბისი ბანკის" ხელმძღვანელი ფულის გათეთრებაში – ბანკი სიცრუეზე საუბრობს

რას ედავებიან „თიბისი ბანკს“

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. გამოძიება „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლას 2018 წლის მაისში შეუდგა და დაასკვნა, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს მიაკვლია. მასალა, პროკურატურის გარდა, ეროვნულ ბანკსაც გადაეგზავნა. სებ-მა საკითხი შეისწავლა და „თიბისი ბანკი“ მილიონი ლარით დააჯარიმა. ჯარიმა დაადასტურა „თიბისი ჯგუფმაც“ 9 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

„აღნიშნული სადავო ტრანზაქციები ეროვნულმა ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების განთავსებამდე (2014 წ.) რამდენიმე წლით ადრე, 2008 წელს შეისწავლა და მაშინ სებ-ის მიერ რაიმე ქმედება არ განხორციელებულა.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკს“ დააკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ამ ეტაპზე უცნობია, ეცდება თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი დამატებითი სანქციების დაწესებას. ეს ჯარიმა „თიბისიმ“ უკვე გააპროტესტა საქართველოს სასამართლოებში და სასამართლომ ჯარიმის გადახდის შეჩერების თაობაზე ბრძანება გამოსცა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

TBC bank-ის სათვაო ოფისი თბილისში - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო vs ბანკები: დავა ბიზნესის ფინანსირებაზე

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა „თიბისი ბანკისგან“ სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით, $17 მლნ-მდე სესხი მიიღეს. თანხის ჩარიცხვისთანავე ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, როგორც ფიზიკურმა პირებმა, „თიბისის“ გასესხებული თანხა თავად ისესხეს წერეთლის კომპანიებიდან. 

2008 წლის ბოლოს „თიბისი ბანკმა“ წერეთლის კომპანიებზე გაცემული სესხები საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა. ხოლო 2012 წელს, ისე რომ წერეთლის კომპანიებს ვალი არ გადაუხდიათ, ჩანაცვლდნენ ოფშორში რეგისტრირებული სხვა კომპანიით. „სამგორი თრეიდს“ და „სამგორი M“-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ არც სესხის მომსახურების თანხა გადაუხდიათ და არც ვალი დაუბრუნებიათ ბანკისთვის. პროკურატურის განცხადებით, არც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გაუსტუმრებიათ „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ვალი.

პროკურორი სალომე ჩიქობავა აცხადებს, რომ ხაზარაძეც და ჯაფარიძეც ბანკში კვლავ აგრძელებენ საქმიანობას, ხოლო მათ წინააღმდეგ აღიძრება თუ არა საქმე – მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად გადაწყდება. გამოძიებამ უკვე დაკითხა ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი.

ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
დამწვარი ბორჯომის ტყის 10 ჰექტარს "თიბისი" და "ბორჯომი" აღადგენენ

რეაქცია ბრალდებაზე

პროკურატურის ბრალდებას სხვადასხვა უწყებები გამოეხმაურნენ. სებ-ი „თიბისი ბანკის“ ფინანსურ სიძლიერეს და მდგრადობას ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიება ბანკის მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს.

„საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას“ მიაჩნია, რომ გამოძიება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს და ე.წ. კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაცია მასმედიისთვის არ გახდეს კომპანიისა თუ მისი მესვეურების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის აგორების საფუძველი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა ICC Georgia მხარდაჭერას უცხადებს „თიბისის“ და მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ამ ინსტიტუტზე და, ზოგადად, კერძო სექტორზე ზეწოლა.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია მეანაბრეების სწორი ინფორმირება, რათა პანიკა არ ატყდეს. მისი თქმით, „თიბისის“ კლიენტებმა და მეანაბრეებმა უნდა იცოდნენ, რომ რასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ბანკს, როგორც ფინანსურ ინსტიტუტს, არაფერი ემუქრება.

მიმდინარე მოვლენების ფონზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ აქციები 5%-ით გაიაფდა. თუმცა, მომდევნო დღეს, 10 იანვარს აქციების ფასი 3.12%-ით კვლავ გაიზარდა.

თი-ბი-სი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
თებერვლიდან „ქართული ამაზონის“ ამოქმედება იგეგმება

„თიბისი ბანკის“ პოზიცია – ბრალდება აბსურდულია

შექმნილ სიტუაციას მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ მეშვეობით გამოეხმაურა. მისი თქმით, რამდენიმე მედია-პორტალმა მიზანმიმართულად გაავრცელა დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც „თიბისის“ დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას და ბანკისთვის ზიანის მიყენებას ემსახურება.

„რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

- არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისფულების დროს;

- არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;

- ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია“, – წერს ხაზარაძე.

მისი თქმით, „თიბისი ბანკი“ არ შეეგუება მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და ყველა ბერკეტს გამოიყენებს ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად.

„პალიტრანიუსის“ ეთერში კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემაც.

„მთელ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური და გასაკვირი თვითონ დასახელებაა, რითიც მიმდინარეობს საქმის წარმოება – ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, რაც თავისთავად მყვირალა მუხლია, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ აბსურდია, რადგან საქმე ეხება თანხის სესხებას ერთი პირის მიერ მეორე პირისგან. გამოჩნდა ისე, რომ ეს თანხა აღებულია და წაღებულია სადღაც. სინამდვილეში თანხა, არა მხოლოდ ეს 17 მილიონი, არამედ 80 მილიონამდე, რომლის მობილიზებაც მაშინ მოხდა, მოხმარდა თვითონ „თიბისი ბანკის“ ლიკვიდურობის გაზრდას. გადასარჩენი იყო ომის მერე ბანკი. მთელი ეს თანხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ისევ „თიბისი ბანკს“ მოხმარდა. არსად ეს თანხა, ერთი „კაპიკი“ სხვა რამეში არ დახარჯულა. ასე რომ, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში“, – განაცხადა კორძაძემ.

დეტალებზე მსჯელობა ძნელია, თუმცა, ადვოკატის განცხადება საკმაოდ უცნაურია. ექსპერტების თქმით, თუ იურიდიული პირისგან – სს „თიბისი ბანკიდან“ გატანილი სესხი ფიზიკური პირების – „თიბისის“ აქციონერების ხელში აღმოჩნდა და მათ შემდეგ ეს თანხა, როგორც აქციონერებმა, თავისი სახელით ისევ „თიბისი ბანკს“ მოახმარეს, რომელსაც სხვა აქციონერებიც ჰყავს, ეს ნამდვილად დარღვევაა. თუმცა, ამგვარ დარღვევას არ შეიძლება დაერქვას „ფულის გათეთრება“, რასაც პროკურატურა აცხადებს. აღსანიშნავია, რომ „ფულის გათეთრების“ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

TBC bank-ის ერთ-ერთი ფილიალი - Sputnik საქართველო
„აბსურდული საქმე“ - მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა პირველი კომენტარი გააკეთა

ამ სიტუაციაში ნამდვილად აქვს არსებობის უფლება ვარაუდს, რომ ივანიშვილი პირადად მამუკა ხაზარაძის პერსონით არის დაინტერესებული. თუმცა, ისიც ცხადია, რომ თუ რამე დარღვევაა, მისი ობიექტური გამოძიება უნდა მოხდეს. ისიც აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ესმის ქვეყნისთვის მთელი საბანკო სისტემის მდგრადობის მნიშვნელობა, რომლისთვისაც აუცილებელია, რომ სანქციებს პირადი ანგარიშსწორების სახე არ ჰქონდეს. სფეროში ოდნავ ჩახედული ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია, რომ თუნდაც ერთი ბანკის კლიენტებში პანიკის გამოწვევა კარგს არაფერს მოუტანს არა მარტო „თიბისი ბანკს“, არამედ მთლიანად საბანკო სისტემას, რომელიც უკვე ათწლეულებია ქვეყანაში ლამის ერთადერთ წარმატებულ სეგმენტად მიიჩნევა.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0