პიკის საათი თბილისში

ვის მოუწევს 1 ოქტომბრიდან და 1 იანვრიდან ტექდათვალიერებაზე ავტომობილის გატარება

501
(განახლებულია 17:26 13.09.2018)
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების წესი აღადგინა, მძღოლებმა იმის გარკვევა დაიწყეს, როდის მოუწევთ საკუთარი ავტომობილის შემოწმება.

ხელისუფლებას ჯერ კიდევ წინა წლებში სურდა ყველა ავტომობილის ინსპექტირება დაწყებულიყო, მაგრამ ორგანიზებაში ხარვეზების თუ შესამოწმებელი ცენტრების სიმცირის გამო პროცესი რამდენჯერმე გადაავადეს. შარშან 2018 წლის 1 იანვარი რეფორმის დასაწყისად დააანონსეს, თუმცა წლის ბოლოს ისევ შეცვალეს სტრატეგია და საბოლოოდ ქვეყანაში არსებული ავტოპარკის შემოწმებისთვის რამდენიმე ეტაპი გამოცხადდა.

პირველ ეტაპზე, 2018 წლის 1 იანვრიდან 3.5 ტონაზე მძიმე და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილების შემოწმება დაიწყო. მეორე ეტაპი 1 ივლისიდან შევიდა ძალაში და სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილ ავტომანქანებს შეეხო. ინსპექტირების მესამე ეტაპი მომდევნო თვის დასაწყისიდან ამოქმედდება — 1 ოქტომბრიდან შემოწმება ყველა ავტომობილს ეხება, რომელთა ძრავის მოცულობაც 3000 სმ2 ან მეტია. მეოთხე ეტაპი კი უკვე 2019 წლის 1 იანვრიდან არის განსაზღვრული და უკვე ყველა ავტომობილის შემოწმებას ითვალისწინებს.

ჯერ კიდევ შარშან იყო ცნობილი ტექდათვალიერების ფორმულა: 4+2+1, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 წლამდე ასაკის ავტომობილებს სავალდებულო შემოწმება არ ეხება, 4-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის ტესტირება სავალდებულო ორ წელიწადში ერთხელ იქნება, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ავტომობილისთვის — წელიწადში ერთხელ. ტექდათვალიერების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარია. ამავე დროს განსაზღვრულია ჯარიმები ტექდათვალიერების გარეშე დარჩენილი ავტომობილების მძღოლებისთვის: ფიზიკური პირისთვის 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარი. აღსანიშნავია, რომ ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში, ანუ 30 დღის განმავლობაში ავტომობილით სიარული არ იკრძალება.

პირველი შედეგები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, ტექდათვალიერებაზე 36,394 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო მისული, საიდანაც 9,251-მა, ანუ 25%-მა გაუმართაობის გამო პირველადი ტესტირება ვერ გადალახა. ამ ავტომობილების მფლობელებს მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცათ.

ივნისის ბოლოს პირველად ტესტირებაზე „ჩაჭრილი“ 9,251 ავტომობილიდან განმეორებით ტესტირებაზე მისული იყო 5,953 ავტომობილი, საიდანაც 243-მა ვერც განმეორებითი ტესტირება ვერ გადალახა. ასეთი ავტომობილებისთვის მოძრაობა აკრძალულია.

ამოქმედებულია ჯარიმებიც. შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში პოლიციამ სავალდებულო ტექდათვალიერების გარეშე მოძრაობისთვის დააჯარიმა 2,555 ავტომობილის მფლობელი.

შემოწმებული ავტომობილების სია ასეთია:

ავტობუსი — 15 000 ერთეული; გამართულია 74.5%.

მიკროავტობუსი — 513 ერთეული; გამართულია 62%.

სატვირთო — 3999 ერთეული; გამართულია 67.3%.

ფურგონი — 4291 ერთეული; გამართულია 68%.

შემოწმების მეორე ეტაპზე, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილ ავტომანქანებს ეხება, ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის 42-მა მანქანამ ტექდათვალიერება ვერ გაიარა. თბილისის მერის დავალებით ეს მანქანები ავტოპარკიდან ამოიღეს. კალაძის თქმით, ამ მანქანებს მუნიციპალიტეტი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით ჩაანაცვლებს. კალაძე ამბობს, რომ თბილისში ეკოლოგიის თვალსაზრისით პრობლემას მსუბუქი ავტომობილებიც ქმნის — ქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რომელთაგან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია.

ვის არ ეხება ტექდათვალიერება

გამოცხადებული ეტაპების მიხედვით პერიოდული ტექდათვალიერების ვალდებულება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ, ქართული ნომრების მქონე ყველა სატრანსპორტო საშუალებას, გარკვეული გამონაკლისის გარდა. კერძოდ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ეხება:

ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;

O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს;

ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის; ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება);

იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან;

სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს;

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არ გამოდიან გზაზე (პირობითად: თუ ავტომობილი დგას ავტოსადგომზე რამდენიმე თვის განმავლობაში უძრავად, მფლობელს შეუძლია მას ტესტირება არ ჩაუტაროს, ხოლო როცა გადაწყვეტს ავტომობილის ინსპექტირებას, იგი სადგომიდან ტესტირების ცენტრში აუცილებლად უნდა გადაიყვანოს ევაკუატორის მეშვეობით, რათა გზაში არ მოხდეს მისი დაჯარიმება).

ტექდათვალიერება და „გაზზე გადაყვანილი“ მანქანები

სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გაზზე გადაყვანილ“ მანქანებს 1 ივლისიდან დააჯარიმებდნენ, თუმცა, შსს-მ მსგავსი შესაძლებლობა გამორიცხა. სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივლისიდან არ შეცვლილა სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1 ივლისამდე და ეს მიდგომა გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ.

„დღეის მდგომარეობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ექსპლუატაციის წესების დარღვევა) დადგენილი მოთხოვნების შემოწმებას და მასზე რეაგირებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა ვიზუალურად აშკარაა და ვიზუალური დაკვირვების შედეგად სახეზეა გაუმართაობისგან საფრთხის წარმოშობის მაღალი ალბათობა. აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ტექდათვალიერებას და ასეთი სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს“, — წერია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აირბალონიანი მოწყობილობების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მოახდინონ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სისტემების შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატების აღება ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედებამდე, რადგან ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ ამ სფეროში ადმინისტრირება გამკაცრდება.

ვინც არ გაივლის ტექდათვალიერებას…

საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც თავს აარიდებენ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას ან გადაადგილდებიან იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნები.

შესაბამისად, შსს-ში ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციის მიერ ნორმის ადმინისტრირების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედების შემდეგ, ვინაიდან მანამდე არ არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობის დამადასტურებელი მართლზომიერი საფუძველი.

საპატრულო პოლიცია უკვე ახდენს იმ კატეგორიის ავტომობილების გადამოწმებას და დაჯარიმებას, რომლებზეც ვრცელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება.

თუ პირები ჯარიმას გადაიხდიან, მათ ტექდათვალიერების გავლა მაინც მოუწევთ, ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში კი მათ მაქსიმუმ 500-ლარიანი საურავი დაეკისრებათ. თუ პირები საურავსაც არ გადაიხდიან, აღნიშნულ ავტომობილს მოძრაობის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერდება.

 

თემურ იოსელიანი

 

501