Трибуна в зале для пресс-конференций штаб-квартиры НАТО.

საქართველო გამონაკლისი ნატოსთვის: დასახელდა ალიანსში გაწევრიანების სავარაუდო თარიღი

1049
(განახლებულია 18:48 31.05.2018)
რუსუდან კაციტაძე
რა გარანტიები მისცეს პრემიერ კვირიკაშვილს ვაშინგტონში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრემიერმა კვირიკაშვილმა მრგვალ მაგიდასთან, რომლის მუშაობაში საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, განაცხადა, რომ იმედი აქვს, ოკუპაციის ასი წლისთავზე საქართველოს ნატოში მიიღებენ. ვარშავაში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ კი დასკვნით დეკლარაციაში ჩაწერა, რომ ალიანსის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.

როგორც ჩანს, საქართველოს შანსების აღიარება ნატოს ბრიუსელის სამიტზეც მოხდება, რომელიც ივლისშია დაგეგმილი და რომლის დასრულებამდეც პრეზიდენტი მარგველაშვილი ხელისუფლებას არ გააკრიტიკებს, რათა მთელი ქვეყანა ერთობლივად წარდგეს ნატოს ხელმძღვანელობის წინაშე.

ინფორმაციას ნატოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის დაჩქარებაზე, როგორც ჩანს, მოსკოვშიც ფლობენ, ამიტომაც ქართულ დიპლომატიას ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა, რათა რუსეთის ფედერაციის პირველი პირების აგრესია არ გამოიწვიოს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის წევრმა ოლეგ მოროზოვმა „რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების სურვილის გამო, შესაძლოა, საქართველო ნატოში მიიღონ და ეს არანაირად არაა დამოკიდებული საქართველოზე.

მისი თქმით, ნატოში არ იღებენ წევრებს, რომელთაც ტერიტორიული ან სხვა სახის პრობლემები აქვთ, მაგრამ საქართველო, შესაძლოა, გამონაკლისი გახდეს. ცხადია, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები დიდი სიხარულით არ ხვდებიან ნატოს გაფართოების პერსპექტივას. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ პოზიციას დაიჭერენ ტრადიციულად თავშეკავებული საფრანგეთი და გერმანია.

ექსპერტი სოსო ცინცაძე სკეპტიკურად უყურებს ევროპული ქვეყნების რეაქციას და ამბობს, რომ დასაფიქრებელია საფრანგეთის პირველი პირის მაკრონის პოზიცია, რომელიც ცნობს და აღიარებს რუსეთის სუვერენულ უფლებას, საკუთარი სტრატეგიის მიხედვით განიხილოს და აწარმოოს პოლიტიკა უახლოეს გარემოცვასთან, იმავე საქართველოსთან მიმართებაში.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ნატოსთან დაკავშირებული დაპირება პრემიერმა კვირიკაშვილმა ვაშინგტონში 21-23 მაისს გამართული შეხვედრების დროს მიიღო და ამით ხელისუფლებაში საკუთარი პოზიციებიც გაიმყარა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ შერყეული იყო.

კვირიკაშვილის პარალელურად აშშ-ში შეხვედრებს მართავდა „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ვიზიტის დროს გამოჩნდა პრემიერ კვირიკაშვილის, როგორც ძლიერი პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსის ფაქტორი და, როგორც ჩანს, ხმები მისი შეცვლის შესახებ აშკარად გადაჭარბებულია, ყოველ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში ანალოგიური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ფიგურა არ მოიძებნება.

2021 წლამდე კი ნატოს ბრიუსელის სამიტია დაგეგმილი, სადაც ქართველი ექსპერტები საქართველოს როლის აღიარებას ელოდებიან. ჩვენ პატარა ქვეყანას ნამდვილად უდიდესი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსარფრთხოებაში და ნამდვილად იმსახურებს – თავადაც იყოს დაცული…


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას

 

1049