გიორგი გახარია

პირველი პოლიციელის სოლო და „ფერადი ხმაურის“ ექო...

1122
(განახლებულია 15:10 16.05.2018)
სულხან მელაძე
საპარლამენტო უმრავლესობა ივნისის ბოლომდე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღებას აანონსებს. რაზე შეთანხმდებიან კანონმდებლები, რას გულისხმობს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, დეკრიმინალიზაცია თუ ლეგალიზაცია? ვის რისი მოლოდინი აქვს

წინამდებარე სტატიით ქვეყნის მთავარ გამზირზე „ცეკვის თავისუფლებისათვის“ მებრძოლთა ორდღიან თავგადასავალს ვეხმიანები. არავინ იფიქროს, რომ „ფერადი ხმაურის“ დეტალურ აღწერას ვაპირებ და თანაც რეპორტაჟის წესების სრული დაცვით. დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველი ინფორმირებულია, ბევრი მათგანი მოვლენათა განვითარებას „ცისფერი ეკრანის“ საშუალებით პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ამ ხმაურის ცალკეულ ნოტსა და ბგერაზე უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა. საინტერესო და დასაფიქრებელი ის არის, რის ჩახშობასაც ეს ხმაური ცდილობს…

დეკლარირებულია, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის მიზანი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემცირება, განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნარკოტიკული საშუალებების მიწოდებისა და უკანონო ბრუნვის შემცირებაა. საგულისხმოა, რომ სახელმწიფოს სტრატეგია არ მოიაზრებს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა დასჯას, თუმცა სტატისტიკური მონაცემები სულ სხვა რეალობაზე მიუთითებს. კანონმდებლობა და პრაქტიკა დიდწილად ნაკრომომხმარებლების მკაცრად დასჯაზეა ორიენტირებული. მეტი დამაჯერებლობისთვის განვიხილოთ, გავაანალიზოთ 2018 წლამდე არსებული სტატისტიკური მონაცემები.

ნარკოტიკული კუთხით სისხლის სამართლის დანაშაულების რაოდენობამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე 34 პროცენტით იკლო. 2014-2017 წლების პერიოდში ამ დანაშაულთა 92-93 პროცენტი გაიხსნა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2013-2017 წლებში კი სამჯერ შემცირდა ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის ან მოხმარების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობა. თუ დავუშვებთ, რომ ყველა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს კანონით გათვალისწინებული 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, მივიღებთ, რომ 2013-2017 წლებში ასეთი ჯარიმების ოდენობა 17.816.000 ლარს შეადგენს. 2014-2017 წლებში ხუთჯერ შემცირდა ნარკოტიკულ შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა, ხოლო სამჯერ შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დადებითი შედეგი აჩვენეს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე. ეს ტენდენცია დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, იმის გამო, რომ სახელმწიფოს ეს პოლიტიკური ნება კანონმდებლობით არ მყარდება, ტენდენცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ უმოკლეს ვადებში საკანონმდებლო დონეზე გამოირიცხოს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა დევნა. ნარკოტიკული შემოწმებების დადებითი პასუხის წილმა 2014-2017 წლებში მოიმატა მთლიანი შემოწმებების რაოდენობის მეოთხედიდან ნახევრამდე. მინიმალურ ფასებზე დაფუძნებული მიახლოებითი გამოანგარიშების მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ნარკოლოგიურ შემოწმებაში დაიხარჯა მინიმუმ 2.448.520 ლარი, საიდანაც 1.670.940 ლარი (68 პროცენტი) იმ პირებზე დაიხარჯა, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება. მაშინ, როცა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე ათობით ათასი ადამიანი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის 2016 წელს მხოლოდ 10, ხოლო გასულ წელს – 36 პირი იყო დაკავებული. ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასა და გასაღებაზე დაკავებულ პირებს შორის ასეთი დიდი რაოდენობრივი განსხვავება აჩენს კითხვებს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტებთან მიმართებაში.

ერთი სიტყვით, საკამათო არ არის ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი: პრაქტიკა და გაცხადებული მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა. არც ის არის უცხო, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა მიმართ არსებული პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე დისკუსია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. გასულ წელს ეს პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა და ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და მომხმარებელთა სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარებას ისახავს მიზნად. პარლამენტში გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა. მიზეზად საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დასახელდა. ბოლო დროს ვნებათაღელვამ იმატა. კრიტიკულ მომენტში მმართველი გუნდის სახელით ქვეყნის პირველმა პოლიციელმა პირობა დადო, რომ „ყინული დაიძვრება“… შემდეგ უკვე სხვადასხვა დონეზე კვლავაც მკაფიოდ ითქვა, რომ ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის „გაადამიანურებას“ აპირებს. როგორ და რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა, ამას დრო გვიჩვენებს. „ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ თავად უმრავლესობაში პოზიციები შეჯერდეს და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება სესიის, ანუ ივნისის ბოლომდე დასრულდეს.

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ გავაკეთეთ უკვე გარკვეული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მომზადდება და იქნება მიღებული შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას. ჩვენი მთავარი ამოცანაა — პირველ რიგში, უმრავლესობის შიგნით შევძლოთ მოსაზრებების შეჯერება. შესაბამისად, დავიწყებთ ამაზე აქტიურად მუშაობას და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში აუცილებლად შევთანხმდებით პრინციპებზე – ეს არის ამოცანა და ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რეალისტური ამოცანა…“

ამ ეტაპზე რთულია წინასწარ იმის თქმა, თუ რამდენად შეძლებენ მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთში კონსენსუსის მიღწევას. სავარაუდოდ, არ უნდა გაძნელდეს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების მოძიება, თუმცა პოლიტპარტნიორებს შორის „ხელის გადაგრეხვის“ პრინციპით მოქმედება, შესაძლოა, მძიმე შედეგებით დასრულდეს. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ემიჯნება…

დიმიტრი ხუნდაძე: „ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. უნდა განხორციელდეს დეკრიმინალიზაცია, მაგრამ ის უნდა იყოს სწორად გათვლილი, სწორად დაგეგმილი და სწორად გატარებული. არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი კატეგორიულად მიუღებელია და თუ სესიაზე უცვლელი სახით გავა, მე წინააღმდეგი ვიქნები. გუნდში შეჯერება შესაძლებელია. ძალიან ბევრია შეხების წერტილები, მათ შორის ის, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ დავიჭიროთ და გამსაღებლებს დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადოთ…“

მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დრო ჯერ კიდევ არის და გადაწყვეტილებაც მოესწრება. როგორი, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ვთანხმდებით, რომ მთავარი გამოსავალი ნარკორეალიზაციასთან დაუნდობელი ბრძოლაა, მათ შორის, სააფთიაქო ნარკომანიის გამკაცრება…

1122