ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელი პირი იდენტიფიცირებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან გამოვიდა
ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან გამოვიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ მეხუთე ყრილობის შუქ-ჩრდილები.

1200 დელეგატი, დეპუტატი, მთავრობის წევრი შეიკრიბა გუშინ მთაწმინდის პარკში მდებარე დახურულ კლუბში. ეს შეხვედრა არ გავდა იმ საზეიმო ღონისძიებას, სპორტის სასახლესა და ფილარმონიაში რომ იმართებოდა. საქმიანი ყრილობის ორგანიზატორთა შორის კალაძის გუნდი და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა გამოირჩეოდა. დაპატიჟეს ყოფილი დეპუტატებიც.

მთავრობისა და პარლამენტის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისიდან ქათქათა მიკროავტობუსებით აიყვანეს მთაწმინდაზე. სიმართლე რომ ითქვას, ალბათ, ყველა ქართველის ქართული ოცნება იქნება, თბილისის ქუჩებში იმგზავროს ასეთი სამარშრუტო ტაქსებით — სუფთა, ახალი, წყლითა და კონდიცირებით. მოკლედ, ადამიანურ პირობებში. სწორედ ამ შემთხვევაში ჩაითვლება კახი კალაძე წარმატებულ ქალაქის მერად და გამართლებული იქნება მისი 53 პროცენტი, რომელიც ბედისწერასავით დასდევს ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ვის მხარესაა უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაბრუნდა ის პოლიტიკაში?

დარბაზი საკმაოდ დაძაბული გახლდათ, როგორც ჩანს, ყველა ელოდება, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარე ახალ წესრიგს დაამყარებს. თუმცა მისი ლოდინი დიდხანს მოუხდათ. 3 საათზე შეკრებილ პარტიის აქტივს ბიძინა ივანიშვილი 5 საათზე მოევლინა. მას შესასვლელში დავით საგანელიძე დახვედრია. პოლიტიკისა და ეტიკეტის მცოდნე საგანელიძის წარმატების საიდუმლოც ესაა — იცის, როდის როგორ უნდა მოიქცეს. მას ხომ თითქმის წასული ეგონა საკუთარი თავი პოლიტსაბჭოდან და დიდი თხოვნით შემოაბრუნეს. ყრილობაზე, ყველას გასაოცრად, არ იყო მოწვეული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი…

ყრილობა კახი კალაძის გუნდმა ჩაატარა. ორგანიზატორთა შორის ისინი და პარტიის ძველი შემადგენლობა იყო. გადამალეს არაპოპულარული სახეები.
ახალ ლიდერთა შორის მაია ცქიტიშვილი და მამუკა ბახტაძე გამოირჩეოდნენ. ჯერჯერობით უცვლელი მინისტრთა კაბინეტიდან ყველაზე ცუდი განწყობა პრემიერს ჰქონდა.
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა მოკლე, საქმიანი და ხანგრძლივი ტაშით მრავალჯერ შეწყვეტილი გახლდათ. მის მისალმებასა და აქცენტებში მთავარი ორი მიმართულება გამოიკვეთა — სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და დაპირისპირება მმართველ გუნდში.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
რა ხდება მმართველ პარტიაში?

მშვენივრად მიხვდნენ, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხეს ის, რაზეც ოცნება დიდი ხანია, დუმდა, ანდა უარყოფდა — დაპირისპირება ძველ და ახალ შემადგენლობას შორის, უკვე სახეზეა, თუმცა მთავარი ახლა მაინც ისაა, რა მოხდება ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ. მესამე მიზეზი, რის გამოც ის პარტიის ლიდერად დაბრუნდა, ბუნებრივია, საპრეზიდენტო არჩევნებია. ძნელი სათქმელია, ესმის თუ არა მმართველ გუნდს, რამდენად რთული ვითარებაა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიური თუ განათლებისა და კულტურის თვალსაზრისით, მაგრამ ის კი ცხადია, რომ მართლაცდა ოპოზიციის დიდი სისუსტე განაპირობებს მმართველი პარტიის წარმატებას და არა — მათი იდეების პოპულარობა ანდა ნდობა მთავრობის მიმართ.

ბიძინა ივანიშვილმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა ოცნების ორი მთავარი მიღწევა — მშვიდობის შენარჩუნება ომის ქარცეცხლში გახვეულ რეგიონში, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, რომელსაც ხარვეზები უკვე საკმაოდ შეეპარა და რომელიც, უმაღლესი განათლების ცალკეული მიმართულებების დაპირისპირებისა არ იყოს, უდავოდ დახვეწას საჭიროებს, რათა მისი სიკეთეებით მართლაც მოქალაქეებმა ისარგებლონ და არა — თაღლითებმა, რომლებიც პაციენტებს უზომოდ ბევრ გამოკვლევასა და წამალს უნიშნავენ.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
ქართული პოლიტელიტის საპრეზიდენტო ვნებანი

დაასრულებს თუ არა დაპირისპირებას ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდში, ეს რთული სათქმელია. ახალი ღვინო ძველ ტიკებში არ ისხმება. რაც არ უნდა იმშვიდონ თავი ე. წ. ძველებმა, ფაქტია, რომ მათი აქციების ფასი დაეცა და ივანიშვილი, როგორც წარმატებული ბიზნესმენი, იმ რესურსზე აკეთებს აქცენტს, რომელიც ჯერ კიდევ დაუხარჯავია და ეს ქვეყნისათვის კარგია.

მის გამოსვლაში გამოიკვეთა, რა ხაზს აირჩევს ოცნება საპრეზიდენტო კამპანიისათვის — მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე აქცენტები, არც სოციალური დახმარების სისტემისა და საპენსიო რეფორმის გატარების დაპირებები უნდა იყოს შორს. ფაქტია, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელი პირველი პირი უკვე იდენტიფიცირებულია.

ფაქტია ისიც, რომ ქართული ოცნება, ისევ უბრუნდება 2012 წლის დაპირებებს. ვნახოთ, რამდენად დაიჯერებს ამჯერად საქართველოს მოსახლეობა ამ კამპანიას და რამდენად შესრულდება ისინი. თუმცა ისიც სამართლიანად აღნიშნა ივანიშვილმა, რომ საქართველოში არ არსებობენ ექსპერტები და ღრმა ანალიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებას აუხსნიან, რომ ევროპამ ძალიან ხანგრძლივი და დიდი შრომის შედეგად მიაღწია მატერიალური კეთილდღეობის ამჟამინდელ დონეს. ასეთი ადამიანები არც მის გუნდში არ არიან, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა. რას იზამ, ასეა, როცა 1200 თანამდებობასა და ფულზე დახარბებულ ტაშისმკვრელ საზოგადოებას შეკრებ და არა — სახელმწიფოს მოწყობის იდეების მქონე ადამიანებს.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0