ფული

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მევახშეობა რთულდება!..

758
(განახლებულია 18:45 30.04.2018)
სულხან მელაძე
ეროვნული ბანკი ახალ რეგულაციებს აწესებს... მოქალაქეთა ინტერესებზე ზრუნვა - მითი თუ რეალობა? რა შეიცვლება მიმდინარე წლის მაისის თვიდან და მოუწევს თუ არა საფინანსო სექტორს, გადახედოს საკრედიტო პოლიტიკას?

ციკლიდან „აშკარა, მაგრამ დაუჯერებელი“! მათი ინტერესების დასაცავად, ვინც მომავალში აპირებს კომერციული საბანკო სექტორის საკრედიტო პროდუქტით ისარგებლოს, მიმდინარე წლის მაისის თვიდან ახალი რეგულაციები დაწესდება. მოქალაქის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის, ხელფასის ან სხვა შემოსავლების დადასტურების გარეშე მსესხებელი კრედიტს ვერ აიღებს! მთავრობაში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი ე.წ. ჭარბვალიანობის შემცირებაა. პირველი ფინანსისტი აცხადებს, რომ ეს იქნება კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც სესხის გაცემისას ახალ წესებს დაამკვიდრებს.

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე: „აუცილებელია განკარგვადი შემოსავლის იმ კონკრეტული პროცენტის დაწესება, რომელიც საკრედიტო ვალდებულების მომსახურებას უნდა მოხმარდეს… ჩვენ შევამციროთ ჭარბვალიანობა და ვიზრუნოთ, რომ მომავალში ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ დადგეს…“

საბანკო სექტორის წარმომადგენლები თავადაც აღიარებენ, რომ პრობლემა რეალურად არის და მას მიხედვა უნდა, თუმცა „ბანკების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას შეფასებით, ჭარბვალიანობის პრობლემას მხოლოდ საბანკო სფერო ვერ გადაწყვეტს, საჭიროა სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა. რას გულისხმობს პატივცემული ბანკირი? თავად არ აკონკრეტებს, ხოლო ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ბანალური სიტყვების მიღმა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება იგულისხმება. ამ კონტექსტში კი არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცოტა ხნის წინ სახელმწიფოს სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან საბანკო სექტორი სწორედ ეკონომიკის მუხრუჭად მოინათლა.

საბანკო სფეროს სპეციალისტთა განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღებით სესხის აღება გაუჭირდებათ მათ, ვინც არაფორმალურად არიან დასაქმებულები, ანუ ვისაც რეალურად კი აქვთ შემოსავლები, მაგრამ ვერ ადასტურებენ საბანკო ამონაწერებით. ესენი არიან თვითდასაქმებულები. 


ფინანსისტი გიორგი კეპულაძე: „სოფლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ტაქსის მძღოლებს, ძიძებს და ყველა მას, ვისი შემოსავალიც არ იბეგრება და ბანკში არ ირიცხება, ძალიან გაუჭირდება სესხის აღება. ამან კი, შესაძლოა, საგრძნობლად შეამციროს გაყიდვები, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკის, რომელიც ძირითადად საბანკო განვადებით იყიდება…“

უნდა ითქვას, რომ ახალი რეგულაციებით შემოსავლების დაუდასტურებლად სესხის გაცემა სრულად არ იკრძალება. ბანკებს კვლავ შეუძლიათ საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტი მიმართონ მსგავსი ტიპის კრედიტებზე. დღეისათვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ოდენობა დაახლოებით 22 მილიარდი ლარია, მათ შორის 3.5 მილიარდი ლარი მოკლევადიანი, ხოლო 17.9 მილიარდი გრძელვადიანი კრედიტია. კლიენტის გადამხდელუნარიანობის შეუსწავლელად უმეტესწილად მოკლევადიანი და ყველაზე ძვირადღირებული კრედიტები გაიცემა.

მაისის თვისთვის დაგეგმილი შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს და, შესაბამისად, ბანკებს კვლავაც რჩებათ შესაძლებლობა შემოსავლების დადასტურების გარეშე გასცენ მოკლევადინი, მაღალპროცენტი კრედიტები. ასე რომ, ეს ცვლილებები ბანკების ცხოვრებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ მოახდენს.

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, რეგულაციები უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა საზოგადოების თვალის ასახვევად…

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „გაუგებარია ეროვნული ბანკის პოლიტიკა. თუ იგი მართლა მიიჩნევს, რომ კრედიტების გაცემა გადამხდელუუნარო მოქალაქეებზე ცუდი პრაქტიკაა, მაშინ რატომ ტოვებს საზედამხედველო კაპიტალის შესაბამის ე.წ. 25-პროცენტიან ნიშნულს?! სწორედ ასეთი ტიპის არაფრისმომცემი რეფორმების შედეგია ის, რომ ცენტრალური ბანკი არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს და საბანკო სფეროს გამოწვევებზე ფინანსთა მინისტრი საუბრობს, ხოლო ეროვნული ბანკი სტატისტის როლშია. ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმები საბანკო სფეროში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფრისმომტანი გამოდგა, რადგან მათი უმეტესობა იყო ზედაპირული და არა პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული. შედეგად, საბანკო სფეროსა და მომხმარებელს შორის არსებული პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა…“ 

ამასობაში კი ირკვევა, რომ უკვე კერძო მევახშეების დროც დადგა და, სავარაუდოდ, მევახშეებს თანხის გაცემის პირობებს შეუზღუდავენ. შეეხება თუ არა არარეგულირებად საფინანსო ბაზარს, კონკრეტულად, კერძო გამსესხებლებს რეგულაცია, ჯერჯერობით ეროვნულ ბანკში ამ საკითხზე ხმამაღლა არ საუბრობენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ხალხის უსახლკაროდ დატოვებაში კერძო მევახშეების წილი და „ღვაწლი“ გაცილებით დიდია, ვიდრე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების. მათი აზრით, აუცილებელია არარეგულირებადი საფინანსო ბაზრის აღრიცხვა და შემდეგ უკვე შეზღუდვა.

ფინანსისტი შოთა გულბანი: „სექტორი რეალურად არაფორმალურია და კერძო გამსესხებლებს არანაირი რეგულაცია არ ეხებათ. ამასთან, სესხზე მაქსიმალური განაკვეთი აქვთ დაწესებული, რაც კი შეიძლება არსებობდეს. როგორც წესი, ასეთი საქმიანობის სარეგულაციო ჩარჩოში მოქცევა სირთულეს უკავშირდება, მაგრამ ვიცი, რომ ამ საკითხზე უკვე მიდის მუშაობა. პირველ რიგში აუცილებელია ამ სექტორის აღრიცხვა, ხელშეკრულებების აღნუსხვა, სასესხო პორტფელი უნდა გაიზომოს, დაახლოებით როგორია ვადაგადაცილებისა და გაფუჭებული სესხების ოდენობა. თუ ამ რიცხვებს გავიგებთ, შემდეგ უკვე მივხვდებით, რამდენად ჭარბვალიანი და პრობლემატურია ეს სექტორი. ამის შემდეგ კონკრეტულ რეგულაციაზე ფიქრიც შეიძლება. ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ გასხვისებულ უძრავ ქონებაში მათი წილი ძალიან დიდია, უფრო მეტი, ვიდრე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა. ეს კი უკვე საგანგაშო მაჩვენებელია, რადგან თანხის მოცულობით ისინი ბანკებს ვერ შეედრებიან. ამიტომ საჭიროა მათი შეზღუდვა. თუმცა რეგულაციების მიუხედავად, ამ სექტორის მართვა ბოლომდე გაჭირდება და ე.წ. შავი ბაზარი და ჩრდილოვანი ეკონომიკა მაინც იარსებებს. ვიცი, რომ ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, დიდი ხანია გარკვეულ ცვლილებაზე ფიქრობს ამ მიმართულებით, თუმცა ჯერ ქმედითი ნაბიჯი ვერ გადადგა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკმაოდ რთული სექტორია…“

საბანკო სფეროს წარმომადგენელები იზიარებენ სპეციალისტთა პოზიციას, რომ ეროვნულ ბანკს გაუჭირდება ამ სფეროს რეგულირება. აღნიშნავენ, რომ საბანკო სექტორისთვის შეზღუდვების დაწესებით მოთხოვნა გაიზრდება მევახშეების ფინანსურ რესურსზე. უმრავლეს შემთხვევაში კერძო მსესხებელს ხომ ის პირი მიმართავს, ვინც სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის შემოსავლების დაუდასტურებლობის გამო კომერციული ბანკიდან სესხს ვერ იღებს.

როგორ განვითარდება მოვლენები, რა შედეგს მოიტანს ეროვნული ბანკის რეგულაციები, დრო გვიჩვენებს, თუმცა უკვე ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფინანსო სექტორს, „შავსაც და თეთრსაც“ თანაბრად მოუწევს გადახედოს საკრედიტო პოლიტიკას…

758