გამოსასწორებელი კოლონია

ელექტრონული სამაჯური მოძალადე ქმრებისთვის და პენიტენციალური რეფორმის სხვა სიახლეები

372
(განახლებულია 12:02 20.11.2019)
ტოლერანტობის ნულოვანი პოლიტიკის გამო საქართველოში დღეს ნასამართლევი და არანასამართლევი ადამიანების ოდენობა დაახლოებით თანაბარია...

საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა იმ შოკიდან, რაც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ გამოიწვია. ოჯახური ძალადობის მომრავლების სოციალურ-ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე, ალბათ, სპეციალისტები კიდევ დიდხანს იმსჯელებენ, თუმცა სამართალდამცავებს ფუფუნება, რომ ამ მიზეზების გარკვევას დაელოდონ, არ აქვთ. მათ უნდა განსაზღვრონ დანაშაულის სავარაუდო პრევენციული ზომები.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის უკეთ აღკვეთის მიზნით მალე პოლიცია ძალადობაში სავარაუდო ეჭვმიტანილს არა მხოლოდ შემაკავებელ ორდერს გამოუწერს, არამედ ელექტრონული სამაჯურითაც გააკონტროლებს მის გადაადგილებას, რათა მსხვერპლთან მიახლოების შემთხვევაში სამართალდამცავებმა ოპერატიულად იმოქმედონ. სამწუხაროდ, ეს საჭირო რეალობაა.


ელექტრონული მეთვალყურეობა, როგორც სასჯელის ფორმა, საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს უკვე ჰყავს პირველი მსჯავრდებულები, რომელთაც მეთვალყურეობას უწევს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის მარტისათვის სასამართლომ უკვე 14 მსჯავრდებულს შეუფარდა შინაპატიმრობა სასჯელის სახით, მათგან 12 არასრულწლოვანია, 1 — გოგონა.

შედარებით ფრთხილობს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არსებული პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია. მათ ორი თვის განმავლობაში სულ 4 მსჯავრდებულს მიუსაჯეს შინაპატიმრობა. ზოგადად, ითქვა, რომ შეწყალების ბოლო სკანდალის შემდეგ კომისია ძალადობრივ  დანაშაულში ეჭვმიტანილთა მიმართ ძალიან მკაცრი იქნება.

ასეთი ზომები კი იმ პატიმრებისათვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც ძირითადად მცირე, მაგალითად, ბუღალტრული შეცდომების გამო იხდიან სასჯელს.

სასჯელის ფორმის სახით პატიმრობის კოდექსში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე სასამართლოს შეუძლია, პირდაპირ მიუსაჯოს მსჯავრდებულს შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით. აღსრულებას კი პრობაციის ეროვნული სააგენტო მოახდენს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გააკონტროლებს შემაკავებელი ორდერის საფუძველზე სამაჯურებით აღჭურვილ პირებს, თუმცა, სავარაუდოა, რომ ამ საქმეს შსს-ს მიანდობენ.


როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, ელექტრონული სამაჯურით სასჯელის მოხდის სურვილი რამდენიმე ათეულმა პატიმარმა გამოთქვა, მაგრამ ადგილობრივი საბჭოები ნოვაციას ფრთხილად უდგებიან და ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე პატიმრის მიმართაა გამოყენებული.

მნიშვნელოვანია პატიმრის ბეგრაუნდიც. ის უნდა იყოს ნასამართლევი არაძალადობრივ დანაშაულზე, უფრო ხშირად ესაა ფინანსური დარღვევები, უნდა იყოს პირველი ნასამართლეობა და არ არსებობდეს მსჯავრდებულის მიმალვის ან უცხო ქვეყანაში გადასვლის, ან მოწყობილობის გაფუჭების საფრთხე. მოწყობილობა თავისთავად საკმაოდ ძვირადღირებულია.

სასამართლო და ადგილობრივი საბჭო ვალდებულნი არიან, მსჯავრდებულს ზუსტად განუსაზღვროს, რომელი საათიდან რომელ საათამდე უნდა იყოს შესაბამის ადგილას, შემოუსაზღვროს პერიმეტრი. პრობაციის ბიუროს ასევე ესაჭიროებს სიხშირის დაქირავება შემოსაზღვრული ტერიტორიის ელექტრონული მეთვალყურეობისათვის.
მართალია, უკვე ყველა მნიშვნელოვან დაწესებულებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩათვლით, გვიყურებენ და გვითვალთვალებენ, რის გამოც პერსონალური მონაცემების დაცვა სულ უფრო და უფრო სერიოზული პრობლემა ხდება კაცობრიობისათვის, მაგრამ ელექტრონული მეთვალყურეობა, როგორც სასჯელის ფორმა, დღემდე მხოლოდ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ გამოიყენებოდა.

2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც პატიმრებს შეუძლიათ ადგილობრივ საბჭოებს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართონ. ასევე შეუძლია მოსამართლეს, რომელიც ჩათვლის, რომ პირის პირველი ნასამართლეობისა და ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამო განსასჯელი ამას იმსახურებს და საზოგადოებისათვის საშიში არაა, მას შინაპატიმრობა მიუსაჯოს.
რას გულისხმობს შინაპატიმრობა? პირს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და საღამოს 7-8 საათამდე გადაადგილდეს ნებისმიერი მიმართულებით, საქართველოს ფარგლებში, მხოლოდ პრობაციის ოფიცერის მიერ განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში უნდა იმყოფებოდეს საღამოსა და ღამის საათებში.

კანონი პატიმარს ან ბრალდებულს საშუალებას აძლევს, სამი სხვადასხვა მეთოდით უზრუნველყოს შინაპატიმრობა. ესაა პრობაციის სააგენტოში 5000-ლარიანი დეპოზიტის შეტანა, რათა ამით უზრუნველყოფილი იყოს ძვირადღირებული სამაჯურის უვნებლობა. მეორე ესაა ბანკიდან და სადაზღვევო კომპანიიდან საგარანტიო წერილის მიტანა იმის შესახებ, რომ თუკი მსჯავრდებული დააზიანებს სამაჯურს, ზარალი ანაზღაურდება და მესამე — ასეთი დაზღვევის მოტანა უშუალოდ სადაზღვევო კომპანიიდან.
ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ იმ პირებს, რომლებსაც საზოგადოებისათვის საშიშად არ ჩათვლის ადგილობრივი საბჭო, დაუყოვნებლივ შეუძლიათ ამ პროცედურების გავლა.

სასამართლოები და ადგილობრივი საბჭოები უფრო იშვიათად იყენებენ ისეთ ნორმას, როგორიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. არცაა გასაკვირი — ეს ნორმა რომ გამოიყენო, თან მსჯავრდებული უნდა იყო, თან — დასაქმებული და დღეს დასაქმება არა მხოლო პატიმრებისთვის ჭირს. მოკლედ, საქართველოში ნელ-ნელა სასჯელის ჰუმანური და ცივილიზებული ფორმები შემოდის. მართლაც, რა საჭიროა, ბუღალტერი, რომელიც ფინანსური გადაცდომების გამო დააკავეს, 6 წელი იჯდეს კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებთან ერთად ციხეში, როცა შეუძლია, ეს დრო ოჯახთან ერთად გაატაროს.

როგორც ჩანს, რამდენიმე ათეული წელიც არ გაივლის და პატიმრობა ციხეებში მხოლოდ განსაკუთრებული ძალადობრივი დანაშაულისა და გამოუსწორებელი კრიმინალებისათვის იქნება განსაზღვრული.

თუმცა ამ მხრივ დღესაც არაა ისეთი ვითარება, როგორც 2009-2012 წლებში, როცა საქართველო პირველ ადგილზე გახლდათ ევროპაში პატიმართა რაოდენობის მიხედვით 10 000 მოსახლეზე. მას შემდეგ პატიმრობაში მყოფი პირების რიცხვი 2,5-ჯერ შემცირდა და დღეის მონაცემებით ის 9457-ს, ანუ მოსახლეობის 0,25 პროცენტს შეადგენს. მათგან 279 ქალია. მოსახლეობის საერთო რაოდენობა კი 3 მილიონ 718 200. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში რამდენჯერმე იყო ხაზგასმული, რომ ციხეებში ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა. სხვათა შორის, ამ ვითარებასაც ჰყავს თავისი ოპონენტები, ვინც თვლის, რომ დანაშაულის ჩამდენს ციხეში მოხვედრის უნდა ეშინოდეს, თუმცა  — არა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და კიდევ — დროა, დაიწყოს ფიქრი პატიმართა ფიზიკური ძალის გამოყენებაზეც, რათა მათაც შეეძლოთ, შექმნან საზოგადოებრივი სიკეთე, თუნდაც მოსავლის მოყვანით. ეს მათ რეაბილიტაციასაც წაადგება და — სახელმწიფოსაც. 2050 წლისათვის ხომ, გაეროს მონაცემებით, დედამიწის N1 ამოცანა მოსახლეობის გამოკვება იქნება.

372
თბილისის აეროპორტი

როდის აღდგება ფრენები საქართველოს ცაზე და როგორი იქნება ვოიაჟი პანდემიის შემდეგ

91
(განახლებულია 19:10 25.05.2020)
პუბლიკაციაში გაგაცნობთ ავიაფრენებთან დაკავშირებულ იმ პროცედურებსა და რეგულაციებს, რაც საქართველოში პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება.

საქართველოს მთავრობა 1 ივლისიდან ტურისტების მიღებას და საერთაშორისო ავიაგადამზიდებისთვის ცის გახსნას გეგმავს. ხელისუფლების განცხადებით, ოცივე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში პანდემიამდე ოპერირებდა, აპირებს რეისების განახლებას.

ამ ეტაპზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველო უცხოეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მრავალ ქვეყანაში შეწყვეტილია საერთაშორისო ფრენები. ჯერჯერობით კი არ არსებობს საერთო სახელმძღვანელო პრინციპი, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა დაემორჩილოს ფრენების განახლების შემდეგ.

სპეცილისტები იმ სავარაუდო ტენდენციებზე საუბრობენ, რაც ტურიზმის აღდგენის შემდეგ იქნება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე განმარტავს, რომ აეროპორტებში ოფიციალური პროცედურების დრო გახანგრძლივდება, თუმცა მგზავრთა ნაკადიც არ იქნება ისეთი, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

ჯერჯერობით ზოგადი რეკომენდაციები ასეთია: მგზავრებს ეკიპაჟის წევრებთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ; ასევე მოკლე ფრენების შემთხვევაში არსებობს რეკომენდაცია, რომ საკვების დარიგებაც შეიზღუდოს. მოკლე ფრენებად მიიჩნევა სამ საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენა. იქ, სადაც მგზავრთა კონცენტრაცია მაღალია, მაგალითად, „ჩექ-ინის“, რეგისტრაციისას, თუ ბარგის მიღების დროს, არსებობს ფიზიკური დისტანციის დაცვის ზოგადი რეკომენდაცია. ასევე არსებობს რეკომენდაციები ჰაერის ფილტრაციასთან, ვენტილაციასთან, ხშირ დეზინფექციასთან დაკავშირებით როგორც ტერმინალებში, ისე საჰაერო ხომალდებზე.

შესაძლოა საჰაერო ხომალდზე ხელბარგის ატანა შეიზღუდოს. არც ისაა გამორიცხული, რომ მგზავრებს იმუნური პასპორტი, ტესტირების ჩატარება და რეგისტრაციის დამოუკიდებლად გავლა მოსთხოვონ. ამასთან, მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ, წამყვან აეროპორტებთან ერთად, ზრუნვა ბიომეტრიული ჩასხდომის დანერგვაზეც დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ პასპორტის როლს მგზავრის სახე შეითავსებს.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, პროტოკოლი ამ დროისთვის შემუშავების პროცესშია.

„პროტოკოლი შემუშავების პროცესშია. ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და პირობები ეცნობება მგზავრებს, ავიასაწარმოებს და მომსახურე პერსონალს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, – აცნობეს სააგენტოს.

უწყებაში გვპირდებიან, რომ უმკაცრესად იქნება დაცული უსაფრთხოების საერთაშორისო გაიდლაინები მთელი ტურისტული სექტორისთვის. საქართველოში სრულად დაინერგება ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინები, რაც განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო მოგზაურობის ქვეყნის იმიჯს მსოფლიოში.

ამასობაში უკვე არაერთმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ აღდგეს ქვეყნებს შორის რეგულარული მიმოსვლა.

ავიაკომპანიებს, რომელთა ფრენები COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით გაუქმდა, მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდა რეგულარული ფრენების აღდგენიდან ორი თვის განმავლობაში მოუწევთ. მგზავრს კი, რომლის ფრენაც COVID-19-ის პრევენციის ფარგლებში გაუქმდა, უფლება აქვს შეცვალოს ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი მისი სურვილისამებრ, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვოს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.

ასეა თუ ისე, ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მოგზაურებისთვის კი (და არა მხოლოდ მათთვის) 1 ივლისი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი დღესასწაული გახდება.

გისურვებთ უსაფრთხო და მხიარულ მგზავრობას.

 

91
მზის პანელები

9 მილიონის გრანტები სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის როგორ მოვიპოვოთ

1001
(განახლებულია 15:25 25.05.2020)
ალბათ საკამათო არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის განვითარებას. ბოლო წლებია ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

რამდენიმე დღეს წინ სოფლად ბიზნესის განვითარების დასახმარებლად ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 9 მლნ ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამა გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის მიზანი სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაა. კერძოდ, არაფერმერული ბიზნესის განვითარება, სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის ხელის შეწყობა.

საგრანტო პროგრამის პირობები:

აღნიშნული საგრანტო პროგრამა განხორციელდება 8 მუნიციპალიტეტში – ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში. პროგრამის პირველ ეტაპზე განცხადებები მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე მიიღება.

წარმოდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-იანი თანადაფინანსება ბენეფიციარებმა უნდა უზრუნველყონ. თავად სააგენტო კი თითოეულ ბიზნეს-პროექტზე გასცემს არანაკლებ 20 ათასი და არაუმეტეს 170 ათასი ლარის ოდენობის გრანტს.

კომერციული საქმიანობისთვის გათვლილი განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიების გამოყენებით თერმულ იზოლაციას ან სითბო/სიცივის გენერირებას, დაფინანსდება შემდეგი პირობებით: სააგენტოს თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 30 000 ლარს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-იანი თანადაფინანსება ბენეფიციარმა უნდა უზრუნველყოს. ეს შეიძლება იყოს ფულადი სახსრები, ან ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს (პროგრამაში განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს ერთი წლით ადრე რეგისტრირებული) მეწარმე იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია ძირითადი საშუალებები.

ვის აქვს პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება:

- საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

ბენეფიციარს მოეთხოვება შემდეგი პირობების დაცვა:

- პროექტის განსახორციელებლად შერჩეული უძრავი ქონება უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ან მიღებული ჰქონდეს იჯარით/აღნაგობით

- უძრავ ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა);

- არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის ან შემოსავლების სამსახურის მიმართ.

- იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი არის სააგენტოს მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის  ბენეფიციარი, მას განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა ჰქონდეს პროექტის პირობები დარღვეული.

რა სახის პროექტები არ დაფინანსდება:

პროექტები, რომლებიც უკავშირდება

- სამხედრო, ბირთვულ, სპირტის და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებას;

- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად და სურსათის წარმოებას

- სათამაშო ბიზნესს და აზარტულ თამაშებს;

- საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო);

- საქველმოქმედო საქმიანობას;

- ვაჭრობას.

როგორ მივიღოთ თანადაფინასება:
თანადაფინანსების მისაღებად შემდეგი ეტაპები უნდა გაიაროთ:

1. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია

განაცხადის შესავსებად უნდა დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე (www.arda.gov.ge). რეგისტრაცია ხორციელდება აუცილებელი ველების შევსების შემდეგ.

რეგისტრაციისას სავალდებულოდ შესავსები ველები:

• სახელი/გვარი;

• დაბადების თარიღი;

• პირადი ნომერი;

• მობ/ტელ ნომერი;

• დამატებითი ტელ. ნომერი;

• ელექტრონული ფოსტის მისამართი;

• პაროლი

განაცხადის შევსება
 1. შედიხართ ვებ-გვერდის საკუთარი მართვის პანელში;

2. აჭერთ ღილაკს „განაცხადის დამატება“;

3. ირჩევთ - „ფიზიკური პირი“/„იურიდიული პირი“;

4. ავსებთ განაცხადის ელექტრონულ ფორმას;

5.  ავსებთ განაცხადის ფორმაში ყველა აუცილებელ ველს;

6.  განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ავსებთ ბიზნეს-მოდელის ელექტრონულ ფორმას;

7. ღილაკზე დაჭერით ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი;

8.  აჭერთ ღილაკს „განაცხადის/ბიზნეს-მოდელის შენახვა“.

განაცხადის/ბიზნეს-მოდელის შესავსებ გვერდზე განთავსებულია ღილაკი „განაცხადის გაგზავნა“, რომელზეც დაჭერის შემდეგ ვებ-გვერდზე ჩნდება შეტყობინება განაცხადის გაგზავნის თანხმობის შესახებ – „ვეთანხმები“.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევსებული განაცხადი აღირიცხება სისტემაში და მიენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.

განაცხადის/ბიზნეს-მოდელის გადაგზავნაზე თანხმობის შემდგომ მისი კორექტირება დაუშვებელია.

აპლიკაციის შეფასება

პოტენციური ბენეფიციარების მიერ გაგზავნილი განაცხადები სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღირიცხება და ავტომატურად გადაუნაწილდება სააგენტოს თანამშრომლებს განსახილველად. განაცხადების განხილვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დროს ხელმისაწვდომია განაცხადით მოთხოვნილი თანადაფინანსების შესაბამისი ბიუჯეტი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში ბენეფიციარი ვალდებულია ყოველწლიურად წარმოადგინოს აუდიტორული დასკვნა ფინანსური მდგომარეობის, პროფილის შენარჩუნების, დასაქმებულთა რაოდენობის, გადახდილი ხელფასების, გაწეული მომსახურების ან/და წარმოებული პროდუქციის მოცულობის და შესყიდული ნედლეულის (ღირებულება და მოცულობა) შესახებ.

სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, პროექტის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობის და პროექტის პროგრესის შეფასების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პირადად ან დამოუკიდებელი სპეციალისტის/ექსპერტის/აუდიტორის მეშვეობით.

გაითვალისწინეთ, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესაბამისი განაცხადის ფორმები და ბიზნეს-მოდელის ფორმა, ასევე მომზადების ინსტრუქციები მოცემულია ელექტრონული სახით ვებ-გვერდზე (www.arda.gov.ge) და ხელმისაწვდომი გახდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

1001
ლახამულის სახარება

სვანეთში დაცულ უნიკალურ სახარებას ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება

0
წელიწადნახევარში წმინდა საგანძური კვლავ ლახამულას ტაძარს დაუბრუნდება, სადაც მისთვის განკუთვნილ, მიკროკლიმატითა და უსაფრთხოების დაცვით აღჭურვილ სპეციალურ საცავში მოთავსდება.

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. ზემო სვანეთის ლახამულას ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული მე-12 საუკუნის სახარებას, ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რვა საუკუნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოთხთავი სვანეთს დატოვებს. სარესტავრაციო სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივებისგან სპეციალურად შექმნილი სამეთვალყურეო ჯგუფი კი სახარების აღდგენის პროცესს ეტაპობრივად დააკვირდება. სვანეთიდან თბილისში ეროვნული არქივის ლაბორატორიამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახარების გადმოტანის პროცესს საპატრულო პოლიცია აცილებდა.

წელიწადნახევარში წმინდა საგანძური კვლავ ლახამულას ტაძარს დაუბრუნდება, სადაც მისთვის განკუთვნილ, მიკროკლიმატითა და უსაფრთხოების დაცვით აღჭურვილ სპეციალურ საცავში მოთავსდება.

ნიკა ლატარია

0
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები