კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს თუ ჯამაგირი კაცს?!

© Pixabay / Alexas_Fotosევრო
ევრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა, რამდენად ვქირაობთ ხელისუფლებას და რამდენს ვუხდით სახელმწიფო მოხელეებს? თანამდებობრივი სარგო, პრემია, სახელფასო დანამატი, ფულადი ჯილდო და... რა იცვლება ახალი კანონით?

გამორჩეული ყოფილა ჩვენი დროების მოქალაქის ზნე და ჩვეულება. სხვა მრავალ საქებარ თუ დასაძრახ თვისებათა შორის, არცთუ იშვიათად საკუთარზე მეტად მას სხვისი შემოსავლების დათვლა ახასიათებს… შესაძლოა, ვცდები, რადგან ფულს, მიუხედავად იმისა, ვისია ის, დათვლა უყვარს და „გამორჩეული“ არაფერია. მოჭარბებული ცნობისმოყვარეობა ჩვენში უცხო როდია და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მავანთა ფინანსები საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს განეკუთვნება…

სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა თუ სახელმწიფო აპარატში დასაქმებულთა ხელფასების, პრემიების, სახელფასო დანამატებისა და ფულადი ჯილდოს დათვლისას „სხვისი“ კი არა ხალხის ფული ითვლება… ეს ხალხის ფულია, რომელსაც ის დაქირავებულ ხელისუფლებას უხდის. ასე რომ, გასაკვირი და, მით უფრო, დასაძრახი არ უნდა იყოს დამქირავებელის დაინტერესება – წლიდან წლამდე რა უჯდება ბიუროკრატია, მაშინ, როცა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, უსაფრთხოება მყიფეა, ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.5-4.5 პროცენტის ფარგლებშია, უმუშევართა რაოდენობა იზრდება, ეროვნული ვალუტა იძირება, ცხოვრება ძვირდება და სულ უფრო და უფრო მძიმდება სოციალური ფონი.

თბილისი, პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
მამლის ყივილზე გაძვირებული ცხოვრება... ანუ რას ვაცილებთ?!

ექსპერტ-ანალიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები უკვე მრავალი წელია საუბრობენ ზოგადად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე, რაც ე.წ. „ქამრების მოჭერის“ პოლიტიკას გულისხმობს. სამთავრობო ხარჯებს აკრიტიკებს ოპოზიციაც, თუმცა როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსისტი აცხადებს, საქმე არც ისე რთულად არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს… ცნობილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. გასულ წელს მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა, შემცირდა სამინისტროთა და უწყებათა რაოდენობა. ნომინალურად შემცირდა მთავრობის ხარჯები როგორც შრომის ანაზღაურების, ისე საქონლის და მომსახურების ნაწილში. სულ კი 2017 წელს ბიუროკრატიული ხარჯები 140 მილიონით დაიზოგა…

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე: „თუ ჩვენ ვისაუბრებთ მთავრობის მიდგომებზე, ალბათ უნდა ვისაუბროთ იმ შედეგით, რაც გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანწილად შემცირებული ბიუროკრატული ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. რაც შეეხება აბსოლუტურ მაჩვენებლებს, 140 მილიონი ლარის დანაზოგი გვაქვს და აქედან სახელფასო კომპონენტი 100 მილიონი ლარია. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 140 მილიონი ლარი მცირე თანხაა, როდესაც ჩვენ მსგავსი ტიპის რეფორმაზე ვსაუბრობთ. სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ 2020 წლის ბოლომდე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 25 პროცენტით შემცირდება ზომა სახელმწიფოსა და მთავრობის. თქვენ თუ დამისახელებთ წარმატებულ მაგალითებს განვითარებად ქვეყნებში, ძალიან მოხარული ვიქნები, ეს ციფრი საკმაოდ დიდია…“

თბილისი ნისლში - Sputnik საქართველო
გასული წლის ჩვიდმეტი გაელვება, ანუ საქართველო და მსოფლიო რეიტინგები

საკამათო არ არის, რომ ე.წ. მთავრობის ოპტიმიზაციის გეგმის ფარგლებში ადმინისტრაციულ ხარჯებზე, და მათ შორის შრომის ანაზღაურებაც იგულისხმება, რამდენიმე ასეული მილიონი ლარი უნდა დაიზოგოს. თუმცა, ერთია, რა უნდა იყოს და მეორეა – რა იქნება. დარწმუნებული ვარ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენში ხშირად არ ხდება ისე, როგორც უნდა იყოს…

ხალხის რჩეულების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გასული წლის მიწურულს, მთავრობის ახალი სტრუქტურისა და პირადი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მათ არც შრომის ანაზღაურების საკითხი დავიწყებიათ და მიიღეს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“. კანონი ძალაში შევიდა და მიმდინარე წელს საჯარო მოხელეების ხელფასები ახალი წესით, კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება. ახალი წესით დაითვლება ხელფასები როგორც საჯარო სამართლის, ისე არასამეწარმეო იურიდიულ პირებში. ხოლო სახელმწიფო–პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ხელფასის დათვლის ახალი წესი 2021 წლის იანვრიდან გავრცელდება. მიმდინარე წლის 20 იანვრამდე უნდა განისაზღვროს ხელფასები კოეფიციენტების შესაბამისად – სად, როგორ და ვის რამდენი ექნება… კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა შეიცვალოს საშტატო ნუსხები და ხელახლა დამტკიცდეს. უწყებებმა ახალი საშტატო ნუსხები 20 იანვრამდე უნდა დაამტკიცონ.

ახალი წელი თბილისში - Sputnik საქართველო
ყვითელი ძაღლის ფიქრები... ანუ რას გვპირდება წელი ახალი?!

ახალი კანონის თანახმად, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები 2018 წლის იანვრიდან ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც ფულადი ჯილდო დაერქმევა. თუმცა, დანამატი წლის განმავლობაში ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20 პროცენტს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10 პროცენტს.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით, სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საბაზისო თანამდებობრივი სარგო – 1000 ლარი გამრავლდება კანონით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და სწორედ ეს იქნება საჯარო მოხელის ერთი თვის თანამდებობრივი სარგო, ანუ ერთი თვის ხელფასი.

ბაზარში პროდუქტების ყიდვისას - Sputnik საქართველო
სავსე ქისა და გატეხილი ქოთანი - შუა უკვე გაიკრიფა?!

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელფასი შესაძლოა განისაზღვროს მინიმუმ 1000 ლარიდან მაქსიმუმ 3.500 ლარის ფარგლებში, ხოლო მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ხელფასი – მინიმუმ 100 ლარიდან მაქსიმუმ 800 ლარის ფარგლებში. ამბობენ, რომ ხელფასების დაანგარიშება 2018 წლისთვის თითოეულ დასაქმებულზე იმგვარად მოხდება, რომ შენარჩუნდეს დღეს არსებული ხელფასების ის ოდენობა, რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს ერთად.

საჯარო მოხელეებზე ხელფასთან და ფულად ჯილდოსთან ერთად დაშვებულია საკლასო დანამატების გაცემაც. საკლასო დანამატი საჯარო მოხელეზე შესაძლოა გაიცეს მისთვის კლასის მინიჭების შემდეგ, რაც მოხელის შეფასებით ხდება. შეფასებას კი საჯარო მოხელე წელიწადში ერთხელ მაინც დაექვემდებარება. საგულისხმოა, რომ საჯარო უწყებებში დღეს საშტატო ნუსხების ხელახლა დამტკიცებასა და ხელფასების განსაზღვრაზე მუშაობენ და მოხელის შეფასება კლასის მისანიჭებლად ჯერ აქტუალური არაა. მოხელეთა შეფასებას და კლასების მინიჭებას უწყებებში, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყებენ. სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის [ვინაიდან მათზე ახალი წესი არ ვრცელდება] ხელფასების განსაზღვრის მიზნით დეტალები ზუსტდება, რის შემდეგაც გამოიცემა შესაბამისი სამართლებრივი აქტი და მათი „მოღვაწეობის“ საფასურის დათვლის წესსაც შევიტყობთ. მანამდე კი ეგება და სტატიის სახელდებად დასმულ კითხვას გავცეთ პასუხი… დათვლის მოყვარულებმა არ დავივიწყოთ, რომ პრემია და დანამატი დასაქმებული ადამიანის წახალისების მექანიზმებია და მათ გაცემაში, ზოგადად, კრიმინალური არაფერია, მათ შორის, არც საჯარო სექტორსა და საბიუჯეტო დაფინანსების ორგანიზაციებში. მთავარია მიდგომა იყოს ობიექტური და გასამრჯელო გაწეული შრომისა და შედეგის შესატყვისი…

ყველა ახალი ამბავი
0