ჟორჟ და სილვა

პორტუგალიელი მზარეულის ქართული ჯორჯია და თბილისში ნაპოვნი „რაღაც აუხსნელი“

333
(განახლებულია 17:05 09.01.2018)
333
თემები:
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (79)
ეკრანოპლანი „ლუნი“

მიმოხილვა: „კასპიური მონსტრის“ აღორძინების პერსპექტივა

0
(განახლებულია 15:14 06.08.2020)
უახლოეს დროში რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტში უახლესი ვარიანტის მძიმე საბრძოლო ეკრანოპლანები დაბრუნდება — ბორტზე ფრთოსანი რაკეტებით. მათ ახლო და შორ მანძილზე მოქმედების უნარი აქვთ ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, ბაზირების ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაშიც კი.

მსოფლიოში ერთადერთი რუსული სარაკეტო ეკრანოპლანი „ლუნი“ 31 ივლისს ბუქსირით გაიყვანეს კასპიისკიდან დერბენტში, სადაც პარკ „პატრიოტის“ ცენტრალური ექსპონატი გახდება.

ნიჟნი ნოვგოროდში 34 წლის წინ აგებული ეკრანოპლანი „ლუნი“ 1991 წელს კასპიის ფლოტილიას გადაეცა საცდელი ექსპლოატაციისთვის. და ის ერთადერთია პროექტ 903–ის მიხედვით დაგეგმილი რვა ეკრანოპლანიდან. მიუხედავად ამისა, ეკრანოპლანები წარსულს არ ჩაბარებია.

მაღალი სიჩქარისა (საათში 500 კმ) და ფრენის დაბალი სიმაღლის (7–10 მეტრი) წყალობით, რაკეტმზიდ ეკრანოპლანს შეუძლია რადარებისთვის შეუმჩნევლად გადალახოს ათასობით კილომეტრი ზღვასა და დაბლობზე, მოულოდნელი მიმართულებებიდან მიუახლოვდეს მოწინააღმდეგის სამხედრო–საზღვაო ბაზებსა თუ ავიამზიდ მოიერიშე ჯგუფებს რაკეტის გაშვების მანძილზე და დარტყმა მიაყენოს მას.

მანამდე რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის გემთმშენებლობის სამმართველოს მეთაურმა, პირველი რანგის კაპიტანმა ვლადიმირ ტრიაპიჩნიკოვმა განაცხადა, რომ ეკრანოპლანების განვითარება გემთმშენებლობის გეგმებში 2050 წლამდე შევა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა ტაქტიკურ–ტექნიკური დავალება ახალი ეკრანოპლანის შესაქმნელად, მიმდინარეობს საცდელ–საკონსტრუქტორო სამუშაოები. წინასწარი მონაცემებით, ახალი ეკრანოპლანი 2022 წლისთვის იქნება მზად ასაფრენად.

მედიასაშუალებებში აქტიურად განიხილება „კასპიური მონსტრის“ აღორძინება (ასე შეარქვეს აპარატს უზარმაზარი ზომისა და ფანტასტიკური გარეგობის გამო). მას გვერდი ვერც ამერიკულმა National Interest–მა და ვერც ჩინურმა Sohu–მ ვერ აუარეს.  

რა პერსპექტივები აქვს რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის საბრძოლო ეკრანოპლანებოს აღორძინებას დღეს?

თავისებურებები და გამოყენება

მრავალსამიზნიანი ეკრანოპლანები (დასავლეთში მათ WIG–ს უწოდებენ, ანუ  Wing-In-Ground effect–ი) არც ისე შორეულ მომავალში შესაძლოა მაღალი სიზუსტის ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტების, მოიერიშე დრონების, ელექტრომაგნიტური ქვემეხების, მძიმე ტორპედოების შექმნა–გამოყენების ბაზად იქცეს.  

სწრაფი რეაგირების ძალების სახით მოიერიშე ეკრანოპლანები ეფექტურად შეძლებდნენ პატრულირებას რუსული ზაპოლიარიეს ზონაში.

სადესანტო მოდიფიკაციაში ეს აპარატები შეიარაღებული სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან მანძილზე ოპერატიულად გადასროლის  შესაძლებლობას გააჩენს. ახალი ეკრანოპლანები პრაქტიკულად უჩინარია მოწინააღმდეგის რადარებისთვის, ეკონომიურობისა და ტვირთამწეობის მხრივ თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს აღემატება, ხოლო სიჩქარით — წყალქვეშა ფრთების მქომე ხომალდებს.

National Interest–ის მონაცემებით, ახალი აეროპლანი А-050 „Чайка-2“ „კასპიის მონსტრის“ რეინკარნაციაა და მგზავრებისა (100 კაცი) და ტვირთების სანაპირო რაიონებში გადასაზიდად იქმნება — არქტიკული რაიონების ჩათვლით. იგება სხვადასხვა ტვირთამწეობის „ფრთოსანი ხომალდების“ მთელი ხაზი, რომლებიც არაუგვიანეს 2022 წელს აფრინდებიან.

როგორც უაეროდრომო ავიაცია, ეკრანოპლანები შეიძლება მშვიდობიან ცხოვრებაშიც გამოდგეს. ასე მაგალითად,  რუსეთის სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება „ეკოლენი“ „კასპიური მონსტრის“ სამოქალაქო ანალოგზე მუშაობს — სახმელეთო–საზღვაო ამფიბიაზე, რომელსაც თვითმფრინავის სისწრაფით ფრენა და ბევრად მეტი ტვირთის ზიდვა (750 ტონამდე) შეეძლება — მდინარეებსა და ზღებზე, ტუნდრასა და უდაბნოში გამოსაყენებლად.  აფრენა–დაჯდომისთვის ეკრანოპლანს მხოლოს ზომის შესაბამისი აკვატორია ან ხმელეთის ნაწილი სჭირდება.

მოწინავე მახასიათებლები

ეკრანოპლანი ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენისას წარმოქმნილ ეფექტს იყენებს, როდესაც ჰაერის ნაკადი ფრთის ქვეშ მკვრივ „საჰაერო ბალიშს“ ქმნის. ჰაერში აწევისას აპარატი საათში 500 კმ სიჩქარეს იძენს და საწვავის მინიმალური დანახარჯებით ფრენს 10 ტონამდე ტვირთით.

გარდა ამისა, ეკრანოპლანის მძიმე ვერსიის შექმნაზე მუშაობენ ნიჟეგოროდის საკონსტრუქტორო ბიუროშიც (А-080 „Чайка-3“). რომლის ასაფრენი მასაც 100 ტონამდე იქნება. პერსპექტიული მანქანა თანამედროვე რუსულ ავიონიკასა და ნავიგაციურ–საპილოტაჟე კომპლექსს მიიღებს. შეძლებს დამოუკიდებლად გავიდეს 5 გრადუსის დახრილობის მქონე მოუწყობელ სანაპიროზე, დაჯდეს წყალსა თუ აეროდრომებზე.

ტექნოლოგიურად ძველი „ლუნიც“ კი ახდენს შთაბეჭდილებას, რომელსაც საათში 450 კმ სიჩქარით 2000–ზე მეტი კილომეტრის გადალახვა შეეძლო სამიდან ხუთას მეტრამდე სიმაღლეზე, რა დროსაც, ტავისი გაბარიტების გათვალისწინებით, ხუთჯერ ნაკლებ საწვავს მოიხმარდა სამგზავრო თვითმფრინავთან შედარებით.

„ლუნის“ კორპუსის წინა ნაწილზე რვა გამწევი ძრავია დამაგრებული. ფიუზელაჟზე დაყენებულია სამი წყვილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ЗМ-80 Москит–ი — დამიზნების რადიო–ლოკაციური სადგურითა და 250 კმ  ფრენის სიშორით. ეკრანოპლანის სიგრძე თითქმის 74 მეტრია, ხოლო ტრაპეციისმაგვარი ფრთების განშლა 44 მეტრს აღწევს.

რაც შეეხება თავად ზებგერით რაკეტა Москит–ის „სამეულს“ ისინი სავსებით საკმარისი იქნებოდა ავიამზიდის გასანადგურებლად.

ეკრანოპლანები საბჭოტა კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტისთვის იქმნებოდა, როგორც მოწინააღმდეგის ხომალდების გამანადგურებელი საშუალება. „ლუნის“ პირველი გაფრენა 1985 წელს შედგა. ფრენის მაღალი სიჩქარე  — დიდ ტვირთამეწეობასა და ხმელეთისა თუ ყინულის თავზე ფრენის  უნართან შერწმით, იმთავითვე   უზრუნველყოფდა აპარატის გა მაოგნებელ შესაძლებლობებს. ეკრანოპლანები „ლუნი“ და „ორლიონოკი“ წარმატებით ადაპტირდა რაკეტების გადასაზიდად და დესანტის გადასასხმელად. სსრკ–ს დემონტჟის შემდეგ აპარატების მთელი სერიის წარმოება შეწყდა, ხოლო „ავიამზიდების მკვლელი“ კასპიისკში დააყენეს საუხუნჯოდ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0
ეროვნული ბანკის შენობა

რას ითხოვენ კომერციული ბანკები, ანუ დაირღვა თუ არა პირობა?

123
(განახლებულია 18:59 05.08.2020)
კომერციული ბანკები საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. რატომ? როგორია ეროვნული ბანკის პოზიცია, რას ამბობენ ექსპერტ-ანალიტიკოსები, ირღვევა თუ არა მომხმარებლის უფლებები?

სამსონ ხონელი

სხვაგვარად არის!.. არადა, აშკარად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს პირველი შემთხვევა როდია, როცა ისე არ არის, როგორი მოლოდინიც გვქონდა. რას გულისხმობ? - ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ:

შეგახსენებთ, COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში ჯერ კიდევ გაზაფხულზე ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები დაწესდა. მალევე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შედეგად – მოქალაქეების ერთი ნაწილი შემოსავლების გარეშე დარჩა, კიდევ ერთ ნაწილს შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ერთი სიტყვით, მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

ხელისუფლებამ კრიზისის მართვის საგანგებო გეგმა შეიმუშავა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად კომერციული ბანკების დებიტორი მოქალაქეების საკრედიტო ტვირთის დროებით გადავადებას ითვალისწინებდა. საბანკო სექტორისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, უკლებლივ ყველა კომერციულმა ბანკმა მსესხებლებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესა. საგანგებო მდგომარეობის ჯერ გახანგრძლივების და შემდეგ დასრულების პარალელურად ეკონომიკის მთელი დატვირთვით ამუშავება ვერ მოხერხდა და, შესაბამისად, საბანკო სექტორის დებიტორთა დიდი ნაწილი კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ამიტომაც კომერციულმა ბანკებმა ზაფხულის დასაწყისში საშეღავათო პერიოდი კიდევ ერთხელ გაახანგრძლივეს. ეს დროც უკვე იწურება და, როგორც მსესხებლების ერთი ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, გადახდის ინდივიდუალური რეჟიმის შემუშავების ნაცვლად, ბანკების ნაწილმა დარიცხული პროცენტის ერთიანად გადახდა მოითხოვა.

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემით უწყებას ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. კომერციულ ბანკებს კი, მათი საქმიანობის ფარგლებში, უფლება აქვთ საკუთარი ინტერესისამებრ მოსთხოვონ მომხმარებელს გადახდა, თუ თავიდანვე გააცნეს დეტალური ინფორმაცია პირობებზე.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე: „ჩვენ კომერციული ბანკებისგან, კანონის თანახმად, ვერ მივიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას მსესხებლებზე, მათ კი არ მოუმართავთ ინდივიდუალური საჩივრით ან თხოვნით. ვიცი, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო ტექნიკური ხარვეზი პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიმართებით. საერთოდ კი, კომერციული ბანკის დისკრეციაა – როგორ და რა ფორმით მოითხოვს სესხის დაბრუნებას, მაგრამ ეს უნდა იყოს კლიენტისთვის წინასწარ მიწოდებული ინფორმაცია, როგორ და რა ფორმით გადაუვადდათ კრედიტი“.

კომერციული ბანკები ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, ეროვნულ ბანკის განმარტებით კი, სესხის პირობებისა და ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის შეღავათებიც, მხოლოდ და მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმების საკითხია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას, რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციას მოსთხოვოს სესხებზე/კრედიტებზე საშეღავათო პერიოდის გავრცელება ან კონკრეტული შეღავათიანი პირობების დაწესება. ამდენად, სესხზე საშეღავათო პერიოდის გავრცელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს და შეღავათიან პირობებს ადგენს უშუალოდ კრედიტორი – საფინანსო ორგანიზაცია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება. მათ შორის, პროდუქტის ნებისმიერი არხით შეთავაზებისას ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომელიც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში. ამასთან, აუცილებელია, სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა, მათ შორის - კომერციულმა ბანკებმა, დაიცვან „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ ძირითადი პრინციპები". ასეთია ეროვნული ბანკის პოზიცია.

ამასობაში კომერციულ ბანკებს მწვავე ბრალდებას უყენებს ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ საბანკო სექტორი არ ასრულებს სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას და მომხმარებელს ატყუებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია: „სამწუხაროდ, პროცენტის გადავადების ნაწილში ბანკები მომხმარებლებს ატყუებენ. ეს ხდება მასობრივად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, კომერციულ ბანკებს კლიენტებისთვის საშეღავათო პერიოდი უნდა დაეწესებინათ, რაც სამთვიან მორატორიუმს გულისხმობდა. საბოლოოდ, მოსახლეობისთვის უმძიმეს პერიოდში კომერციული ბანკები მხოლოდ პროცენტის გადავადებას დათანხმდნენ. დაიდო პირობა, რომ სამი თვის დარიცხული პროცენტი სესხის დარჩენილ პერიოდზე გადანაწილდებოდა და თითოეული დებიტორი უმტკივნეულოდ გადაიხდიდა ამ პროცენტს. დღეს რა ხდება? პირობა დაირღვა! ბანკები კლიენტებს ეუბნებიან – სრულად გადაიხადონ ამ სამი თვის განმავლობაში დაგროვილი პროცენტი. ხშირ შემთხვევაში ეს არცთუ ისე მცირე თანხაა. ამას ჰქვია კლიენტების მოტყუება, რაზეც მარეგულირებელი უწყება – ეროვნული ბანკი უნდა რეაგირებდეს".

ანალიტიკოსის პოზიციას იზიარებს საბანკო სფეროს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც აცხადებს, რომ საშეღავათო პერიოდზე დარიცხული პროცენტის ერთიანად გადახდის მოთხოვნა მომხმარებლის უფლებების დარღვევაა, რაზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეროვნულ ბანკს ეკისრება.

„მსურს განვმარტო, რომ საშეღავათო პერიოდში, მით უმეტეს კრიზისისას, მსგავსი გადაწყვეტილება არა თუ XXI საუკუნეში, არამედ გასულ საუკუნეებშიც კი უპრეცედენტოა თავისი უტიფრობით, ფინანსური თაღლითობით და არაჰუმანურობით! და თუ ეს ასე არ არის, დებატებში ვიწვევ, ნებისმიერ ეთერში, ყველა იმ ბანკის დირექტორს, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო! საქართველოში ამ მართლა მახინჯი და ოლიგოპოლიური საბანკო სისტემის დიქტატი უნდა დამთავრდეს! მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული მენეჯმენტის პრიორიტეტებისას საქართველოს მთავრობამ ფაქტიურად ყველა პირობა შეუქმნა საბანკო სექტორს, რომ ლიკვიდობის პრობლემები არ ჰქონოდა, შეეხიდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსების ნაწილში, მათ შორის იპოთეკური დაკრედიტების მხარდასაჭერად, აღარაფერს ვიტყვი საპენსიო სააგენტოს თანხების საბანკო დეპოზიტებზე განთავსებაზე, არსებული ოლიგოპოლია, რომელიც წარმოგენილია სამი უმსხვილესი, სისტემფორმირებადი ბანკის სახით, გადადის ღია საბოტაჟის რეჟიმზე! არ გამოვა წინასაარჩევნოდ თქვენთვის სასურველი სცენარის განხორციელება ხელისუფლების რეიტინგის მიზნობრივად დასაწევად. ყველა სხვა დანარჩენი არგუმენტი ამ მართლა უპასუხისმგებლო და დესოციალური გადაწყვეტილების გასამართლებლად არის განწირული. მივმართავ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ბატონ კობა გვენეტაძეს – ან განმარტოს ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა, ან პირდაპირ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეროვნულ ბანკს აკისრია! არა ხალხის გაღატაკებას და არა საბოტაჟს!" – წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

საინტერესოა, რა შედეგი მოჰყვება ექსპერტ-ანალიტიკოსთა ხმამაღალ განცხადებებს, გაითვალისწინებს თუ არა საბანკო სექტორი გამოთქმულ შენიშვნებს და როგორი იქნება კობა გვენეტაძის უწყების პოზიცია? საკამათო არ არის, რომ წინასაარჩევნოდ კომერციული ბანკების მხრიდან პირობების გაუარესება მმართველი პარტიისთვის დივიდენდების მომტანი არ იქნება...

 

123