თბილისი, პარლამენტის შენობა

მამლის ყივილზე გაძვირებული ცხოვრება... ანუ რას ვაცილებთ?!

624
(განახლებულია 13:25 29.12.2017)
სულხან მელაძე
მიმდინარე წლის ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციები... მთავარი გამოწვევები... გაძვირებული ცხოვრება, სტაბილურად მერყევი ლარი და საბანკო სექტორის რეკორდი..

წინასაახალწლოდ უკეთეს „საჩუქარს“ ძნელად ინატრებდა კაცი. არადა დაპირება სხვაგვარი იყო. მეოცნებეთა პოლიტიკური ერთობა ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გვპირდებოდა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნისას, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, საგრძნობლად დაიკლებდა კომუნალური გადასახადები, შემცირდებოდა ტარიფები გაზსა და ელექტროენერგიაზე… 

მერე რა, რომ ერთხანს ეს დაპირება დავიწყებას მიეცა. თანდათან სახელისუფლებო გუნდმა მეხსიერება აღიდგინა და დამარცხებული ამნეზია ტარიფებზე  უცნაურად აისახა. მოსახლეობას ჯერ გაზი გაუძვირდა, ახლა კი ელექტროენერგია. სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისელებს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და კომერციული საფასური ერთნახევარი თეთრით გაუძვირდათ. გადაწყვეტილება 2018 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. პოლიტიკოსების საარჩევნო დაპირებებისგან განსხვავებით, საზოგადოებაში არც ყოფილა სხვაგვარი მოლოდინი. ეროვნული ვალუტის რყევების შემხედვარე ექსპერტები და ენერგეტიკოსები ბოლო დროს უკვე ღიად მიანიშნებდნენ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო.

რატომ გაძვირდა დენი? სავარაუდოდ, სხვაგვარად ვერ აშენდება „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, ეს ხუმრობით. სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. მათ შორის არის ენერგოკომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები და ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება… ასეა თუ ისე, გადაწყვეტილება მიღებულია, ცეცხლისფერმა მამალმა ისეთი დაიყივლა, რომ დიდხანს გვემახსოვრება. ისღა დაგვრჩენია ახალ რეალობას „გაგებით მოვეკიდოთ“… მანამდე კი, ორიოდე დღეში 2017 წელი ისტორიის საკუთრება გახდება. ახალი წლის მოლოდინში ჩემი კოლეგები ტრადიციულად მიმდინარე წელს აფასებენ და გამონაკლისი არც მე ვიქნები. არც ერთი სიტყვა პოლიტიკაზე, შევაჯამოთ ძირითადი ფინანსური მონაცემები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები…

2017 წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 4.9 პროცენტია, რაც რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელია. გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როგორ ვითარდება მოვლენები რეგიონში, მაგალითად რუსეთის ეკონომიკური გამოწვევები, რაც განპირობებულია ერთის მხრივ საერთაშორისო სანქციებით, ხოლო მეორე მხრივ მთელ რიგ ნავთობპროდუქტებზე ფასების დაცემით, რაც თავის მხრივ სერიოზულ პრობლემებს უქმნის რეგიონში რუსეთთან დაკავშირებულ ქვეყნებს (სომხეთი, ბელორუსი). საომარი ვითარება უკრაინაში, რთული საშინაო და საგარეო გამოწვევები თურქეთისთვის ბუნებრივია საქართველოზეც აისახება.

ექსპერტ-ანალიტიკოსები და სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 2017 წელი წარუმატებელი იყო პროდუქტებზე და მომსახურებებზე ფასების საერთო დონის ზრდისგან პრევენციის კუთხით. წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტის დონეზეა. სამომხმარებლო ფასების დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქტებზე და მომსახურებებზე, მათ შორის მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე ფასები გაზრდილია. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, მათ შორის თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე. როგორც ფინანსისტები აცხადებენ, ამგვარი ზრდა არის ერთგვარი შედეგი ერთი მხრივ აქციზური განაკვეთების ზრდის, ხოლო მეორე მხრივ ლარის კურსის მკვეთრი დევალვაციის. ანალიტიკოსები 2017 წლის მთავარ გამოწვევად სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ ეროვნულმა ბანკმა თავი ვერ გაართვა მოკლევადიან პერიოდებში ლარის კურსის მკვეთრი მერყეობების თავიდან არიდებას, თუმცა წლის განმავლობაში გატარებულმა პოლიტიკამ, დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებაზე გავლენა იქონია.

2017 წელსაც სერიოზულ გამოწვევად შენარჩუნდა ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა და არადივერსიფიცირებული ფინანსური ბაზრები, განუვითარებელი საფონდო ბირჟა და ძვირი საკრედიტო რესურსი. როგორც სპეციალისტები მიანიშნებენ, აღნიშნული გარემოებები აფერხებს კერძო ინიციატივების დაფინანსებას და შესაბამისად საფუძველშივე კლავს მრავალ პოტენციურად წარმატებულ ბიზნესს, რაც უნდა ყოფილიყო რეალური განვითარების გარანტი

2017 წელი წარმატებული იყო ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების კუთხით.. მხოლოდ პირველ სამ კვარტალში მილიარდ 346 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უმსხვილესი ინვესტორების სამეულში კვლავ აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო არიან. ეკონომიკის სექტორების მიხედვით უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი დარგი ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა, შემდეგ მშენებლობა, ენერგეტიკა და საფინანსო სექტორი.

რაც შეეხება წლის მნიშნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის გამოყოფა შეიძლება, მათ შორის არის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რამაც უნდა განამტკიცოს საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ რუკაზე, როგორც დამაკავშირებელი ხიდი ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის. ამ კუთხით უნდა აღნიშნოს, რომ საქართველო სათანადოდ ვერ იყენებს ამ შესაძლებლობას, რაც სახელმწიფოში შესაბამისი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური პოლიტიკის არ არსებობას უკავშირდება. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს და გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობას.

ექსპერტ-ანალიტიკოსები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტმა საქართველოში წარმოებულ პროდუქტებსა და მომსახურებას, მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე გაუხსნა გზა.ეს ექსპორტზე ორიენტირებულ ჩვენ მეწარმეს, მეტ სტიმულს უჩუნს გავიდეს უმსხვილეს ბაზარზე.

საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით აღსანიშნავია მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვა, რამაც ბიზნესს მოგების რეინვესტირების სტიმული მისცა. 2017 წლის მონაცემებით, რეფორმის ფარგლებში უცხოელმა ინვესტორებმა რეინვესტირების სახით 600 მილიონი ამერიკული დოლარი ჩააბრუნეს განვითარებისთვის, რაც მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს… და ბოლოს, საბანკო სექტორი კვლავაც რეკორდულ მოგებაზე გადის. 2017 წლის პირველ სამ კვარტალში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კომერციულმა ბანკებმა 631.815.000 ლარის მოგება მიითვალეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 30.4 პროცენტით აღემატება.

ასეთია წლის ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციები. რა იქნება მომავალში? 2018 წლის პროგნოზს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ…

 

624