ფიქრები ფინიშის სწორზე... ანუ ვერდიქტის მოლოდინში...

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი არჩევნების მოლოდინში
თბილისი არჩევნების მოლოდინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა დაკარგა ორიგინალური სვლებით საზოგადოების მოხიბვლის უნარი. მრავალი წელია ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოების მამოძრავებელი მთავარი კომპონენტი - კონკურენცია!...

მოთმინება, სულ ცოტა მოთმინება გვმართებს!… წლის მთავარი პოლიტიკური მარათონი მალე დასრულდება. ასპარეზობის მონაწილეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად დრო უფრო და უფრო ცოტა რჩებათ… თუმცა გასავლელია დისტანციის დასკვნითი და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. თქვენი არ ვიცი და პირადად მე დროის დარჩენილ პერიოდში პოლიტსუბიექტების საარჩევნო ტაქტიკაში რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს და მოულოდნელ ნაბიჯებს არ ველი. დიდი ხანია პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა დაკარგა ორიგინალური სვლებით საზოგადოების მოხიბვლის უნარი. საერთო ერთფეროვანი  კონტექსტიდან აშკარად ამოვარდნილია ქვეყნის პირველი ლეიბორისტის შალვა ნათელაშვილის გულუხვი დაპირება „გუგავა მოვა!…“ სიტყვათა ეს წყობა ზუსტად ასახავს იმ ტრაგიკომედიას, რომელიც მრავალი წელია ქართულ პოლიტიკურ სცენაზე თამაშდება. „დიდი პოლიტიკური დასის“ თეატრალურ რეპერტუარზე სხვა დროს ვიმსჯელოთ, ახლა მომავალ ბატალიებს დავუთმოთ ყურადღება… რამდენიმე დღე და დედაქალაქის დროით დილის 08:00 საათზე ქვეყნის მაშტაბით საარჩევნო უბნების კარი ფართოდ გაიღება… შემდეგ წამზომი თორმეტ საათს აითვლის. სწორედ დროის ამ მონაკვეთში უნდა მივიღოთ მრავალ კითხვაზე პასუხი…

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია - Sputnik საქართველო
თვითმმართველობის არჩევნებისთვის 9,5 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიბეჭდება

უკვე დიდი ხანია პოლიტოლოგები, ექსპერტ-ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება ადეკვატურია, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ხალხში წლიდან წლამდე მატულობს პოლიტფიგურანტების „მოღვაწეობით“ იმედგაცრუება. ამიტომაც, ლოგიკურია, რომ ბოლო პერიოდში, ყოველი არჩევნების წინ სულ უფრო აქტუალურია კითხვა — როგორი იქნება ამომრჩეველთა აქტივობა?… სხვადასხვა დროს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი დისტანცირებულია პოლიტიკურ პარტიებს და აღარ გულშემატკივრობს რომელიმე პოლიტიკურ ერთობას.  პოლიტიკურ ბაზარზე, სადაც ყველას თავისი ფასი აქვს, პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოების თვალში ფასი აქვთ დაკარგული. გაუფასურდა პოლიტიკა და მასთან ერთად გაუფასურდნენ პოლიტიკის აქტორებიც. რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი? ძნელია არ გაიზიარო ანალიტიკოსთა შეფასება, რომ  პოლიტიკურმა სპექტრმა განვითარება შეწყვიტა და მას საზოგადოების მოთხოვნებმა გაუსწრო. იშვიათი გამონაკლისის გარდა ჩვენ აღარ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკაში საკუთარი ადგილის გარდა რამეს ხედავენ… ასევე, აღარ გვყავს სტრატეგიული ხედვის პოლიტიკოსები, რომლებიც შეძლებდნენ დროს თუ არ გაასწრონ, დაეწიონ მაინც და სწორად გამოიყენონ ის შანსები, რომელსაც დღეს გარე სამყარო და გარემოებები საქართველოს სთავაზობს. ამდენად ლოგიკურია, რომ კვლავაც არსებული პოლიტიკური სპექტრის პანაშვიდს ვუყურებთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი საზოგადოების ინტერესი არასოდეს ყოფილა მაღალი და ახლაც ასეა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არავის გაუკვირდება თუკი ამომრჩეველთა დიდი ნაწილი შინ დარჩება… გამონაკლისი იქნება — რამდენიმე ქალაქი და თბილისი!…

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: თბილისელების მესამედი არჩევნებში კალაძეს უჭერს მხარს

წინასაარჩევნოდ ლოგიკურია კითხვა — როგორი იქნება არჩევნების შედეგი?… ვიტყვი, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. პოლიტოლოგების დიდი ნაწილი მმართველ გუნდს დედაქალაქსა და რეგიონების უმრავლესობაში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. რატომ შეიძლება მივიღოთ ასეთი შედეგი? არის მოსაზრება, რომ სტრუქტურირებული პარტიის სახით მმართველ გუნდს ოპონენტი არ ჰყავს. ამიტომაც „ქართულ ოცნების“ კონკურენტი არის თავად „ქართული ოცნება“. საუბარია რეალურ კონკურენტებზე, და არა მოწინააღმდეგეებზე, რომელთა სიმცირეს მმართველი გუნდი არ უჩივის. ეს იმის შედეგია, რომ უკვე მრავალი წელია ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოების მამოძრავებელი მთავარი კომპონენტი — კონკურენცია. ის არ არსებობს პოლიტიკაში, ბიზნესში, სახელოვნებო სფეროშიც კი. ქვეყანაში კაპიტალის დეფიციტია, ყოველგვარი კაპიტალის. როცა ინტერესთა ჯგუფებს, უზრუნველყოფილს შესაბამისი ფინანსური რესურსით, ახალი სივრცეების ათვისების და კანონიერი ლობირების ინტერესი არ აქვთ, კონკურენცია სულს ღაფავს. საქართველოში წაშლილია ზღვარი ბიზნესსა და პოლიტიკას შორის, აქ პოლიტიკა ბიზნესია და ბიზნესი პოლიტიკა. ბიზნესის კუთხით რომ შევხედოთ, ძნელად თუ დავასახელებთ სფეროს, სადაც ბიზნეს-ჯგუფები იბრძვიან ახალი შესაძლებლობებისთვის, ბაზრის ახალი სეგმენტებისთვის, უმრავლეს სფეროებში ოლიგოპოლიების შიგნით შემოსავლების არეალი გადანაწილებულია. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ბიზნესს აღარ აინტერესებს პოლიტიკა, უკანონო ლობირებაც კი, ლობირების როგორი პრაქტიკაც დამკვიდრებულია ჩვენში.

კალაძის ბანერი - Sputnik საქართველო
„ოქროს სარაიას აგიშენებ"... არჩევნებს რომ მოვრჩები, მერე!

ერთი სიტყვით, სხვა პარტიათა კანდიდატები, მათი პიროვნული ღირსებისა და ხიბლის მიუხედავად, ძლიერი პარტიული მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებენ მმართველი გუნდისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას. არავის გავაკვირვებ თუ დავსვამ კითხვას — რა არის მომავალი არჩევნების მთავარი ინტრიგა?… თქვენ წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაშიც ერთსულოვნებაა… ექსპერტ-ანალიტიკოსების ახრით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის როგორც არასდროს ისე, მნიშვნელოვანია მეორე ადგილის დაკავება… მომდევნო წელს საპრეზიდენტო არჩევნებია, შემდეგ კი ორი წლის თავზე საპარლამენტო არჩევნები გველის, ასე, რომ პოლიტიკური ველისთვის ძალზე აქტუალურია ოპოზიციური ფლანგიდან ვინ შეხვდება მომავალ ბატალიებს ლიდერის როლში. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის არჩევნები, სადაც ხელისუფლების გარდა, ყველა პოლიტიკური სუბიექტი რეალურად დამარცხებისთვის არის განწირული და მეორე საპატიო ადგილისთვის იბრძვის. რამ განაპირობა ასეთი კრიზისული ვითარება? ჩვენი დიაგნოზი საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური სპექტრის შეფასებას ეფუძნება. მთავარი პრობლემა პოლიტიკური სპექტრის ფინანსური და უპირველესად, ადამიანური რესურსის დეფიციტია. თუმცა, ფინანსების შემთხვევაშიც, პოლიტიკური სპექტრი საკუთარ შედეგს არსებითად ვერ გააუმჯობესებდა, რადგან ფული ვერ შველის ინტელექტუალურ რესურსს. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინტელექტუალურ სიმწირეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც თანაბრად განიცდის. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ ამ დეფიციტს ამჯერად  „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსები და შედარებით მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა უბალანსებს, რაც ხელისუფლებაში მისი ყოფნითაა განპირობებული. მმართველ ძალას ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც დასაქმებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში და მისსავე ინტერესშია, რომ ამ ძალამ ხელისუფლება შეინარჩუნოს…

და ბოლოს კიდევ ერთი კითხვა — იქნება თუ არა მეორე ტური? პასუხი მარტივია, სადღაც იქნება და სადღაც ყველაფერი პირველივე ტურში გადაწყდება. თბილისის შემთხვევაში მეორე ტურის ალბათობა მაღალია. ექსპერტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არაკონკურენტული გარემო ჩვენი დემოკრატიის და პოლიტიკური სისტემის სერიოზული ნაკლია, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს სერიოზულ სიურპრიზებს არც თბილისში და არც რეგიონებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0