ზვიად არჩუაძე: ევროკავშირი ექვსი ქვეყნის მერებს რამდენიმე მილიონს გამოუყოფს

© FB / Zviad Archuadzeზვიად არჩუაძე
ზვიად არჩუაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ახალი პროექტი და საგრანტო კონკურსი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებების უნარების გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 6 ქვეყანაში.

ნატა პატარაია

ევროკავშირიში მიაჩნიათ, რომ ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მათი როლის გაზრდას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პროცესში.
პროექტის კორდინატორმა აზერბაიჯანსა და საქართველოში ზვიად არჩუაძემ „Sputnik-საქართველოს“ განუცხადა, რომ პროექტის ფარგლებში მონაწილე მუნიციპალიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიუმჯობესონ უნარები, მიიღონ ექსპერტებისა და საგრანტო მხარდაჭერა.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ — ეს არის ევროკავშირის ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც არის გამოყოფილი 5 მილიონი ევრო, რათა მუნიციპალიტეტებმა განავითარონ ეკონომიკა და შექმნან სამუშაო ადგილები“, — აღნიშნა ზვიად არჩუაძემ.

მისივე თქმით, ამის გარდა, ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გრანტის სახით გამოყოფილია 9.5 მლნ ევრო. სწორედ ახლა არის გამოცხადებული საგრანტო კონკურსი და განაცხადის გაკეთება დაინტერესებულ პირებს მაისის ბოლომდე შეეძლებათ.

„საგრანტო კონკურსის მიზანი არის კონკრეტული მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების იდენტიფიცირება, მათი განხორციელება, სამოქმედო გეგმის გაკეთება, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ და ისევ ბიზნესის ჩართულობით უნდა მოხდეს. ყველაფერი დაკავშირებული იქნება ბიზნესთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მათ ერთად უნდა შეძლონ ამ პროექტების იდენტიფიცირება“, — აღნიშნა ზვიად არჩუაძემ.

ევროკავშირი ადგილობრივ თვითმმართველობებს ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარება

რაც შეეხება იმას თუ კონკრეტულად რა პროექტები იქნება, კოორდინატორის თქმით, ეს არის სხვადასხვა მიმართულების პროექტები — დაწყებული ყველაზე ცნობილი ბიზნესინკუბატორით, დასრულებული  სხვადასხვა ინსტრუმენტების შექმნით, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას მუნიციპალიტეტებში.

„როცა ვსაუბრობთ პროექტით გათვალისწინებულ 5 მილიონზე, ეს არის საერთო თანხა ექვსივე ქვეყნისთვის და აქედან რამდენს მიიღებს საქართველო, ქვეყნის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. ანალოგიური სიტუაციაა გრანტან დაკავშირებითაც. მართალია 9.5-დან 4.5 მლნ-მდე მიდის უკრაინაში, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი სხვა ქვეყნებზე უნდა გადანაწილდეს, მაგრამ აქაც ბევრი რამ არის დამოკიდებული ქვეყანაზე“, — ამბობს პროექტის კოორდინატორი.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად საჭიროა მსგავსი ინიციატივა საქართველოსთვის, ზვიად არჩუაძის თქმით, დღეს საქართველოში ეკონომიკის განვითარებაზე ძირითადად მაინც ცენტრალური სტრუქტურები მუშაობენ და მუნიციპალიტეტები პასიურები არიან.

„ჩემი აზრით, ევროკავშირის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ხელი შეუწყონ ეკონომიკას“, — განაცხადა ზვიად არჩუაძემ.

პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ფლაგმანი მდგრადი მუნიციპალური განვითარებისთვის“ ნაწილს, რომელიც შეიქმნა 2015 წელს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქვეყნების საერთო ინტერესის — ადგილობრივი მმართველობების როლის გაძლიერებისთვის.

პროექტი დაიწყო 2017 წლის იანვარს და გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე. მას ახორციელებს Ecorys Nederland B.V. პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგურ ჯგუფთან (PMCG), GFA საკონსულტაციო ჯგუფთან, Noblet Media CIS და უკრაინული სოფლებისა და დასახლებების საბჭოების ასოციაციასთან (All-Ukrainian Association of Village and Settlement Councils (VASSR)) ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0