ნათია თხელიძე

2017 წლის გაზაფხულის მოდის ტენდენციები: დიზაინერის რჩევები

1909
(განახლებულია 12:33 28.03.2017)
ყველა ქალს უყვარს ლამაზად და მოდურად ჩაცმა და გამვლელების მზერის მიპყრობა.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად „Sputnik–საქართველო“ ახალი სეზონის ტენდენციებს გაგაცნობთ, რაზეც დიზაინერი ნათია თხელიძე გვესაუბრება.

„პასტელის, ნათელი ტონები, წყლის ფერები, ნაცრისფერი, წითელი — ამ სეზონის ძირითადი ფერებია. ანუ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ნათელი ფერები, ნატურალური ქსოვილები და ნაქსოვი აქსესუარები. აქტუალური რჩება კაბის ან ქვედაბოლოს სიგრძე მუხლს ქვემოთ. გარდა ამისა, ძალიან მოდურია ხელნაკეთი საგნები“, – განაცხადა თხელიძემ.

სიახლეები და ცვლილებები — მოდის ძირითადი კომპონენტებია, აღნიშნავს თხელიძე და დასძენს: იმისათვის, რომ იყოთ მოდური, საჭიროა გარდერობის ხშირი განახლება და ძველი ნივთების გადაკეთება – მოდა ხომ ადგილზე არ დგას.

დიზაინერის თქმით, რაც არ უნდა ძლიერად შეიცვალოს მოდა, ქალურობა ყოველთვის ტრენდშია, მთავარია აქცენტების სწორი გადანაწილება. 

„მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. აი, მაგალითად, ვიცით, რა არის კონკრეტულად მოდაში, მაგრამ თუ ეს თქვენ არ გიხდებათ, არ ხართ ვალდებული ეს ატაროთ. ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ იმას, რომ ჩემმა კლიენტებმა თავი კომფორტულად და თავისუფლად იგრძნონ. ხშირად ვხედავ ძვირფას სამოსში გამოწყობილ ქალებს, მაგრამ ვგრძნობ, რომ უხერხულად არიან. ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ეს არასწორია“, — აღნიშნა თხელიძემ.

დიზაინერები მოდის ტენდენციებს კარნახობენ, ადამიანი ირჩევს – მიჰყვეს მათ თუ არა. მთავარია ინდივიდუალიზმი შევინარჩუნოთ.

მოდა თავისი ღერძის გარშემო ბრუნვას განაგრძობს. ამ სეზონზე მისი კურსორი 60–80–იანი წლების რეტრო–სტილზე შეჩერდა. თანამედროვე ელემენტებით გაჯერებულმა ქალურობამ წელს „მოდის ოლიმპოს“ პიკს მიაღწია. 

თუმცა იმ ქალებს, რომლებსაც დახვეწილი და ნატიფი სტილი არ უყვართ, შეუძლიათ ჩაიცვან ის, რაც უხდებათ.

„ის სამოსი ატარეთ, რომელიც დამაჯერებელს გაგხდით. ჩვენ, დიზაინერები ვალდებული ვართ მოდის ახალი ტენდენციების შესახებ ვისაუბროთ. ზოგს სპორტული სტილი უხდება, მათ შეუძლიათ ატარონ ხელნაკეთი ქალური გულსაბნევი, და ეს უკვე მოდური დეტალი იქნება. არ არის აუცილებელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ლამაზი გარეგნობის შექმნა დაბალქუსლიანი ფეხსაცმელითაც შეიძლება, თუ სამოსს ორიგინალურად შევარჩევთ. გემოვნებიანი ადამიანები ყოველთვის მოდურად გამოიყურებიან, ისინი მოდას გრძნობენ“, — ამბობს თხელიძე.

არ თმობს პოზიციებს სპორტული და კლასიკური სტილის მიქსი. ევროპაში თავისუფალ სტილს უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებენ, კედები პიჯაკთან, ქვედაბოლოსთან ან კაბასთან ერთად ერთ–ერთი უსაყვარლესი სტილია. ეს სტილი თითქმის ყველას უხდება, ასე ადამიანები თავს კომფორტულად და დამაჯერებლად გრძნობენ, აღნიშნა თხელიძემ. 

მოდა ქუდებსაც შეეხო — ეს სეზონის ერთ–ერთი ტრენდია. ფართოფარფლიანი ქუდებით დაწყებული და პატარა, დახვეწილი ქუდებით დამთავრებული — გაბედულად შეარჩიეთ რომელიმე თავსაბურავი. ზოგიერთი თვლის, რომ ქუდის ტარება შეიძლება მხოლოდ პლაჟზე ან თეატრში, მაგრამ ეს ასე არ არის.

„ქუდის ტარება ზაფხულში, გაზაფხულზე, პლაჟზე და ქალაქის ქუჩაში შეიძლება. მას კაბასაც და პიჯაკსაც შეუხამებთ. ეს ძალიან ლამაზად შეავსებს თქვენს გარეგნობას“, — ამბობს თხელიძე.  

პრინტიანი სამოსი 2017 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. საკუთარი განწყობის გადატანა ტანსაცმელზე პრინტების დახმარებით ადვილია. ჰო, მართლა, ეს თხელიძის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ტენდენციაა.

„ამ სეზონის საუკეთესო ტენდენციების ჩემი ხუთეული შემდეგია: ეს პრინტიანი სამოსია, სადა მაკიაჟი, რეტრო სტილი, კომფორტული სამოსი და ხელნაკეთი აქსესუარები. მომწონს, როდესაც მოდას სერიოზულად უყურებენ“, — საუბრობს თხელიძე. 

დიზაინერის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი რჩევაა — არ გადაუხვიოთ და ამოვარდეთ სტილიდან. მისი თქმით, ხშირად ხედავს ძვირფას სამოსში გამოწყობილ გოგონებს, როდესაც ეს მათ საერთოდ არ უხდებათ.

ამ სეზონზე კონტურული მაკიაჟი არც ისე აქტუალურია. ქალებს, რომლებსაც ის ესაჭიროებათ, შეუძლიათ მას მიმართონ, მაგრამ ზედმეტად დახატული სქელი წარბები და ისედაც ფუმფულა ტუჩებზე კონტური უკვე ვულგარულად ითვლება.

„ასე ვიტყოდი — მოდაში ზომიერებაა! თუ ყველაფერში ზომიერებას დაიცავთ, არ წააგებთ და თქვენი გარეგნობა შეუდარებელი გახდება. ჩაიცვით ის, რაც გიხდებათ, და არა ის, რაც მოდაშია. ეს ოქროს წესია“, — თქვა თხელიძემ. 

სექსუალურობასა და ვულგარულობას შორის ზღვარის დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად გოგონები სექსუალურობის დევნაში გადაამეტებენ ხოლმე და ვულგარულები ხდებიან. დიზაინერი ურჩევს მათ, არ დაკარგონ ზომიერების გრძნობა, რჩევისთვის სპეციალისტს ან ახლობელს მიმართონ.

„ქალს შეუძლია მინი–კაბა ან დიდი დეკოლტე ჩაიცვას, თუ ეს მას უხდება, რატომაც არა. მაგრამ, მერწმუნეთ, ერთი დეტალის დამატება, მაგალითად, არასწორად შერჩეული კოლგოტი, ან აქსესუარი, და ქალი უკვე სექსუალურად კი არა, ვულგარულად გამოიყურება. სექსუალურად ქალი მაშინ გამოიყურება, როდესაც ის ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს, ვულგარულს კი ასეთი ემოციების გამოწვევა არ შეუძლია“, — აღნიშნა თხელიძემ.

დიზაინერები ამ სეზონზე იმ ძირითად მიმართულებებზე მიგვითითებენ, რომელიც სამოსში უნდა გამოვიყენოთ. დანარჩენი ჩვენზეა, ძვირფასო ქალბატონებო. გემოვნება, ზომიერება, ინდივიდუალიზმი — ეს სამი ელემენტი მოდის მიმდევრის სახელს მოგვაპოვებინებს.

1909
თემები:
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (60)