ქართული ეკლესიის მღვდელმსახურზე თავდასხმა – ახალი ვერსია

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქომ გადაწყვიტა, გამოძიების დასრულებას დაელოდოს და კომენტარები შემდეგ გააკეთოს.

საქართველო კვირის დასაწყისში ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი სკანდალის მოწმე გახდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე, მის ბარგში უძლიერესი შხამი — ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს.

მამალაძე გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მკურნალობს და იქ იმყოფება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ხელმძღვანელობა.

მამალაძეს ბრალი დასდეს განზრახ მკვლელობის მომზადებაში. ამას საფუძვლად დაედო მესამე პირის განცხადება, რომ დეკანოზმა მას ნატრიუმის ციანიდის შოვნა სთხოვა. პროკურატურაში არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად ვის მკვლელობას ამზადებდა მამალაძე. ცნობილია მხოლოდ, რომ საუბარია მაღალი იერარქიის, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სასულიერო პირის მკვლელობაზე.

მამალაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ხოლო საზოგადოება გამოძიებისგან საქმის დეტალებს ელოდება.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქი საავადმყოფოდან, შესაძლოა, ერთ კვირაში გამოწერონ

მამალაძე და პატრიარქი დუმან

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დუმილის უფლებით ისარგებლა. დუმს მისი ადვოკატი გიორგი ფანცულაიაც. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატს საქმის დეტალებზე საუბარი აუკრძალეს.

„დღეს მე აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დავარღვევ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია ის, რომ იმპერატიული ფორმით პროკურატურისგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ გამოვიდეთ და როგორც ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ჩვენც ვუთხრათ ჩვენი სიმართლე“, — განაცხადა ფანცულაიამ.

საქართველოს საპატრიარქომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარზე უარი განაცხადა.

„დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება არის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი. ინფორმაციის არქონის გამო ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს“, — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

უცნაური წერილი

სამება - Sputnik საქართველო
ქართული ეკლესიის მღვდელმსახურის მკვლელობის მომზადება: დეტალები გახმაურდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა წერილი, რომლითაც თითქოსდა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართა. ამ წერილში მამალაძე დაწვრილებით საუბრობს კორუფციაზე საპატრიარქოში.

მაქინაციების დამადასტურებელი მასალების მიღება მან თითქოსდა 2015 წლის ბოლოს შეძლო, როდესაც ის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

საუბარია კომპანიებზე, რომელთა 100%-იანი წილი საპატრიარქოს ეკუთვნის. კომპანიებში დაკავებული არიან სხვადასხვა კომერციული საქმიანობით — ნავთობპროდუქტების შემოტანით, რეალიზაციითა და გადამუშავებით, ტექნიკური სპირტის არალეგალური წარმოებით, სამშენებლო საქმიანობითა და სხვა.

წერილში ასევე ნათქვამია საპატრიარქოს ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც უკანონოდ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. ამასთან, მათგან ბევრს სახელმწიფოს ვალი დაუგროვდა.

„საკითხს ართულებს ის, რომ ვერ ვარკვევთ კომპანიები სად დარეგისტრირდა, რადგან, მოქმედი კანონმდებლობით, კათოლიკოს–პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე მინდობილ პირს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ნებისმიერი კომპანია… სამწუხარო კი გახლავთ ის, რომ მღვდელთმთავრებისა და რიგი სასულიერო პირების გარდა მინდობილ პირებად გვევლინებიან საერო პირები, რომელთა სახელები, სამწუხაროდ, ბევრ გახმაურებულ საკითხს ეხება“, — აღნიშნულია წერილში.

წერილში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპატრიარქოს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და ქონებას. მათი ნაწილი გაყიდულია ბურუსით მოცული გარიგებების საფუძველზე, საიდანაც საპატრიარქოს მოგება არ უნახავს. დასახელებულია ისეთი ობიექტები, როგორებიცაა კარდიოლოგიური კლინიკის შენობა, სასტუმრო Rooms ყაზბეგში, ე.წ. არამიანცის კლინიკის თერაპიული კორპუსი.

წერილის თანახმად, სახელმწიფო ეკლესიას გადასცემს ობიექტებს, რომლებზეც დარიცხულია ფინანსური დავალიანება ან მათზე დავა მიმდინარეობს. მათ შორისაა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის სახლი წავკისში, ასევე ერთ-ერთი ქალბატონის ბინა თბილისის ცენტრალურ რაიონში და რეზიდენცია ბობოყვათში, სადაც ამჟამად მონაზვნები ცხოვრობენ.

შედეგად, ქალბატონი თბილისში ბინის გარეშე დარჩა, ხოლო მონაზვნები ბობოყვათის რეზიდენციაში — ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე.

გარდა ამისა, საპატრიარქოს კლინიკას 5 მლნ ლარის ოდენობის ვალი დაუგროვდა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, მენეჯმენტის თაღლითობა გახდა. წერილის თანახმად, საპატრიარქოს ფინანსური საბჭოს ხელმძღვანელმა, არქიეპისკოპოსმა იაკობმა ამ ინფორმაციის გავრცელება აკრძალა.

გარდა ამისა, დეკანოზმა დარღვევები აღმოაჩინა კომპანია „სნოს წყლის“ გაყიდვის გარიგებაში.

„თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ, უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესები საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე იყო ჩემ მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა, რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოავლენს“, — აღნიშნულია წერილში.

მამალაძემ კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოს ქონებისა და ფინანსების აუდიტზე ნებართვა და ყველა მინდობილობის გაუქმება სთხოვა.

პირდაპირი ბრალდება

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საპატრიარქოს თანამშრომელს მღვდელმსახურის ციანიდით მოწამვლა სურდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პირველი იყო, რომელმაც ის პირი დაასახელა, ვისაც ყველაზე მეტად აწყობს მამალაძის დაკავება. ესაა პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომელიც საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა მამალაძემდე.

„რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რაც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართვის შემდეგ. აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება სასჯელაღრულების უწყების მიმართ და, იმედია, ეს ნაფიქრი ექნება ჩვენს ხელისუფლებას, რომ გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, ვიდრე მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და დაიწყებს სიმართლის მტკიცედ საუბარს“, — განაცხადა მიტროპოლიტმა.

მან ასევე არ გამორიცხა კორუფცია საპატრიარქოს კლინიკაში და მამალაძის დაკავება სწორედ ამ ფაქტს დაუკავშირა.

„ქონების მართვის სამსახურში სწორედ მამა გიორგის მიერაა აღმოჩენილი უამრავი მამხილებელი საკითხი, არსებული არასახარბიელო კორუფციულ მდგომარეობა, რომელიც ჩემ მიერ არცთუ ისე დიდი ხნის წინ დასახელებულ პრობლემას უკავშირდება და პიროვნებას, ე.წ. რუხი კარდინალის და ჩრდილოვანი მმართველობის სახით. რა თქმა უნდა, არ არსებობს ორი აზრი, რომ ეს არის გაგრძელება და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ასეთი ქაოსური მმართველობის სახით და ჩრდილოვანი მმართველობის სახით არსებობს საპატრიარქოში“, — განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

არქიეპისკოპოსმა იაკობმა ზემოაღნიშნულ ბრალდებებს სიცრუე უწოდა.

„ეგ არის ჩვეულებრივი ზღაპრები ვიღაცის. რა კომენტარი გავაკეთო?! — მაგ სამსახურის შექმნა ჩემი იდეა იყო, ნუ იბრალებენ სხვები. მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება, უბრალოდ სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ, თურმე, მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე?“ — განაცხადა არქიეპისკოპოსმა იაკობმა.

ყველა ახალი ამბავი
0