მოსკოველი ქართველის მოწონებული საქართველო და დაწუნებული ყავის სმის კულტურა

© Sputnik / Levan Avlabreliბიზნესმენი მიხეილ მუჯირი
ბიზნესმენი მიხეილ მუჯირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ რუბრიკა „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ მოსკოველ ქართველს, მიხეილ მუჯირს გაგაცნობთ.

საქართველოში მოსკოვიდან ჩამოვიდა და აქ პარტნიორთან ერთად ყავახანა გახსნა. ასეთი 65 ყავახანა უკვე მუშაობს: ესპანეთში, ლატვიაში, ჩეხეთში, ბელარუსსა და რუსეთში. ბრენდმა ახლა უკვე საქართველოშიც მოიკიდა ფეხი.

ქართული ბავშვობა

საქართველოსთან ბევრი რამ მაკავშირებს. ნახევრად რუსი ვარ, ნახევრად — ქართველი. მამაჩემი წარმოშობით იმერეთიდანაა, მაგრამ მე რუსეთში დავიბადე და გავიზარდე.

საქართველოში პირველად დიდი ხნის წინ ვიყავი — პატარა ბიჭობაში, ალბათ, ხუთი წლისა ვიქნებოდი. მთელი ოჯახით ჩამოვედით და ნათესავებს ვესტუმრეთ სოფელში. ზაფხული იყო, თბილოდა, ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა. ხეები, მთები, მდინარები — დღესაც თვალწინ მიდგას ეს სურათი.

© Sputnik / Levan Avlabreliბიზნესმენი მიხეილ მუჯირი
ბიზნესმენი მიხეილ მუჯირი - Sputnik საქართველო
ბიზნესმენი მიხეილ მუჯირი

 

მახსოვს დიდი ბებია, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და ყველაფრის ნებას მაძლევდა. მთელ სოფელში ბურთი მხოლოდ მე მქონდა, საათობით ვთამაშობდით ხოლმე მინდორში. ეჰ, ბავშვობა… სახალისოა გასახსენებლად!

სამშობლოსთან ახლოს

რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ისტორიულ სამშობლოსთან, საქართველოსთან ახლოს ყოფნა მინდოდა. რა მომენტში? ზუსტად ვერ ვიტყვი. ყოველთვის ვკითხულობდი ამბებს საქართველოს შესახებ, ვუყურები ვიდეოებს და ბავშვობას ვიხსენებდი. მერე კი ერთ დღესაც აზრად მომივიდა, რომ კარგი იქნებოდა, აქ ახალი იდეებით ჩამოვსულიყავი და ქვეყნის განვითარებაში მოკრძალებული წვლილი შემომეტანა.

მანამდე მოსკოვში მსხვილ საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობდი — ეს ყავახანების ქსელი იყო. იქ გავიცანი ჩემი მომავალი პარტნიორი არსენი მასკეროვი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე ყავახანის გახსნა.

პირველი ნაბიჯი

შემდეგი საკითხი იყო, სად გაგვეხსნა ყავახანა. „საქართველოში უნდა გავხსნათ!“ – გავიფიქრე მე. დაველაპარაკე არსენის, ჩანაფიქრები გავუზიარე. გაგონილი კი მქონდა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის კარგი პირობები იყო, მაგრამ თავიდან ყველაფერი მაინც ძალიან ბუნდოვნად და გაურკვევლად მეჩვენებოდა.

ექიმი-ფიზიოლოგი ალექსანდრ იარემჩუკი - Sputnik საქართველო
ექიმ იარემჩუკის საქართველოში ასრულებული სამი ოცნება და უკულტურო ტაქსისტის მსხვერპლი

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ გამახსენდა — მე ხომ საქართველოში ნათესავები მყავდნენ, ადამიანები, რომლებიც კიდეც დამეხმარებოდნენ და რჩევასაც მომცემდნენ.

არსენის საქართველოში ერთად გამგზავრება შევთავაზე, რათა ყველაფერი საკუთარი თვალით გვენახა. მაშინვე დამთანხმდა და მეორე დღესვე ჩამოვფრინდით აქ.

გულღია და კეთილგანწყობილი ხალხი

ისტორიულ თანამემამულეებზე ყოველთვის ერთი და იგივენაირი შთაბეჭდილება მრჩებოდა: კეთილი, გულთბილი, ემოციური, სტუმართმოყვარე ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს დაგიდგებიან გვერდში… მოკლედ, გადაწყდა: ბიზნესს საქართველოში ვიწყებდით, იმიტომ რომ აქ საამისოდ ყველა პირობა იყო. 

ერთ დღეს რაღაც მცირე პრობლემა შეგვექმნა საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით და ჩვენდა გასაოცრად, ეს პრობლემა ერთ-ერთ რიგით ფილიალში პრაქტიკულად მაშინვე მოაგვარეს. ეს რომ რუსეთში მომხდარიყო, კაცმა არ იცის, რამდენი ხნით გამიწელავდნენ მის აღმოფხვრას.

© Sputnik / Levan Avlabreliმიხეილ მუჯირი: ჩემი ისტორიული თანამემამულეები კეთილი, გულთბილი, ემოციური, სტუმართმოყვარე ადამიანები არიან.
მიხეილ მუჯირი: ჩემი ისტორიული თანამემამულეები კეთილი, გულთბილი, ემოციური, სტუმართმოყვარე ადამიანები არიან. - Sputnik საქართველო
მიხეილ მუჯირი: ჩემი ისტორიული თანამემამულეები კეთილი, გულთბილი, ემოციური, სტუმართმოყვარე ადამიანები არიან.

სხვა მაგალითის მოყვანაც შემიძლია. ყავახანაში რემონტი რომ დავიწყეთ, რაღა თქმა უნდა, ბევრი რაღაცის მიტანა-მოტანა გვიწევდა. ჩემდა გასაკვირად, ყველაფერი სწრაფად კეთდებოდა. ის კი არა, ნაცნობი ბიჭები ტექნიკის ჩატვირთვა–გადმოტანაში უფასოდ გვეხმარებოდნენ.

იცით, ქვეყანასა და ხალხზე შთაბეჭდილებას სწორედ ასეთი მცირე დეტალები ქმნის, რომლებიც მრავლად იყო — ყველაფერს ვერც კი გაიხსენებს კაცი.

რაც მთავარია: საქართველოში ვერ გადააწყდებით ისეთ პრობლემას დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, როგორიც რუსეთში შეიძლება შეგხვდეთ. აქ კანონმდებლობა ბიზნესმენებზეა მორგებული, გადასახადები მაღალი არ არის, ყველაფერი გამჭვირვალეა. პრაქტიკულად არ არსებობს დამნაშავეობა, რეკეტი, „ატკატები“ და სხვა მსგავსი „სიამოვნებები“. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მსგავსი რამ არ გვინახავს. ნუთუ ეს არ მოწმობს, რომ საქართველოში ბიზნესის წარმართვისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროა?!

ბრეტ უოკერი - Sputnik საქართველო
ბრეტ უოლკერი: თბილისში ცხოვრობ? ესე იგი, ქართველი ხარ!

ყავა და მისი ფილოსოფია

საქართველოში ყავას აღმერთებენ. მნიშვნელობა არ აქვს, დილაა, შუადღე თუ საღამო — გამუდმებით სვამენ მას.  ყავის მოხმარების სტატისტიკას რომ გადავხედეთ და მერე ქართული ბაზარი გამოვიკვლიეთ, გაკვირვებული დავრჩით — მივხვდით, რომ აქ, პრინციპში, კარგი ბიზნეს-შეთავაზება არც არსებობდა. ჰო, და არც ევროპაში მიღებული ყავის სმის კულტურა.

აქაურ რესტორნებში ძირითადად, ეგრეთ წოდებულ, კომერციულ ყავას სთავაზობენ კლიენტებს, რომელიც დაბალი ხარისხის ყავის მარცვლებისგან მზადდება. უბრალოდ, იაფი ღირს და სწორედ ამის გამოა ბაზარი სავსე ამგვარი პროდუქციით.

დიახ, საქართველოში კარგი, ანუ მსოფლიო დონის ყავა ძალიან ცოტაა!

ყავის თვისებები მარცვლის ჯიშზეა დამოკიდებული, თუმცა  ჯიში სასმელის გემოს ერთადერთი კრიტერიუმი მაინც არ არის. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მარცვლების მოხალვის ხარისხიცაა.

© Sputnik / Levan Avlabreliმიხეილ მუჯირი: ამაყი ვარ, რომ ჩვენს თბილისურ ყავახანაში მსოფლიოში ცნობილი მხალავის ხელმძღვანელობით მოხალულ ყავას ვიყენებთ.
მიხეილ მუჯირი: ამაყი ვარ, რომ ჩვენს თბილისურ ყავახანაში მსოფლიოში ცნობილი მხალავის ხელმძღვანელობით მოხალულ ყავას ვიყენებთ.  - Sputnik საქართველო
მიხეილ მუჯირი: ამაყი ვარ, რომ ჩვენს თბილისურ ყავახანაში მსოფლიოში ცნობილი მხალავის ხელმძღვანელობით მოხალულ ყავას ვიყენებთ.

მეორე ადგილი მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობს ყავის საერთაშორისო ასოციაცია — ანუ ფეხბურთში FIFA-ს მსგავსი გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ატარებს კონკურსებს, აკვირდება ყავის ხარისხს და გასცემს სერტიფიკატებს.

ამ ორგანიზაციის ეგიდით რეგულარულად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც ყავის სახლებიც იღებენ მონაწილეობას და ცალკე პროფესიონალებიც. კონკურსს არაერთი ნომინაცია აქვს: შავი ყავა, კლასიკა, მოხალვა, ლატე-არტი (ანუ ჭიქაში ყავის მოხატვა) და სხვა. 

ჩვენმა მთავარმა ყავის მხალავმა, რომელიც რუსეთსა და ჩეხეთში არსებულ ჩვენს საამქროებს ემსახურება, ბოლო შეჯიბრზე რუსეთის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიოსი — მეორე. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ამაყი ვარ, რომ ჩვენს თბილისურ ყავახანაში მისი ხელმძღვანელობით მოხალულ ყავის მარცვლებს ვიყენებთ. პროდუქცია შეუფერხებლად მოგვეწოდება. საქართველოს მხრიდან არანაირი ზედმეტი ბიუროკრატია არ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქ ბიზნესის კეთება იოლიცაა და მარტივიც.

გრანტ ფრიმანი - Sputnik საქართველო
ჯორჯიიდან ჯორჯიაში, ანუ ოდნავ გიჟური ცხოვრება იმერეთში

მოგზაურობა საქართველოში

საქართველოში დავსახლდი თუ არა მაშინვე ქვეყნის ნახვა მომინდა. უკვე ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ სანახავიც ბევრი დამრჩა.

აღმოვაჩინე, რომ რელიგიური კომპლექსების აშენება-რესტავრაციაზე ბევრი ფული იხარჯება. საქართველოში უამრავი ძველი ტაძარი და მონასტერია. რომელი ერთ ჩამოვთვალო: სვეტიცხოველი, ჯვარი, დავით გარეჯი, გრემი, გელათი…

საიდუმლო არ არის, რომ საქართველოში ჭამა უყვართ — ეს მაშინვე შევნიშნე. გზისპირა კაფეებშიც კი ეროვნული კერძების დიდი ასორტიმენტი აქვთ გამოფენილი: ხინკალი გინდა, საცივი, ფხალი თუ ხაჭაპური.

ქართული სამზარეულო ძალიან გემრიელია, აქაური სუნელები კი ენით აღუწერელ სურნელს აფრქვევს!

კახეთშიც ვიყავი და შესანიშნავი კახური ღვინოც დავაგემოვნე, რომელიც, თუ ფრანგულს შევადარებთ, უფრო მწკლარტეა.

როგორ სვამენ ქართველები ღვინოს?! სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოსდევს და თანაც ისეთი, ჩაწერა მოგინდება. ადიდებენ უფალს, სიცოცხლეს, ლოცავენ ერთმანეთს, რათა განწყობაც აიმაღლონ, ახალგაზრდებს მხარში დგომაც აგრძნობინონ და ხანდაზმულებიც გაამხნევონ.

აი ასეთია ქართული სუფრა და მთელი საქართველო!

ყველა ახალი ამბავი
0