ტელეანძა

რა არის სირცხვილი... ანუ „ცისფერი ეკრანის“ ამბები

1067
(განახლებულია 20:51 09.01.2017)
სულხან მელაძე
მაიმუნის ცელქობა და მამლის ყივილი... პირველი ტელევიზია ორი წლის გასაყარზე... საიუბილეო თარიღი, კონკურსი და რიგით მეხუთე გენერალური დირექტორი... მოლოდინი, შედეგი და პირველი შეფასებები...

სამი, ორი, ერთი… ეთერში ვართ!.. 1956 წლის 30 დეკემბრის საღამოს 21:00 საათზე მოლოდინი დასრულდა და ფუნიკულიორის პატარა სტუდიაში შეკრებილი ახალი საქმის მოყვარულები ორასამდე ტელემიმღებს მიმსხდარ თბილისელებთან ერთად სასწაულის შემოქმედნი და თვითმხილველნი გახდნენ… ექვსი ათეული წლის წინ თბილისის ტელეხედვის სტუდიამ ქვეყანაში სატელევიზიო მაუწყებლობას დაუდო სათავე. დაიწყო ახალი ეპოქა! შემდეგ იყო ისტორია, თაობები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ყალიბდებოდა ტრადიციები… საიუბილეო თარიღი თანამედროვეებმა მოკრძალებულად აღნიშნეს და ქვეყნის პირველი ტელევიზიის პიონერებს „ღირსეულად“ მიაგეს პატივი. მაინც როგორ?— შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და ვიტყვი, რომ, უმრავლესობის შეფასებით, ისე, როგორც ეს მაიმუნის წელიწადს ეკადრებოდა. ყველას მოსაწონს ალბათ ვერავინ ვერაფერს შექმნის, მაგრამ ღონისძიებას, რომლის ხილვის პატივიც გვერგო, აშკარად აკლდა პროფესიონალიზმი და ყველაზე მთავარი — საკუთარი არხის ისტორიის სიღრმისეული ცოდნა.

ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი: „სამოცი წელი შეგვისრულდა. როგორ ფიქრობთ, მთელი წელი ამაზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი?! 25-ში უცებ ვიღაცას გაახსენდა, რომ სამოცი წელი გვისრულდება და უცებ გადაწყვიტეს რაღაცის გაკეთება. მე ეს ახლა რომ არ ვთქვა, ვაწყენინებ ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს, რომელმაც ტყვიების ზუზუნში გაატარა აქ ძალიან ბევრი წელი. ის ადამიანები საერთოდ არავის უხსენებია 30 დეკემბრის გადაცემაში. ახლა აქ, პირდაპირ ეთერში ვეუბნები ჩემს კოლეგებს და, პირველ რიგში, მივმართავ მენეჯმენტს, რომ ეს იყო სამარცხვინო, რაც მოხდა 30 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ყველა მეგობარს და მათ შვილებს ვუბოდიშებ ამის გამო…“

ჟურნალისტი ვახტანგ ნანიტაშვილი: „ისე აღნიშნეს საქართველოს ტელევიზიის საიუბილეო დაბადების დღე, რომ მშობელი — რადიო ერთხელაც არ გახსენებიათ. ეს დაბადების დღე რადიოსაც ეკუთვნის. ახლებს ვუსურვებ მეტ ფანტაზიას, გამომგონებლობას, წიგნიერებას, კომპეტენტურობასა და ერთმანეთის გატანას… და დავივიწყოთ ის, რაც ყველამ 30 დეკემბერს ვიხილეთ. ეს სირცხვილია! ეს ჟურნალისტიკა არ არის!..“

საიუბილეო თარიღი ოჯახში ორი წლის გასაყარზე, ახალი უფროსის მოლოდინში აღინიშნა… მამალმა იყივლა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები დათქმულ დროს შეიკრიბნენ. გენერალური დირექტორობის ხუთი კანდიდატი — ზაალ ანჯაფარიძე, თინათინ ბერძენიშვილი, ნინო ზაუტაშვილი, ნათია კუპრაშვილი და ვასილ მაღლაფერიძე – სამეურვეო საბჭოს ვერდიქტს ელოდა… კენჭისყრის შედეგების დეტალური აღწერა საჭირო არ არის, ეს ახლა უკვე სტატისტიკაა. მთავარია კონკურსის საბოლოო შედეგი — საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვასილ მაღლაფერიძემ დაიკავა. საზოგადოების ინტერესი დიდი იყო და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეფასებები უმალ გაკეთდა. არაფერი განსაკუთრებული და მოულოდნელი. ითქვა ის, რაც მრავალგზის გვსმენია. ბუნებრივია, ვგულისხმობ შინაარსს და არა სიტყვათა წყობას. ფაქტია, რომ თორმეტი წლის მანძილზე სხვადასხვა შემადგენლობის სამეურვეო საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორების დანიშვნისას მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო და ისმოდა კრიტიკა. ასეა ახლაც.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საქალაქო ფორუმის საზოგადოების ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში: „სამეურვეო საბჭომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. არ მესმის ამ საბჭოს წარმომადგენლების. თითქოს, ისინი რაღაც ღირებულებების მატარებლები არიან. აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ იღებენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებებს. სტვენა რომ ვიცოდე, დავუსტვენდი, როდესაც დარბაზში ამ გადაწყვეტილებას ვისმენდი…"

პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე: „ვასილ მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი იყო. ის ხელმძღვანელობდა მის პირად ტელევიზიას. მე მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთ ხისტ ნაბიჯს არ გადადგამდა, მაგრამ საბჭომ საბოლოოდ შეირცხვინა თავი და შეასრულა ბიძინა ივანიშვილის დავალება. ვინც გასაუბრება ნახა, ვისაც არ უნახია, შეუძლია ახლა ნახოს და დარწმუნდება, რომ გასაუბრებაზე ვასილ მაღლაფერიძე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი კანდიდატი იყო. მისი ღირსება არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტობა…“

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დღეს აირჩია ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს ღიად საუბრობდა არა ზოგადად პოლიტიკურ პრეფერენსზე, არამედ თავის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, რომელიც მას არ უქმნის უხერხულობას. აღმოჩნდა, რომ საბჭოსაც არ უქმნის უხერხულობას და ჩვენ, პრაქტიკულად, შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გვყავდეს პარტიული კუთვნილებით…“

მედიაექსპერტი ნინო დანელია: „ოთხი სამთავრობო არხი, ისევ მთავრობაზე მიბმული საბჭო, რომელსაც არ შერცხვა სამთავრობო კანდიდატის მხარდაჭერა. კიდე ვინმე იკითხავს, ეს ბიძინა ყოვლისშემძლეა თუ არა? – არ არის, ხალხია მთხლე, ვისაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვს!..“

პირველი კომენტარი ახლადარჩეულმა გენერალურმა დირექტორმაც გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ სკეპტიკოსებს საქმით უნდა უპასუხოს, რაც სამოქმედო გეგმის უმოკლეს ვადაში გაწერას გულისხმობს და არც საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს. 

ვასილ მაღლაფერიძე: „რა თქმა უნდა, სკეპტიკოსებს საქმით უნდა დავუმტკიცოთ და მხოლოდ საქმით უნდა ვუპასუხოთ. პოლემიკაში შესვლა არაფერს გვაძლევს. ჩვენი თითოეული ნაბიჯი იქნება ამ სკეპტიკოსების პასუხი. ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ დაძაბულ მუშაობას. უნდა აღვწეროთ სიტუაცია, რა შესაძლებლობები გაგვაჩნია და შემდეგ დავიწყოთ გრძელვადიანი გეგმის გაკეთება. ზუსტად იქნება გაწერილი ყველა აქტივობა. უნდა დავსახოთ უმოკლესი გზა, რომ ბაზრის ძირითადი მოთამაშეები გავხდეთ. განსაკუთრებული ყურადრების ქვეშ იქნება ნიუსრუმი, საიდანაც ახალი ამბები უნდა მომზადდეს… ძირითადი საყრდენი, რასაკვირველია, იქნება ადგილობრივი კადრები. გარკვეული ცვლილებები მენეჯმენტში მოსალოდნელია, რაც ბუნებრივია…“

დასასრულ ჩემსას ვიტყვი: დიახ, მოლოდინი სწორედ ასეთი იყო. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი რომ ვასილ მაღლაფერიძე გახდებოდა, ხალხში, ანუ როგორც ოტია იოსელიანი ბრძანებდა, „წყაროზე“ იმთავითვე ამბობდნენ, რაც ეს თანამდებობა გახდა ვაკანტური და კონკურსი გამოცხადდა. უცნაური ხალხი ვართ ქართველები. ვბრაზობთ, როცა მოლოდინი არ მართლდება და ვბრაზობთ მაშინაც, როცა მართლდება. გააჩნია მოლოდინსო ბრძანებს მკითხველი და ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი „მოლოდინის“ შემოქმედნი თავად ვიყავით და ვართ… 

1067