მიხეილ გორბაჩოვი, მისი რაისა და ჩემი „კურტკა“

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშირაისა გორბაჩოვა
რაისა გორბაჩოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ლამაზად ამობრძანებულებს ისევ სიყვარულთან დაკავშირებით შეგაწუხებთ, რადგან სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა მხოლოდ ისევ სიყვარულია. სწორედ ის გვასხამს ფრთებს — ვარსკვლავებზე იდაყვის ჩამოსადებად და ფარფლებს — ოკეანეში უკანასკნელ მედუზამდე უაზროდ ჩასაყვინთად. სწორ გზაზე გავლის დროსაც კი სწორედ ის ისეთ მარშრუტებზე გვაბორიალებს, რომ გავლილი ტრაექტორიები, რატომღაც, ბოლოს გულის ფორმას იღებენ.

გადის წამები, წუთები, საუკუნეები, მაგრამ სიყვარული არასდროს ძველდება, არ „ნაფტალინდება“ და, როგორც დიდმა ოთარ ჭილაძემ ბრძანა:

„ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს

საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც,

შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა,

შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“.

დღეს კი ჩვენი აივნის სტუმარია საბჭოთა კავშირი მთლად რომ დაშალა, დაანგრია და დააქუცმაცა, იმ კაცის — მიხეილ გორბაჩოვის მეუღლე რაისა გორბაჩოვა (ქალიშვილობაში ტიტარენკო), რომელიც დაიბადა სწორედ ამ დღეს, 1932 წლის 5 იანვარს ალტაის მხარეში.

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშირაისა ტიტარენკო-გორბაჩოვა, სსრკ-ის ცკ-ის გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის მეუღლე
რაისა ტიტარენკო-გორბაჩოვა, სსრკ-ის ცკ-ის გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის მეუღლე - Sputnik საქართველო
რაისა ტიტარენკო-გორბაჩოვა, სსრკ-ის ცკ-ის გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის მეუღლე

სხვათა შორის, მისი მამა წარმოშობით უკრაინის დაბა ჩერნიგოვიდან იყო, ისევე, როგორც ჩემი დედიკოს უკრაინელი წინაპრები.

მიხეილ გორბაჩოვმა მომავალი მეუღლე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში გაიცნო. რაისა იყო ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი, ხოლო მიხეილი — იურიდიული ფაკულტეტის.

1953 წლის 25 სექტემბერს ისინი დაქორწინდნენ. საქორწილო სუფრა უნივერსიტეტის დიეტურ სასადილოში, სტრომინკას ქუჩაზე გაიშალა.

თუ გახსოვთ, თავის დროზე ჩვენ ყველას, ბრეჟნევის დიასახლისი მეუღლის ფონზე, ძალიან გვაღიზიანებდა ქალბატონი რაისას აქტიურობა. არადა, ის უბრალოდ გვერდში ედგა მეუღლეს, ისევე, როგორც დემოკრატიული ქვეყნების პრეზიდენტების ცოლები — მშვენივრად გამოიყურებოდა და მოხდენილადაც ეცვა.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიახლად დაქორწინებული რაისა და მიხეილ გორბაჩოვები
ახლად დაქორწინებული რაისა და მიხეილ გორბაჩოვები  - Sputnik საქართველო
ახლად დაქორწინებული რაისა და მიხეილ გორბაჩოვები

სხვათა შორის, 1987 წელს ბრიტანულმა ჟურნალმა Woman’s Own ის წლის საუკეთესო ქალად აღიარა, 1991 წელს კი საერთაშორისო ფონდმა „მშვიდობისათვის“ ის „წლის ქალბატონად“ გამოაცხადა.

ბევრი რამ მაქვს წაკითხული გორბაჩოვის მეუღლისადმი საოცარი სიყვარულისა და განსაკუთრებით მოწიწებული დამოკიდებულების შესახებ, თუმცა ამაში პირადადაც დავრწმუნდი, როდესაც…

მოსკოვში საელჩოში მუშაობის პერიოში, თუ არ ვცდები, 2002 წელი იყო, დილით ინფორმაციებში ამოვიკითხე, რომ იმ დღეს რაისა გორბაჩოვას გარდაცვალების თარიღი იყო და ბატონ ელჩს მივაწოდე ეს ინფორმაცია.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიგორბაჩოვების წყვილი სეირნობისას
გორბაჩოვების წყვილი სეირნობისას - Sputnik საქართველო
გორბაჩოვების წყვილი სეირნობისას

მან კი ყვავილების საყიდლად გამიშვა. ძლივს მოვერიე თოვლივით ქათქათა და რატომღაც სევდიანი ვარდების უზარმაზარ თაიგულს.

სასაფლაოზე რომ მივედი, უამრავი ხალხი დამხვდა. არ ჩამოვთვლი, ისედაც დამიჯერებთ. ამდენი ბრილიანტი, შინშილა და, საერთოდ, ასეთ ჩანთებიან-ჩექმებიანი „შიკი“ პირველად ვნახე და… დავიბენი — მე 600-რუბლიანი „კურტკა-გაბურძგნულოვნა“ მეცვა.

იმ შინშილიანებს ხელში 3-3 ცალი გამხმარი მიხაკი (ყველაზე იაფი ყვავილი მოსკოვში) ეკავათ, მე კიდევ, იმ მიხაკებივით იაფ „კურტკიანს“, უშველებელი, თითქმის ჩემ სიგრძე თეთრი ვარდების აფეთქება მამშვენებდა.

საფლავს რომ მივუახლოვდით, გორბაჩოვმა მოიხედა და დამინახა. ხელით მანიშნა, მოდიო.

© FL/ Xabier Eskisabelრაისა გორბაჩოვას უკანასკნელი განსასვენებელი
რაისა გორბაჩოვას უკანასკნელი განსასვენებელი - Sputnik საქართველო
რაისა გორბაჩოვას უკანასკნელი განსასვენებელი

როცა მივუახლოვდი, თვალებში ცრემლები ედგა. ვარდები გამომართვა, შეამჩნია ზედ ელჩის „ვიზიტკა“ (პროტოკოლით ასეა მიღებული) და მითხრა, „პომოგიო“. ერთად დავშალეთ თაიგული და ვარდები სათითაოდ დავალაგეთ საფლავზე. მერე ჩამეხუტა და მითხრა:

Спасибо за розы. Передайте господину послу, что она любила именно белые розы.

ამის შემდეგ გვერდიდან არ მომიშორა. „შინშილ-ნორკიანები“ კი იდგნენ მოშორებით, თავისი გაპრეხილი მიხაკებით.

ახლა კი, თუ არ გეწყინებათ, ერთ ვიდეოს შემოგთავაზებთ.

რა თქმა უნდა, შანდორ პეტეფი და გურამ საღარაძე. პეტეფის არ ვიცი, მაგრამ ბატონმა გურამმა როგორი სიყვარული იცოდა, ეგ მე მკითხეთ. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა, სამომავლო.

მე კი გისურვებთ შესანიშნავ და სიყვარულით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0