კინო თბილისში: რა ვნახოთ 15-18 დეკემბერს

© Sputnik / Alexander Imedashviliრიგი კინოთეატრის სალაროებთან
რიგი კინოთეატრის სალაროებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ვარსკვლავური ომების“ სპინ-ოფი, უილ სმიტი წინასაახალწლო დეპრესიაში და ახალი საშინელებათა ფილმი ეგზორციზმის შესახებ — Sputnik-საქართველო განაგრძობს ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

15 დეკემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები გაიმართება:

„გარიყული: ვარსკვლავური ომების ისტორია“ (Rogue One: A Star Wars Story) —„ვარსკვლავური ომების“ სპინ-ოფი. ფანტასტიკური ჟანრის ამერიკელი რეჟისორის, გარეთ ედვარდსის ფილმი, რომელშიც მოთხრობილია „ვარსკვლავური ომების“ მეოთხე ეპიზოდის წინმსწრები ამბები.

იმპერიამ ყველაზე სრულყოფილი საბრძოლო სადგური ააგო, რომელსაც ყველა პლანეტის განადგურება შეუძლია. ამიტომ მეამბოხეთა ალიანსმა გადაწყვიტა, განსაკუთრებული რაზმი შექმნას, რომელსაც ყოფილი დამნაშავე ჯინ ერსო უხელმძღვანელებს და რომლის მიზანიც იმპერიის იარაღის ნახაზების ხელში ჩაგდება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მისია თვითმკვლელობის ტოლფასია, რაზმი მზად არის გამარჯვებისთვის თავი გასწიროს. თუმცა, ძალთა თანაფარდობა მოულოდნელად იცვლება, როცა იმპერატორი პალპატინი მათ წინააღმდეგ ყველაზე საშინელ და ძლევამოსილ ხელქვეითს, დარტ ვაიდერს გაგზავნის.

„მოჩვენებითი სილამაზე“ (COLLATERAL BEAUTY) — რეჟისორ დევიდ ფრენკელის ამერიკული დრამა. მთავარ როლებში არიან: უილ სმიტი, ქეით უინსლეტი, ედვარდ ნორტონი, კირა ნაიტლი  და ჰელენ მირენი.

ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ წარმატებული ნიუ-იორკელი მარკეტოლოგი ჰოვარდ ინლეტი ცხოვრებით იმედგაცრუებულია და მძიმე დეპრესიაში ვარდება. მეგობრები მას სამყაროსთან კავშირის აღდგენაში ყველანაირად ეხმარებიან. ჰოვარდი კი კითხვებზე პასუხებს სიყვარულთან, დროსთან და სიკვდილთან საუბრებში პოულობს.

„განსახიერება“(Incarnate) — რეჟისორ ბრედ პეიტონის მისტიური თრილერი. მთავარ როლში — აარონ ექჰარტი. ფილმის გმირი ეგზორცისტი არ არის, თუმცა ადამიანებში ჩასაფრებული ბოროტების განდევნის საკუთარი მეთოდები აქვს. სატანით შეპყრობილი 11 წლის ბიჭის გონებაში შეღწევისას  ის ხვდება, რომ ესოდენ ღრმა წარსულიდან და ესოდენ მძლავრი მეტოქე არასდროს ჰყოლია. ფილმს +16 ასაკობრივი შეზღუდვა აქვს.

უკვე კინოთეატრებშია:

•    კომედია „საახალწლო კორპორატივი“ (+18)

•    რობერტ ზემეკისის სამხედრო დრამა „მოკავშირეები“ — მთავარ როლებში მარიონ კოტიარითა და ბრედ პიტით

•    ფსიქოლოგიური თრილერი სახელწოდებით „ღამის ცხოველები“ ჯეიკ ჯილენჰოლით და ემი ადამსით მთავარ როლებში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ:

•    ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „სხვა სამყარო: სისხლის ომები“ — მთავარ როლში ქეით ბეკინსეილი

•    მელ გიბსონის სამხედრო დრამა „ჰაქსოს გმირი“

•    ჯაშუშური კომედია „ჯაშუში მეზობლად“

•    ჯოან როულინგის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი „ჯადოსნური ცხოველები და სად ვეძებოთ ისინი“.

საბავშვო მულტფილმები: მულტფილმები „მოანა“ და „ტროლები“.

გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!

ყველა ახალი ამბავი
0