თელავი -წინასაარჩევნო სააგიტაციო ბანერი

საპარლამენტო არჩევნები 2016: პარტიები, უჩვეულო დაპირებები და პროგნოზები

125
საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი დარჩა და პარტიები, დარჩენილ დროში, მაქსიმალურად ცდილობენ მოსახლეობის მიმხრობას.

წლევანდელ არჩევნებში 36 პარტია მონაწილეობს, რომელთაგან 19-მა გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით იბრძოლებს სადეპუტატო სავარძლებისთვის, ხოლო დანარჩენი 17 ექვს ბლოკად გაერთიანდა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგები დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის ამა თუ იმ პარტიის მიმართ სიმპათიაზე, არამედ კონკრეტული ადამიანის მიმართ კეთილგანწყობაზეც გარკვეულ რაიონსა თუ ქალაქში: დეპუტატთა თითქმის ნახევარი ერთმანდატიან ოლქებში იქნება არჩეული.

მაჟორიტარ კანდიდატებს ადგილებზე წარმოადგენენ როგორც პარტიები, ისე ბლოკები და საინიციატივო ჯგუფებიც. სულ 73 სადეპუტატო ადგილისთვის თბილისიდან და რეგიონებიდან 845 კანდიდატი იბრძოლებს. ყველაზე დიდი კონკურსი ქალაქებში საშუალოდ — ეს 14-16 კაცია ერთ ადგილზე, ხოლო ყველაზე მცირე რეგიონებში — საშუალოდ 8 ადამიანი ერთ ადგილზე.

საქართველო არჩევნებისთვის ემზადება
საქართველო არჩევნებისთვის ემზადება

არჩევნებში მონაწილე სუბიექტები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც ქვეყნის მთელი მოსახლეობა ორად იყო გაყოფილი მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და არჩევანს მხოლოდ ენმ-სა და „ქართულ ოცნებას“ შორის აკეთებდა, ახლა პოლიტიკური არჩევანი ბევრად ფართოა.

ამასთან, ამჟამინდელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე ფორმალურად საკუთარი იდეური სულისჩამდგმელების — ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გარეშე გადიან, რომლებმაც, თითქოსდა, ლიდერთა ფუნქციები მოიხსნეს.

სააკაშვილი ახლა უკრაინის მოქალაქე და ოდესის გუბერნატორია, ხოლო ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ გამუდმებით ირწმუნება, რომ მხარს კი უჭერს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არ ხელმძღვანელობს მას.

როგორც ყველაფრიდან ჩანს, „ქართული ოცნება“ და ენმ მთავარი მეტოქეები კი იქნებიან წლევანდელ არჩევნებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას პარლამენტში მოსახვედრად ძალიან სერიოზული განაცხადი აქვს გაკეთებული. მათ შორის არიან როგორც ივანიშვილის, ისე სააკაშვილის ყოფილი მომხრეები.

არჩევნებზე დამოუკიდებლად გადიან ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც წარსულში მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შედიოდნენ. ესენი არიან:

• ბლოკი „თოფაძე — მრეწველები, ჩვენი საქართველო“

• პარტია „ირაკლი ალასანია — თავისუფალი დემოკრატები“

• პარტია „უსუფაშვილი — რესპუბლიკური პარტია“

• პარტია „ეროვნული ფორუმი“.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მან გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად საარჩევნოდ  ბლოკი „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისათვის“ ჩამოაყალიბა.

„ქართული ოცნებაცა“ და „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობაც, საკუთარ მომხრეებთან ერთად, საქართველოს პროდასავლურ კურსს უჭერენ მხარს, ოღონდ ერთი განსხვავებით: მმართველი პარტია რუსეთთან უფრო რბილი მიდგომის მომხრეა. 

საკუთარ ლოიალობას რუსეთისადმი არ მალავენ ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ და „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“.

რაც შეეხება „საქართველოს კომუნისტური პარტია — სტალინისტებს“, „საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიასა“ და „მშრომელთა სოციალისტურ პარტიას“, ისინი პირდაპირ და ღიად აფიქსირებენ პრორუსულ პოზიციას.

რაღა თქმა უნდა, პარლამენტში შესვლაზე პრეტენზიას აცხადებს საქართველოს ყველაზე ოდიოზური პოლიტიკოსი, მთავარი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი, რომელსაც საზოგადოებამ, მისი მწარე და მახვილი გამონათქვამებისთვის „ქართველი ჟირინოვსკი“ შეარქვა.

მოდური ტრენდები

როგორც წესი, ამ არჩევნებსაც ახასიათებს თავისი, განსაკუთრებული დაპირებები. სოციალური საკითხები ის თემაა, რომელიც ყველა პარტიამ საკვანძო მომენტად იქცია, რათა ამომრჩეველთა გულამდე მისასვლელი გზა ეპოვა.

წელს ყველაზე „ტრენდული“ დაპირება — ეს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის შერბილებაა.

არჩევნებში მონაწილე, ზემოთ ჩამოთვლილი უკლებლივ ყველა პარტია ერთხმად გვპირდება, რომ ნარკომანებს ციხეებში აღარ გაამწესებენ — დაწყებული „ქართული ოცნებითა“ და გასრულებული „ლეიბორისტული პარტიით“. თუმცა ყველაზე შორს მაინც პაატა ბურჭულაძის ბლოკი წავიდა, რომელიც საქართველოში  მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზებას მოითხოვს.

კიდევ ერთი „ტრენდ-დაპირება“ — ეს პენსიების გაზრდაა. და თუ პარტიებს დავუჯერებთ, ჩვენში პენსიები, არჩევნების შემდეგ, 250-დან 600 ლარამდე უნდა იყოს. თანხის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს.

კიდევ ერთი ტრენდი ყველა უმუშევრის დასაქმების დაპირებაა. მავანი გვპირდება, რომ მოსახლეობას მოთხოვნად პროფესიებში გადაამზადებს, მავანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას აღგვითქვამს, მავანი სოფლის მეურნეობაში დასაქმებას გვთავაზობს, მავანი კი პირობას დებს, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას გახდის სავალდებულოს.

მიმდინარე პოლიტიკურ სეზონზე ასევე მოდურია მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კარგი განათლების მიღების შესაძლებლობით უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ ერთმანეთის მსგავს დაპირებებში არის უჩვეულო აღთქმებიც: „პატრიოტთა ალიანსი“ გვპირდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ  თბილისის მოსახლეობის 20%-ზე მეტი ქალაქის მერით უკმაყოფილო იქნება, რეფერენდუმს დანიშნავს. ხოლო ნინო ბურჯანაძის პარტია აცხადებს, რომ 3 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვების დედებს ხელფასებს დაუნიშნავს.

უჩვეულო დაპირებაში მათ არც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ჩამორჩა, რომელიც ამბობს, რომ გადასახადებისგან გაათავისუფლებს იმ დამსაქმებლებს, რომლებიც სამსახურში პენსიონერებს აიყვანენ.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განსაკუთრებულ და განსხვავებულ დაპირებას — ეს სასამართლო სისტემის უცხოეთიდან მოწვეული მოსამართლეებით დაკომპლექტებაა.

პროგნოზები

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველო ამჯერად, წინა წლებისგან განსხვავებით, მრავალპარტიულ პარლამენტს მიიღებს.

„ვფიქრობ, ძალიან ძნელი იქნება, რომ რომელიმე პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა ჩამოაყალიბოს, თუკი, რაღა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი იქნება“, — აცხადებს პოლიტექსპერტი ნიკა ჩიტაძე.

მისი აზრით, 8 ოქტომბერს მოსახლეობა მაინცადამაინც არ იაქტიურებს, ხოლო  არჩევნებში ექვსი პარტია და ბლოკი გაიმარჯვებს.

„პარლამენტში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ. გარკვეულ შანსები რჩებათ ასევე პოლიტიკურ პარტიებს: „სახელმწიფო ხალხისათვის“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. რაც შეეხება პრორუსულ პარტიებს, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსები აქვთ „პატრიოტთა ალიანსსა“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“, — ვარაუდობს ჩიტაძე.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრითაც, პარლამენტში რამდენიმე პარტია მოხვდება, ოღონდ უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ დარჩება.

„როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტში შევლენ: „ქართული ოცნება“, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, ბურჯანაძის პარტია, „პატრიოტები“ და ასევე პაატა ბურჭულაძის პარტია“, — აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისი ვარაუდით, არჩვენებში მოსახლეობის მხოლოდ 40% მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ახალ პარლამენტში ძალთა თანაფარდობას მომავალი კოალიციები განსაზღვრავს.

125
თემები:
საპარლამენტო არჩევნები 2016 (185)