ბურჭულაძის ახალი გაერთიანება

საარჩევნო ქორწინება და გაღიმებული მაყრიონი

1078
(განახლებულია 14:28 21.08.2016)
სულხან მელაძე
პოლიტიკური ბატალიები... ყოფილების ორკვირიანი ფაფხური, მიტოვებული პოლიტსოლისტი და ახალი საარჩევნო ერთობა... ძველებური თამაშების ახალი ვერსია...

წინ კიდევ მრავალი სიურპრიზი გველის!..

კარგად მახსოვს, ამ ცოტა ხნის წინათ, სწორედ სიტყვათა ამგვარი წყობით დავასრულე ჩემი ერთ-ერთი სტატია, რომელიც საარჩევნო და ზოგადად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებას დავუთმე… ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი!..

რამდენიმე დღე გავიდა და ჩემეული წინასწარმეტყველება გამართლდა. თუმცა, რატომ მხოლოდ ჩემეული? არ მინდა დავიჩემო, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარებას ვარაუდობდა. მკითხველი, რომ არ დაიბნეს, თხრობას თანმიმდევრულად მივყვეთ და ნაამბობს მეტი კონკრეტიკა შევძინოთ…  მას შემდეგ, რაც საოპერო ხელოვნების დიდოსტატმა პაატა ბურჭულაძემ „საქართველოს განვითარების ფონდი“ დააფუძნა, პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ცალსახად აცხადებდნენ, რომ მსოფლიოში აღიარებული ბანი პოლიტიკურ სცენაზე ავიდოდა. ასეც მოხდა.  ქართულ პოლიტიკურ ხელოვნებას კიდევ ერთი დასი შეემატა — „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“… ნაცნობი სოლისტის უცნობი დასის პრემიერის მოლოდინში მრავალი კითხვა გაჟღერდა. მათ შორის ასეთიც იყო — ბანს ვინ მისცემს ბანს?.. წინასაარჩევნოდ, პოლიტსუბიექტების შეყრა-გაყრის პერიოდისთვის ამ აქტუალურ კითხვაზე პასუხისას საზოგადოების უდიდესი ნაწილი ახალი პოლიტიკური პარტიის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფარულ თანამშრომლობაზე მიანიშნებდა. სხვადასხვა დროს პოლიტიკოსთა და ექსპერტთა მიერ გაჟღერებული მოსაზრებების ციტირება საჭირო არ არის, შორს წაგვიყვანს და უმჯობესია დრო და სივრცე ბოლოდროინდელ მოვლენებს დავუთმოთ. მერწმუნეთ, თუ მკითხველი ამას მაინც საჭიროდ მიიჩნევს, ნათქვამის დამადასტურებელ მაგალითებს ის ჩემს რამდენიმე სტატიაში უხვად მოიძიებს. პაატა ბურჭულაძის და ყოფილი სახელისუფლო გუნდის წევრები რაიმე სახის ურთიერთანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფდნენ…

გამოხდა ხანი და საარჩევნო მარათონის შუალედური ფინიშის მოახლოვებასთან ერთად სუბიექტები, შესაძლო საარჩევნო ალიანსებზე ალაპარაკდნენ. უკვე მაშინ ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ სავსებით მოსალოდნელი იყო პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური დასისა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების შედეგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ჯგუფების ალიანსი. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და მრავლისმნახველ ამომრჩეველს სულ სხვა ფორმისა და შინაარსის სიურპრიზი ელოდა… „განგვასხვავებს წარსულის შეფასება და გვაერთიანებს მომავლის ხედვა..“ ამ ოქროს სიტყვებით აუწყეს საზოგადოებას უკვე კარგად ნაცნობმა ძველმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა გიორგი ვაშაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა კაციტაძემ ახალი საარჩევნო ბლოკის  „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის“ ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, რომ „ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა“ ამგვარი პოლიტიკური ქორწინება ბევრისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა…

მთავარი სიურპრიზი წინ იყო… ახალმა საარჩევნო ალტერნატივამ არასრული ორი კვირა იარსება და ფერიცვალების დღესასწაულამდე რამდენიმე საათით ადრე შინაარსი და ფორმა იცვალა. ახლა უკვე ბევრისთვის მოსალოდნელი ერთობა ჩამოყალიბდა. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „გირჩი“, „ახალი მემარჯვენეები“ და „ახალი საქართველო“ ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა და ასე შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა ნაცნობი სახელწოდებით — ”პაატა ბურჭულაძე — მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის.“ პოლიტსუბიექტების საარჩევნოდ დამეგობრებას წინ კონსულტაციები უსწრებდა და გაირკვევა, რომ პროცესში, რომელიც ხშირად სხვა არაფერია თუ არა პოლიტვაჭრობა, პაატა ბურჭულაძემ სულ ცოტა სახელწოდება არ დათმო. სხვა დანარჩენს კი თანდათან მოეფინება ნათელი. ახალი საარჩევნო ბლოკის ფორმირების საკითხზე კეთდება პირველი განცხადებები და პოლიტიკური ერთობის შანსებს ექსპერტ-ანალიტიკოსები აფასებენ.

      

ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე: „მე არ ველი, რომ ოპოზიციის გაერთიანდებით „ქართული ოცნება“ დამარცხდება. ორი არც თუ ძლიერი და მაღალრეიტინგული პარტიის გაერთიანება ავტომატურად არ ნიშნავს მათი აქტივების ჯამს. ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა რამეა. ის ფაქტი, რომ ოპოზიციაში გრძნობენ — ცალ-ცალკე, დაქუცმაცებულად არავის არ აქვს გამარჯვების პერსპექტივა, უკვე კარგია. შეიძლება ეს მცდელობა უშედეგო, წარუმატებელი იყოს და დაიშალოს კიდეც არჩევნებამდე ერთ თვეში, მაგრამ გაერთიანების მნიშვნელობას რომ ხვდებიან, უკვე მნიშვნელოვანი ფაქტია. ადრეც იყო  მსგავსი პროცესები, მაგრამ დილას იქმნებოდა კოალიცია, შუადღეს იშლებოდა, საღამოს სხვა კოალიცია იქმნებოდა, დილით ისევ იშლებოდა. თუ ეს ალიანსი მყარი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რა შედეგს დადებენ არჩევნებზე, პოლიტიკური კულტურის ამაღლების თვალსაზრისით, ეს უკვე პროგრესია…“

ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანებით მანამდე არსებულმა ბლოკმა „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ გამწევი ორთქლმავალი შეიძინა. ე.წ ლოკომოტივისა და მასზე ჩამოკიდებული ვაგონების თემა ქართული პოლიტიკისთვის უცხო არ არის, თუმცა რა შედეგეთ დასრულდება ამჯერად მატარებლობანას თამაში ამას დრო გვიჩვენებს…

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „გაერთიანება ორივე მხარისთვის ობიექტური აუცილებლობა იყო.

საარჩევნო პერსპექტივის მქონე ბლოკის ალგორითმი არის შემდეგი — ერთი პარტია მაინც ბლოკში უნდა ემყარებოდეს გარკვეულ ელექტორალურ მხარდაჭერას და დანარჩენი პარტიები შეიძლება უვსებდნენ იმ სისუსტეებს, რაც ამ პარტიას აქვს, კერძოდ ეს არის ინფრასტრუქტურა, პოლიტიკური პროფესიონალიზმი, გარკვეული მყარი იდეოლოგიური საფუძვლები. როგორც გამოჩნდა, ამჯერად პაატა ბურჭულაძის პარტიას ჰქონდა გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა, მაგრამ ასევე ჰქონდა ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესურსის პრობლემები. რაც შეეხება გაერთიანებას „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“, მას თითქოს ჰქონდა გარკვეული ინფრასტრუქტურა და პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ არ ჰქონდა ელექტორალური მხარდაჭერა. შესაბამისად, იმ გაერთიანების საარჩევნო პერსპექტივა პრაქტიკულად ნულოვანი იყო. მათი შეერთება აბსოლუტურად ლოგიკურია, იმიტომ რომ ახლა პაატა ბურჭულაძის პარტია შეეცდება ხალხის მხარდაჭერა შეინარჩუნოს და მისთვის დამახასიათებელი სისუსტეები ამოქოლოს ამ პარტიების შემოერთებით. ამ ბლოკის ჩასმა რაღაც საარჩევნო ლოგიკაში უკვე შეიძლება. თუ კიდევ ახალი სიურპრიზები არ გამოჩნდა და ახალი სკანდალები არ ვიხილეთ, მე ვფიქრობ, ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ რამდენად შორს წავლენ ბარიერს ზემოთ, ამის თქმა ძნელია, რადგან დრო ცოტაა და ამ დროში მოახერხებენ თუ არა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობას, რთული სათქმელია…“

პატივცემული ანალიტიკოსების შეფასებებში ამჯერადაც ადვილად იკითხება, რომ წინასაარჩევნოდ, როცა სასწორის ერთ პინაზე დეპუტატის მანდატი დევს პოლიტსუბიექტებისთვის სასწორის მეორე პინა საოცრად მსუბუქდება და ყოველი გადაწყვეტილებაც მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტარის სავარძელში განთავსების სურვილით არის ნაკარნახევი. შესაძლოა ასეც უნდა იყოს, თუმცა ვეჭვობ! ფაქტია, რომ  „საარჩევნო ქორწინებას“ პაატა ბურჭულაძის გუნდში მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. მათ შორის იყო ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. როგორც თავად აღნიშნა, რამდენიმე დღით აიღო პაუზა და შემდეგ პარტიაში ყოფნა-არყოფნის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასობაში ახლადჩამოყალიბებული საარჩევნო ბლოკის კარი ღიაა და როგორც ამბობენ სულ მალე ღია კარის ზღურბლს ეროვნულ-დემოკრატები გადალახავენ…

როგორც დავიწყე, ისე დავასრულებ — წინ კიდევ მრავალი სიურპრიზი გველის!


1078