ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში

საეკლესიო კალენდარი: 20 ივლისი

163
(განახლებულია 18:45 19.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივლისს ღირსი თომა მალეელის, მოწამეთა: პერეგრინეს, ლუკიანეს, პომპის, ისვიქის, პაპიანეს, სატორნინეს და გერმანოს, ასევე მოწამე ევანგელეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი თომა მალეელი

ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და სურვილმა, მხოლოდ უფალს სათნოჰყოფოდა, დააძლევინა ყოველივე წარმავალის სიყვარული და ბერად აღიკვეცა.

ღვთაებრივი ტრფიალებით აღძრული ბერი გამოცდილ ბერმონაზვნებს აკითხავდა და მდაბლად ითხოვდა მათგან სულიერ დამოძღვრას. რამდენიმე წლის შემდეგ თომამ მეუდაბნოე ცხოვრებაზე მიიღო კურთხევა და წმიდა ელია წინასწარმეტყველის სასწაულებრივი გამოცხადებით გამხნევებულმა, მალეის მთას მიაშურა (ათონის აღმოსავლეთი ნაწილი).

ნეტარი თომას სიწმიდით გაბრწყინებული ცხოვრება ახლომახლო მკვიდრთ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: წმიდანის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბნენ სულიერი მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამა ბერმონაზონთა დიდი მოძღვარი და მასწავლებელი შეიქნა.უფალმა თავისი სათნომყოფელი კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა.

ღირსი თომა მალეელი მშვიდობით მიიცვალა X საუკუნეში.

წმიდა მოწამენი: პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე

წმიდა მოწამენი პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე იტალიელები იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ადრიატიკის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ დირაქიაში.

წმიდანები წარმართი რომაელების ხელით ჯვარცმული ეპისკოპოსი ასტიოსის (ხს. 4ივნისს) წამებას ესწრებოდნენ და საჯაროდ განადიდებდნენ ნეტარი მამის სიმტკიცესა და ახოვანებას. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ზღვაში დაახრჩვეს. ტალღებმა ნაპირზე გამორიყა მოწამეთა ცხედრები, ქრისტიანებმა კი ისინი ქვიშაში დაფლეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ უფლის სათნომყოფელნი ალექსანდრიის ეპისკოპოსს გამოეცხადნენ და უბრძანეს, წმიდა ნაწილები დაეკრძალა. მღვდელმთავარმა შეასრულა ზეგარდმო კურთხევა და მარტვილთა სამარხზე ტაძარიც ააგო.

წმიდა მოწამე ევანგელე

წმიდა მოწამე ევანგელეს დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

163
თემები:
საეკლესიო კალენდარი (243)
სტეფანწმინდა შებინდებისას

საეკლესიო კალენდარი: 29 ივლისი

215
(განახლებულია 06:59 29.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივლისს მღვდელმოწამე ათინოგენე და ათთა მოწაფეთა მისთა, მოწამეთა: პავლეს, ალევტინას და ქიონიას, მოწამე ანტიოქე მკურნალის და მოწამე იულია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი

მღვდელმოწამე ათინოგენე და მისი ათი მოწაფე  ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. 

მმართველ ფილომარქსს მოახსენეს  ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარიც დააპატიმრეს.  ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.

წმინდა ათინოგენე საქართველოში და (სომხეთში) ძალიან პოპულარული ყოფილა და მის პატივსაცემად გამართული სახალხო დღესასწაული დაარსებული უნდა იყოს III-IV სს. მიჯნაზე. იგი განეკუთვნებოდა მოძრავ დღესასწაულთა ციკლს და იმართებოდა 98-ე დღეს.

ეს დღესასწაული დღესაც იმართება საქართველოს მთაში(ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ხევი). ხევსურეთში მას "ათენგენობას" ეძახიან, თუშეთში – "ათინგენობას", ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც ეს დღეობა იმართება. რაჭაში, სოფელ გლოლის დასავლეთით, ტყეში, წმ. გიორგის პატარა ეკლესია ყოფილა. იგი შხელის სახელით იყო ცნობილი. შემოდგომას, ნოემბერში აქ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელსაც ხალხი ათენგენობას უწოდებდა.

წმიდა მოწამე პავლე და მასთან ორნი დანი - ალევტინა (ვალენტინა) და ქიონია

წმიდა მოწამენი პავლე, ალევტინა და ქიონია ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმინეს (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნისას ისინი შეიპყრეს, ჯერ მძიმე სამუშაოები მიუსაჯეს ქვის სამტეხლოებში, შემდეგ კი პალესტინის კესარიაში წაიყვანეს ქრისტეს სხვა აღმსარებლებთან ერთად. სამსჯავროზე უსჯულოებმა ვერ შეძლეს, მოედრიკათ ღვთის რჩეულები, გამხეცებულებმა, ენით აუწერელი სატანჯველებით აწამეს ისინი, ბოლოს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. დები - ალევტინა და ქიონია ცეცხლში დაწვეს, პავლეს კი თავი მოჰკვეთეს (+308).

წმიდა მოწამე ანტიოქე მკურნალი

წმიდა მოწამე ანტიოქე სებასტიელი მკურნალი იყო. იგი ქრისტიანობაზე ძმამ - წმიდა პლატონმა მოაქცია. როცა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ანტიოქე ჯვარცმული ღმერთის მოსავი იყო, სამსჯავროზე უხმეს და საშინლად აწამეს. მტარვალებმა მდუღარე წყალში ჩააგდეს ნეტარი, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ისინიც თვინიერად გაუწვნენ ფეხთით... მოწამის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა, ბოლოს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს უფლის რჩეულს.

წმიდა მოწამე იულია ქალწული 

წმიდა მოწამე იულია ქალწული კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.

ერთხელ იულიას ბატონი გალიაში გაემგზავრა სავაჭროდ და წმიდა ქალწულიც თან გაიყოლა. როცა ხომალდი კუნძულ კორსიკას მიადგა, ვაჭარი წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ნაპირზე გადავიდა, იულია კი გემზე დარჩა. კორსიკელებმა შეიტყვეს, რომ სტუმრებს ქრისტიანი ქალწული ახლდა თან და მისი შესყიდვა ისურვეს, მაგრამ ბატონმა ვერ დათმო ერთგული მხევალი. მაშინ უღმრთოებმა დაათვრეს ვაჭარი და მისი მხლებლები. როცა მათ ჩაეძინათ, იულია გემიდან ჩაიყვანეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს. ნეტარმა უსჯულოთა მოთხოვნის შესრულებაზე მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს იგი: გვემდნენ, თმებს გლეჯდნენ, სხეულს უსერავდნენ... ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

215
თემები:
საეკლესიო კალენდარი (243)
კვირიკესა და ივლიტას ხატი

საეკლესიო კალენდარი: 28 ივლისი

235
(განახლებულია 07:48 28.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამების, ასევე მოწამეთა: კვირიკეს და ივლიტას, მოწამე აბუდიმეს, მოციქულთა სწორი ვლადიმერის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა

ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.

მსოფლიო კრებებს, ჩვეულებრივ, ეკლესიაში მართლმადიდებლური სწავლებისა დასამტკიცებლად და ერესის სამხილებლად იწვევდნენ. ამ კრებებზე სულიწმიდის კარნახით გაცხადებული და ფორმულირებული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი - დოგმატები მტკიცე ზღუდედ არტყია მართლმადიდებლობის სიწმიდეს.

გარდა დოგმატური საქმიანობისა, წმიდა კრებების მამები დაუცხრომლად იღვწოდნენ საეკლესიო დისციპლინის განმტკიცებისთვისაც. როგორც ცნობილია, ადგილობრივი კრებები ადგენდნენ თავიანთ წესებს პრაქტიკულ საკითხებზე ეკლესიის სახელმძღვანელოდ.

მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობა მოითხოვდა ერთობას კანონიკურ პრაქტიკაშიც, ესე იგი უმთავრესი კანონიკური ნორმების დადგენას და დამტკიცებას მსოფლიო კრებების მამათა მიერ. ამგვარი ნორმები დგინდებოდა ყოველ მსოფლიო კრებაზე, გარდა V და VI კრებებისა, რომლებზეც მხოლოდ დოგმატური საკითხებით იყვნენ დაკავებულნი.

ექვსი მსოფლიო კრების მიერ ნაკურთხი საეკლესიო კანონები დაედო საფუძვლად სჯულისკანონს (787 წლის VII მსოფლიო კრების, აგრეთვე კონსტანტინოპოლის 861 და 879 წლების ადგილობრივი კრებების კანონები მათ მოგვიანებით, ფოტიოსის დროს დაემატა), რომელიც წარმოადგენს მადლმოსილ კანონიკურ ნორმას, გამოსაყენებელს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიათა პრაქტიკაში.

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა 

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ - ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.

უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.  ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.

წმიდა მოწამე აბუდიმე

წმიდა მოწამე აბუდიმე ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ტენედოსზე დაიბადა. ნეტარი უსჯულო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს აღესრულა ქრისტესთვის.

მოციქულთასწორი ვლადიმირი

მოციქულთასწორი ვლადიმირი (წმიდა ნათლისღებით - ბასილი) ნეტარი ოლღას შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა - სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ტყვექმნილი ასული - გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა - თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით 960 წელს ქვეყნის მომავალი განმანათლებელი.

ვლადიმირი ნათლისღებამდე სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა. 978 წელს მან ცბიერებით ჩაიგდო ხელთ კიევის სამთავრო, ძმა - იაროპოლკი კი სიცოცხლეს გამოასალმა. უსჯულო მთავარი სრულ თავისუფლებას აძლევდა ვნებებს და, ამასთან, თავგამოდებული კერპთმსახურიც იყო: თავისი სასახლის მახლობლად, მაღალ მთაზე მან პერუნის ახალი, ვერცხლისთავიანი ქანდაკი დაადგმევინა. სწორედ ვლადიმირის ბრძანებით შესწირეს პერუნს მსხვერპლად თეოდორე ვარიაგი და მისი ძე იოანე, მაგრამ,  უფალმა ბოროტს დამონებული მთავარი თავის რჩეულ ჭურად გამოარჩია: ვლადიმირი დაეჭვდა ხელით ქმნილი ღვთაებების ძლევამოსილებაში და ჭეშმარიტ ღმერთს დაუწყო ძიება.

როცა ხმა გავარდა, რუსეთის მთავარი სარწმუნოების გამოცვლაზე ფიქრობსო, მისკენ გაემართნენ სხვადასხვა სჯულის მქადაგებლები. მთავარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბერძენმა ბერმა.

მთავარმა ვლადიმირმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მართლმადიდებლური წესით მონათლულიყო, მაგრამ, როგორც წარმართს, დამამცირებლად მიაჩნდა, თხოვნით მიემართა ბიზანტიელთათვის; ამიტომ ერთი წლის შემდეგ მან საბერძნეთზე გაილაშქრა და ბერძენ იმპერატორებს, ბასილისა და კონსტანტინეს შეუთვალა, თუ თქვენს დას - ანას არ მომათხოვებთ, კონსტანტინოპოლს დავიპყრობო.

 სამეფო ოჯახისათვის ბარბაროსთან ნათესაური კავშირი არ იყო სჯულისმიერი და სასურველი, მაგრამ მეამბოხე მხედართმთავრების - ბარდა სკლიაროსისა და ბარდა ფოკას შფოთით შერყეულ ქვეყანას ვლადიმირთან ბრძოლა ისეთ დიდ საფრთხეს უქმნიდა, რომ ბასილი და კონსტანტინე იძულებულნი გახდნენ, დამორჩილებოდნენ ვლადიმირის წინადადებას, პირობად კი ქრისტიანობის მიღება შესთავაზეს. ვლადიმირმა მიუგო: მე ისედაც დიდი ხანია, მომწონს თქვენი სარწმუნოება და გამომიგზავნეთო მეფის ასული.

მალე ხერსონში დიდებულებისა და ღვთისმსახურების თანხლებით ჩავიდა მეფის ასული ანა. 

გაქრისტიანებული მთავარი დაქორწინდა ანაზე და კიევში დაბრუნდა. მასთან ერთად კიევში ჩავიდნენ ბიზანტიიდან გაგზავნილი მიტროპოლიტი, ექვსი ეპისკოპოსი და მღვდელმსახურნი.

ღვთის სიყვარულით ანთებული მთავარი გაეყარა თავის მრავალრიცხოვან ცოლებს, თორმეტი ვაჟიშვილი კი ნათლობაზე დაითანხმა. მათ მრავალმა ბოიარმაც მიჰბაძა. შემდეგ ვლადიმირმა მთელი ქალაქის მცხოვრებლებს უხმო ნათლისღებისთვის: „ვინც ხვალ მდინარესთან არ მოვა - მდიდარი თუ გლახაკი, მდაბიო თუ მონა - ჩემი მტერი იქნება!“ მეორე დღეს ურიცხვი ერი მოადგა ნაპირებს. მიტროპოლიტმა აკურთხა მდინარის წყალი და შეუდგა ნათლობას... ეს მოხდა 988 წელს.

ამის შემდეგ მოციქულთასწორი მთავარი დაუცხრომლად იღვწოდა ქვეყანში მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად.  

სევდიანი იყო ნეტარი მოციქულთასწორის ცხოვრების დასასრული: მან სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამთავრო ძეებს. მათ შორის შფოთი ატყდა, გარეშე მტერიც შემოიჭრა ქვეყანაში და სრულიად მარტო დარჩენილმა მთავარმა 1015 წლის 15 ივლისს დაასრულა პავლე მოციქულის ცხოვრებას მიმსგავსებული მიწიერი ცხოვრება.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

235
თემები:
საეკლესიო კალენდარი (243)
ტურისტული საინფოემაციო ცენტრი აჭარაში

აჭარაში ცხრა საინფორმაციო ცენტრი მუშაობს: რა სერვისებს სთავაზობენ ტურისტებს

0
რეგიონში მყოფ ვიზიტორებს მოგზაურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის მეშვეობით შეუძლიათ.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. აჭარაში ჩამოსულ საერთაშორისო ვიზიტორებს ცხრა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ემსახურება, ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნა. მუშაობა განაახლეს აგრეთვე პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა.

დეპარტამენტის ცნობით, საინფორმაციო ცენტრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში.

საინფორმაციო ცენტრები მოგზაურებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს - უფასო რუკები, ტურისტული გზამკვლევები, მარშრუტები, ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, სუვენირები, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card.

ვიზიტორებს რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ცხელ ხაზზე.

კორონავირუსის პანდემიამდე აჭარის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება იყო. პანდემიის გამო აჭარაში, როგორც მთლიანად საქართველოში, 2020 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა.

ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.

მიმდინარე წლის ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 294,2%-ით გაიზარდა. ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 286,8%-ით გაიზარდა.

2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ვიზიტების რაოდენობამ 446,1 ათასი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 66,4%-ით ნაკლებია.

რეგულარული ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეჩერებული 2020 წლის მარტიდან, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 1 ივნისიდან კი საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.

 

0