ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი: 17 ივლისი

316
(განახლებულია 19:31 16.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 ივლისს წმიდა ანდრიას, კრეტელი მთავარეპისკოპოსის, ღირსისა მართას, სვიმეონ მესვეტისა დედის, მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიას, ღირსი ანდრია რუბლიოვის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი 

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.

680 წელს  წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში VI მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა,  იმპერატორ იუსტინიანე II-ის (685-695) ზეობისას ნეტარ მამას კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ჰორტინის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

მღვდელმთავარმა ანდრიამ მრავალი საღვთისმსახურო საგალობელი შექმნა. მან დაუდო სათავე ახალ ლიტურგიკულ ჟანრს - კანონს. განსაკუთრებით აღსანიშნავია „სინანულის დიდი კანონი“, რომელიც დიდმარხვის საკითხავებშია ჩართული. მარხვის პირველ კვირიაკეში, სერობებზე ის ნაწილ-ნაწილ იკითხება.

ნეტარი ანდრიას მიცვალების თარიღის შესახებ საეკლესიო ისტორიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგი 712 წელს ასახელებს, სხვები - 726 წელს/

ღირსი მართა

ღირსი მართა, საკვირველ მთაზე მოღვაწე წმიდა სვიმეონ მესვეტის დედა იყო., ის დაიბადა ანტიოქიაში, VI საუკუნეში. იგი სიყმაწვილიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, მაგრამ მშობლებმა გათხოვებაზე დაითანხმეს. წმიდანის მეუღლე, იოანე მალე გარდაიცვალა და დაქვრივებულმა მართამ მთელი ძალები ერთადერთი ძის აღზრდას შეალია. ნეტარი დედა მშვიდობით მიიცვალა 551 წელს. მისი ცხედარი საკვირველ მთაზე, ღირსი სვიმეონ მესვეტის მოღვაწეობის ადგილზე დაკრძალეს.

წმიდა მოწამენი თეოდოტე და თეოდოტია

წმიდა მოწამენი თეოდოტე და თეოდოტია წმიდა იაკინთემ (ხს. 3 ივლისს) მოაქცია ქრისტიანობაზე. მარტვილის ნეტარი აღსასრულის შემდეგ ისინიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს (+108).

ღირსი ანდრია რუბლიოვი

ღირსი ანდრია რუბლიოვი - დიდი რუსი ხატმწერი, დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. ანდრია რუბლიოვის ბერად აღკვეცის ადგილი დანამდვილებით არაა ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ მისი მოღვაწეობა ორ მონასტერს - სერგის წმიდა სამების ლავრასა და მოსკოვის ანდრონიკეს მაცხოვრის სავანეს უკავშირდება.

ნეტარი მამის ძირითადი ნამუშევრებია: მოსკოვის კრემლის ხარებისა და ზვენიგოროდის მიძინების ტაძრების კანკელი და ფრესკები, ვლადიმირის მიძინების ტაძრისა და ანდრონიკეს მაცხოვრის სავანის მოხატულობა, ვლადიმირის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი შემოქმედების გვირგვინი - ყოვლადწმიდა სამების ხატი.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

316
თემები:
საეკლესიო კალენდარი (243)
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში

საეკლესიო კალენდარი: 30 ივლისი

225
(განახლებულია 08:52 30.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ივლისს დიდმოწამე მარინეს იხსენიებს და ღირსი ლაზარე გალისიელის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს.

წმიდა დიდმოწამე მარინე

წმიდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი.

ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა ჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბლად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს ისიც, რომ ქრისტიანი იყო, ემზადებოდა ნათლობისათვის და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.

მეორე დღეს წმიდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ.წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში იმყოფებოდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის პატიოსანი მკლავი; მეორე მკლავი კი საქართველოში ინახება.

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარე გალისიელისა

ღირსი ლაზარე გალისიელი (+1053) ეფესოს მახლობლად, გალისიის უდაბურ მთაზე მოღვაწე მესვეტე ბერი იყო. ძველი სტილით 17 ივლისს აღინიშნება ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

225
თემები:
საეკლესიო კალენდარი (243)
სტეფანწმინდა შებინდებისას

საეკლესიო კალენდარი: 29 ივლისი

220
(განახლებულია 06:59 29.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივლისს მღვდელმოწამე ათინოგენე და ათთა მოწაფეთა მისთა, მოწამეთა: პავლეს, ალევტინას და ქიონიას, მოწამე ანტიოქე მკურნალის და მოწამე იულია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი

მღვდელმოწამე ათინოგენე და მისი ათი მოწაფე  ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. 

მმართველ ფილომარქსს მოახსენეს  ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარიც დააპატიმრეს.  ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.

წმინდა ათინოგენე საქართველოში და (სომხეთში) ძალიან პოპულარული ყოფილა და მის პატივსაცემად გამართული სახალხო დღესასწაული დაარსებული უნდა იყოს III-IV სს. მიჯნაზე. იგი განეკუთვნებოდა მოძრავ დღესასწაულთა ციკლს და იმართებოდა 98-ე დღეს.

ეს დღესასწაული დღესაც იმართება საქართველოს მთაში(ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ხევი). ხევსურეთში მას "ათენგენობას" ეძახიან, თუშეთში – "ათინგენობას", ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც ეს დღეობა იმართება. რაჭაში, სოფელ გლოლის დასავლეთით, ტყეში, წმ. გიორგის პატარა ეკლესია ყოფილა. იგი შხელის სახელით იყო ცნობილი. შემოდგომას, ნოემბერში აქ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელსაც ხალხი ათენგენობას უწოდებდა.

წმიდა მოწამე პავლე და მასთან ორნი დანი - ალევტინა (ვალენტინა) და ქიონია

წმიდა მოწამენი პავლე, ალევტინა და ქიონია ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმინეს (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნისას ისინი შეიპყრეს, ჯერ მძიმე სამუშაოები მიუსაჯეს ქვის სამტეხლოებში, შემდეგ კი პალესტინის კესარიაში წაიყვანეს ქრისტეს სხვა აღმსარებლებთან ერთად. სამსჯავროზე უსჯულოებმა ვერ შეძლეს, მოედრიკათ ღვთის რჩეულები, გამხეცებულებმა, ენით აუწერელი სატანჯველებით აწამეს ისინი, ბოლოს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. დები - ალევტინა და ქიონია ცეცხლში დაწვეს, პავლეს კი თავი მოჰკვეთეს (+308).

წმიდა მოწამე ანტიოქე მკურნალი

წმიდა მოწამე ანტიოქე სებასტიელი მკურნალი იყო. იგი ქრისტიანობაზე ძმამ - წმიდა პლატონმა მოაქცია. როცა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ანტიოქე ჯვარცმული ღმერთის მოსავი იყო, სამსჯავროზე უხმეს და საშინლად აწამეს. მტარვალებმა მდუღარე წყალში ჩააგდეს ნეტარი, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ისინიც თვინიერად გაუწვნენ ფეხთით... მოწამის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა, ბოლოს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს უფლის რჩეულს.

წმიდა მოწამე იულია ქალწული 

წმიდა მოწამე იულია ქალწული კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.

ერთხელ იულიას ბატონი გალიაში გაემგზავრა სავაჭროდ და წმიდა ქალწულიც თან გაიყოლა. როცა ხომალდი კუნძულ კორსიკას მიადგა, ვაჭარი წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ნაპირზე გადავიდა, იულია კი გემზე დარჩა. კორსიკელებმა შეიტყვეს, რომ სტუმრებს ქრისტიანი ქალწული ახლდა თან და მისი შესყიდვა ისურვეს, მაგრამ ბატონმა ვერ დათმო ერთგული მხევალი. მაშინ უღმრთოებმა დაათვრეს ვაჭარი და მისი მხლებლები. როცა მათ ჩაეძინათ, იულია გემიდან ჩაიყვანეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს. ნეტარმა უსჯულოთა მოთხოვნის შესრულებაზე მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს იგი: გვემდნენ, თმებს გლეჯდნენ, სხეულს უსერავდნენ... ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

220
თემები:
საეკლესიო კალენდარი (243)
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

0
(განახლებულია 10:31 30.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი>>

ვერძი: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

კურო: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.

ტყუპი: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

ლომი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.

ქალწული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ – შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.

სასწორი: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იყუროთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედოთ. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.

მშვილდოსანი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.

მერწყული: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.

თევზები: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.

0