გერგეტის სამება, ყაზბეგი

საეკლესიო კალენდარი: 16 ივლისი

314
(განახლებულია 23:00 15.07.2021)
ეკლესია დღეს გერგეტში ყოვლადწმიდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს და გიორგი ღმერთშემოსილს, მოწამე იაკინთეს, მოწამთა დიომიდეს, ევლამპიოსს, ასკლიპიოდოტეს და გოლინდუხას, ალექსანდრე - მღვიძარეთა სავანის წინამძღვარს, ანატოლის, კონსტანტინოპოლელ პატრიარქს იხსენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

გერგეტის სამების დღესასწაული

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. რომელიც სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. 

თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

ლურჯი ცისა და თოვლიანი ყაზბეგის მბრწყინავი პირამიდის ფონზე გერგეტის მონასტერი გამოჩნდა...
ლურჯი ცისა და თოვლიანი ყაზბეგის მბრწყინავი პირამიდის ფონზე გერგეტის მონასტერი გამოჩნდა...

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

გიორგი ღმერთშემოსილი, დაყუდებული – წმიდა გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი

წმიდა გიორგი ღმერთშემოსილი განდეგილობისა და ამა სოფლის შფოთისაგან განრიდების სურვილით საქართველოდან წავიდა და შავ, ანუ საკვირველ მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.

როდესაც საქართველოდან ფარულად წასულმა დიდმა მამამ, გიორგი მთაწმინდელმა შავი მთის მონასტრები მოილოცა და თაყვანი სცა წმიდა სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის, ნეტარი მართას საფლავებს, დაიწყო სულიერი მამის მოძიება, მან საკვირველ მთაზე იპოვა კლდის ნაპრალში დაყუდებული წმიდა ბერი, წმიდა გიორგი შეყენებულმა დაიმოწაფა ღირსი გიორგი, მონასტერში დაამკვიდრა და სამი წელი შრომასა და მოღვაწეობაში, მარხვასა და მღვიძარებაში აცხოვრა.

სამი წლის შემდეგ მოძღვრის კურთხევით წმიდა გიორგიმ იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა და კვლავ შავ მთაზე დაბრუნდა. გიორგი დაყუდებულმა აკურთხა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელი, ათონზე წასულიყო და გაეგრძელებინა წმიდა ექვთიმე ათონელის საქმე, ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა საღმრთო წიგნები.

მიუხედავად იმისა, რომ წმიდა გიორგი დაყუდებული განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას. მას მტკიცე კავშირი ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან, საიდანაც, მისი სიტყვით, „სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან ყოველი აღმოსავლეთი საღმრთოჲთა ნათლითა განაბრწყინვა და წმიდანი ეკლესიანი ქართლისანი ახლად შეამკვნა“. მან ლიტერატურული მოღვაწეობის გზაზე დააყენა წმიდა გიორგი მთაწმინდელი. მისივე თხოვნითა და დავალებით აღწერა გიორგი მცირემ თავისი მოძღვრის, წმიდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. წმიდა გიორგი დაყუდებულს გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ცხოვრება სვიმეონ საკვირველთმოქმედის დედის, მართასი, და წმიდისა ბარლაამ სიროკავკასიელისა.

მოწამე იაკინთე 
მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს კარზე მსახურობდა. ერთხელ იაკინთე ოთახში გამოკეტილი, მხურვალედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობსო. წმიდანი შეიპყრეს და იმპერატორს მიჰგვარეს. უსჯულო თვითმპყრობელმა ნაკერპავი ხორცი შესთავაზა უფლის რჩეულს, მან კი მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა თავისი სარწმუნოება. ტრაიანეს ბრძანებით აღმსარებელი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილს შიმშილითა და წყურვილით ტანჯავდნენ და ნაკერპავის ჭამას აიძულებდნენ. 38-ე დღეს ერთმა მცველმა, რომელიც ნაკერპავით შედიოდა წმინდანთან, იხილა, თუ როგორ მიეახლნენ მას უფლის ანგელოზები, ნათლის სამოსლით შემოსეს და გვირგვინით შეამკეს. მტარვალებმა გადაწყვიტეს, კვლავ სამსჯავროზე გაეყვანათ იაკინთე, მაგრამ საკანში შესულებმა იხილეს, რომ მას უკვე სული უფლისთვის შეევედრებინა. წმიდა მოწამე ოცი წლის ასაკში აღესრულა ქალაქ რომში (+108). მისი წმიდა ნაწილები მოგვიანებით კესარიაში გადაასვენეს. 

მოწამენი: დიომიდე, ევლამპიოსი, ასკლიპიოდოტე და გოლინდუხა

წმიდა მოწამენი დიომიდე, ევლამპიოსი, ასკლიპიოდოტე და გოლინდუხა ნეტარ იაკინთესთან ერთად მოწამეობრივად აღსრულებული თეოდოტესა და თეოდოტიას (ხს. 4 ივლისს) რაზმის წევრები იყვნენ. ახოვანმა მეომრებმა გაბედულად აღიარეს ქრისტე, სისხლი დასთხიეს მისი სახელისთვის და, განწმენდილები, ზეციურ მხედრობას შეერთვნენ.

ალექსანდრე - მღვიძარეთა სავანის წინამძღვარი

ღირსი ალექსანდრე, „მღვიძარეთა“ სავანის დამაარსებელი დაიბადა აზიაში, განათლება კონსტანტინეპოლში მიიღო. ერისკაცობაში ის მხედრად მსახურობდა, მაგრამ მისი სული სხვა სარბიელს ითხოვდა, ამიტომ დატოვა ეს სოფელი, ანტიოქიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სავანეში მონაზვნობა შეიმოსა და იღუმენ ილიას ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას. წმიდანი თანდათან ამკაცრებდა ღვაწლს, ბოლოს კი მეუდაბნოეობაზეც მიიღო კურთხევა. ერთადერთი, რაც მან თან გაიყოლა უდაბნოში, წმიდა სახარება იყო, ამის შემდეგ უფალმა ალექსანდრეს წარმართებს შორის ქადაგებისკენ მოუწოდა. ღირსმა მამამ ქრისტიანობაზე მოაქცია ქალაქის თავი რაბულა, რომელმაც შემდგომ მღვდელმთავრის ხარისხიც მიიღო და მთელი 30 წლის განმავლობაში განაგებდა ედესის საეპისკოპოსო კათედრას.

ბოლოს ღირსი ალექსანდრე მდინარე ევფრატის მახლობლად დაემკვიდრა. მალე მის ირგვლივ ძმები შემოიკრიბნენ. ჩამოყალიბდა მონასტერი, რომელიც 400-მდე ბერს ითვლიდა. მაშინ საღვთო შურით ანთებულმა იღუმენმა გადაწყვიტა, სავანეში უფლის დაუდუმებელი დიდება განეწესებინა და სამი წელი შესთხოვდა უფალს, განეხორციელებინა, სათნოეყოფოდა თუ არა მას მისი განზრახვა. ბოლოს, ზეგარდამო კურთხევით, მან ძმები დაჰყო 24 ჯგუფად, რომლებიც დღე-ღამის ყოველი საათის განმავლობაში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და დაუსრულებლად აღუვლენდნენ ფსალმუნის გალობას მეუფეს. გამონაკლისს შეადგენდა ის საათები, როცა ტაძრებში ღვთისმსახურება აღესრულებოდა. სწორედ აქედან მოდის მონასტრის სახელიც - „მღვიძარეთა“.

20 წელი განაგებდა ღირსი ალექსანდრე ევფრატის სანაპიროზე მდებარე სავანეს. შემდეგ თავის მოწაფეს, გამოცდილ ბერს – ტროფიმეს გადააბარა წინამძღვრობა, თვით კი სპარსეთის მოსაზღვრე ქალაქები მოიარა სახარების ქადაგებით. ასე ჩააღწია ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლამდე, სადაც კიდევ ერთი მონასტერი დააარსა მისთვის მეტად საყვარელი „მღვიძარეთა“ ტიპიკონით. ღირსი მამა მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 430 წელს

ანატოლი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი 

წმიდა ანატოლი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, ალექსანდრიაში დაიბადა IV საუკუნის მეორე ნახევარში. მან ფილოსოფიური განათლება მიიღო, შემდეგ კი ქრისტეს სამსახურში ჩადგა. 431 წელს ეფესოში გამართულ III მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმიდანი დიაკვნის ხარისხში ახლდა ღირს კირილე ალექსანდრიელს (ხს. 18 იანვარს). კრების მამებმა დაგმეს ნესტორის ცრუსწავლება.

444 წელს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ტახტი მწვალებელმა დიოსკორემ დაიკავა. დიოსკორე იყო ევტიქის ერესის მიმდევარი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს განხორციელების შემდეგ მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ კაცობრივი მთლიანად შთანთქა. ეს ცრუსწავლება არყევდა თვით საძირკველს ეკლესიის სწავლებისა კაცობრიობის გამოხსნისა და გამოსყიდვის შესახებ. 449 წელს ეფესოში დიოსკორემ მოიწვია ერეტიკული კრება, რომელიც ისტორიაში „ავაზაკთა კრების“ სახელით შევიდა. მწვალებელთა ამ თავყრილობამ, რომელსაც თვით იმპერატორმაც დაუჭირა მხარი, ტახტიდან ჩამოაგდო და ხარისხი აჰყარა მართლმადიდებლობის ერთგულ დამცველს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფლაბიანეს.

დაქვრივებული კათედრა წმიდა ანატოლიმ დაიჭირა და გაბედულად შეუდგა ბრძოლას მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის დასაცავად. უკვე 450 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე ნეტარმა მღვდელმთავარმა დაგმო ევტიქისა და დიოსკორეს ერეტიკული სწავლებანი. დევნილობაში აღსრულებული აღმსარებელი პატრიარქი - ფლაბიანე წმიდანად შეირაცხა, მისი ნეშტი კი დედაქალაქში გადაასვენეს.

მომდევნო, 451 წელს პატრიარქ ანატოლის მონაწილეობით ქალაქ ქალკედონში შედგა IV მსოფლიო კრება, რომელმაც ქრისტოლოგიური დოგმატის ამომწურავი სარწმუნოებრივი განსაზღვრება დაადგინა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით.

314
სამება

საეკლესიო კალენდარი: 1 აგვისტო

220
(განახლებულია 08:33 01.08.2021)
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია1 აგვისტოს ღირსი მაკრინას - ბასილი დიდის დის, ღირსი დიოსის და ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნას აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ღირსი მაკრინე - და ბასილი დიდისა

ღირსი მაკრინე წმიდა მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის  და, კაბადოკიაში დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში.

თორმეტი წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე საქმრო გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნეტარმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაემარხა ქალწულება, თუმც მრავალი დიდებული ჭაბუკი სთხოვდა ხელს.

მამის სიკვდილის შემდეგ მაკრინე ერთგულად ამოუდგა დედას მხარში: ნუგეშს სცემდა დაქვრივებულს, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას, უკანასკნელი მხევალივით აღასრულებდა ყოველგვარ საქმეს, ზრუნავდა და-ძმების აღზრდა-განათლებასა და ზნეობრივ სრულყოფაზე.

როცა მაკრინეს დები გათხოვდნენ, ძმები კი სამოღვაწეო სარბიელზე გამოვიდნენ, წმიდა ქალწულმა დედა ამსოფლიდან განდგომაზე დაითანხმა. ემილიამ მონა-მხევლები გაათავისუფლა, მცირეოდენი ქონება დაიტოვა და ასულთან ერთად პონტოში, მდინარე ირისეს ნაპირას, ბასილი დიდის სამოღვაწეო ადგილის სიახლოვეს მდებარე საოჯახო მამულს მიაშურა.

 დედა-შვილს თან გაჰყვა ზოგი მხევალთაგანი, რომელთაც მათი დატოვება არ ისურვეს, და რამდენიმე კეთილმსახური ქალი. აქ ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ, კრძალულად ცხოვრობდნენ, ერთად ლოცულობდნენ, ერთად შრომობდნენ, სწავლობდნენ წმიდა წერილს, ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ერთმანეთისგან არაფრით განირჩეოდნენ და გულმოდგინედ ემორჩილებოდნენ თავიანთ წინამძღვარს.

წმიდა მაკრინეს ლოცვებით მრავალი სხვა სასწაულიც აღესრულებოდა: შიმშილობის დროს ხორბალი მრავლდებოდა, ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან მსწრაფლ იკურნებოდნენ. წმინდანს ჰქონდა დაფარულის განჭვრეტისა და წინასწარხედვის ნიჭიც.

წმიდა ემილია ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. ცხრა წლის შემდეგ კი სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა ნეტარი მაკრინეც. სიკვდილის წინ იგი ძმამ - გრიგოლ ნოსელმა მოინახულა.

ღირსი დიოსი

ღირსი დიოსი სირიის ანტიოქიაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. სიყმაწვილიდანვე იგი თავშეკავებით გამოირჩეოდა, ღამეებს ათევდა დაუცხრომელ ლოცვაში... ამგვარი ღვაწლისთვის დიოსს უვნებლობა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.

უფალი ჩვენებით გამოუჩნდა ნეტარს და უბრძანა, კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. დიოსი ქალაქგარეთ, ერთ უდაბურ ადგილას დამკვიდრდა.

ადგილობრივმა მკვიდრებმა სიარული დაიწყეს რჩევა-დარიგებისა თუ სულიერ და ხორციელ სნეულებათა კურნების სათხოვნელად. ისიც ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, შემოწირულობებს კი გლახაკებს, მწირებსა და დავრდომილებს უნაწილებდა.

ხმამ წმიდა დიოსის შესახებ იმპერატორ თეოდოსი უმცროსამდე (408-450) მიაღწია და იგი კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ატიკესთან (406-425) ერთად ჩავიდა წმიდანთან ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. იმპერატორმა ისურვა, რომ ნეტარი მამის მოღვაწეობის ადგილას მონასტერი მოეწყოთ და მის ასაგებად სახსრებიც გაიღო. პატრიარქმა დიოსი მღვდლად აკურთხა და იღუმენად დაადგინა. მალე წმიდანის ირგვლივ მრავალრიცხოვანი საძმო შეიკრიბა.

ღრმა მოხუცებულობაში ნეტარი მძიმედ დაავადდა. როცა ძალები სრულიად გამოეცალა, ის გამოემშვიდობა საძმოს, ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე, სულის ამოხდომასღა ელოდა. მაგრამ უეცრად სულთმობრძავი მხნედ წამოდგა და განაცხადა, რომ უფალმა კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე უბოძა. წმიდა დიოსმა, მართლაც, კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა. ღირსი დიოსი თავისსავე მონასტერში დაკრძალეს (+დაახლ. 430 წელს).

ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნა

ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში მოღვაწე წმიდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს. ანგელოზებრივ სიწმიდეს მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს. 1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და სამასი ათასამდე მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ მოვლენას მრავალი ნიშ-სასწაული და კურნება ახლდა თან.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

220
თემები:
საეკლესიო კალენდარი
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 31 ივლისი

175
(განახლებულია 06:45 31.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 ივლისს ღირსმოწამე კოზმა ხუცესმონოზონის, მოწამე ემელიანეს, მოწამე იაკინთე ამასტრიდელის,ღირსი პამვა მეუდაბნოის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

 წმინდა კოზმა ხუცესმონაზონი

წმიდა. მამა მოღვაწეობდა მე–16 საუკუნეში. დავით გარეჯის მონასტერში. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ შემონახულა. ანტონ კათალიკოსი გადმოგვცემს, რომ იყო: „კაცი უმანკო, წრფელი, კეთილმწიგნობარი, შუენიერი მეფსალმუნე, "სიბრძნით გამომთქმელ, წერილთ ჯეროვან ავქსო", თან ამბობს, ჩემს სიყმაწვილეში მინახავსო, დედაჩემთან სტუმრად მოსულიო.

წმინდა მამას დაუწერია „შესხმა ქეთევან დედოფლისა" რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

პლატონ იოსელიანის ცნობით, კოზმან ხუცეს–მონაზონი შეუპყრიათ უდაბნოს დასარბევად მოსულ ლეკებს და უწამებიათ (+1630).

მოწამე ემელიანე

წმინდა მოწამე ემილიანე იმპერატორ იულიან განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი.

წმიდა მოწამე იაკინთე ამასტრიდელი

წმიდა მოწამე იაკინთე ქალაქ ამასტრიდაში მცხოვრებ კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. ახალშობილს სახელი სასწაულებრივ გამოცხადებულმა ანგელოზმა დაარქვა. ჩვილი სამი წლისა იყო, როცა უფალმა მისი ლოცვით მიცვალებული ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამის შემდეგ ორივე ყმაწვილი ერთად იზრდებოდა, ერთად იღვწოდნენ კეთილმსახური ცხოვრებით. ერთხელ წმიდა იაკინთემ იხილა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს ხეს წარმართები და, მათი გონების სიბრმავით გულშეძრულმა, ხე მოჭრა. ამისთვის უღმრთოებმა იგი სასტიკად აწამეს: კბილები ჩაუმსხვრიეს, ბაწრებით გაკოჭილი ათრიეს, და ბოლოს, საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც შეჰვედრა კიდეც სული უფალს (+არა უგვიანეს IV ს).

ღირსი პამვა მეუდაბნოე

ღირსი პამვა, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია: როცა ამსოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა.

წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. მთელი დღეების მანძილზე იგი ხელსაქმით იყო დაკავებული - ჭილობებსა და კალათებს წნავდა. მუშაობის დროს მისი გონება განუწყვეტლივ ლოცვითა და ღვთის განგებულებაზე ფიქრით იყო დაკავებული და სულ უფრო და უფრო ნათდებოდა ღვთაებრივი სიბრძნით. ღირსი მამა თბილად ხვდებოდა მისგან რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და ცდილობდა, გულმოწყალება და მოყვასის სიყვარული ჩაენერგა მათთვის. თავმდაბალი მოსაგრე არ ენდობოდა საკუთარ გონებას. ხშირი იყო შემთხვევები, როცა იგი მოსულებს ეუბნებოდა: „მე ჯერაც არ ვუწყი პასუხი თქვენს შეკითხვაზე“, ლოცვისთვის განმარტოვდებოდა და ზოგჯერ რამდენიმე დღის შემდეგ აკმაყოფილებდა მომსვლელთა სურვილებს.

ღირსმა მამამ სამოცდაათი წელი დაჰყო ამქვეყნად. პიმენი დიდის (ხს. 27 აგვისტოს) სიტყვებით, მის ცხოვრებაში სამი რამ იყო საცნაური: გამუდმებული მარხვა, მდუმარება და ხელსაქმე. მიუხედავად დაუცხრომელი მოშურნეობისა და სულიერების მწვერვალზე ამაღლებისა, მიცვალების წინ ნეტარმა მოწაფეებს ასე მიმართა: „ისე მივდივარ უფალთან, თითქოს ჯერ მის მსახურებას არც შევდგომოდე“.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

175
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ნაკადული

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აგვისტო

0
(განახლებულია 11:44 01.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 2 აგვისტოა, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

მტკიცე მოქმედებებისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა. დღის პირველ ნახევარში უარი უნდა თქვათ ავანტიურებზე, გაუთვალისწინებელ ხარჯებზე და წამიერ სურვილებზე აყოლაზე. ნაშუადღევს მთვარე ტყუპის ნიშანში გადავა, რაც გაააქტიურებს საინფორმაციო ფონს, მოვლენებს დინამიკას შემატებს, მოაგვარებს კონსტრუქციულ და საინტერესო ურთიერთობებს, მაგრამ, ამავე დროს, შექმნის წინაპირობებს ქაოსის, არათანამიმდევრულობისა და კონფლიქტურობისა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო>>

ვერძი: დღის დასაწყისში მოსალოდნელია დამატებითი ხარჯები. ნაშუადღევს სიახლეებისა და ერთგვარი ქაოსის დრო დადგება, როდესაც შესაძლოა სასწრაფო მივლინება გახდეს საჭირო. პრობლემები შეიძლება შეიქმნას თეორიიდან პრაქტიკაზე ან სიტყვიდან საქმეზე გადასვლის დროს. ყურადღებით უნდა მოემზადოთ მგზავრობისთვის: დააზუსტოთ მარშრუტი, შეამოწმოთ ტექნიკური ნაწილი, არ დაგავიწყდეთ საჭირო დოკუმენტები და სხვ.

კურო: დღე თქვენთვის, შესაძლოა, ემოციური ეიფორიით ან თავისუფლების ილუზიით დაიწყოს. მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ თვითნებობას, რომლებსაც თქვენი კარიერის გაფუჭება ან დაზარალება შეუძლია. არ ღირს დიეტის დარღვევა. მიმდინარე საქმეებს ნაშუადღევს შეუდექით და ამასთან, გააორმაგეთ ყურადღება, დააზუსტეთ მცირე დეტალებიც კი. თუ ამ ყველაფერს არასერიოზულა შეხედავთ, მოსალოდნელია დასანანი პრობლემები.

ტყუპი: გააქტიურება ნაშუადღევს სჯობს. გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტიული, მაგრამ არეული დროა და ყველა გზა უპრობლემო არ იქნება. განსაკუთრებით რთული იქნება ხელით შესასრულებელი სამუშაო, ყოფითი საკითხების მოგვარება, სარემონტო, სამკურნალო პროცედურები. უნდა მოერიდოთ გაღიზიანებას. ურთიერთობებში, სწავლასა და ინტელექტუალურ სამუშაოზე სასურველია უჩინარი ზონების შემჩნევა და ასევე მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ ილუზიებს.

კირჩხიბი: მოგაკლდებათ თავდაჯერებულობა და სათანადოდ ვეღარ გააკონტროლებთ გარემოებებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით გადადოთ მნიშვნელოვანი წამოწყებები და არ მიიღოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები. დილით მოსალოდნელია ფინანსური სიურპრიზები ან იმის გაცნობიერება, რომ მატერიალური მომავალი გაურკვეველია. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გარემოცვის, ვითარების ან საინფორმაციო ფონის ტყვე შეიქმნათ.

ლომი: დილის საათებში, სჯობს, არაფერი გააკეთოთ. ვარსკვლავების ამბობენ, რომ ეს არახელსაყრელი დროა პირად ინტერესებში შემავალი წამოწყებებისთვის, განსაკუთრებით ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა თატბირებისა და არაფორმალური საუბრებისთვის, მაგრა, გართულკდება პრაქტიკული ამოცანების, პირველ რიგში, საქმიანი და ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. აახელსაყრელია საყიდლებზე წასვლა.

ქალწული: იმისთვის, რომ რაც გაქვთ, ის შეინარჩუნოთ, ზედმეტობასა და ჭარბ მოთხოვნებს უნდა მოერიდოთ. საპასუხისმგებლო მომენტი შუადღის შემდეგ დადგება. გაიზრდება შეცდომების, კონფლიქტებისა და გაუგებრობების რისკი, მათ შორის პროფესიული და ბიუროკრატიული კუთხით. ზოგჯერ სიტუაციას თავად დაძაბავთ და გაამწვავებთ (განსაკუთრებით აგვისტოში დაბადებული ქალწულები). დაგაზიანებთ არათანამიმდევრულობა, არაორგანიზებულობა.

სასწორი: თქვენთვის განსაკუთრებით სარისკო იქნება დღის დასაწყისი – ესაა საბედისწერო შეცდომების დრო, რომლებსაც არაერთი ზედმეტი პრობლემის მოტანა შეუძლია. მნიშვნელოვანი კონტაქტები, სწავლა და მუშაობა, სჯობს, დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ – ამ დროს სერიოზული დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის. მაგრამ მაინც აჯობებს, მოერიდოთ კონკრეტულ, თუნდაც მცირე ქმედებებს. ეს განსაკუთრებით მგზავრობას ეხება.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები არ წყალობენ თქვენს მთავარ სურვილებს. მოგიწევთ მცირე წარმატებებით დაკმაყოფილება. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ადრე დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროთ (სიყვარულში, საქმეებსა და ფინანსებში). ამაში დღის მეორე ნახევარი დაგეხმარებათ, რომელიც საკმაოდ ინფორმატიული იქნება, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ დეტალებს დროულად მიაქციოთ ყურადღება.

მშვილდოსანი: დილით უნდა მოერიდოთ სამეურნეო, ფინანსურ და სამედიცინო ექსპრომტებს. პატარა ხარვეზსაც კი მთელი დღით თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია. ნაშუადღევს გამორიცხეთ წამოწყებები საკუთარი ინიციატივით და ყურადღებით იყავით – არ აჰყვეთ სხვა ადამიანების წაქეზებას აქტიურობაზე. ეს კარგი დროა დიალოგებისა და ვიზიტებისთვის, მაგრამა არა მოქმედებების (თანამშრომლობა, მკურნალობა და ა.შ.) დაწყებისთვის.

თხის რქა: დილით გონივრულად ზომიერი უნდა იყოთ. თუ იმპულსს აჰყვებით, დაიმატებთ ზედმეტ საზრუნავს, შეიძლება დღესვე იგრძნოთ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის პირველი ნიშნები, მაგალითად, შეუძლოდ გახდეთ ან ტექნიკური პრობლემები წარმოიშვას. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რასაც ყველაზე იღბლიან მიმართულებებშიც კი დაბრკოლებების შექმნა შეუძლია.

მერწყული: ზედმეტობას ყველაფერში მოერიდეთ – მისი შედეგი ახლავე ან ახლო მომავლში აისახება. ყოველგვარი წამოწყება დილით ავანტიურის ელფერს შეიძენს და პრობლემებს უფრო მოგიტანთ, ვიდრე კომფორტს. უფრო ჰარმონიული იქნება დღის მეორე ნახევარი. ამ დროს დაგიბრუნდებათ თვითკონტროლი და გამძაფრდება ანალიტიკური უნარები. ესაა ლოგიკური სისტემური აზროვნებისა და კონსტრუქციული საუბრების დრო.

თევზები: გადადეთ მნიშვნელოვანი წამოწყებები. დაუმთავრებელი საქმეები დილით დაასრულეთ და არ აჰყვეთ ცდუნებას იმისა, რომ ჩანაფიქრზე მეტი გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარში შემოიფარგლეთ მხოლოდ ლაპარაკით და მოქმედებებისგან თავი შეიკავეთ. არ იჩქაროთ რემონტის დაწყება, სახლში სამუშაოების შესრულება, პრაქტიკული დახმარების, სამედიცინო ან სხვა სასარგებლო მომსახურების მიღება.

0