სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 12 ივლისი

243
(განახლებულია 19:38 11.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია12 ივლისს დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს–პეტრე–პავლობას აღნიშნავს.

ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს. ესენი  არიან - წმ. პეტრე და პავლე,  ისინი თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა მოციქული პეტრე

წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან

ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი“.

საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“. იესომ მიუგო: „ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას

ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: „თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ უპასუხა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. ამაზე უფალმა მიუგო: „ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ ამ სიტყვებით „კლიტენი“ და „შეკვრისა და გახსნის“ უფლება მიენიჭა „თავკიდურ ლოდზე“ - ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას და არა ერთ ადამიანს). პეტრე, მისი ფიცხი ხასიათისა და დიდი მოშურნეობის გამო, ადამიანურ სისუსტეებსაც ხშირად ავლენდა ხოლმე.

უკანასკნელი პასექის დროს განკაცებულმა ღმერთმა მოწაფეებს ამცნო: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. პეტრემ განაცხადა: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. უფალმა მიუგო: „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე“

ოცდაათ ვერცხლად გაყიდული უფალი, მართლაც, იმავე ღამეს შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და კაიაფას მიჰგვარეს. მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: „ესეცა მის თანა იყო“, ის კი იფიცებოდა: „არა ვიცი კაცი იგი“. როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, „მეყსეულად. ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს“. მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“. სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.

უფალმა არ დააგდო საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს, და მიმართა: „სჳმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ პეტრემ მიუგო: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“, - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფოდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება ამიერიდან პეტრე ღვთის სიტყვის მხურვალე მქადაგებელი და პირმეტყველ ცხოვართა ერთგული მწყემსი შეიქნა.

წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.

წმიდა მოციქული პავლე

წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა; მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი შეიქნა.

სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“

იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი „მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ“ დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ ნათლით გამო მოისმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ იესუმ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულმა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა.

ამის შემდეგ უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.

სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა.

უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: „წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა“. ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.

პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც „ახალი აღთქმის“ წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და „საქმე მოციქულთას“ ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

243
ანჩისხატი

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატის გადაცემას ითხოვს

75
(განახლებულია 21:22 03.08.2021)
კათოლიკოს-პატრიარქი იმედოვნებს, რომ ანჩისხატის დაცვას ეკლესია სახელმწიფოსთან ერთობლივად უზრუნველყოფს, რაც ორი უწყების თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს და ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს.

„ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ხატისთვის ანჩისხატის ეკლესიაში უკვე დამზადებულია სპეციალური ვიტრინა.

„ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც“, – ნათქვამია წერილში.

როგორც პატრიარქი აცხადებს, წელს ეკლესია ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავს აღნიშნავს და ხელისუფლების მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი.

წლების განმავლობაში ანჩისხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება. ის მუზეუმის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია და სპეციალურად აღჭურვილ ოთახშია მოთავსებული.

თუმცა, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან უნდა დაიწყოს და შენობა ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში სრულად უნდა დაიცალოს. გუდიაშვილისა და პუშკინის ქუჩებზე მდებარე ძველი შენობა მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრების, დეფორმაციების, ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისა და რღვევების გამო სავალალო მდგომარეობაშია.

კულტურის სამინისტროს გეგმის მიხედვით, მუზეუმის ფონდების უსაფრთხო განთავსებისთვის ახალ შენობაში ჩატარდება რემონტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კოლექციების გადატანა. 2021 წლის სექტემბერში მუზეუმიდან პირველ რიგში გაიტანენ ქსოვილებისა და ნაქარგების კოლექციას, ხოლო ყველაზე ბოლოს – მუზეუმის ოქროს ფონდს.

75
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 3 აგვისტო

140
(განახლებულია 11:01 03.08.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 3 აგვისტოს წინასწარმეტყველ ეზეკიელის, ასევე სვიმეონის, ქრისტესთვის სალოსის და იოანეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წინასწარმეტყველი ეზეკიელი

წინასწარმეტყველი ეზეკიელი ქრისტეს შობამდე დაახლოებით ექვსასი წლით ადრე, იუდეველთა მეფე ოზიას დროს დაიბადა ქალაქ სარირში. იუდეური გადმოცემის მიხედვით, იგი იერემია წინასწარმეტყველის მსახური ყოფილა და მისივე მსგავსად მღვდელმსახურთა შთამომავალი. ცნობილია, რომ მამამისს ვუზი ერქვა, ჰყავდა ცოლიც, რომელიც მისთვის დიდ ნუგეშს წარმოადგენდა, მაგრამ ეზეკიელის წინასწარმეტყველად მოწოდებიდან ოთხი წლის შემდეგ იგი უეცრად გარდაიცვალა. წინასწარმეტყველი ოცდახუთი წლის ასაკში მეფე იექონიასთან და სხვა თანამემამულეებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს ტყვედ. ტყვეობაში იგი მესოპოტამიაში, მდინარე ქობართან სახლობდა. სწორედ აქ ჰქონდა მას პირველი სასწაულებრივი ჩვენება.

ეზეკიელმა ბაბილონელთა ტყვეობაში მყოფ ისრაელებს აუწყა იმ განსაცდელების შესახებ, რომელიც ურჩობისთვის სასჯელად დაატყდებოდა მათ თავს; უწინასწარმეტყველა უმჯობესი ჟამის დადგომაც - ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება და იერუსალიმის ტაძრის აღდგენა... წინასწარმეტყველის ოცწლიანი მოღვაწეობის შედეგს მის მიერ დაწერილი, ორმოცდარვა თავისაგან შემდგარი წიგნი წარმოადგენს, რომელსაც ნეტარი იერონიმე ღვთაებრივი საიდუმლოებების ოკეანეს უწოდებს.

ნეტარი ეზეკიელი მოწამეობრივად აღესრულა: ერთ-ერთი ებრაელი მთავრის მხილებისათვის იგი გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაფლითეს. წინასწარმეტყველის წმიდა ნაწილები კეთილმსახურმა ებრაელებმა შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.

ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და იოანე, თანამმარხველი მისი

ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და მისი თანამმარხველი იოანე, სირიელები იყვნენ და ქალაქ ედესაში ცხოვრობდნენ VI საუკუნეში. ისინი სიყრმიდანვე გულწრფელად მეგობრობდნენ. უფროსი - სვიმეონი უცოლო იყო და უკვე ხანში შესულ დედასთან ერთად ცხოვრობდა, ახალდაოჯახებულ იოანეს კი მამა და ახალგაზრდა მეუღლე ჰყავდა შინ. როცა სვიმეონს - ოცდაათი, იოანეს კი ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მათ წმიდა ქალაქ იერუსალიმში იმოგზაურეს. წმიდა ადგილების მოლოცვამ და იქაურ მონასტერთა სიმრავლემ მათში ბერული მოღვაწეობის სურვილი გააღვიძა. მეგობრებმა შინ გაუშვეს მსახურები, თვითონ კი მდინარე იორდანეს სანაპიროზე გაშენებული მონასტრებისკენ გაემართნენ. სვიმეონმა და იოანემ ღმერთს შესთხოვეს, მიენიშნებინა, რომელი სავანე აერჩიათ და გადაწყვიტეს, იმ მონასტერში შესულიყვნენ, რომლის კარებიც ღია დახვდებოდათ. ამ დროს უფალმა ერთ-ერთი სავანის იღუმენს, ნიკონს ძილში ამცნო, გაეღო მონასტრის კარები. წმიდა მეგობრები მიადგნენ მონასტრის ღია კარებს. ღვთის ნებით წინამძღვარმა სიხარულით მიიღო ისინი. საღვთო შურით ანთებული მეგობრები მონასტრულმა ცხოვრებამ ვერ დააკმაყოფილა: მათ აღეძრათ სურვილი, უდაბნოს სიღრმეში შესულიყვნენ და იქ ეღვაწათ განმარტოებით. იღუმენ ნიკონს ღმერთმა განუცხადა თანამოღვაწეთა  განზრახვა: სწორედ იმ ღამეს, როცა ისინი სავანის დატოვებას აპირებდნენ, კვლავ გააღო კარიბჭე, შემდეგ მათთან ერთად ილოცა და მძიმე ღვაწლს შემდგართ ლოცვა-კურთხევა გააყოლა.  უდაბნოში მოღვაწეებმა  29 წელზე მეტი დაჰყვეს.

სვიმეონს, უფლის ნებით, დაებადა აზრი, რომ ისინი მოყვასის სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ, რისთვისაც აუცილებელი იყო ერში გასვლა; მაგრამ წმიდა იოანემ ჩათვალა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ამაღლებული უვნებლობის ამ ხარისხამდე და ამიტომ უდაბნოს ვერ დატოვებდა. სვიმეონი იერუსალიმისკენ გაეშურა და თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ საფლავსა და სხვა სიწმიდეებს.

წმიდა მამამ ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი ირჩია. ქალაქ ემესაში ჩასული ნეტარი შეშლილივით იქცეოდა, უცნაური საქციელის გამო მრავალთაგან ითმენდა დაცინვას, ლანძღვა-გინებას, გვემას... მაგრამ თავის შეურაცხმყოფელთათვის უამრავ სიკეთეს აკეთებდა: ეშმაკებს განასხამდა, სნეულებს კურნავდა, უეცარი სიკვდილისაგან იცავდა განსაცდელში ჩავარდნილთ, ურწმუნოებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცევდა, ცოდვილებს კი - სინანულად... გამოგონილი სისულელის საფარქვეშ აღსრულებული ამ სასწაულებისა და ქველისსაქმეების სანაცვლოდ იგი არც ქებას ღებულობდა და არც მადლობის სიტყვას.

გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე სვიმეონი ქალაქიდან გაუჩინარდა. ედესელმა მდაბიოებმა, რომლებიც მეგობრობდნენ წმიდანთან, ქოხში მიაკითხეს მას და იქვე ნახეს აღსრულებული. სწორედ მათ მიაგეს უკანასკნელი პატივი უფლის სათნომყოფელს: საეკლესიო გალობის გარეშე წაასვენეს იგი მწირთა და უსახლკაროთა სასაფლაოზე და მიაბარეს მიწას. მალე უდაბნოში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს ღირსმა იოანემაც.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

140
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

0
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

0