საპატრიარქო

საპატრიარქო „თბილისი პრაიდის“ მარშის პარალელურად შეკრებას აანონსებს

87
(განახლებულია 18:06 03.07.2021)
საპატრიარქოში თვლიან, რომ „თბილისი პრაიდი“ მომავალი თაობის ცნობიერებაზე მოქმედებს და ქვეყანაში არეულობას იწვევს, რაზეც პასუხიმგებლობა აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს ეკისრებათ.

თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო 5 ივლისს 17:00 საათზე „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად ქაშუეთის ტაძართან შეკრებას აანონსებს, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები, რომელიც დაგვირგვინდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".

„შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ მათ 29 ივნისს განცხადებით მიმართეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოების ხელმძღვანელებს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისგან.

„ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

საპატრიარქოში თვლიან, რომ „პრაიდის“ მიზანი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდაა, რაც მომავალი თაობის ცნობიერებას აზიანებს და მოსახლეობაში არეულობას იწვევს.

ზურაბიშვილი: „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი >>

ღონისძიებების წინააღმდეგ და მათი აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან ასევე კონსერვატიული რადიკალური ორგანიზაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკუთარი ძალებით ღონისძიების ჩაშლას აპირებენ.

ამასთან, ლგბტ-თემის დაცვის კვირეულმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. ღონისძიებებს მხარს უჭერენ ასევე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი.

87
სტეფანწმინდა შებინდებისას

საეკლესიო კალენდარი: 29 ივლისი

215
(განახლებულია 06:59 29.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივლისს მღვდელმოწამე ათინოგენე და ათთა მოწაფეთა მისთა, მოწამეთა: პავლეს, ალევტინას და ქიონიას, მოწამე ანტიოქე მკურნალის და მოწამე იულია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი

მღვდელმოწამე ათინოგენე და მისი ათი მოწაფე  ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. 

მმართველ ფილომარქსს მოახსენეს  ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარიც დააპატიმრეს.  ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.

წმინდა ათინოგენე საქართველოში და (სომხეთში) ძალიან პოპულარული ყოფილა და მის პატივსაცემად გამართული სახალხო დღესასწაული დაარსებული უნდა იყოს III-IV სს. მიჯნაზე. იგი განეკუთვნებოდა მოძრავ დღესასწაულთა ციკლს და იმართებოდა 98-ე დღეს.

ეს დღესასწაული დღესაც იმართება საქართველოს მთაში(ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ხევი). ხევსურეთში მას "ათენგენობას" ეძახიან, თუშეთში – "ათინგენობას", ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც ეს დღეობა იმართება. რაჭაში, სოფელ გლოლის დასავლეთით, ტყეში, წმ. გიორგის პატარა ეკლესია ყოფილა. იგი შხელის სახელით იყო ცნობილი. შემოდგომას, ნოემბერში აქ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელსაც ხალხი ათენგენობას უწოდებდა.

წმიდა მოწამე პავლე და მასთან ორნი დანი - ალევტინა (ვალენტინა) და ქიონია

წმიდა მოწამენი პავლე, ალევტინა და ქიონია ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმინეს (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნისას ისინი შეიპყრეს, ჯერ მძიმე სამუშაოები მიუსაჯეს ქვის სამტეხლოებში, შემდეგ კი პალესტინის კესარიაში წაიყვანეს ქრისტეს სხვა აღმსარებლებთან ერთად. სამსჯავროზე უსჯულოებმა ვერ შეძლეს, მოედრიკათ ღვთის რჩეულები, გამხეცებულებმა, ენით აუწერელი სატანჯველებით აწამეს ისინი, ბოლოს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. დები - ალევტინა და ქიონია ცეცხლში დაწვეს, პავლეს კი თავი მოჰკვეთეს (+308).

წმიდა მოწამე ანტიოქე მკურნალი

წმიდა მოწამე ანტიოქე სებასტიელი მკურნალი იყო. იგი ქრისტიანობაზე ძმამ - წმიდა პლატონმა მოაქცია. როცა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ანტიოქე ჯვარცმული ღმერთის მოსავი იყო, სამსჯავროზე უხმეს და საშინლად აწამეს. მტარვალებმა მდუღარე წყალში ჩააგდეს ნეტარი, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ისინიც თვინიერად გაუწვნენ ფეხთით... მოწამის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა, ბოლოს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს უფლის რჩეულს.

წმიდა მოწამე იულია ქალწული 

წმიდა მოწამე იულია ქალწული კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.

ერთხელ იულიას ბატონი გალიაში გაემგზავრა სავაჭროდ და წმიდა ქალწულიც თან გაიყოლა. როცა ხომალდი კუნძულ კორსიკას მიადგა, ვაჭარი წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ნაპირზე გადავიდა, იულია კი გემზე დარჩა. კორსიკელებმა შეიტყვეს, რომ სტუმრებს ქრისტიანი ქალწული ახლდა თან და მისი შესყიდვა ისურვეს, მაგრამ ბატონმა ვერ დათმო ერთგული მხევალი. მაშინ უღმრთოებმა დაათვრეს ვაჭარი და მისი მხლებლები. როცა მათ ჩაეძინათ, იულია გემიდან ჩაიყვანეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს. ნეტარმა უსჯულოთა მოთხოვნის შესრულებაზე მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს იგი: გვემდნენ, თმებს გლეჯდნენ, სხეულს უსერავდნენ... ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

215
თემები:
საეკლესიო კალენდარი
კვირიკესა და ივლიტას ხატი

საეკლესიო კალენდარი: 28 ივლისი

235
(განახლებულია 07:48 28.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამების, ასევე მოწამეთა: კვირიკეს და ივლიტას, მოწამე აბუდიმეს, მოციქულთა სწორი ვლადიმერის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა

ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.

მსოფლიო კრებებს, ჩვეულებრივ, ეკლესიაში მართლმადიდებლური სწავლებისა დასამტკიცებლად და ერესის სამხილებლად იწვევდნენ. ამ კრებებზე სულიწმიდის კარნახით გაცხადებული და ფორმულირებული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი - დოგმატები მტკიცე ზღუდედ არტყია მართლმადიდებლობის სიწმიდეს.

გარდა დოგმატური საქმიანობისა, წმიდა კრებების მამები დაუცხრომლად იღვწოდნენ საეკლესიო დისციპლინის განმტკიცებისთვისაც. როგორც ცნობილია, ადგილობრივი კრებები ადგენდნენ თავიანთ წესებს პრაქტიკულ საკითხებზე ეკლესიის სახელმძღვანელოდ.

მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობა მოითხოვდა ერთობას კანონიკურ პრაქტიკაშიც, ესე იგი უმთავრესი კანონიკური ნორმების დადგენას და დამტკიცებას მსოფლიო კრებების მამათა მიერ. ამგვარი ნორმები დგინდებოდა ყოველ მსოფლიო კრებაზე, გარდა V და VI კრებებისა, რომლებზეც მხოლოდ დოგმატური საკითხებით იყვნენ დაკავებულნი.

ექვსი მსოფლიო კრების მიერ ნაკურთხი საეკლესიო კანონები დაედო საფუძვლად სჯულისკანონს (787 წლის VII მსოფლიო კრების, აგრეთვე კონსტანტინოპოლის 861 და 879 წლების ადგილობრივი კრებების კანონები მათ მოგვიანებით, ფოტიოსის დროს დაემატა), რომელიც წარმოადგენს მადლმოსილ კანონიკურ ნორმას, გამოსაყენებელს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიათა პრაქტიკაში.

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა 

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ - ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.

უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.  ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.

წმიდა მოწამე აბუდიმე

წმიდა მოწამე აბუდიმე ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ტენედოსზე დაიბადა. ნეტარი უსჯულო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს აღესრულა ქრისტესთვის.

მოციქულთასწორი ვლადიმირი

მოციქულთასწორი ვლადიმირი (წმიდა ნათლისღებით - ბასილი) ნეტარი ოლღას შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა - სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ტყვექმნილი ასული - გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა - თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით 960 წელს ქვეყნის მომავალი განმანათლებელი.

ვლადიმირი ნათლისღებამდე სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა. 978 წელს მან ცბიერებით ჩაიგდო ხელთ კიევის სამთავრო, ძმა - იაროპოლკი კი სიცოცხლეს გამოასალმა. უსჯულო მთავარი სრულ თავისუფლებას აძლევდა ვნებებს და, ამასთან, თავგამოდებული კერპთმსახურიც იყო: თავისი სასახლის მახლობლად, მაღალ მთაზე მან პერუნის ახალი, ვერცხლისთავიანი ქანდაკი დაადგმევინა. სწორედ ვლადიმირის ბრძანებით შესწირეს პერუნს მსხვერპლად თეოდორე ვარიაგი და მისი ძე იოანე, მაგრამ,  უფალმა ბოროტს დამონებული მთავარი თავის რჩეულ ჭურად გამოარჩია: ვლადიმირი დაეჭვდა ხელით ქმნილი ღვთაებების ძლევამოსილებაში და ჭეშმარიტ ღმერთს დაუწყო ძიება.

როცა ხმა გავარდა, რუსეთის მთავარი სარწმუნოების გამოცვლაზე ფიქრობსო, მისკენ გაემართნენ სხვადასხვა სჯულის მქადაგებლები. მთავარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბერძენმა ბერმა.

მთავარმა ვლადიმირმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მართლმადიდებლური წესით მონათლულიყო, მაგრამ, როგორც წარმართს, დამამცირებლად მიაჩნდა, თხოვნით მიემართა ბიზანტიელთათვის; ამიტომ ერთი წლის შემდეგ მან საბერძნეთზე გაილაშქრა და ბერძენ იმპერატორებს, ბასილისა და კონსტანტინეს შეუთვალა, თუ თქვენს დას - ანას არ მომათხოვებთ, კონსტანტინოპოლს დავიპყრობო.

 სამეფო ოჯახისათვის ბარბაროსთან ნათესაური კავშირი არ იყო სჯულისმიერი და სასურველი, მაგრამ მეამბოხე მხედართმთავრების - ბარდა სკლიაროსისა და ბარდა ფოკას შფოთით შერყეულ ქვეყანას ვლადიმირთან ბრძოლა ისეთ დიდ საფრთხეს უქმნიდა, რომ ბასილი და კონსტანტინე იძულებულნი გახდნენ, დამორჩილებოდნენ ვლადიმირის წინადადებას, პირობად კი ქრისტიანობის მიღება შესთავაზეს. ვლადიმირმა მიუგო: მე ისედაც დიდი ხანია, მომწონს თქვენი სარწმუნოება და გამომიგზავნეთო მეფის ასული.

მალე ხერსონში დიდებულებისა და ღვთისმსახურების თანხლებით ჩავიდა მეფის ასული ანა. 

გაქრისტიანებული მთავარი დაქორწინდა ანაზე და კიევში დაბრუნდა. მასთან ერთად კიევში ჩავიდნენ ბიზანტიიდან გაგზავნილი მიტროპოლიტი, ექვსი ეპისკოპოსი და მღვდელმსახურნი.

ღვთის სიყვარულით ანთებული მთავარი გაეყარა თავის მრავალრიცხოვან ცოლებს, თორმეტი ვაჟიშვილი კი ნათლობაზე დაითანხმა. მათ მრავალმა ბოიარმაც მიჰბაძა. შემდეგ ვლადიმირმა მთელი ქალაქის მცხოვრებლებს უხმო ნათლისღებისთვის: „ვინც ხვალ მდინარესთან არ მოვა - მდიდარი თუ გლახაკი, მდაბიო თუ მონა - ჩემი მტერი იქნება!“ მეორე დღეს ურიცხვი ერი მოადგა ნაპირებს. მიტროპოლიტმა აკურთხა მდინარის წყალი და შეუდგა ნათლობას... ეს მოხდა 988 წელს.

ამის შემდეგ მოციქულთასწორი მთავარი დაუცხრომლად იღვწოდა ქვეყანში მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად.  

სევდიანი იყო ნეტარი მოციქულთასწორის ცხოვრების დასასრული: მან სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამთავრო ძეებს. მათ შორის შფოთი ატყდა, გარეშე მტერიც შემოიჭრა ქვეყანაში და სრულიად მარტო დარჩენილმა მთავარმა 1015 წლის 15 ივლისს დაასრულა პავლე მოციქულის ცხოვრებას მიმსგავსებული მიწიერი ცხოვრება.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

235
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ვარლმ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე

საქართველოს ნაკრების მეექვსე დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები

0
ტოკიოს ოლიმპიადის მეექვსე დღეს ქართველი გულშემატკივრებისთვის დადებითი ემოციები არ მოუტანია. პრაქტიკულად ყველა ელოდა, რომ ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი მედალს აიღებდა, მაგრამ იმედები იმედებად დარჩა.

ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდო (-100 კგ)

Дзюдоист Варлам Липартелиани а Олимпиаде в Токио
photo : Georgian National Olympic Committee
ვარლმ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე (2016) ლიპარტელიანი, რომელმაც ვერცხლის მედალი აიღო, ტიროდა კვარცხლბეკზე. ტოკიოში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ ოქროს მედალს ელოდებოდა, და ამისათვის ყველა პირობა არსებობდა. მაგრამ ბედმა ყველაფერი სხვაგვარად განკარგა.

32 წლის ლიპოსთვის ტურნირი შესანიშნავად დაიწყო - ორი წმინდა მოგება ეგვიპტელ რამადან დარვიშთან და კანადელ შადი ელნაჰასთან. მაგრამ ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი იაპონელ ძიუდოისტ აარონ ვოლფთან დამარცხდა.

კიდევ არსებობდა ბრინჯაოს მედლის აღების შანსი, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანი რუს ნიაზ ილიასოვთან დამარცხდა.

ნინო სალუქვაძე - პისტოლეტით სროლა, 25 მ

Нино Салуквадзе на Олимпиаде в Токио
ნინო სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე

ტოკიოს თამაშებზე ნინო სალუქვაძე ერთხელ უკვე წარდგა, მაგრამ მისი შედეგი საუკეთესოსგან შორს იყო. სეულის ოლიმპიურმა ჩემპიონმა (1988) სუსტად იასპარეზა 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კვალიფიკაციაში და ფინალში მოხვედრა ვერ შეძლო.

სალუქვაძეს აქვს მედლის აღების მეორე შანსი - 25 მეტრიან დისტანციაზე სროლა სპორტული პისტოლეტით. პირველ კვალიფიკაციაში (სამი მისვლა ათ-ათი გასროლით) ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა დააგროვა 291 ქულა (94, 98, 99) და შემაჯამებელ ოქმში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მეორე კვალიფიკაცია (სწრაფი სროლა) 30 ივლისს შედგება. ორივე კვალიფიკაციის შედეგების ჯამის მიხედვით ფინალში რვა საუკეთესო მსროლელი მოხვდება. სპორტის ამ სახეობაში მედლები ამავე დღეს გათამაშდება.

30 ივლისს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარადგენს ოთხი სპორტსმენი: გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ესკერხან მადიევი (კრივი), სოფია შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) და ნინო სალუქვაძე.

0