ქრისტიანული ჯვარი

საეკლესიო კალენდარი: 10 ივნისი

269
(განახლებულია 07:48 10.06.2021)
მართლმადიდებელი ეკლესია10 ივნისს  ამაღლებას აღნიშნავს. ასევე დღეს არის ღირსი ნიკიტა აღმსარებლის, ქალდეკონელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე ევტიქის ხსნების დღე.

 

ამაღლება

მართლმადიდებლობაში თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. იდღესასწაულება აღდგომიდან მეორმოცე დღეს. იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“. აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.

საქართველოს მთიან რაიონებში ამაღლება ემთხვევა დიდ დღეობას, რომელიც საქონლის სოფლიდან ალპურ საძოვრებზე გადარეკვასთანაა დაკავშირებული. ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს წარმართულ სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებას, ბარაქიანობას და სხვა.

წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი

წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი (IX) VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული. ხატმბრძოლი ლეონ სომეხის (813-820) დროს წმიდანი თამამად ამხელდა ერეტიკოსებს. ამისთვის მრავალი დევნა დაითმიანა უსჯულო იმპერატორისა და მისი მიმდევრებისაგან. წმიდა აღმსარებელი გარდაიცვალა IX საუკუნის დასაწყისში.

მღვდელმოწამე ევტიქი მელიტინელი

მღვდელმოწამე ევტიქი მელიტინელი (I) წმიდა მოციქულთა თანამოსაგრე იყო. ქრისტესთვის აღესრულა ქალაქ მელიტინაში I საუკუნეში.

წმიდა მოწამე ელიკონიდა

წმიდა მოწამე ელიკონიდა (+244) ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ პერინიუსის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 244 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის ნეშტი.

მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი (VI-VII) ქრისტეს აღსარებისათვის ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. აღესრულა სასტიკი ცემისაგან. წმიდანისადმი მიძღვნილ კანონში ნათქვამია, რომ საპყრობილეში მას გამოეცხადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და წყლულებისაგან განკურნა. სხვა ცნობით, წმიდა ელადი აწამეს სპარსელებმა რომის იმპერიაზე თავდასხმის დროს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

269
ახალი ზარზმა

საეკლესიო კალენდარი: 17 ივნისი

90
(განახლებულია 17:01 16.06.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 ივნისს წმიდა  მიტროფანეს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქის, მოწამეთა: ფრონტასიოსის, სევერინეს, სევერიანეს და სილანეს,  მოწამე  კონკორდიოსის,  მღვდელმოწამე ასტის, ღირსი ზოსიმეს, ასევე ღირსი მართას და მარიამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დარატომ არიან კოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი 

წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+325-326) მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მისი მამა, დომენტი რომის იმპერატორის პრობის (276-282) ღვიძლი ძმა იყო. დომენტიმ შეიცნო წარმართული რელიგიის უძლურება და ირწმუნა ქრისტე. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო და წმიდანი თავის ორ ვაჟთან - პრობსა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გაიხიზნა, სადაც სიწმიდით გამორჩეული ეპისკოპოსის ტიტეს (242-272) ხელმძღვანელობით დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. ტიტემ, რომელიც ხედავდა თავისი მოწაფის საღვთო მოშურნეობასა და უფლის სადიდებლად მოღვაწეობის დაუცხრომელ სურვილს, მღვდლად დაასხა მას ხელი. ტიტეს სიკვდილის შემდეგ მღვდელმთავრის კვერთხი დომენტის გადასცეს (272-303), ამ უკანასკნელს კი საეპისკოპოსო ტახტზე მისი ვაჟები შეენაცვლნენ: ჯერ პრობი (303-315), შემდეგ კი - მიტროფანე (316 წელს).

ერთხელ ბიზანტიაში ჩასული იმპერატორი კონსტანტინე აღტაცებაში მოვიდა ქალაქის მშვენიერებითა და მოხერხებული ადგილმდებარეობით. მან იხილა სიბრძნით გაბრწყინებული მიტროფანეს წმიდა ცხოვრებაც და თან წაიყვანა იგი რომში. მალე კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიონში გადაიტანა და წმიდა მამაც დააბრუნა აწ უკვე სამეფო ქალაქში. 325 წელს არიოზის ერესის უარსაყოფად ნიკეაში შედგა I მსოფლიო საეკლესიო კრება. წმიდა იმპერატორმა კრების წმიდა მამებს შესთავაზა, პატრიარქად წმიდა მიტროფანე აერჩიათ და, ამგვარად, იგი შეიქნა კონსტანტინეპოლის პირველი პატრიარქი. უკვე ღრმად მოხუცი წმიდანი ვერ ესწრებოდა კრებას და თავის ნაცვლად ქორეპისკოპოსი ალექსანდრე გაგზავნა. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა წმიდა მამებთან ერთად მოინახულა ავადმყოფი პატრიარქი კონსტანტინე დიდის თხოვნით მან დაასახელა თავისი ღირსეული მემკვიდრე - ეპისკოპოსი ალექსანდრე და იწინასწარმეტყველა, რომ ამ უკანასკნელის შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდებოდა პავლე, რომელიც იმჟამად მედავითნედ მსახურობდა. პავლეს შემდეგ კი პატრიარქის ტახტს არქიდიაკონი ათანასე დაიკავებდა.

წმიდა მიტროფანე გარდაიცვალა დაახლოებით 326 წელს, 117 წლის ასაკში. მისი უხრწნელი ნაწილები განისვენებს კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში.

წმიდა მოწამენი: ფრონტასი, სევერიანი, სევერიანე და სილანი

წმიდა მოწამენი: ფრონტასი, სევერიანი, სევერიანე და სილანი (I) ქრისტესთვის ეწამნენ იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს. ისინი პეტრაგორიის ეპისკოპოსმა ფრონტონმა გაგზავნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად სამხრეთ გალიაში (დღევანდელ საფრანგეთში). ამ მხარის წარმართმა მმართველმა სკვირიდონმა შეიპყრო წმიდანები და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გამხეცებულმა სკვირიდონმა ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ აღმსარებლები, ძელებზე მიემსჭვალათ და თავში ლურსმნები ჩაერჭოთ ეკლის გვირგვინის მსგავსად, რის შემდეგაც მათ თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე კონკორდი

წმიდა მოწამე კონკორდი (II), ხუცეს გორდიანის ვაჟი, ქრისტეს სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით იზრდებოდა. რომის ეპისკოპოსმა პიუსმა იგი იპოდიაკვნად აკურთხა. შემდეგ, მამის ნებართვის, რომის მახლობლად თავის ნათესავ ევტიქისთან დასახლდა და ლოცვასა და ქველმოქმედებაში ატარებდა დღეებს. ხმამ მისი კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ტურის ოლქის მმართველ ტორკვატამდეც მიაღწია. მან მოუხმო წმინდანს, და ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ წარმართთა ცრუღმერთების ქურუმობა აღუთქვა. პასუხად კონკორდიმ მოუწოდა ტორკვატს, თავად მოქცეულიყო ჭეშმარიტი ღვთის - ქრისტეს სარწმუნოებაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში შემდეგ  გამგებელმა მასთან შეიარაღებული მეომრები გაგზავნა და შეუთვალა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავ, სიკვდილით დაისჯებიო. მოწამემ კვლავ ადიდა უფალი, შეჰნერწყვა ჯალათების მიერ მოტანილ ზევსის ქანდაკებას და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს.

მღვდელმოწამე ასტი

მღვდელმოწამე ასტი მაკედონიის ქალაქ დირაქიის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ტრაიანეს დროს (98-117). ერთხელ წმიდანს ძილში საღვთო გამოცხადებით ეუწყა, რომ ახლო მომავალში წამებისა და სიკვდილის დათმენა მოუწევდა ქრისტესთვის. მან თავის დიაკვნებს ურჩია, დამალულიყვნენ, თვითონ კი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდა ასტიმ არ უარყო ქრისტე. მაშინ მას სხეულზე თაფლი წაუსვეს და კრაზანების ნაკბენებით განატანჯი ჯვარზე გააკრეს. წმიდა მოწამის ცხედარი ქრისტიანებმა პატივით დაფლეს.

წმიდა მოწამე ზოსიმე მეგვიპტელი

წმიდა მოწამე ზოსიმე მეგვიპტელი - ბაბილონის ეპისკოპოსი (VI) დაიბადა კირიაკიაში (მცირე აზია). იგი ახალგაზრდობაშივე განერიდა ამ სოფელს და სინას მთაზე დაემკვიდრა, შემდეგ კი მარტომყოფობისთვის უფრო შესაფერ ადგილს, ლიბიას მიაშურა. აქ იგი შეხვდა ბერს, რომელმაც უწინასწარმეტყველა, რომ იგი ბაბილონის ეპისკოპოსი გახდებოდა. სინას მთაზე დაბრუნებული ზოსიმე იღუმენმა მონასტრის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნა, ალექსანდრიის პატრიარქმა კი წმიდანი ბაბილონის ეპისკოპოსად დაადგინა. ღირსი მამა ზოსიმე მეგვიპტელი ღრმა მოხუცებულობამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. ბოლოს კი, როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, სინაზე დაბრუნდა და იქ აღესრულა მშვიდობით.

ღირსი მართა და მარიამი, ლაზარეს დანი

ღირსი დები მართა და მარიამი ჯერ კიდევ მანამ შეუდგნენ ქრისტეს, სანამ იგი მკვდრეთით აღადგენდა მათ ძმას - ლაზარეს. მთავარდიაკონ სტეფანეს მკვლელობის, იერუსალიმის ეკლესიებზე დევნისა და წმიდა ქალაქიდან ლაზარეს განდევნის შემდეგ, ისინი თან ახლდნენ ძმას სხვადასხვა ქვეყანაში და შეეწეოდნენ მოციქულებრივ ღვაწლში. ცნობები წმიდა დების აღსრულების ადგილისა და დროის შესახებ არ შემონახულა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

90
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში

საეკლესიო კალენდარი: 16 ივნისი

146
(განახლებულია 10:39 15.06.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია16 ივნისს მოწამეთა: ლუკილიანეს, კლავდიოსის, იპატიოსის, პავლეს, დიონისეს და პავლა ქალწულის, ასევე მღვდელმოწამეთა: ლუკიანე ეპისკოპოსის, მაქსიანე ხუცის, იულიანე დიაკონის, მარკელინეს და სატურნინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ლუკიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა

ლუკიანე წარმართი ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. უკვე ხანში შესული, იგი დარწმუნდა თავისი სარწმუნოების უსუსურობაში, გულით იწამა ქრისტეს მაცხოვარება და მოინათლა.

მისი ქადაგების გავლენით, მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იუდეველები ვერ შეურიგდნენ ქრისტიანების მომრავლებას და ნიკომიდიის გამგებელ სილვანთან დაასმინეს ლუკიანე. სილვანი შეეცადა კვლავ კერპთმსახურებისკენ მოექცია მოხუცი, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღო. მაშინ მისი ბრძანებით სასტიკად აწამეს ქურუმყოფილი, ყბები ჩაუმტვრიეს, კვერთხებით სცემეს, თავდაყირა დაკიდეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ იგი შეხვდა ქრისტეს აღსარებისათვის დატყვევებულ ოთხ ყრმას - კლავდის, იპატის, პავლეს და დიონისეს. ლუკიანემ თავისი საუბრებით განამტკიცა ისინი. მოკლე ხანში წმიდანები სამსჯავროზე წარადგინეს და გახურებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ უეცრად ციდან წვიმა გარდამოხდა, ცეცხლი ჩააქრო და მოწამენი უვნებლად გადარჩნენ. მმართველმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მათ და დასასჯელად ბიზანტიაში გაგზავნა, სადაც წმიდა ყრმები მახვილით დახოცეს, ლუკიანე კი ლურსმნებით მიამსჭვალეს ჯვარზე.

მოწამეთა ღვაწლის თვითმხილველი იყო წმიდა ქალწული პავლა, რომელმაც მაცხოვრის სარწმუნოებისთვის ტანჯულთა მსახურება იდო თავს. მას საჭმელი დაჰქონდა ტყვე ქრისტიანებთან, წყლულებს ჰბანდა, წამლებს აწვდიდა, მოწამეთა ცხედრებს მარხავდა. ლუკიანესა და ოთხი ყრმის აღსრულების შემდეგ იგი დაბრუნდა ნიკომიდიაში და თავისი ღვაწლი განაგრძო, რისთვისაც მალე შეიპყრეს და გახურებულ ქურაში ჩააგდეს. ღვთის ნებით ქალწული უვნებლად გადარჩა. მაშინ ისიც ბიზანტიაში გააგზავნეს და მახვილით მოკლეს.

მღვდელმოწამე ლუკიანე და მისთანა მაქსიანე ხუცესი და დიაკონი იულიანე

მღვდელმოწამე ლუკიანე, რომელსაც წარმართობაში ლუკიუსი ერქვა, რომში ცხოვრობდა. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და მანვე მონათლა. მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ლუკიანე ავრცელებდა ქრისტეს სწავლების ნათელს იტალიაში. ამ დროს რომში ჩამოვიდა პავლე მოციქულის მოწაფე დიონისე არეოპაგელი  წმიდა პაპმა კლიმენტიმ სთხოვა მას, თავისი ქადაგებით განემტკიცებინა დასავლეთ ქვეყნების ქრისტიანები და წარმართებშიც შეეტანა ქრისტეს ნათელი. თან გააყოლა ეპისკოპოსად ახალხელდასხმული წმიდა ლუკიანე, მაქსიანე ხუცესი, იულიანე დიაკონი, სატურნინი და მარკელინი.

იტალიიდან ჭეშმარიტების ქადაგნი გალიისკენ გაემგზავრნენ. მარკელინი თანამგზავრებთან ერთად ესპანეთში წავიდა, სატურნინი - გალიაში დარჩა. დიონისემ კი თანმხლებ პირებთან ერთად კიდით კიდემდე მოიარა პარისი, აქედან ნეტარი ლუკიანე მაქსიანთან და იულიანესთან ერთად ბელგიაში გადავიდა.

ლუკიანეს მადლმოსილმა ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა მამა მკაცრი ასკეტი იყო. ადამიანებთან ურთიერთობაში სიმშვიდით გამოირჩეოდა, მუდამ სიხარულით აღსავსე სახე ზეციური მადლით ჰქონდა გაბრწყინებული. მალე ბელგიის თითქმის მთელი მოსახლეობა გაქრისტიანდა.

იმ ხანებში რომის იმპერატორმა დომიციანემ (81-96) ქრისტიანთა დევნა დაიწყო და გამოსცა ბრძანება, სასტიკად ეწამებინათ და სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვინც უარს განაცხადებდა წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე.

ბრძანების აღსასრულებლად ბელგიაშიც გაგზავნეს მეფის სამი კარისკაცი,  ლუკიანემ მაქსიანე ხუცესთან და დიაკონ იულიანესთან ერთად მთას შეაფარა თავი და აქედან განაგრძობდა ხალხის დამოძღვრას.

წმიდანებს იმპერატორის მეომრებმა მიაკვლიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ხანმოკლე დაკითხვის შემდეგ მაქსიანეს და იულიანეს თავები წარკვეთეს.

შემდგომ მსაჯულმა ლუკიანე დაჰკითხა. მას ბრალი ედებოდა ჯადოქრობაში და იმპერატორის დაუმორჩილებლობაში. წმიდანმა უპასუხა, რომ ის ჯადოქარი კი არა, ჭეშმარიტი უფლის, იესო ქრისტეს მსახურია და ადამიანთა ხელით ქმნილი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა.

მაშინ მხნე აღმსარებელი სასტიკად აწამეს. ბოლოს წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს. მის ცხედარს ზეციური ნათელი დაადგა და გაისმა ხმა, რომელიც ახოვან მოსაგრეს ცათა სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ღვთის ნებით წმიდა ლუკიანე წამოდგა, მოკვეთილი თავი აიღო, მდინარე გადალახა, მივიდა იმ ადგილას, სადაც სურდა, რომ დაკრძალულიყო და მშვიდად მიიძინა საუკუნო ძილით. ამ უდიდესმა სასწაულმა 500-ზე მეტი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომ წმიდანის საფლავზე ტაძარი აღმართეს და აქ გადმოასვენეს მაქსიანესა და იულიანეს უხრწნელი ნაწილებიც.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


146
სასწრაფო დახმარება

პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 11:50 17.06.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა შენობის აივნიდან გადმოხტომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან მამაკაცი გადმოხტა. დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო საქმის მოკვლევა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით ("სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი") მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მამაკაცის მდგომარეობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, მძიმეა. ექიმების თქმით, 46 წლის პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას ტრავმული შოკი აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცი წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან გუშინ გადმოხტა. იგი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. მამაკაცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში