ალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძრის გუმბათი

საეკლესიო კალენდარი: 8 ივნისი

95
(განახლებულია 00:17 08.06.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ივნისს აღნიშნავს  მოციქულთა: კარპეს და ალფესის, მოწამეთა:  გიორგი ახლის,  ამბერკის და ელენეს, ღირსი იოანე აღმსარებელის ხსენების დღეს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებუოლი საეკლესიო კალენდარში.

 

წმიდა კარპეზი და ალფესი, სამოცდაათთგანნი  

წმიდა კარპეზი იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი. წმიდა მოციქულთა თავი მის სახელს იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში: კარპეზის სახლში დაუტოვებია მას ფილონი და წიგნები (2 ტიმ. 4,13). წმიდა პავლემ კარპეზს ხელი დაასხა თრაკიის ბერიის ეპისკოპოსად. მოციქული კარპეზი სახარებას ქადაგებბდა კუნძულ კრეტაზე. აქ ის ინახულა წმიდა დიონისე არეოპაგელმა (ხს. 3 ოქტომბერს). თავის მოგონებებში დიონისე გადმოგვცემს წმიდა კარპეზის ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ.

წმიდა მოციქული კარპეზი მშვიდობით აღესრულა ბერიაში (სხვა ცნობებით ის აწამეს იმპერატორ ნერონის დროს).

წმიდა ალფესი გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. ის იყო მამა წმიდათა მოციქულთა იაკობ ალფესისა და მათესი.

წმიდა მოწამე გიორგი ახალი

წმიდა მოწამე გიორგი ახალი (+1515) დაიბადა ბულგარეთის დედაქალაქში, დიდებულთა ოჯახში. მას დიდმოწამე გიორგის  სახელი უწოდეს. წმიდანი 25 წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ამ დროს ბულგარეთი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და მძლავრობით ავრცელებდნენ მუსულმანობას ქრისტიან მოსახლეობაში. მმართველმა წმიდანს დიდება და სიმდიდრე აღუთქვა სარწმუნოების უარყოფის ფასად, რაზეც გიორგიმ მტკიცე უარი განაცხადა და უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშინ განრისხებულმა მმართველმა მისი წამება ბრძანა ბოლოს წმინდანი  ცეცხლში  ჩააგდეს.. როცა ეს ამბავი მიტროპოლიტმა იერემიამ გაიგო, სამღვდელობასთან ერთად მივიდა დასჯის ადგილას. ნაკვერჩხლებიდან გადმოაბრძანეს გიორგის წმიდა ნაწილები და პატივით გადაასვენეს წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში სოფელ სრედცაში (ახლანდელი სოფია).

წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე

წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე გადმოცემით წმიდა ალფეს მოციქულის შვილები იყვნენ. ქრისტიანობის აღსარებისთვის ამბერკი სკებთან დააბეს, სადაც ფუტკრის ნაკბენებისაგან გარდაიცვალა. მისი და, წმიდა ელენე ქვებით ჩაქოლეს.

ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი

ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი (IX) ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე. ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად ფსიხაიტის ლავრაში (კონსტანტინეპოლის გარეუბანში). იმ დროს ხატმებრძოლობის ერესი მძვინვარებდა. წმიდა ხატთა თაყვანისმცემლებს სასტიკად დევნიდნენ. ღირსი იოანე დაიბარეს დაკითხვაზე და წმიდა ხატთა უარყოფა მოსთხოვეს. ქრისტეს მხნე აღმსარებელმა ამხილა ხატმბრძოლები და იმპერატორ ლეონ ისავრიელსაც (714-741) ერეტიკოსი უწოდა. ამისთვის წმიდანი გადაასახლეს. ხატმებრძოლთაგან დევნილი და შევიწროებული გადასახლებაში აღესრულა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

95
ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში

საეკლესიო კალენდარი: 19 ივნისი

475
(განახლებულია 20:41 18.06.2021)
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 19 ივნისს ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედის, ღირსი ილარიონ ახლისა ; ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი ხსენების დღეს აღნიშნავს.

ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V)

ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ახალგაზრდობაში მოინათლა, რის შემდეგაც ძალიან თავშეკავებულად ცხოვრობდა. საღვთო შურით აღძრულმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა. იორდანის უდაბნოში ღირს გერასიმეს (ხს. 4 მარტს) ეწვია, მოინახულა სხვა წმიდა მამებიც და ყოველი მათგანისგან ის სათნოებანი შეითვისა, რომელშიც ისინი წარემატებოდნენ. ეგვიპტეში დაბრუნებული ბესარიონი ბერად აღიკვეცა და წმიდა ისიდორე პელუსიელის (ხს. 4 თებერვალს) მოწაფე გახდა. წმიდანმა მდუმარების აღთქმა დადო, საჭმელს კვირაში ერთხელ იღებდა, ზოგჯერ კი მთელი 40 დღე უჭმელ-უსმელი იყო. ერთხელ ლოცვაში ჩაძირული ღირსი მამა 40 დღის განმავლობაში განუძრევლად იდგა ფეხზე ისე, რომ არც საზრდელი მიუღია და არც ჩასძინებია.

წმიდა ბესარიონმა ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო: როცა გზაში მყოფ მის მოწაფეს ძლიერ მოსწყურდა, ღირსმა მამამ სასმელად უვარგისი წყალი დაატკბო; მისი ლოცვით უფალი წვიმას გარდმოავლენდა, შეეძლო ფეხით გადაეარა მდინარეზე; განასხმიდა ეშმაკებს, მაგრამ ყოველივე ამას ფარულად იქმოდა, რომ განდიდებისგან დაეცვა თავი. მისი თავმდაბლობა იმდენად დიდი იყო, რომ ერთხელ, როცა მწირველმა მღვდელმა ცოდვაში ჩავარდნილ ბერს უბრძანა, დაეტოვებინა ტაძარი, მას წმიდა ბესარიონიც გაჰყვა თან სიტყვებით: „მეც ცოდვილი ვარ“. ღირს მამას ან ფეხზე მდგომს ეძინა, ან მჯდომარეს; სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ღია ცის ქვეშ, განმარტოებულ ლოცვაში გაატარა და მშვიდად მიიცვალა ღრმა სიბერეში.

ღირსი ილარიონ ახალი (+845)

ღირსი ილარიონ ახალი ღვთისმოყვარე დიდებულების ოჯახში დაიბადა. მშობლები - პეტრე და თეოდოსია სათნოებაში წვრთნიდნენ შვილს და ღრმად განსწავლეს იგი წმიდა წერილში. თორმეტი წლის იყო წმიდა ილარიონი, როცა ბერად აღიკვეცა ისიხის მონასტერში ბიზანტიონის მახლობლად, იქიდან კი დალმატის მონასტერში გადავიდა, სადაც დიდი სქემა შეიმოსა და ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის (ხს. 20 ნოემბერს) მოწაფე გახდა. წმიდა მამა დიდ პატივს მიაგებდა თავის ღმერთშემოსილ თანამოსახელეს - ღირს ილარიონ დიდს (ხს. 21 ოქტომბერს) და ცდილობდა მას მიმსგავსებოდა, ამიტომ უწოდეს ილარიონ ახალი. დალმატის მონასტერში წმიდანი მღვდლად აკურთხეს. იღუმენის გარდაცვალების შემდეგ, ძმებს სურდათ, მის ნაცვლად ღირსი ილარიონი აერჩიათ. მაგრამ, როცა ამის შესახებ ნეტარმა მამამ შეიტყო, ფარულად დატოვა იქაურობა და ბიზანტიონს მიაშურა.

მაშინ დალმატის მონასტრის ბერებმა წმიდა პატრიარქ ნიკიფორეს მიმართეს თხოვნით, ილარიონი მათ წინამძღვრად დაედგინა და მონასტერში დაებრუნებინა. პატრიარქის ბრძანება ღირსმა მამამ ღვთის ნებად ჩათვალა, მონასტერში დაბრუნდა და რვა წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სავანეს, მაგრამ 813 წელს ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფებამ და მართლმადიდებელთა დევნის განახლებამ დაარღვია ძმების ცხოვრების ჩვეული რიტმი. ღირსმა ილარიონმა ხატების შეურაცხყოფაზე უარი განაცხადა და გაბედულად ამხილა იმპერატორი მწვალებლობაში, რისთვისაც მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: იგი რამდენჯერმე ჩააგდეს საპყრობილეში. ცრუპატრიარქი თეოდოტი, რომელმაც განდევნილი ნიკიფორეს ტახტი დაიკავა, ცდილობდა წამებით გადაედრიკა წმიდა აღმსარებელი, მაგრამ ამაოდ. დალმატის მონასტრის ბერებს ისე ძალიან უყვარდათ მათი წინამძღვარი, ისე უნდოდათ მისი ნახვა, რომ ეახლნენ იმპერატორს და უთხრეს, რომ წმიდა ილარიონის გათავისუფლების შემთხვევაში ისინი იმპერატორის ნებას დაემორჩილებოდნენ. მაგრამ მონასტერში მოძღვართან ერთად დაბრუნებულები კვლავ ხატთა თაყვანისცემის წესის ერთგულებად დარჩნენ. განრისხებულმა ლეონ სომეხმა ისევ დაატუსაღა ღირსი ილარიონი.

უსჯულო იმპერატორი ვერ ასცდა ღვთის სასჯელს: იგი თავისმა მეომრებმა ტაძრის სწორედ იმ ადგილას აჩეხეს, საიდანაც პირველად წმიდა ხატი გადმოაგდო. ახალმა იმპერატორმა მიხეილ II-მ (820-820) გაანთავისუფლა ღირსი ილარიონი და იგი განმარტოებულ კელიაში დაეყუდა. როცა ხატმებრძოლთაგან ნაწამები თეოდორე სტუდიელი (ხს. 11 ნოემბერს) მიიცვალა, ღირსმა მამამ იხილა, თუ როგორ აჰყავდათ ზეცად ანგელოზებს მისი სული. ხატმბრძოლი იმპერატორის თეოფილეს (829-842) დროს ღირსი ილარიონი კვლავ შეიპყრეს, სასტიკად სცემეს და კუნძულ ათუსიაზე გადაასახლეს.

თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა იმპერატორმა თეოდორამ (842-855) აღმსარებლები დააბრუნა გადასახლებიდან. წმიდა ილარიონიც დაუბრუნდა დალმატის მონასტერს, კვლავ მისი იღუმენი გახდა და მშვიდობით მიიცვალა 845 წელს.

ღირსი ქალწულმოწამენი: არქელია, თეკლე და სოსანა (+293)

ღირსი ქალწულმოწამენი არქელაია, თეკლე და სოსანა (+293) რომის მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობდნენ. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას წმიდა ქალწულები მამაკაცის სამოსელით შეიმოსნენ, თმები შეიკვეცეს, კაპანის პროვინციაში გადავიდნენ და აქ ერთ მიყრუებულ ადგილას დაემკვიდრნენ სამოღვაწეოდ. ღვთისგან ნაბოძები ნიჭით წმიდანები კურნავდნენ ავადმყოფებს და ქრისტიანობაზე მოაქცევდნენ წარმართებს. როცა ოლქის მმართველმა ლეონტიმ ქალწულთა შესახებ შეიტყო, ბრძანა, ქალაქ სალერნოში მოეყვანათ ისინი. ის არქელაიას დაემუქრა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სიკვდილით დასჯიდა. უფალს მინდობილმა ქალწულმა უარი განაცხადა უსულო კერპების თაყვანისცემაზე და ამხილა წარმართთა უგუნურება. მაშინ იგი მშიერ ლომებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მხეცები წმიდანს მორჩილად გაუწვნენ ფერხთით. განრისხებულმა ლეონტიმ ბრძანა, დაეხოცა ლომები, ქალწულები კი საპყრობილეში ჩაეყარათ.

მეორე დილით ჯალათებმა სასტიკად აწამეს წმიდა არქელაია: სხეულს უსერავდნენ და ჭრილობებზე გაცხელებულ ფისს ასხამდნენ. უეცრად ნათელი გაბრწყინდა და გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, შენთანა ვარ“. ღვთაებრივი ძალა იცავდა წმიდა ქალწულს: როცა უზარმაზარი ლოდით მისი გაჭყლეტა დააპირეს, ანგელოზმა ქვა სხვა მხარეს გადააგორა და თავად ჯალათები მოისრნენ. ბოლოს მსაჯულმა ბრძანა, ქრისტეს მხნე აღმსარებლებისთვის თავები მოეკვეთათ.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

475
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 18 ივნისი

181
(განახლებულია 21:03 17.06.2021)
მართლმადიდებებლი ეკლესია 18 ივნისს მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა, პამბონესი, ღირსი დოროთეს, სერიდის სავანის მკვიდრის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

მღვდელმოწამე დოროთე

წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. ხოლო კონსტანტინე დიდის მეფობისას ის დაუბრუნდა თავის საეპისკოპოსო კათედრას და 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ერთგულად განაგებდა სამწყსოს. როცა იულიანე განდგომილის (361-363) დროს ქრისტიანთა დევნა განახლდა, წმიდა დოროთე უკვე 100-ზე მეტი წლის იყო. მან კვლავ დატოვა ქალაქი ტვირი და მიზიის ქალაქ უდს (დღევანდელ ვარანს) მიაშურა. აქ იგი მეფის კარისკაცებმა შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა უარი განაცხადა. წმიდანი წამების დროს გარდაიცვალა (+დაახლ. 362 წელს).

მოწამენი მარკიანე, ნიკანდრე, იპერხი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სელინე, ირინეოსი და პავმონე

წმიდა მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრი, იპერხი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სულინი, ირინეოსი და პავმონე (IV) ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ქრისტეს აღსარებისათვის ისინი სასტიკად აწამეს.

ღირსი თეოდორე საკვირველთმოქმედი

ღირსი თეოდორე მეუდაბნოე ცხოვრობდა VI საუკუნეში. ის  ახალგაზრდობაში იორდანეს უდაბნოში განმარტოვდა. წმიდანს უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. ერთხელ კონსტანტინეპოლისკენ ხომალდით მგზავრობისას, ღირსი თეოდორეს ლოცვით ზღვიდან ამოღებული წყალი სასმელად ვარგისი გახდა და წყურვილი დაუოკა მის თანამგზავრებს. როცა მგზავრებმა ღირსი მამის მიმართ მადლიერების გამოხატვა დაიწყეს, წმიდა თეოდორემ მათ მიმართა: უფალმა მოწყალე თვალით მოხედა უწყლობით გათანგულ ადამიანებს და ამიტომ შეისმინა ჩემი ლოცვაო.

ღირსი ანუბი აღმსარებელი

ღირსი ანუბი აღმსარებელი, მეუდაბნოე IV საუკუნეში აწამეს ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისათვის, მაგრამ ცოცხალი დარჩა და უდაბნოში გავიდა. აქ მან დააარსა მცირე საძმო, სადაც ექვს ბერთან ერთად მოღვაწეობდა. მათ შორის იყო მისი ღვიძლი ძმაც - პიმენი დიდი.

ღირსი აბბა დოროთე

ღირსი აბბა დოროთე (VI) წმიდა იოანეს მოწაფე იყო, მოღვაწეობდა პალესტინაში, აბბა სურიდის მონასტერში.

ათი წლის განმავლობაში ღირსი დოროთე იოანე წინასწარმეტყველის მორჩილი იყო.  ღირსი იოანე წინასწარმეტყველის მიცვალების შემდეგ დოროთემ დატოვა აბბა სურიდის მონასტერი და დააარსა თავისი სავანე, რომელსაც აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა. წმიდა მამას ეკუთვნის 21 ქადაგება, რამდენიმე ეპისტოლე და 87 შეკითხვა ღირსი მამების ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველის წერილობითი პასუხებით; ხელნაწერების სახითაა შემორჩენილი აგრეთვე 30 სამოღვაწეო სიტყვა და აბბა ზოსიმეს მოძღვრების ჩანაწერი. აბბა დოროთეს ნაშრომები დიდი სულიერი სიბრძნითაა აღსავსე, ისინი გამოირჩევა ნათელი, დახვეწილი სტილით, მარტივი და ყველასათვის მისაწვდომი ენით.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

181
თემები:
საეკლესიო კალენდარი
პოლიცია სიღნაღში

მედია: წნორში ერთ-ერთ ოჯახს ნათესავმა სახლი დაუწვა

0
(განახლებულია 16:00 19.06.2021)
არსებული ინფორმაციით, ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა. ოჯახის წევრები ახლა ნათესავთან აფარებენ თავს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მცხოვრებ სომხიშვილების ოჯახს ნათესავმა საცხოვრებელი სახლი დაუწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

ოჯახი ადგილობრივ პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა მხოლოდ გამოკითხეს და სახლში გაუშვეს.

არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დავა წლებია გრძელდება. დაპირისპირება სახლის გამო დაიწყო, რომელიც გულნაზ სომხიშვილს პაპამ აჩუქა.

დაზარალებული გულნაზი სომხიშვილი, გარდა ზიანისა, ბიძის მხრიდან მუქარაზე საუბრობს და მის დაკავებას ითხოვს. მისი თქმით, მამაკაცმა სახლის დაწვის ფაქტი აღიარა.

დაზარალებულების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სახლი დაწვა, მკვლელობაზეა ნასამართლევი და ახლაც პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

0