მცხეთის ჯვრის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 5 ივნისი

45
(განახლებულია 09:35 05.06.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ივნისს ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილის, წმიდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსის და წმიდა ღირსმოწამე მიქაელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი

ღირსი დამიანე, მეფეყოფილი დემეტრე იყო წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმიდანი დაახ. 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ასე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები.

1125 წელს წმიდა დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე,
დემეტრეს მეფობის დროს აღორძინდა ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო, რომელნიც მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ჰერეთ-კახეთი შემოიერთა, თითქმის უკაცრიელი იყო.

ძლევამოსილი მეფე დემეტრე შეთქმულებებისა და ღალატის მსხვერპლი გახდა. ჯერ დიდგვაროვნები აუმხედრდნენ, რომლებსაც ტახტზე მისი ნახევარძმის, ვახტანგის (ცუატას) დასმა უნდოდათ. დემეტრემ სწრაფად ჩაახშო ერთიანი საქართველოს ძლიერების საწინააღმდეგოდ მიმართული ამბოხი. შემდეგ საკუთარი ძე - დავითი აუმხედრდა მამას. საყვარელი შვილის ღალატით საოცრად გულნატკენმა კეთილმსახურმა მეფემ უმწვავესი ფორმით იგემა ამ სოფლის ამაოება, მონაზვნად აღიკვეცა დამიანეს სახელით და დავით გარეჯის უდაბნოში დაეყუდა, სამეფო ტახტი კი დავითს დაუთმო.

დავით გარეჯის უდაბნოში აღკვეცილმა მეფემ შთამომავლობას ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები დაუტოვა. ჩვენამდე მოღწეული იამბიკოებიდან განსაკუთრებით ცნობილია შესხმა ღვთისმშობლისა - „შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული, მორჩი, კეთილი ედემს შინა ნერგული, ალვა, სუნელი სამოთხეს აღმოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერვინა გჯობს ქებული, თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული“.

ღრმა სულიერებისა და მტკიცე ქრისტიანული რწმენის მქონე დემეტრე-დამიანემ დაასრულა და აკურთხა დიდი დავითის დაწყებული გელათის ტაძარი. მეფეყოფილი წმიდა დამიანე გარდაიცვალა ბელტის ციხეში (+1157), დაასაფლავეს გელათის მონასტერში.

 

წმიდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსი 

წმიდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსი (+831) ბავშვობიდან მიესწრაფოდა მონასტრულ ცხოვრებას. ის წმიდა პატრიარქმა ტარასიმ (784-806) გაგზავნა შავი ზღვის ნაპირზე მდებარე მონასტერში. მასთან ერთად მონასტერში მოვიდა წმიდა თეოფილაქტე ნიკომიდიის მომავალი მღვდელმთავარი. ორივე ბერი მხურვალედ მოღვაწეობდა მონასტერში. მათ მოშურნე ცხოვრებისათვის უფლისგან მადლი მიიღეს. ერთხელ, მკის დროს, წმიდა ბერთა ლოცვით ცარიელი ჭურჭელი წყლით აივსო.

პატრიარქმა ტარასიმ წმიდა მიქაელს ხელი დაასხა ქალაქ სინადის ეპისკოპოსად. ის მთელი გულით შეიყვარა მისმა სამწყსომ და იმპერატორებმა ნიკიფორე I-მა (802-811) და მიხეილ I-მა (811-813). 787 წელს წმიდა მიქაელი ესწრებოდა მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებას.

შემდგომ აღსაყდრებულმა ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ სომეხმა კათედრებიდან განდევნა მართლმადიდებელი მღვდელმთავრები და მათ ადგილზე დაადგინა თავისი თანამოაზრე მწვალებლები.

ლეონ სომეხმა წმიდა მიქაელი ევდოკიაში გადაასახლა, სადაც აღესრულა 821 წელს. წმიდა მიქაელის თავი ინახება ათონის წმიდა ათანასეს ლავრაში, წმიდა ნაწილები კი - ივერთა მონასტერში.

წმიდა ღირსმოწამე მიქაელი

წმიდა ღირსმოწამე მიქაელი (IX) იყო ერთგული მოწაფე წმიდა თეოდორე ედესელისა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მიქაელმა ქონება ღარიბებს დაურიგა და იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილთა თაყვანისაცემად. ამ დროს იერუსალიმი მუსულმანებს ჰქონდათ დაპყრობილი. წმიდა მიქაელი პალესტინაში დარჩა და საბაწმიდის ლავრაში დასახლდა. ერთხელ წმიდა მამა მონასტრიდან იერუსალიმში გაგზავნეს ბერების ნახელავების გასაყიდად. მუსულმანი დედოფლის სეიდას საჭურისს ძალზე მოეწონა ძმათა ხელობა და წმიდა მიქაელი მონასტრის ნაკეთობებთან ერთად დედოფალს წარუდგინა. დედოფალს გულში ჩაუვარდა ახალგაზრდა ბერი და ცოდვით დაცემა შესთავაზა მას. უარის მიღებისას სეიდამ სასტიკად აცემინა იგი, შემდეგ კი მეფეს წარუდგინა, როგორც მაჰმადიანობის მტერი. ბერის დაკითხვის შემდეგ მეფე შეეცადა მაჰმადიანური სარწმუნოების მიღებაზე დაეყოლიებინა წმიდა მიქაელი, მაგრამ წმიდანმა უპასუხა: „ან სავანეში გამიშვი მოძღვართან, ან მართლმადიდებლურად მოინათლე, ან თავი მომკვეთე“, წმიდანს თავი მოჰკვეთეს. ბერებმა მისი ნეშტი გადაასვენეს საბაწმიდის ლავრაში და პატივით დაასაფლავეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

45
ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში

საეკლესიო კალენდარი: 19 ივნისი

472
(განახლებულია 20:41 18.06.2021)
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 19 ივნისს ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედის, ღირსი ილარიონ ახლისა ; ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი ხსენების დღეს აღნიშნავს.

ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V)

ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ახალგაზრდობაში მოინათლა, რის შემდეგაც ძალიან თავშეკავებულად ცხოვრობდა. საღვთო შურით აღძრულმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა. იორდანის უდაბნოში ღირს გერასიმეს (ხს. 4 მარტს) ეწვია, მოინახულა სხვა წმიდა მამებიც და ყოველი მათგანისგან ის სათნოებანი შეითვისა, რომელშიც ისინი წარემატებოდნენ. ეგვიპტეში დაბრუნებული ბესარიონი ბერად აღიკვეცა და წმიდა ისიდორე პელუსიელის (ხს. 4 თებერვალს) მოწაფე გახდა. წმიდანმა მდუმარების აღთქმა დადო, საჭმელს კვირაში ერთხელ იღებდა, ზოგჯერ კი მთელი 40 დღე უჭმელ-უსმელი იყო. ერთხელ ლოცვაში ჩაძირული ღირსი მამა 40 დღის განმავლობაში განუძრევლად იდგა ფეხზე ისე, რომ არც საზრდელი მიუღია და არც ჩასძინებია.

წმიდა ბესარიონმა ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო: როცა გზაში მყოფ მის მოწაფეს ძლიერ მოსწყურდა, ღირსმა მამამ სასმელად უვარგისი წყალი დაატკბო; მისი ლოცვით უფალი წვიმას გარდმოავლენდა, შეეძლო ფეხით გადაეარა მდინარეზე; განასხმიდა ეშმაკებს, მაგრამ ყოველივე ამას ფარულად იქმოდა, რომ განდიდებისგან დაეცვა თავი. მისი თავმდაბლობა იმდენად დიდი იყო, რომ ერთხელ, როცა მწირველმა მღვდელმა ცოდვაში ჩავარდნილ ბერს უბრძანა, დაეტოვებინა ტაძარი, მას წმიდა ბესარიონიც გაჰყვა თან სიტყვებით: „მეც ცოდვილი ვარ“. ღირს მამას ან ფეხზე მდგომს ეძინა, ან მჯდომარეს; სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ღია ცის ქვეშ, განმარტოებულ ლოცვაში გაატარა და მშვიდად მიიცვალა ღრმა სიბერეში.

ღირსი ილარიონ ახალი (+845)

ღირსი ილარიონ ახალი ღვთისმოყვარე დიდებულების ოჯახში დაიბადა. მშობლები - პეტრე და თეოდოსია სათნოებაში წვრთნიდნენ შვილს და ღრმად განსწავლეს იგი წმიდა წერილში. თორმეტი წლის იყო წმიდა ილარიონი, როცა ბერად აღიკვეცა ისიხის მონასტერში ბიზანტიონის მახლობლად, იქიდან კი დალმატის მონასტერში გადავიდა, სადაც დიდი სქემა შეიმოსა და ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის (ხს. 20 ნოემბერს) მოწაფე გახდა. წმიდა მამა დიდ პატივს მიაგებდა თავის ღმერთშემოსილ თანამოსახელეს - ღირს ილარიონ დიდს (ხს. 21 ოქტომბერს) და ცდილობდა მას მიმსგავსებოდა, ამიტომ უწოდეს ილარიონ ახალი. დალმატის მონასტერში წმიდანი მღვდლად აკურთხეს. იღუმენის გარდაცვალების შემდეგ, ძმებს სურდათ, მის ნაცვლად ღირსი ილარიონი აერჩიათ. მაგრამ, როცა ამის შესახებ ნეტარმა მამამ შეიტყო, ფარულად დატოვა იქაურობა და ბიზანტიონს მიაშურა.

მაშინ დალმატის მონასტრის ბერებმა წმიდა პატრიარქ ნიკიფორეს მიმართეს თხოვნით, ილარიონი მათ წინამძღვრად დაედგინა და მონასტერში დაებრუნებინა. პატრიარქის ბრძანება ღირსმა მამამ ღვთის ნებად ჩათვალა, მონასტერში დაბრუნდა და რვა წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სავანეს, მაგრამ 813 წელს ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფებამ და მართლმადიდებელთა დევნის განახლებამ დაარღვია ძმების ცხოვრების ჩვეული რიტმი. ღირსმა ილარიონმა ხატების შეურაცხყოფაზე უარი განაცხადა და გაბედულად ამხილა იმპერატორი მწვალებლობაში, რისთვისაც მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: იგი რამდენჯერმე ჩააგდეს საპყრობილეში. ცრუპატრიარქი თეოდოტი, რომელმაც განდევნილი ნიკიფორეს ტახტი დაიკავა, ცდილობდა წამებით გადაედრიკა წმიდა აღმსარებელი, მაგრამ ამაოდ. დალმატის მონასტრის ბერებს ისე ძალიან უყვარდათ მათი წინამძღვარი, ისე უნდოდათ მისი ნახვა, რომ ეახლნენ იმპერატორს და უთხრეს, რომ წმიდა ილარიონის გათავისუფლების შემთხვევაში ისინი იმპერატორის ნებას დაემორჩილებოდნენ. მაგრამ მონასტერში მოძღვართან ერთად დაბრუნებულები კვლავ ხატთა თაყვანისცემის წესის ერთგულებად დარჩნენ. განრისხებულმა ლეონ სომეხმა ისევ დაატუსაღა ღირსი ილარიონი.

უსჯულო იმპერატორი ვერ ასცდა ღვთის სასჯელს: იგი თავისმა მეომრებმა ტაძრის სწორედ იმ ადგილას აჩეხეს, საიდანაც პირველად წმიდა ხატი გადმოაგდო. ახალმა იმპერატორმა მიხეილ II-მ (820-820) გაანთავისუფლა ღირსი ილარიონი და იგი განმარტოებულ კელიაში დაეყუდა. როცა ხატმებრძოლთაგან ნაწამები თეოდორე სტუდიელი (ხს. 11 ნოემბერს) მიიცვალა, ღირსმა მამამ იხილა, თუ როგორ აჰყავდათ ზეცად ანგელოზებს მისი სული. ხატმბრძოლი იმპერატორის თეოფილეს (829-842) დროს ღირსი ილარიონი კვლავ შეიპყრეს, სასტიკად სცემეს და კუნძულ ათუსიაზე გადაასახლეს.

თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა იმპერატორმა თეოდორამ (842-855) აღმსარებლები დააბრუნა გადასახლებიდან. წმიდა ილარიონიც დაუბრუნდა დალმატის მონასტერს, კვლავ მისი იღუმენი გახდა და მშვიდობით მიიცვალა 845 წელს.

ღირსი ქალწულმოწამენი: არქელია, თეკლე და სოსანა (+293)

ღირსი ქალწულმოწამენი არქელაია, თეკლე და სოსანა (+293) რომის მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობდნენ. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას წმიდა ქალწულები მამაკაცის სამოსელით შეიმოსნენ, თმები შეიკვეცეს, კაპანის პროვინციაში გადავიდნენ და აქ ერთ მიყრუებულ ადგილას დაემკვიდრნენ სამოღვაწეოდ. ღვთისგან ნაბოძები ნიჭით წმიდანები კურნავდნენ ავადმყოფებს და ქრისტიანობაზე მოაქცევდნენ წარმართებს. როცა ოლქის მმართველმა ლეონტიმ ქალწულთა შესახებ შეიტყო, ბრძანა, ქალაქ სალერნოში მოეყვანათ ისინი. ის არქელაიას დაემუქრა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სიკვდილით დასჯიდა. უფალს მინდობილმა ქალწულმა უარი განაცხადა უსულო კერპების თაყვანისცემაზე და ამხილა წარმართთა უგუნურება. მაშინ იგი მშიერ ლომებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მხეცები წმიდანს მორჩილად გაუწვნენ ფერხთით. განრისხებულმა ლეონტიმ ბრძანა, დაეხოცა ლომები, ქალწულები კი საპყრობილეში ჩაეყარათ.

მეორე დილით ჯალათებმა სასტიკად აწამეს წმიდა არქელაია: სხეულს უსერავდნენ და ჭრილობებზე გაცხელებულ ფისს ასხამდნენ. უეცრად ნათელი გაბრწყინდა და გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, შენთანა ვარ“. ღვთაებრივი ძალა იცავდა წმიდა ქალწულს: როცა უზარმაზარი ლოდით მისი გაჭყლეტა დააპირეს, ანგელოზმა ქვა სხვა მხარეს გადააგორა და თავად ჯალათები მოისრნენ. ბოლოს მსაჯულმა ბრძანა, ქრისტეს მხნე აღმსარებლებისთვის თავები მოეკვეთათ.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

472
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 18 ივნისი

181
(განახლებულია 21:03 17.06.2021)
მართლმადიდებებლი ეკლესია 18 ივნისს მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა, პამბონესი, ღირსი დოროთეს, სერიდის სავანის მკვიდრის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

მღვდელმოწამე დოროთე

წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. ხოლო კონსტანტინე დიდის მეფობისას ის დაუბრუნდა თავის საეპისკოპოსო კათედრას და 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ერთგულად განაგებდა სამწყსოს. როცა იულიანე განდგომილის (361-363) დროს ქრისტიანთა დევნა განახლდა, წმიდა დოროთე უკვე 100-ზე მეტი წლის იყო. მან კვლავ დატოვა ქალაქი ტვირი და მიზიის ქალაქ უდს (დღევანდელ ვარანს) მიაშურა. აქ იგი მეფის კარისკაცებმა შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა უარი განაცხადა. წმიდანი წამების დროს გარდაიცვალა (+დაახლ. 362 წელს).

მოწამენი მარკიანე, ნიკანდრე, იპერხი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სელინე, ირინეოსი და პავმონე

წმიდა მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრი, იპერხი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სულინი, ირინეოსი და პავმონე (IV) ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ქრისტეს აღსარებისათვის ისინი სასტიკად აწამეს.

ღირსი თეოდორე საკვირველთმოქმედი

ღირსი თეოდორე მეუდაბნოე ცხოვრობდა VI საუკუნეში. ის  ახალგაზრდობაში იორდანეს უდაბნოში განმარტოვდა. წმიდანს უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. ერთხელ კონსტანტინეპოლისკენ ხომალდით მგზავრობისას, ღირსი თეოდორეს ლოცვით ზღვიდან ამოღებული წყალი სასმელად ვარგისი გახდა და წყურვილი დაუოკა მის თანამგზავრებს. როცა მგზავრებმა ღირსი მამის მიმართ მადლიერების გამოხატვა დაიწყეს, წმიდა თეოდორემ მათ მიმართა: უფალმა მოწყალე თვალით მოხედა უწყლობით გათანგულ ადამიანებს და ამიტომ შეისმინა ჩემი ლოცვაო.

ღირსი ანუბი აღმსარებელი

ღირსი ანუბი აღმსარებელი, მეუდაბნოე IV საუკუნეში აწამეს ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისათვის, მაგრამ ცოცხალი დარჩა და უდაბნოში გავიდა. აქ მან დააარსა მცირე საძმო, სადაც ექვს ბერთან ერთად მოღვაწეობდა. მათ შორის იყო მისი ღვიძლი ძმაც - პიმენი დიდი.

ღირსი აბბა დოროთე

ღირსი აბბა დოროთე (VI) წმიდა იოანეს მოწაფე იყო, მოღვაწეობდა პალესტინაში, აბბა სურიდის მონასტერში.

ათი წლის განმავლობაში ღირსი დოროთე იოანე წინასწარმეტყველის მორჩილი იყო.  ღირსი იოანე წინასწარმეტყველის მიცვალების შემდეგ დოროთემ დატოვა აბბა სურიდის მონასტერი და დააარსა თავისი სავანე, რომელსაც აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა. წმიდა მამას ეკუთვნის 21 ქადაგება, რამდენიმე ეპისტოლე და 87 შეკითხვა ღირსი მამების ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველის წერილობითი პასუხებით; ხელნაწერების სახითაა შემორჩენილი აგრეთვე 30 სამოღვაწეო სიტყვა და აბბა ზოსიმეს მოძღვრების ჩანაწერი. აბბა დოროთეს ნაშრომები დიდი სულიერი სიბრძნითაა აღსავსე, ისინი გამოირჩევა ნათელი, დახვეწილი სტილით, მარტივი და ყველასათვის მისაწვდომი ენით.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

181
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მომავლის გზა - მამა და შვილი

საქართველოში მამის დღე აღინიშნება

0
(განახლებულია 14:41 19.06.2021)
მამის დღე ახსენებს საზოგადოებას, თუ რამდენად დიდია შვილების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა და აქტივობა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში 20 ივნისს მამის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

მამის დღე საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში წელს მეექვსედ აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად ზუგდიდსა და ოზურგეთში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.

კერძოდ, 19 ივნისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ზუგდიდის სპორტულ დარბაზში მამებისა და შვილებისთვის გაიმართება ტექნოლოგიური ვორქშოპი.

ვორქშოპის მიმდინარეობისას მამები და შვილები ერთად იმუშავებენ ტექნოლოგიურ პროექტებზე, რაც, ერთი მხრივ, დააახლოებს მათ და, მეორე მხრივ, ბავშვების ტექნოლოგიებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.

ასევე, 19 ივნისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება წიგნის „მამები და შვილები“ პრეზენტაცია, რომელიც 2020 წელს გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოიცა.

წიგნში თავმოყრილია 13 წლის მუხრან მაჭავარიანის წერილი მამისადმი, ოთარ და თაკო ჭილაძეები, გელა ჩარკვიანი და მისი შვილები – ირაკლი და თეონა, ფრიდონ და ზაზა ხალვაშები, ვახტანგ და ირინა ჯავახაძეები, ბაჩანა ბრეგვაძე და მისი ქალიშვილები ქეთევანი და ანა. ასევე ამ წიგნში შეგხვდებათ, თუ რას წერდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის შესახებ მიხეილ და ქეთევან ჯავახიშვილები, პაოლო და მედეა იაშვილები, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები.

ღონისძიებას ზვიად კვარაცხელია და დავით გორგილაძე გაუძღვებიან.

ხვალ, 20 ივნისს, ოზურგეთში, კაფეში „8+1“, საბავშვო წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის ავტორი დავით გორგილაძეა. წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის თავგადასავლებზე მოგვითხრობს, რომლის გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევების გააზრება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

ღონისძიებას წიგნის ავტორები, მწერალი დათო გორგილაძე და ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი გაუძღვებიან.

მამის დღე არის დღესასწაული, რომელიც ბევრ ქვეყანაში მამობის აღსანიშნავად და მამების პატივსაცემად ყოველწლიურად აღინიშნება. ის, როგორც წესი, ივნისის მესამე კვირა დღეს იმართება. დღესასწაული პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს აღინიშნა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ინიციატივით საქართველოში 2016 წელს დაიწყო კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

0