ბოლნისის სიონის აღმოსავლეთ ფასადი

საეკლესიო კალენდარი: 2 ივნისი

166
(განახლებულია 16:51 01.06.2021)
2 ივნისი წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონისა და სოსანას მოწამეების თალალეს, ალექსანდრეს ასტერის, ასკალონის სხენების დღეა, ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია ასევე აღნიშნავს წმინდა ალექსის, მოსკოველი მიტროპოლიტის წმიდათა ნაწილთა აღმოყვანებას.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ზაბულონი და სოსანა 

ღირსი ზაბულონი და სოსანა წმიდა ნინოს მშობლები იყვნენ,  წმიდა ზაბულონი კაბადოკიელი იყო წარმოშობით. კაბადოკიაში მრავალი ქართველური ტომი ცხოვრობდა და, ვარაუდით, იგი სწორედ ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. ზაბულონი იმპერატორის არმიაში მსახურობდა და სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც უბადლო მეომარს. ფრანგებთან ბრძოლის დროს მან შეიპყრო ფრანგების მეფე და მთავარნი და რომის იმპერატორს მიჰგვარა. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს.  წმიდა ზაბულონის ქადაგების გავლენით სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს.  ზაბულონის შუამდგომლობით აუსრულეს მათ ეს სურვილი და ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა.   იმპერატორმა დაუთმო მას მისი სულიერი შვილების სიცოცხლე.  წმიდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმიდა ნათელს.

წმიდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად – მთელი ქონება  გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა კეთილმოწესე ზაბულონს თავისი და, სოსანა მიათხოვა. წმიდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში - კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელსაც ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ .

ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისგან აიღო კურთხევა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ,  წმიდა სოსანამაც მონასტრული ცხოვრება აირჩია - „ მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა“.

 მოწამეები თალალე, ალექსანდრე და ასტერი

ნუმერიანეს მეფობის (283-284) დროს ქალაქ ეგეის მთავარმა მეომრები გაგზავნა ქრისტიანთა მოსაძებნად, მასთან მიიყვანეს 18 წლის თალალე. დაკითხვაზე ჭაბუკმა თქვა: „მე ვარ ქრისტიანი, ლიბანელი. მამაჩემი - ბერუტი მხედართმთავარი იყო, დედას რომელეა ჰქვია. მყავს იპოდიაკონი ძმა. მე ექიმობა შევისწავლე მკურნალ მაკარისგან. ტიბერიუსის დროს ერთხელ უკვე შემიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის, მაგრამ გადავურჩი დასჯას. აწ ჰქმენით ჩემ ზედა, რაცა გსურთ. მე მზად ვარ სიხარულით დავითმინო სიკვდილი სახელისათვის უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.

განრისხებულმა მთავარმა ორ ჯალათს - ალექსანდრეს და ასტერს - უბრძანა, კიდურები გაეხვრიტათ მოწამისთვის და ხეზე ჩამოეკიდათ. ჯალათებმა შეიბრალეს ახალგაზრდა თალალე, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავი ქრისტიანებად გამოაცხადეს. მთავარმა მათთვის თავის წარკვეთა ბრძანა, წმიდა თალალე კი ჯერ ზღვაში ჩააგდეს. ხოლო შემდეგ კი მთავრის ბრძანებით მახვილით განგმირეს.

მოწამე ასკალონი

წმიდა მოწამე ასკალონი დაიბადა დიდ ერმოპოლში (შუა ეგვიპტე). წმიდანი ეწამა დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას. მთავარ არიანესთან მიყვანილმა ასკალონმა თამამად აღიარა თავისი სარწმუნოება და უარი განაცხადა წარმართული ღმერთების მსახურებაზე. წმიდანმა არიანეს უწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა დრო და თვითონაც აღიარებდა იესო ქრისტეს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად. არიანეს ბრძანებით ასკალონი სასტიკად აწამეს.

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმიდისა ალექსისა, მიტროპოლიტისა მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა საკვირველთმოქმედისა

წმიდა ალექსიმ სიკვდილის წინ დაიბარა, დაესაფლავებინათ კრემლში, ჩუდოვის (სასწაულთა) მონასტერში. წმიდა კეთილმსახური მთავრის დიმიტრი დონელის ბრძანებით მიტროპოლიტის ცხედარი ამ ტაძრის საკურთხეველთან დაკრძალეს.

1431 წლის 20 მაისს ეკლესიის გუმბათი სიძველის გამო ჩამოიქცა. ახალი ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა წმიდა ალექსის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 1485 წელს წმიდა ნაწილები გადაასვენეს წმიდანის სახელზე აგებულ ეკლესიაში. დღეს მისი ნაწილები მოსკოვის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში ინახება.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

166
თემები:
საეკლესიო კალენდარი (243)
ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში

საეკლესიო კალენდარი: 19 ივნისი

473
(განახლებულია 20:41 18.06.2021)
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 19 ივნისს ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედის, ღირსი ილარიონ ახლისა ; ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი ხსენების დღეს აღნიშნავს.

ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V)

ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ახალგაზრდობაში მოინათლა, რის შემდეგაც ძალიან თავშეკავებულად ცხოვრობდა. საღვთო შურით აღძრულმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა. იორდანის უდაბნოში ღირს გერასიმეს (ხს. 4 მარტს) ეწვია, მოინახულა სხვა წმიდა მამებიც და ყოველი მათგანისგან ის სათნოებანი შეითვისა, რომელშიც ისინი წარემატებოდნენ. ეგვიპტეში დაბრუნებული ბესარიონი ბერად აღიკვეცა და წმიდა ისიდორე პელუსიელის (ხს. 4 თებერვალს) მოწაფე გახდა. წმიდანმა მდუმარების აღთქმა დადო, საჭმელს კვირაში ერთხელ იღებდა, ზოგჯერ კი მთელი 40 დღე უჭმელ-უსმელი იყო. ერთხელ ლოცვაში ჩაძირული ღირსი მამა 40 დღის განმავლობაში განუძრევლად იდგა ფეხზე ისე, რომ არც საზრდელი მიუღია და არც ჩასძინებია.

წმიდა ბესარიონმა ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო: როცა გზაში მყოფ მის მოწაფეს ძლიერ მოსწყურდა, ღირსმა მამამ სასმელად უვარგისი წყალი დაატკბო; მისი ლოცვით უფალი წვიმას გარდმოავლენდა, შეეძლო ფეხით გადაეარა მდინარეზე; განასხმიდა ეშმაკებს, მაგრამ ყოველივე ამას ფარულად იქმოდა, რომ განდიდებისგან დაეცვა თავი. მისი თავმდაბლობა იმდენად დიდი იყო, რომ ერთხელ, როცა მწირველმა მღვდელმა ცოდვაში ჩავარდნილ ბერს უბრძანა, დაეტოვებინა ტაძარი, მას წმიდა ბესარიონიც გაჰყვა თან სიტყვებით: „მეც ცოდვილი ვარ“. ღირს მამას ან ფეხზე მდგომს ეძინა, ან მჯდომარეს; სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ღია ცის ქვეშ, განმარტოებულ ლოცვაში გაატარა და მშვიდად მიიცვალა ღრმა სიბერეში.

ღირსი ილარიონ ახალი (+845)

ღირსი ილარიონ ახალი ღვთისმოყვარე დიდებულების ოჯახში დაიბადა. მშობლები - პეტრე და თეოდოსია სათნოებაში წვრთნიდნენ შვილს და ღრმად განსწავლეს იგი წმიდა წერილში. თორმეტი წლის იყო წმიდა ილარიონი, როცა ბერად აღიკვეცა ისიხის მონასტერში ბიზანტიონის მახლობლად, იქიდან კი დალმატის მონასტერში გადავიდა, სადაც დიდი სქემა შეიმოსა და ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის (ხს. 20 ნოემბერს) მოწაფე გახდა. წმიდა მამა დიდ პატივს მიაგებდა თავის ღმერთშემოსილ თანამოსახელეს - ღირს ილარიონ დიდს (ხს. 21 ოქტომბერს) და ცდილობდა მას მიმსგავსებოდა, ამიტომ უწოდეს ილარიონ ახალი. დალმატის მონასტერში წმიდანი მღვდლად აკურთხეს. იღუმენის გარდაცვალების შემდეგ, ძმებს სურდათ, მის ნაცვლად ღირსი ილარიონი აერჩიათ. მაგრამ, როცა ამის შესახებ ნეტარმა მამამ შეიტყო, ფარულად დატოვა იქაურობა და ბიზანტიონს მიაშურა.

მაშინ დალმატის მონასტრის ბერებმა წმიდა პატრიარქ ნიკიფორეს მიმართეს თხოვნით, ილარიონი მათ წინამძღვრად დაედგინა და მონასტერში დაებრუნებინა. პატრიარქის ბრძანება ღირსმა მამამ ღვთის ნებად ჩათვალა, მონასტერში დაბრუნდა და რვა წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სავანეს, მაგრამ 813 წელს ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფებამ და მართლმადიდებელთა დევნის განახლებამ დაარღვია ძმების ცხოვრების ჩვეული რიტმი. ღირსმა ილარიონმა ხატების შეურაცხყოფაზე უარი განაცხადა და გაბედულად ამხილა იმპერატორი მწვალებლობაში, რისთვისაც მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: იგი რამდენჯერმე ჩააგდეს საპყრობილეში. ცრუპატრიარქი თეოდოტი, რომელმაც განდევნილი ნიკიფორეს ტახტი დაიკავა, ცდილობდა წამებით გადაედრიკა წმიდა აღმსარებელი, მაგრამ ამაოდ. დალმატის მონასტრის ბერებს ისე ძალიან უყვარდათ მათი წინამძღვარი, ისე უნდოდათ მისი ნახვა, რომ ეახლნენ იმპერატორს და უთხრეს, რომ წმიდა ილარიონის გათავისუფლების შემთხვევაში ისინი იმპერატორის ნებას დაემორჩილებოდნენ. მაგრამ მონასტერში მოძღვართან ერთად დაბრუნებულები კვლავ ხატთა თაყვანისცემის წესის ერთგულებად დარჩნენ. განრისხებულმა ლეონ სომეხმა ისევ დაატუსაღა ღირსი ილარიონი.

უსჯულო იმპერატორი ვერ ასცდა ღვთის სასჯელს: იგი თავისმა მეომრებმა ტაძრის სწორედ იმ ადგილას აჩეხეს, საიდანაც პირველად წმიდა ხატი გადმოაგდო. ახალმა იმპერატორმა მიხეილ II-მ (820-820) გაანთავისუფლა ღირსი ილარიონი და იგი განმარტოებულ კელიაში დაეყუდა. როცა ხატმებრძოლთაგან ნაწამები თეოდორე სტუდიელი (ხს. 11 ნოემბერს) მიიცვალა, ღირსმა მამამ იხილა, თუ როგორ აჰყავდათ ზეცად ანგელოზებს მისი სული. ხატმბრძოლი იმპერატორის თეოფილეს (829-842) დროს ღირსი ილარიონი კვლავ შეიპყრეს, სასტიკად სცემეს და კუნძულ ათუსიაზე გადაასახლეს.

თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა იმპერატორმა თეოდორამ (842-855) აღმსარებლები დააბრუნა გადასახლებიდან. წმიდა ილარიონიც დაუბრუნდა დალმატის მონასტერს, კვლავ მისი იღუმენი გახდა და მშვიდობით მიიცვალა 845 წელს.

ღირსი ქალწულმოწამენი: არქელია, თეკლე და სოსანა (+293)

ღირსი ქალწულმოწამენი არქელაია, თეკლე და სოსანა (+293) რომის მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობდნენ. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას წმიდა ქალწულები მამაკაცის სამოსელით შეიმოსნენ, თმები შეიკვეცეს, კაპანის პროვინციაში გადავიდნენ და აქ ერთ მიყრუებულ ადგილას დაემკვიდრნენ სამოღვაწეოდ. ღვთისგან ნაბოძები ნიჭით წმიდანები კურნავდნენ ავადმყოფებს და ქრისტიანობაზე მოაქცევდნენ წარმართებს. როცა ოლქის მმართველმა ლეონტიმ ქალწულთა შესახებ შეიტყო, ბრძანა, ქალაქ სალერნოში მოეყვანათ ისინი. ის არქელაიას დაემუქრა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სიკვდილით დასჯიდა. უფალს მინდობილმა ქალწულმა უარი განაცხადა უსულო კერპების თაყვანისცემაზე და ამხილა წარმართთა უგუნურება. მაშინ იგი მშიერ ლომებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მხეცები წმიდანს მორჩილად გაუწვნენ ფერხთით. განრისხებულმა ლეონტიმ ბრძანა, დაეხოცა ლომები, ქალწულები კი საპყრობილეში ჩაეყარათ.

მეორე დილით ჯალათებმა სასტიკად აწამეს წმიდა არქელაია: სხეულს უსერავდნენ და ჭრილობებზე გაცხელებულ ფისს ასხამდნენ. უეცრად ნათელი გაბრწყინდა და გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, შენთანა ვარ“. ღვთაებრივი ძალა იცავდა წმიდა ქალწულს: როცა უზარმაზარი ლოდით მისი გაჭყლეტა დააპირეს, ანგელოზმა ქვა სხვა მხარეს გადააგორა და თავად ჯალათები მოისრნენ. ბოლოს მსაჯულმა ბრძანა, ქრისტეს მხნე აღმსარებლებისთვის თავები მოეკვეთათ.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

473
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 18 ივნისი

181
(განახლებულია 21:03 17.06.2021)
მართლმადიდებებლი ეკლესია 18 ივნისს მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა, პამბონესი, ღირსი დოროთეს, სერიდის სავანის მკვიდრის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

მღვდელმოწამე დოროთე

წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. ხოლო კონსტანტინე დიდის მეფობისას ის დაუბრუნდა თავის საეპისკოპოსო კათედრას და 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ერთგულად განაგებდა სამწყსოს. როცა იულიანე განდგომილის (361-363) დროს ქრისტიანთა დევნა განახლდა, წმიდა დოროთე უკვე 100-ზე მეტი წლის იყო. მან კვლავ დატოვა ქალაქი ტვირი და მიზიის ქალაქ უდს (დღევანდელ ვარანს) მიაშურა. აქ იგი მეფის კარისკაცებმა შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა უარი განაცხადა. წმიდანი წამების დროს გარდაიცვალა (+დაახლ. 362 წელს).

მოწამენი მარკიანე, ნიკანდრე, იპერხი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სელინე, ირინეოსი და პავმონე

წმიდა მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრი, იპერხი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სულინი, ირინეოსი და პავმონე (IV) ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ქრისტეს აღსარებისათვის ისინი სასტიკად აწამეს.

ღირსი თეოდორე საკვირველთმოქმედი

ღირსი თეოდორე მეუდაბნოე ცხოვრობდა VI საუკუნეში. ის  ახალგაზრდობაში იორდანეს უდაბნოში განმარტოვდა. წმიდანს უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. ერთხელ კონსტანტინეპოლისკენ ხომალდით მგზავრობისას, ღირსი თეოდორეს ლოცვით ზღვიდან ამოღებული წყალი სასმელად ვარგისი გახდა და წყურვილი დაუოკა მის თანამგზავრებს. როცა მგზავრებმა ღირსი მამის მიმართ მადლიერების გამოხატვა დაიწყეს, წმიდა თეოდორემ მათ მიმართა: უფალმა მოწყალე თვალით მოხედა უწყლობით გათანგულ ადამიანებს და ამიტომ შეისმინა ჩემი ლოცვაო.

ღირსი ანუბი აღმსარებელი

ღირსი ანუბი აღმსარებელი, მეუდაბნოე IV საუკუნეში აწამეს ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისათვის, მაგრამ ცოცხალი დარჩა და უდაბნოში გავიდა. აქ მან დააარსა მცირე საძმო, სადაც ექვს ბერთან ერთად მოღვაწეობდა. მათ შორის იყო მისი ღვიძლი ძმაც - პიმენი დიდი.

ღირსი აბბა დოროთე

ღირსი აბბა დოროთე (VI) წმიდა იოანეს მოწაფე იყო, მოღვაწეობდა პალესტინაში, აბბა სურიდის მონასტერში.

ათი წლის განმავლობაში ღირსი დოროთე იოანე წინასწარმეტყველის მორჩილი იყო.  ღირსი იოანე წინასწარმეტყველის მიცვალების შემდეგ დოროთემ დატოვა აბბა სურიდის მონასტერი და დააარსა თავისი სავანე, რომელსაც აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა. წმიდა მამას ეკუთვნის 21 ქადაგება, რამდენიმე ეპისტოლე და 87 შეკითხვა ღირსი მამების ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველის წერილობითი პასუხებით; ხელნაწერების სახითაა შემორჩენილი აგრეთვე 30 სამოღვაწეო სიტყვა და აბბა ზოსიმეს მოძღვრების ჩანაწერი. აბბა დოროთეს ნაშრომები დიდი სულიერი სიბრძნითაა აღსავსე, ისინი გამოირჩევა ნათელი, დახვეწილი სტილით, მარტივი და ყველასათვის მისაწვდომი ენით.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

181
თემები:
საეკლესიო კალენდარი (243)
საფრანგეთის პოლიცია

საფრანგეთში 16 წლის საქართველოს მოქალაქე თანატოლებმა მოკლეს

0
(განახლებულია 15:50 19.06.2021)
ქალაქ რუანის მერი მოქალაქეებს აფრთხილებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და ქალაქში ვითარება არ დაძაბონ. 

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ რუანის გარეუბანში, სოტევილ-ლე-რუანში (Sotteville-les-Rouen) საქართველოს 16 წლის მოქალაქე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ჯგუფებს შორის დაპირისპირებას 13 ივნისს საღამოს ემსხვერპლა. ის დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბიჭს დაზიანებები ძირითადად თავის არეში სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც ხელში რკინის ხელკეტები და ბლაგვი საგნები ეჭირათ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაღუპული საქართველოს მოქალაქე რუანის სკოლის მოსწავლე იყო, ის საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

თვითმხილველების განცხადებით, ხელჩართული ჩხუბი, სავარაუდოდ, ორი უბნის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას მოყვა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს 2002 წელს დაბადებული ერთი პირი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, რადგან მისი მონაწილეობა კონფლიქტში არ დადასტურდა. შემდგომში დააკავეს 2005 წელს დაბადებული ორი მოზარდი, ისინი ამ დრომდე რჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში ეჭვმიტანილის სტატუსით.

გარდაცვლილ ახალგაზრდას ორშაბათს დაკრძალავენ. დაკრძალვის პროცესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრების გარდა საფრანგეთში მცხოვრები სხვა ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც ქალაქის მერია მოუწოდებს მათ, არ შეეცადონ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დაელოდონ გამოძიებას.

0