სამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა

საეკლესიო კალენდარი: 31 მაისი

196
(განახლებულია 08:58 31.05.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 მაისს, შვიდი მსოფლიო კრების წმ. მამებს, მოწამეებს ირაკლის, პავლინეს, ვენედიმეს; პეტრეს, დიონისე, ანდრიას, პავლეს და ქრისტინეს, ასევე მოწამეებს სვიმეონს, ისააკს და ვახტისს იხსენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
შვიდი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენება

მსოფლიო საეკლესიო კრება უმაღლესი ქრისტიანული სამღვდელოების კრებაა, რომლებზედაც წყდება უმნიშვნელოვანესი საეკლესიო საკითხები, აწესებენ სარწმუნოებისა და კულტის ნორმებს, ასწორებენ ან ადგენენ ახალ წესებს, აფასებენ ან უარყოფენ სხვადასხვა კონცეფციებს, განსაზღვრავენ ერესებთან ბრძოლის მეთოდებს, ამტკიცებენ დოგმებს და იღებენ ეკლესიის გაძლიერების ღონისძიებებს.

მართმადიდებელი ეკლესია შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებას აღიარებს: ნიკეის პირველი საეკლესიო კრებას -325წ, კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრებას-381წ, ეფესოს საეკლლესიო კრებას -431წ, ქალკედონის-საეკლესიო კრებას-451წ, კონსტანტინოპოლის  მეორე საეკლესიო კრებას-553წ, კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრებას, რომელიც -680 წელს გაიხსნა და –681წელს დაიხურა , ნიკეის მეორე საეკლესიო კრებას -787წ.

შვიდივე კრება იმპერატორების მიერ იყო მოწვეული და მათ ძირითადად  ეპისკოპოსები  ესწრებოიდნენ, პრესვიტერებსა და დიაკვნებს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით დასწრების ნება მხოოდ იმ შემთხვევაში ეძლეოდათ, როცა ისინი კრებაზე არმყოფ თავის ეპისკოპოსს წარმოადგენდნენ.

მსოფლიო კრებათა პირველსახე იყო  მოციქულთა კრება იერუსალიმში.

მოწამეები დავითი და ტარიჭანი

წმიდა დავითი და ტარიჭანი (693)ერისთავთა ცნობილი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. მათი მშობლები ვარდანი და თაგინე ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ ვაჟიშვილებს. ვარდან ერისთავი დავითისა და ტარიჭანის სიყრმეში გარდაიცვალა. მისი მამული მძლავრებით მიიტაცა თაგინეს წარმართმა ძმამ, თევდოსიმ, თან გადაწყვიტა წმიდა ოჯახი უსჯულოებისაკენ მიედრიკა: თაგინე მტკიცედ აღუდგა წინ ძმის ბოროტ განზრახვას: როდესაც დის შეუპოვრობა იხილა, უკეთურმა თევდოსიმ ჩუმად იხმო დისწულნი და სჯულის უარყოფა მოსთხოვა.

დავითისა და ტარიჭანის უარით განრისხებულმა თევდოსიმ გულიში დისშვილების  მოკვლა  გადაწყვიტა.  გაიგო, რომ ძმები მაღალ მთაზე აძოვებდნენ ცხვარს, წაიყვანა მეომრები და ტყეში ჩაუსაფრდა მათ.

ძმებმა შეიარაღებული მეომრები იხილეს  და შიშის ზარი დაეცათ.  დავითმა ბიძა იცნო და სიხარულით გაექანა მისკენ. უკეთურმა თევდოსიმ დისწული მახვილით  მოკლა. ტარიჭანი სოფელ დივრისაკენ გაიქცა, მაგრამ მდევრები დაეწიენ და ისიც მოკლეს.

როცა  მკვლელები მთაზე დაბრუნდნენ, მათ იხილეს დაბრმავებული თევდოსი.

თევდოსი ღვთის სასჯელმა მოაქცია და სინანულით აღივსო. თევდოსიმ შენდობა სთხოვა კათოლიკოსს, ცრემლით მოინანია დისშვილების მკვლელობა, მოინათლა და ეკლესია აღაშენა მის მიერ მოკლული დავითის სახელზე. წმიდა ტარიჭანის ნაწილები კი დივრის მთავარმა წაასვენა და მისი სახელობის ტაძარი ააშენა.

თეოდოტე და მასთან ერთად წამებულნი შვიდნი ქალწულნი

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია ქრისტეს შობიდან IV ს-ის დასაწყისში ქალაქ ანაკვირიაში მოღვაწობდნენ და მოწამეობრივად აღესრულნენ.

მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე; მოწამენი პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე

წმიდა მოწამეები  ირაკლი, პავლინე და ვენედიმე ქალაქ ათენში აღესრულნენ ქრისტესათვის. ისინი წარმართთა შორის ქადაგებდნენ სარწმუნოებას და ღვთის რჩეულები მოწაფეებთან: პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინესთან ერთად სამსჯავროზე წარადგინეს და ხანგრძლივი წამების შემდეგ გახურებულ ღუმელში დაწვეს.

მოწამე სვიმეონ, ისააკი და ვახტისი

წმიდა მოწამეები  სვიმეონ, ისააკი და ვახტისი (IV) ცხოვრობდნენ სპარსეთში ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის საპორ მეფის დროს. წმიდანებს აიძულებდნენ ცეცხლთაყვანისმცემლობა მიეღოთ, მაგრამ მათ მხნედ მიუგეს წარმართებს: „ჩვენ არ უარვყფოთ შემოქმედს ყოველთასა და არ შეუვრდებით მზესა და ცეცხლს“. მოწამენი სასტიკად ცემეს, შემდეგ დილეგში ჩააგდეს და შვიდი დღე უჭმელ-უსმელად ამყოფეს, ბოლოს ხმლით წარკვეთეს თავი.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

196
თემები:
საეკლესიო კალენდარი (243)
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში

საეკლესიო კალენდარი: 16 ივნისი

142
(განახლებულია 10:39 15.06.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია16 ივნისს მოწამეთა: ლუკილიანეს, კლავდიოსის, იპატიოსის, პავლეს, დიონისეს და პავლა ქალწულის, ასევე მღვდელმოწამეთა: ლუკიანე ეპისკოპოსის, მაქსიანე ხუცის, იულიანე დიაკონის, მარკელინეს და სატურნინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ლუკიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა

ლუკიანე წარმართი ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. უკვე ხანში შესული, იგი დარწმუნდა თავისი სარწმუნოების უსუსურობაში, გულით იწამა ქრისტეს მაცხოვარება და მოინათლა.

მისი ქადაგების გავლენით, მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იუდეველები ვერ შეურიგდნენ ქრისტიანების მომრავლებას და ნიკომიდიის გამგებელ სილვანთან დაასმინეს ლუკიანე. სილვანი შეეცადა კვლავ კერპთმსახურებისკენ მოექცია მოხუცი, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღო. მაშინ მისი ბრძანებით სასტიკად აწამეს ქურუმყოფილი, ყბები ჩაუმტვრიეს, კვერთხებით სცემეს, თავდაყირა დაკიდეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ იგი შეხვდა ქრისტეს აღსარებისათვის დატყვევებულ ოთხ ყრმას - კლავდის, იპატის, პავლეს და დიონისეს. ლუკიანემ თავისი საუბრებით განამტკიცა ისინი. მოკლე ხანში წმიდანები სამსჯავროზე წარადგინეს და გახურებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ უეცრად ციდან წვიმა გარდამოხდა, ცეცხლი ჩააქრო და მოწამენი უვნებლად გადარჩნენ. მმართველმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მათ და დასასჯელად ბიზანტიაში გაგზავნა, სადაც წმიდა ყრმები მახვილით დახოცეს, ლუკიანე კი ლურსმნებით მიამსჭვალეს ჯვარზე.

მოწამეთა ღვაწლის თვითმხილველი იყო წმიდა ქალწული პავლა, რომელმაც მაცხოვრის სარწმუნოებისთვის ტანჯულთა მსახურება იდო თავს. მას საჭმელი დაჰქონდა ტყვე ქრისტიანებთან, წყლულებს ჰბანდა, წამლებს აწვდიდა, მოწამეთა ცხედრებს მარხავდა. ლუკიანესა და ოთხი ყრმის აღსრულების შემდეგ იგი დაბრუნდა ნიკომიდიაში და თავისი ღვაწლი განაგრძო, რისთვისაც მალე შეიპყრეს და გახურებულ ქურაში ჩააგდეს. ღვთის ნებით ქალწული უვნებლად გადარჩა. მაშინ ისიც ბიზანტიაში გააგზავნეს და მახვილით მოკლეს.

მღვდელმოწამე ლუკიანე და მისთანა მაქსიანე ხუცესი და დიაკონი იულიანე

მღვდელმოწამე ლუკიანე, რომელსაც წარმართობაში ლუკიუსი ერქვა, რომში ცხოვრობდა. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და მანვე მონათლა. მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ლუკიანე ავრცელებდა ქრისტეს სწავლების ნათელს იტალიაში. ამ დროს რომში ჩამოვიდა პავლე მოციქულის მოწაფე დიონისე არეოპაგელი  წმიდა პაპმა კლიმენტიმ სთხოვა მას, თავისი ქადაგებით განემტკიცებინა დასავლეთ ქვეყნების ქრისტიანები და წარმართებშიც შეეტანა ქრისტეს ნათელი. თან გააყოლა ეპისკოპოსად ახალხელდასხმული წმიდა ლუკიანე, მაქსიანე ხუცესი, იულიანე დიაკონი, სატურნინი და მარკელინი.

იტალიიდან ჭეშმარიტების ქადაგნი გალიისკენ გაემგზავრნენ. მარკელინი თანამგზავრებთან ერთად ესპანეთში წავიდა, სატურნინი - გალიაში დარჩა. დიონისემ კი თანმხლებ პირებთან ერთად კიდით კიდემდე მოიარა პარისი, აქედან ნეტარი ლუკიანე მაქსიანთან და იულიანესთან ერთად ბელგიაში გადავიდა.

ლუკიანეს მადლმოსილმა ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა მამა მკაცრი ასკეტი იყო. ადამიანებთან ურთიერთობაში სიმშვიდით გამოირჩეოდა, მუდამ სიხარულით აღსავსე სახე ზეციური მადლით ჰქონდა გაბრწყინებული. მალე ბელგიის თითქმის მთელი მოსახლეობა გაქრისტიანდა.

იმ ხანებში რომის იმპერატორმა დომიციანემ (81-96) ქრისტიანთა დევნა დაიწყო და გამოსცა ბრძანება, სასტიკად ეწამებინათ და სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვინც უარს განაცხადებდა წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე.

ბრძანების აღსასრულებლად ბელგიაშიც გაგზავნეს მეფის სამი კარისკაცი,  ლუკიანემ მაქსიანე ხუცესთან და დიაკონ იულიანესთან ერთად მთას შეაფარა თავი და აქედან განაგრძობდა ხალხის დამოძღვრას.

წმიდანებს იმპერატორის მეომრებმა მიაკვლიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ხანმოკლე დაკითხვის შემდეგ მაქსიანეს და იულიანეს თავები წარკვეთეს.

შემდგომ მსაჯულმა ლუკიანე დაჰკითხა. მას ბრალი ედებოდა ჯადოქრობაში და იმპერატორის დაუმორჩილებლობაში. წმიდანმა უპასუხა, რომ ის ჯადოქარი კი არა, ჭეშმარიტი უფლის, იესო ქრისტეს მსახურია და ადამიანთა ხელით ქმნილი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა.

მაშინ მხნე აღმსარებელი სასტიკად აწამეს. ბოლოს წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს. მის ცხედარს ზეციური ნათელი დაადგა და გაისმა ხმა, რომელიც ახოვან მოსაგრეს ცათა სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ღვთის ნებით წმიდა ლუკიანე წამოდგა, მოკვეთილი თავი აიღო, მდინარე გადალახა, მივიდა იმ ადგილას, სადაც სურდა, რომ დაკრძალულიყო და მშვიდად მიიძინა საუკუნო ძილით. ამ უდიდესმა სასწაულმა 500-ზე მეტი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომ წმიდანის საფლავზე ტაძარი აღმართეს და აქ გადმოასვენეს მაქსიანესა და იულიანეს უხრწნელი ნაწილებიც.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


142
ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი: 15 ივნისი

167
(განახლებულია 17:51 13.06.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივნისს წმიდა ნიკიფორე აღმსარებელის, წმიდა მოწამე კონსტანტინე ათონელის,  წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველის და წმიდა მოწამე დიმიტრის  ხსენების დღეს აღნიშნავს.

საეკლესიო კალენდრარში 2020 წელს 15 ივლისს ასევე იწყება  პეტრე-პავლობის მარხვა.

პეტრე -პავლობის მარხვა

პეტრე-პავლობის მარხვა  სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ პირველ  ორშაბათს იწყება და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე, რომელიც 12 ივლისს აღინიშნება.

სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. აქედან გამომდინარე, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა  ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე გრძელდება.

პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა, ის ოთხშაბათის და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.

როგორ იქნა შემოღებული  პეტრე-პავლობის მარხვა

პეტრე-პავლობის მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს.

წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრე-პავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა - დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ.

ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს.

ვინ იყვნენ მოციქულები პეტრე და პავლე

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან.

პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე,რომელიც  სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური. ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი

წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+828) დაიბადა VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ქრისტეს აღსარებისათვის მისმა მშობლებმა მრავალი დევნა და შევიწროება დაითმინეს ხატმბრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმისაგან (740-775). წმიდა ნიკიფორემ კარგი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე ღრმად საღვთო წერილი შეისწავლა. მას ძლიერ უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა.

ლეონ IV-ის (775-780) დროს ნიკიფორე მეფის მრჩეველი გახდა. სამეფო კარზე მოღვაწეობისას იგი განაგრძობდა თავშეკავებულ, კეთილმსახურ ცხოვრებას, შეურყვნელად ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მხურვალედ იცავდა ხატთაყვანისცემის წესს. 787 წელს, ლეონ IV-ის სიკვდილის შემდეგ, კონსტანტინე VI-ისა (780-797) და მისი დედის, წმიდა ირინეს ზეობისას ნიკეაში ჩატარდა VII მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ხატმბრძოლობის ერესი. ღრმად განსწავლული ნიკიფორე კრებაზე იმპერატორის სახელით გამოვიდა და მართლმადიდებლობა დაიცვა.

ამის შემდგომ ნიკიფორე კიდევ რამდენიმე წელი დარჩა სამეფო კარზე, მაგრამ ამაოებით სავსე ცხოვრება სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა მისთვის. ბოლოს, ღვთის სიყვარულით აღსავსემ ხელი აიღო ამა სოფლის ძლიერთა მსახურებაზე და განმარტოვდა ბოსფორის სანაპიროზე, სადაც მდუმარებაში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დროს. მისი ღვაწლით აიგო რამდენიმე ტაძარი და დაარსდა მონასტერი.

იმპერატორ ნიკიფორე I (802-811) მეფობის დროს, წმიდა პატრიარქის (784-806) მიცვალების შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობლად წმიდა ნიკიფორე აირჩიეს. იგი ჯერ ბერად აღიკვეცა, შემდეგ მღვდლად ეკურთხა, ბოლოს კი, 806 წლის 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა.

ხატთაყვანისმცემელი იმპერატორის ლეონ V სომეხის (813-820) ზეობისას კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. იმპერატორმა გადასახლებიდან გამოიწვია VII მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები, მათი შემადგენლობით მოიწვია ერეტიკული კრება და რწმენის საკითხებზე საპაექროდ პატრიარქს უხმო. წმიდა ნიკიფორემ მწვალებლებთან ბჭობაზე უარი განაცხადა, რადგან ხატმბრძოლთა ერესი უკვე ანათემას იყო გადაცემული. ნიკიფორე ჯერ ქრისოპოლის მონასტერში გაგზავნეს, შემდეგ კი კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, მარმარილოს ზღვაში, სადაც 13 წლის შემდეგ აღესრულა ნატანჯი და შევიწროებული.
847 წლის 13 მარტს წმიდა პატრიარქის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიის ტაძარში.

წმიდა მოწამე კონსტანტინე ათონელი 

წმიდა მოწამე კონსტანტინე კუნძულ მიტილენზე დაიბადა. მისი მშობლები მაჰმადიანები იყვნენ. სიყმაწვილეში მომავალ წმიდანს ყვავილი შეეყარა. სასიკვდილოდ დასნეულებულმა მხედველობა დაკარგა და ძალა სრულიად გამოეცალა. ერთმა ქრისტიანმა ქალმა მართლმადიდებლურ ტაძარში მიიყვანა ნეტარი და ნაკურთხი წყლის საშუალებით განკურნა იგი. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა კონსტანტინე ათონის მთაზე წავიდა, მოინათლა და ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსასრულის სურვილიც გაუჩნდა. უფლის კურთხევით, მარტვილმა თურქების წინაშე აღიარა ქრისტე, რისთვისაც ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი - დაახრჩვეს. წმიდა კონსტანტინემ თავისი მოწამეობრივი ღვაწლი ქრისტესთვის 1819 წლის 23 აპრილს დაიწყო და 2 ივნისს დაასრულა.

წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველი

წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველი - ცხოვრობდა ტრაპიზონში, XIV საუკუნეში. იგი კეთილმსახურებით, მართლმადიდებლობის ერთგულებით, გულმოწყალებითა და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეული მდიდარი ვაჭარი იყო.
ერთხელ მომავალ წმიდანს სავაჭრო საქმეებზე ხომალდით მგზავრობა მოუხდა. გემის კაპიტანი არამართლმადიდებელი იყო. იგი იოანესთან სარწმუნოებრივ საკითხებზე კამათში ჩაება, დამარცხდა და გულში ბოღმა ჩაიმარხა. როცა ხომალდი ბოსფორის ბელგრადში შეჩერდა, კაპიტანი ქალაქის ცეცხლთაყვანისმცემელ მმართველთან მივიდა და აუწყა, ჩემს გემზე იმყოფება ერთი სწავლული ადამიანი, რომელსაც თქვენი სჯულის მიღება სურსო.

ქალაქის თავმა პატივით მიიღო იოანე ცეცხლთაყვანისმცემლებთან შემოსაერთებლად. გაკვირვებულმა იოანემ ცეცხლთაყვანისმცემლებს ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა და დამაჯერებლად დაუმტკიცა მათი ცრუსარწმუნეობის არარაობა.

მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის წმიდანი სასტიკად აწამეს და შემდეგ თავი მოჰკვეთეს.  წმიდანის ცხედარი ქალაქის ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 1330-1340 წლებს შორის.

წმიდა მოწამე დიმიტრი ფილადელფიელი

წმიდა მოწამე დიმიტრი ფილადელფიელი (მცირე აზია) ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. წმიდანი ადრეულ სიყმაწვილეში თურქებმა გაიტაცეს და გაამაჰმადიანეს. ოცდახუთი წლის ასაკში მან გააცნობიერა, რომ ჭეშმარიტი ღვთისათვის უქცევია ზურგი. გადაწყვიტა, ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა უსჯულოებთან და საჯაროდ აღიარა ქრისტე მაცხოვარი. ამისათვის თურქებმა ნეტარი მარტვილი აჩეხეს. საკუთარი სისხლით ცოდვებჩამორეცხილმა წმიდა მოწამემ 1657 წელს შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

167
თემები:
საეკლესიო კალენდარი (243)
LED განათება

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია საქართველოში? - სემეკის პასუხი

0
ბუნებრივი აირის გაძვირებას თბილისში აქციები მოჰყვა, მანამდე კი გაიზარდა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები, პანდემიისა და მზარდი უმუშევრობის პირობებში კომუნალური გადასახადების გაძვირება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. 1 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება, აღნიშნულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სემეკმა ეს განცხადება გააკეთა ტარიფის შესაძლო მატების შესახებ პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ხმების გასაქარწყლებლად.

როგორც კომისიაში აღნიშნავენ, „საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას“.

კომისია ვარაუდობს, რომ დეზინფორმაციის მიზანია ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის ხელის შეშლა.

„კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. სემეკი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ელექტროენერგია 1 იანვრიდან გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის 1 კვტ ელექტროენერგიის ფასმა 3,5 თეთრით მოიმატა და 26,537 თეთრი შეადგინა, მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით.

0