სამების ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 22 მაისი

267
(განახლებულია 23:56 21.05.2021)
მართლმადიდებლური ეკლესია 22 მაისს აღნიშნნავს აღმოყვანებას ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში , მიცვალებას ღირსისა შიო მღვიმელისა, ხსენებას წინასწარმეტყველისა ესაიასი და მოწამისა ქრისტეფორესი.

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა დამსახურება აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.

წინასწარმეტყველი ესაია (VIII ს. ქრისტემდე) სამეფო გვარის შთამომავალი იყო. მისი მამა, ამოსი შვილს ღვთისმოშიშებით და სჯულის ერთგულებით ზრდიდა. სრულწლოვანებას მიღწეული ესაია დაქორწინდა ღვთისმოსავ ქალზე (ეს. 8;3) და ეყოლა ვაჟი (ეს. 8;18).

წინასწარმეტყველური მოღვაწეობა ესაიამ ქრისტეს შობამდე 759 წელს, ოზიას მეფობის ხანაში დაიწყო.

უფალმა ესაიას განსაკუთრებული სასწაულებრივი ხილვით მოუწოდა.

ესაიამ იწინასწარმეტყველა იუდეველთა ტყვედ წასხმა ბაბილონში და დაბრუნება კიროს მეფის მიერ, იერუსალიმისა და სოლომონის ტაძრის დარბევა და აღდგენა. გარდა ამისა, მან იწინასწარმეტყველა იუდეველთა მეზობელი ხალხების მომავალი. 

ესაია წინასწარმეტყველს სასწაულთქმედების ნიჭიც ჰქონდა; იერუსალიმის ალყის დროს მისი ლოცვით სიონის მთიდან აღმოვიდა წყარო, რომელსაც სილოამი, ანუ „ღვთისგან გამოგზავნილი“ ეწოდა. ამ წყაროს წყლით განკურნა მაცხოვარმა ბრადშობილი.
გადმოცემის თანახმად, კერპთმსახურმა მეფე მანასემ მოისურვა მისი მოკვლა და ბრძანა, დაეჭირათ იგი. ესაია ხის ფუღუროში დაიმალა, მაგრამ მტანჯველებმა იპოვეს, დაუწყეს ხეს ხერხვა და ხესთან ერთად წინასწარმეტყველიც გადახერხეს შუაზე. ესაია დაასაფლავეს სილოამის აუზთან. შემდგომ იმპერატორმა თეოდოსი მცირემ გადაასვენა კონსტანტინეპოლში. ამჟამად წმიდა ესაიას თავის ნაწილი დაცულია ათონზე, ხილენდარის მონასტერში.

წმიდა მოწამე ქრისტეფორე (+250) აღესრულა იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. წმიდა ქრისტეფორე მაღალი, არაჩვეულებრივი ძალის კაცი იყო, სახე კი მხეცისმაგვარი ჰქონდა. გადმოცემით, წმიდანი თავიდან საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ არ სურდა თავისი გარეგნობით სხვები ეცდუნებინა და უფალს შეევედრა, მისთვის სახე დაემახინჯებინა. ერთხელ იმპერატორმა ბრძანა, მისთვის მოეგვარათ ქრისტიანთა ქომაგი რეპრევი (ასე ერქვა წმიდანს ნათლობამდე). იგი უსიტყვოდ დამორჩილდა ბრძანების შესასრულებლად გამოგზავნილ 200 მხედარს. გზად სასწაულები აღესრულა: წმიდანის ხელში გამხმარი ხელჯოხი აყვავდა, მისი ლოცვით პური გამრავლდა. სასწაულების ხილვით გაოგნებულმა რეპრევის მხლებელმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და წმიდანთან ერთად მოინათლნენ ანტიოქიის ეპისკოპოსის ბაბილას მიერ. 

იმპერატორმა გადაწყვიტა, ცბიერებით მოედრიკა წმიდანი. მან ორი მეძავი - კალინიკია და აკილინა მიუჩინა წმიდა ქრისტეფორეს და უბრძანა, კვლავ წარმართობისკენ მოექციათ წმიდანი, მაგრამ მან ქალები თავად გადმოდრიკა ქრისტეს სჯულზე. დეკიუსმა წამებით მოაკვდინა ქალებიც და 200 მხედარიც. შემდეგ ბრძანა, გახურებულ ღუმელში ჩაეგდოთ წმიდა ქრისტეფორე, მაგრამ მოწამე ღვთისგან უვნებლად იქნა დაცული. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმიდა ქრისტეფორეს თავი მოჰკვეთეს. თავისი სასწაულებით წმიდა ქრისტეფორემ 50000 წარმართი მოაქცია. მოგვიანებით წმიდანის ნეშტი გადაასვენეს ტოლედოში, შემდგომ საფრანგეთში, სენდენის სააბატოში.

ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: „იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს“, შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისაგან აეღო ნებართვა. 

გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა.

ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო.

ერთხელ ღირსი შიო ლოცვად დადგა და ღმერთს შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის ეკლესიის ასაშენებელი ადგილი. წმიდანმა საცეცხლურის ნაცვლად ხელის გულით აკმია საკმეველი. ცეცხლმა ხელი არ დასწვა. წმიდანი საკმევლის კვალს გაჰყვა და იქ, სადაც კვამლმა პირდაპირ ცისკენ აიწია, თავისი კვერთხით ეკლესიის ადგილი დასახა. ასე მიანიშნა უფალმა წმიდა შიოს, თუ სად უნდა აეშენებინა ტაძარი.

როცა ფარსმან მეფემ ევაგრეს ბერად შედგომა გაიგო, ძლიერ ეწყინა და თვითონ წაბრძანდა შიოს უდაბნოში. მეფემ ისეთი საკვირველი მადლი იხილა წმიდა შიოს სახეზე, რომ გვირგვინი მოიხადა და მის წინაშე დაიჩოქა. მამა შიომ მოწიწებით აკურთხა მეფე, წამოაყენა და თავისი ხელით დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი. მეფის მხლებლებმაც თაყვანი სცეს მამა შიოს და მიიღეს მისგან კურთხევა. მათ შორის იყო ერთი დიდებული, რომელსაც მარჯვენა თვალი დაზიანებული ჰქონდა ისრისაგან. მან მუხლი მოიყარა შიოს წინ, შეახო თვალი მის ფეხს და განიკურნა.

ფარსმან მეფემ ღირს მამას ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა უდაბნოსთვის. წმიდა შიომ უპასუხა: „უფალო მეფე! გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა არიან, ვითარცა რა ჯერ გიჩნს, ჰყავ“. მეფემ უდაბნოში ეკლესიის ასაშენებელად დიდძალი საფასე, ოთხი დაბა, ბარძიმ-ფეშხუმი, ოქროს ჯვარი და მშვენივრად შემკობილი მეფე ვახტანგ გორგასლისეული (ხსენება 30 ნოემბერს) სახარება შესწირა.

როცა ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს, ფარსმან მეფე ამჯერად უდაბნოში კათოლიკოსსა და ეპისკოპოსებთან ერთად ჩაბრძანდა. მოვიდა თვით წმიდა იოანე ზედაზნელიც და ახლად აგებული ტაძარი აკურთხა.

შემდგომ ამისა მეუდაბნოე ძმათა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. უდაბნოში სასწაულთმოქმედი განდეგილის სანახავად და მისგან კურთხევისა და კურნების მისაღებად მრავალი ადამიანი მოდიოდა.

წმიდა შიო მრავალ სასწაულს იქმოდა. ერთხელ მონასტრის სახედრებს მგელი შემოეჩვია და ბევრი დაგლიჯა. როცა ეს ამბავი წმიდა შიომ გაიგო, ილოცა და უფლისგან ითხოვა, ეს მგელი სახედრების მწყემსად ქცეულიყო; ასეც მოხდა - ამის შემდეგ ერთგულად მწყემსავდა სახედრებს. 

ერთხელ წმიდა იოანე ზედაზნელმა იხმო თავისი მოწაფეები და უბრძანა, ეჩვენებინათ, თუ სულიერების რა საზომს მიაღწიეს. წმიდა შიომ ხელისგულზე დაიდო ნაკვერცხალი და საკმეველი დააყარა. სასწაულის მხილველი ხალხი გაკვირვებული ადიდებდა უფალს.

ბოლოს წმიდა შიომ თავისი სულიერი მამის, იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით შეკრიბა მოწაფეები, მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ევაგრე და მის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა.

ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმიდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით: „ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“.

სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმიდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

სტატიაში გამოყენებულია მასალები ღია წყაროებიდან!

267
თემები:
საეკლესიო კალენდარი (242)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 13 ივნისი

120
(განახლებულია 08:52 13.06.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივნისს მოციქული ერმის, 70-თაგანის, მოწამე ერმეიოსის და  მოწამე ფილოსოფოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული ერმი - სამეოცდაათთაგანი 

წმიდა მოციქული ერმი - სამეოცდაათთაგანი (I) იყო ფილიპოპოლის ეპისკოპოსი. მას წმიდა პავლე მოციქული მოიხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,14). ქრისტეს აღსარებისათვის მოციქულმა მრავალი დევნა დაითმინა წარმართებისაგან. აღესრულა მშვიდობით.

წმიდა მოწამე ერმეიოსი

წმიდა მოწამე ერმეიოსი (II) კომანში აღესრულა იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. კაბადოკიაში ჩასულმა იმპერატორის მოხელემ, სებასტიანმა მას კერპთა თაყვანისცემა მოსთხოვა და სანაცვლოდ დიდება და პატივი აღუთქვა. მხცოვანმა მხედარმა თამამად აღიარა ქრისტიანობა, განრისხებულმა სებასტიანმა დანით გამოჭრა ყელი ქრისტეს აღმსარებელს. ქრისტიანებმა მალულად დამარხეს წმიდა მოწამის ნეშტი.

წმიდა მოწამე ფილოსოფოსი

წმიდა მოწამე ფილოსოფოსი (III) ქრისტესთვის აღესრულა ალექსანდრიაში იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. მას აიძულებდნენ ქრისტეს უარყოფას და როცა ვერაფერს გახდნენ, გადაწყვიტეს სიძვის ცოდვაში ჩაეგდოთ ჭაბუკი: აყვავებულ ბაღში შებორკილი დატოვეს როსკიპ ქალთან ერთად. ცოდვით რომ არ დაცემულიყო, წმიდანმა ენა მოიკვნიტა და აუტანელი ტკივილით დაიცვა თავი ხორციელი ვნებისგან, შემდეგ გასისხლიანებული ენა სახეში შეაფურთხა მეძავს. მოწამის უშიშრობით და მხნეობით განრისხებულმა ჯალათებმა წმიდა ფილოსოფოსს თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

120
ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი: 12 ივნისი

108
(განახლებულია 04:52 12.06.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 12 ივნისს ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენის, წმიდა ევპლის,  წმიდა მოწამების ნატალიას და სალონეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამინები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი

ღირსი ისააკი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინეპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემლად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინეპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტინი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა! თუ არ დამიჯერებ, ცოცხალი ვერ დაბრუნდები, ცეცხლში დაიწვები“. იმპერატორს გაუკვირდა ბერის გამბედაობა და თავის თანხმლებლებს – სატურნისა და ბიქტორს უბრძანა, მის დაბრუნებამდე ღირსი მამა დაეტყვევებინათ. მალე წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა: იმპერატორმა არიანელ მხედართმთავართან ერთად ისლით დახურულ ქოხს შეაფარა თავი და შიგ დაიწვა. ვალენტინის გარდაცვალების შემდეგ ღირსი ისააკი გაანთავისუფლეს და დიდ პატივს მიაგებდნენ. როცა ტახტზე ავიდა წმიდა თეოდოსი დიდი (+379-395) სატურნინისა და ბიქტორის რჩევით აღასრულა: კონსტანტინეპოლიდან განდევნა არიანელები და მართლმადიდებლებს ტაძრები დაუბრუნა. ღირს ისააკს სურდა, უდაბნოს დაბრუნებოდა, მაგრამ სატურნინმა და ბიქტორმა სთხოვეს, დარჩენილიყო ქალაქში და ლოცვით დაეფარა იგი. კონსტანტინეპოლის გარეუბანში წმიდა მამას საცხოვრებელი აუშენეს, სადაც ბერები შეიკრიბნენ. ასე შეიქმნა სავანე, რომლის იღუმენი და სულიერი მოძღვარი გახდა ღირსი ისააკი. ღრმა სიბერეს მიღწეულმა ისააკმა იღუმენად აკურთხა ღირსი დალმატი.
ღირსი ისააკი გარდაიცვალა 383 წელს.

წმიდა ევპლი

წმიდა ევპლი ქრისტესმოძულეებმა ხარის ტყავში ჩაკერეს და მცხუნვარე მზის ქვეშ დააგდეს. ტანჯვით აღსრულებულმა უფლის რჩეულმა საუკუნო ნეტარება დაიმკვიდრა.

წმიდა მოწამენი ნატალია და სალონე

წმიდა მოწამენი ნატალია და სალონე ქრისტეს აღსარებისთვის აღესრულნენ არაუგვიანეს IV საუკუნისა. მტარვალებმა მათ თავები მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობთ.

108
ფურისულა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ივნისი

0
(განახლებულია 10:45 13.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 14 ივნისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

არ იჩქაროთ. დღეს შეიძლება ბევრი რამ ჩვეულებრივზე რთული გასაკეთებელი იყოს. უკან არ დაიხიოთ, თუ გზაზე დაბრკოლებები შეიქმნა. ასევე რთული იქნება ერთობლივ სამუშაოზე შეთანხმება, ადვილი არ იქნება კომპრომისის მოძებნა. სერიოზული უთანხმოებების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება, თუ მეგობრულად და ტაქტიანად მოიქცევით.

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: ხართ ენერგიული, წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე იხევთ. გზაზე არ გაჩნდება დაბრკოლება, რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებთ. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. შესაძლოა, მათ რამე ახალი ინფორმაცია მოგაწოდონ ან საინტერესო იდეა შემოგთავაზონ. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები. ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული იქნება, შესანიშნავად უგებთ ერთმანეთს.

კურო: მშფოთვარე დღეა. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ გზადაგზა და ეს მაინცდამაინც არ მოგეწონებათ. შესაძლოა გადაიდოს შეხვედრები, რომლებსაც მოუთმენლად ელოდებოდით, საკითხების გადაჭრა, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის. სამაგიეროდ გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. უნდა ეცადოთ, რომ მოცემული შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გამოიჩინეთ ინიციატივა როგორ საქმეებში, ისე პირად ურთიერთობებში.

ტყუპი: იღბლიანი იქნება დღის პირველი ნახევარი. დარწმუნებული ხართ თქვენს წარმატებებში და ინტუიცია არ გღალატობთ – მართლაც შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეგიძლიათ. კარგი დროა გეგმების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება ადრე დაწყებული საქმეების დამთავრება, პასუხების პოვნა კითხვებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსვენებას არ გაძლევთ.

კირჩხიბი: დღის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელია. გაქვთ შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოთ მნიშვნელოვან საქმეში, რომლისთვისაც ძალღონე არ დაიშურეთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საქმიან სფეროში თანდათანობით მიილევა, მაგრამ ის კვლავ ძლიერი დარჩება პირად ურთიერთობებში. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ შეყვარებულ კირჩხიბებს. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად საერთო გეგმები განიხილოთ და იოცნებოთ.

ლომი: მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საქმე და საზრუნავი გექნებათ, დღეს ვერც უიღბლოსა და ვერც დაძაბულს ვერ ვუწოდებთ. ბევრ რამეს შესანიშნავად უმკლავდებით, მათ შორის, რთულ ამოცანებსაც. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ ნაცნობებთან, შესაძლებელია მათთან საერთო გეგმებიც გაჩნდეს.. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საჭიროა ყურადღება მცირე დეტალების მიმართ, რაც ზოგიერთ თქვენგანს გაუჭირდება.

ქალწული: დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონით იქნება გამორჩეული. შესაძლოა, მცირე წვრილმანებზეც კი ინერვიულოთ; მოსალოდნელია უთანხმოებები ახლობლებთან. ეს გაგანერვიულებთ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დაგიბრუნდებათ ოპტიმიზმი, უკეთ გააკონტროლებთ თავს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. ახლობლებთან და საქმიან პარტნიორებთან შედეგიანი საუბრები.

სასწორი: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არ გადაიღალოთ. ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე განწყობაზე. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფრის მშვიდად მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და ხელსაყრელი იქნება. მოგეცემათ რაღაც მნიშვნელოვან საქმეებთან გამკლავების საშუალება. ბევრი მიაღწევს წარმატებას იქ, სადაც ფანტაზიაა საჭირო.

მორიელი: დღის დასაწყისი შესაფერისი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ წინადადება, რომელიც ძალიან დაგაინტერესებთ. ასევე შეიძლება გაჩნდეს ძველი საქმიანი კავშირების აღდგენის შანსი. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ საშუალება, რომ გამოასწოროთ რომელიმე ძველ საქმეში დაშვებული შეცდომები. დიდი ალბათობაა, რომ თანხა მიიღოთ – შესაძლოა, დიდი არა, მაგრამ ეს მაინც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ნივთების შეძენაში.

მშვილდოსანი: შეიძლება ითქვას, რომ აღმაფრენის დღეა, რომელიც მოგიტანთ კარგ და მნიშვნელოვან სიახლეებს. გექნებათ ძველი კავშირების აღდგენის საშუალება. ასევე მოსალოდნელია, რომ მიიღოთ უჩვეულო, საინტერესო წინადადება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის, მომგებიანი გარიგებების დადებისთვის, თანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯებიც, მაგრამ ეს ფუჭად დახარჯული ფული არ იქნება.

თხის რქა: ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება, მაღალია წარმატებების სწრაფად მიღწევის შანსი. არაა გამორიცხული სასარგებლო ნაცნობობა. ხართ ძალზე მომხიბვლელი, ამიტომ თქვენდამი გულგრილი ვერავინ დარჩება. შესაძლოა, ვიღაც თქვენდამი სასიყვარულო გრძნობითაც განიმსჭვალოს. დღის მეორე ნახევარში კარგად წარიმართება სახლის საქმეები. შეგიძლიათ იყიდოთ ავეჯი, ყოფითი ტექნიკა და სხვა ნივთები სახლისთვის.

მერწყული: ეცადეთ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი და სწორად შეაფასოთ თქვენი ძალები. რეალური შეხედულებები იმედგაცრუებისგან გიხსნით. აჯობებს, თუ ყურადღებას გაამახვილებთ პრაქტიკულ ამოცანებზე, ისეთზე, რომლებიც უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგების მიღების საშუალებას იძლევა. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. ეს ძალიან გაგახარებთ. მოგეცემათ ადრე დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი.

თევზები: დღე კარგად აეწყობა, მაგრამ თქვენ დაჟინებით ცდილობთ მოძებნოთ საბაბი იმისთვის, რომ აღელდეთ და განაწყენდეთ. ეცადეთ, უფრო პოზიტიურად განეწყოთ. ამ შემთხვევაში ბევრ საინტერესო შესაძლებლობას აღმოაჩენთ, მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ წარმატებას. არ გარისკოთ იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. ფრთხილად მოქმედებით ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. დაფიქრებით ნათქვამი სიტყვა და მოქმედება როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

0