დღეს წითელი პარასკევია – ყველაზე მძიმე დღე მართლმადიდებლებისთვის

© photo: Sputnik / Stringerსანთლები ეკლესიაში
სანთლები ეკლესიაში - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
დიდი (წითელი) პარასკევი წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე დიდმარხვის ბოლოს წინა და ყველაზე მკაცრი დღეა.

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს დიდ, ანუ წითელ პარასკევს აღნიშნავს – დიდმარხვის ბოლოს წინა და ყველაზე მკაცრ დღეს, როდესაც იესო ქრისტე ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვისთვის მოწამეობრივად აღესრულა.

ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

ფერადი კვერცხები - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სააღდგომო კვერცხების შეღებვა და მოხატვა: რამდენიმე ვერსია

წითელ პარასკევს ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს – დაწყებული გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით, გასრულებული გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით.

დიდ პარასკევს უსისხლო მსხვერპლშეწირვა – წმიდა წირვა არ აღესრულება ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი, შეწირული ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

ეკლესიებში, მსახურების დაწყებამდე, ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი — „საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.

ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

ენდრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2020
ენდრო – წითელი კვერცხი, უკვდავების ზეიმი და გაზაფხულის დღესასწაული

წითელ პარასკევს ქრისტიანები სიმბოლურად კვერცხს წითლად ღებავენ. გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ხალხისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი მიართვა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“.

იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა:

— როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს.

სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ტიბერიუსს, რომ კვერცხი გაწითლდა.

იმ დღიდან მოყოლებული, ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ყველა ახალი ამბავი
0