სამების ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 28 აპრილი

558
(განახლებულია 00:14 28.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აპრილს წმიდა მოწამე სუქიას და მისთანა 16 ქართველის, ასევე წმიდა მოწამე საბა გუთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

სუქია და 16 ქართველი 

წმიდა მოწამენი - სუქია, ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე - ქართველი დიდებულები იყვნენ. ისინი ალბანეთის მთავრის კარზე მსახურობდნენ და შესაბამისი პატივიც ჰქონდათ მთავრისაგან.

სომეხთა მეფის, არტაქსარის მეფობის დროს (88-123 წწ) წმიდანები არტაშტში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში მოხვდნენ. ისინი ახლდნენ ალბანეთის მთავრის ასულ სათენეკს, რომელიც სომეხთა მეფეს გაჰყვა ცოლად. აქ ქადაგებდა წმიდა თადეოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი ხრისოსი. ქართველი დიდებულები დაემოწაფნენ მას და გადაწყვიტეს უფლის სამსახურისთვის გადაედოთ თავი. ხრისოსმა ახალმოქცეულები მესოპოტამიაში წაიყვანა და ევფრატის წყალში მონათლა.

ამის შემდეგ ხრისოსთან არტაქსარ მეფის გამოგზავნილი კაცები მივიდნენ და სთხოვეს, თავისი მოწაფეებისთვის ებრძანებინა სომხეთში დაბრუნება. ხრისოსმა უპასუხა: „ნებისაებრ თვისისა აღირჩიონ მათ სარგებელი თვისი“. მოძღვრის სიმტკიცით განრისხებულმა ბარბაროსებმა ხრისოსი და ოთხი მოწაფე მახვილით მოსწყვიდეს, სუქიასთვის კი ხელი არ უხლიათ, რადგან ეშინოდათ დედოფლისა, რომელსაც წმიდანი ნათესავად ეკუთვნოდა.

სუქიამ და მისმა თანამოძმეებმა დაფლეს სიმართლისათვის ვნებულნი, თვითონ კი „დაადგრეს სამხოლოსა მათსა ანგელოსებრივითა ცხოვრებითა“.

ხრისოსის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ საძმოს სულიერი მოძღვარი წმიდა სუქია გახდა. მალე ისინი გადავიდნენ სუკაკეთის მთაზე, რომელიც სოფელ ბაგდევანდის ახლოს მდებარეობდა. ყოფილი დიდებულები მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათი საჭმელი იყო მთის ბალახი, სასმელი კი - ცივი წყაროს წყალი.

წარმართული ალბანეთის ახალმა მთავარმა დატიანოსმა შეიტყო, რომ მისმა ქვეშევრდომმა დიდებულებმა ნათელიღეს და განმარტოებით ცხოვრობდნენ. მან თავის კარისკაც ბარლაპას უბრძანა, სპითურთ წასულიყო სუკაკეთს და პატივით მოეყვანა სუქია და მისი თანმხლებნი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მახვილით მოეწყვიტა ბერები.

წმიდანთა სიმტკიცით განრისხებულმა ბარლაპამ ბრძანა, შეეკრათ ძმები და ცეცხლი შემოენთოთ.

ცეცხლმოკიდებული წმიდა მოწამენი ბარლაპას ბრძანებით მახვილით აკუწეს, მათი დანახშირებული ნაწილები კი მიმოაბნიეს. ეს მოხდა ათონის ივერთა მონასტრის XI ს-ის პერგამენტის მიხედვით - 100 წელს).

საბა გუთელი 

საბა (+372) წარმოშობით გუთი იყო. იგი ქრისტიანობაზე მოაქცია ეპისკოპოსმა ვულფილმა, რომელიც IV საუკუნეში ქადაგებდა გუთთა შორის.
ნათელღების შემდეგ წმიდა საბა თამამად ქადაგებდა ქრისტიანობას.
გუთმა მთავრებმა და მსაჯულებმა წარმართი ქურუმების გავლენით ქრისტიანთა დევნა დაიწყეს და აიძულებდნენ მათ, ნაკერპავი ეჭამათ. ბევრი წარმართი თანაუგრძნობდა ქრისტიან ნათესავებსა და ახლობლებს და ნაკერპავის ნაცვლად ჩვეულებრივ ხორცს აძლევდა. წმიდა საბამ არ ისურვა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ამგვარ ტყუილთან შეგუება და განაცხადა, რომ ქრისტიანმა თავისი სარწმუნოება აშკარად უნდა აღიაროს. წმიდანის სიმტკიცით გაბრაზებულმა თანასოფლელებმა სოფლიდან გააძევეს იგი, მაგრამ შემდეგ შეინანეს და დაბრუნება სთხოვეს. როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, საბას თანასოფლელებმა გადაწყვიტეს, სამსჯავროზე წასულიყვნენ და ფიცის ქვეშ განეცხადებინათ, რომ მათ შორის არ იყო არც ერთი ქრისტიანი. წმიდა საბამ ხმამაღლა წარმოთქვა: „ჩემს მაგივრად ფიცს ნუ დადებთ, რადგან მე ქრისტიანი ვარ“.

სოფლელები წავიდნენ და განაცხადეს, რომ მათ შორის მხოლოდ ერთი ქრისტიანი იყო. მსაჯულმა მოითხოვა, მასთან მოეყვანათ წმიდანი, მაგრამ როცა მისი სიგლახაკე იხილა, საშიშ მტრად ვერ მიიჩნია იგი და გაუშვა.
დევნა გრძელდებოდა. წმიდა აღდგომის დღესასწაულზე საბას სოფელს ერთ-ერთი გუთი მხედართმთავარი - ათარიდი დაესხა თავს. წმიდა საბა ეპისკოპოს გუთიკთან უნდა შეხვედროდა დღესასწაულს, მაგრამ უფლის ანგელოზმა გზიდან მოაბრუნა და სოფელში დარჩენა უბრძანა. ამ დროს საბერძნეთიდან დაბრუნდა პრესვიტერი სპასალიც. მეომრებმა სპასალი და საბა შეიპყრეს, პრესვიტერი ურემზე შესვეს, წმიდა საბას კი ჯოხის ცემით მიერეკებოდნენ და ეკალ-ბარდებში ათრევდნენ. უფალმა დაიცვა წმიდანი: დილით, როცა ქალაქამდე მიაღწიეს, მან მეომრებს უთხრა: „შეხედეთ ჩემს სხეულს, ხედავთ მასზე ეკლებისა და ჯოხის კვალს?“ დარაჯები გაოგნებულნი შესცქეროდნენ უვნებელ მოწამეს. ამ სასწაულით გაბოროტებულებმა წმიდა საბა ურემზე მიაბეს და დაუნდობლად ცემეს.

ათარიდმა ბრძანა, წმიდა საბა სიკვდილით დაესაჯათ.
წმიდა საბა აღესრულა 372 წლის 12 აპრილს, 38 წლისა. ჯალათებმა მისი გვამი წყლიდან ამოიღეს და ნაპირზე დააგდეს. ქრისტიანებმა პატივით დამარხეს წმიდა ნეშტი. მოგვიანებით გუთმა მთავარმა იური სარანმა წმიდა საბას ნაწილები კაბადოკიაში გადაასვენა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

558
სანთლები

საეკლესიო კალენდარი: 18 მაისი

23
(განახლებულია 08:11 18.05.2021)
18 მაისს მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ხსენებას მოწამისა საგდუხტ ქალწულისა; დიდმოწამისა ირინესი (I-II); დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „ბარძიმი შეუსმელი“.

Sputnik საქათველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მათ ეკლესიის წინაშე.

წმიდა დიდმოწამე ირინე ცხოვრობდა I საუკუნეში.

ნათლობამდე მისი სახელი იყო პენელოპე. ის იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, ქალაქ მიგდონიის (მაკედონია, ანუ თრაკია) მმართველისა. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც ცხოვრობდა თავის აღმზრდელ კარიეასთან ერთად თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპესთან ყოველდღე მოდიოდა მასწავლებელი, სახელად აპელიანე და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლიდა. აპელიანე ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი გოგონას უყვებოდა ქრისტე-მაცხოვარზე. როცა პენელოპე გაიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გათხოვება. ამ დროს უფალმა მას საოცარი ხილვა გამოუცხადა: მასთან მოფრინდნენ მტრედი - ზეთისხილის რტოთი, არწივი - გვირგვინით და ყვავი - გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც სახეა სათნოებათა - მორჩილებისა, სიმდაბლისა და უბიწოებისა, მოუტანა ზეთისხილის რტო - მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისცემით იღებს ყოველი ადამიანი. არწივმა - სულიერი სიმაღლის სიმბოლომ - მოართვა გვირგვინი, ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისაგან მოძღვნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მოუტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებასა და დევნილობას მოუტანდა წმიდანს. საუბრის ბოლოს აპელიანემ თქვა, რომ უფალმა პენელოპე გამოარჩია და მას ზეციური სასიძოსთვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევს. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, მოინათლა წმიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქული ტიმოთესაგან და ეწოდა ირინე. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, მაგრამ შემდეგ მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისათვის ეცა თაყვანი. როცა წმიდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვებქვეშ ჩაეგდოთ. ცხენები გაირინდნენ წმიდანის წინაშე, ბოლოს კი ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს მარჯვენა მხარი მოტეხა და ფეხებით გათელა. წმიდა ქალწული გაათავისუფლეს. მისი ლოცვით, ყველას თვალწინ, ლიკინიუსს ხელი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და 3000 ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე და უარყვეს წარმართობა. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმიდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა იესო ქრისტეს მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის. ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის, აპელიანეს სახლში. ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ დაიბარა წმიდა ქალწული და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა ირინემ უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და განემზადა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. სედეკიას ბრძანებით წმიდანი ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, სადაც 10 დღე გაატარა. იგი უვნებლად დაიცვა უფლის ანგელოზმა, რომელიც საზრდელს აწვდიდა მას. სედეკიამ ეს სასწაული ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, გაეხერხათ ქალწული. რკინის ხერხები ტყდებოდა და ვნებას ვერ აყენებდა წმიდა მოწამეს. ბოლოს, მეოთხე ხერხმა სისხლით შეღება მოწამის სხეული. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმიდანს: „სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გეხმარება?“ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, იელვა, იქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სედეკიამ ახალი სატანჯველი განუმზადა მოწამეს, მაგრამ ღმერთმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ხალხი აღშფოთდა, აღდგა სედეკიას წინააღმდეგ და ქალაქიდან გააგდო. მისი შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ წმიდა ირინეს, მაგრამ ღმერთი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმიდა ირინეს მიერ მოქცეულ იქნა 10000 წარმართი. წმიდანი თავისი ქალაქიდან კალაპოლში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა ბაბადონმა შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, ღვთის ნებით თავადაც ქრისტიანობაზე მოექცა. მასთან ერთად ქრისტეს სჯული მიიღო მრავალმა წარმართმა. მათ ნათელ-იღეს წმიდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ წმიდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამიერ სოფლისაგან მისი განსვლის ჟამი. წმიდა ირინე აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებლებს სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და შიგნით შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმიდანის ნეშტი ვერ იხილეს.

"შეუსმელ ბარძიმად" წოდებული ხატის გამოცხადება 1878 წელს მოხდა. ტულის გუბერნიის ეფრემოვის მაზრის ერთ-ერთი გლეხი, გადამდგარი ჯარისკაცი, მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა შეპყრობილი. მან მთელი თავისი სარჩო-საბადებელი ლოთობაში გაანიავა და მალე სრულიად გაღატაკდა. უზომო სმისგან მას ფეხები სავსებით წაერთვა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სმას. ერთხელ მას სიზმრისეულ ჩვენებაში ბერი ეჩვენა და უბრძანა, ქალაქ სერპუხოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში ჩასულიყო, სადაც ღვთის დედის ხატი "ბარძიმი შეუსმელი" ბრძანდებოდა და მისი სავედრებელი პარაკლისი გადაეხადა.
მონასტერში მისულმა იქაურებს მოუთხრო თავის სიზმრისეულ ჩვენებაზე და პარაკლისის გადახდა სთხოვა, მაგრამ მონასტერში არავინ უწყოდა ღვთისმშობლის ამგვარი ხატის შესახებ. მაშინ იფიქრეს, სადიაკვნოს შესასვლელში რომ ხატი კიდია, ის ხომ არ არისო? მართლაც ხატის უკანა მხარეს ნახეს წარწერა: "ბარძიმი შეუსმელი". იქ მყოფ ერთ-ერთ ბერში დასნეულებულმა გლეხმა მაშინვე შეიცნო სიზმრად ნანახი ბერი. სერპუხოვიდან შინ გლეხი სავსებით გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.
ღვთის დედის ხატის საკვირველი განდიდების ამბავი მალე მთელ რუსეთს მოედო. მემთვრალეობის სენით შეპყრობილნი, მათი ახლობლები და ნათესავები იჩქაროდნენ, ლოცვები აღევლინათ სნეულებისაგან განკურნებისათვის ღვთისმშობლის ხატის წინაშე, ბევრი კი იმისთვის მოილტვოდა, რათა სამადლობელი შეეწირა დედოფლისთვის მისი უდიდესი წყალობის გამო.
რას გამოხატავს ეს ხატი? იკონოგრაფიული თვალსაზრისით იგი ღვთის დედის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულების "ორნატას" ტიპს მიეკუთვნება, ოღონდ ეგაა, რომ ღვთიური ყრმა ბარძიმში ფეხზე მდგომია გამოხატული. ბარძიმი მაკურთხებელი ღვთიური ყრმით - ესაა ბარძიმი ზიარებისა, რომელიც მომლოცველებს ყველა იმ კურთხევას ანიჭებს, რომელიც იესო ქრისტემ მიჰმადლა კაცთა ცოდვილ მოდგმას. ბარძიმი ესე მართლაც შეუსმელია, ანუ დაულეველი, რამეთუ ტარიგი მისი (ანუ შეწირული უფალი) "მარადის იჭამების და არა დაილევის". ხოლო დედა ღვთისა, ზეაპყრობილი ყოვლადწმიდა ხელებით, ყოველი ცოდვილისათვის ლოცულობს, ყველას ცხონება სურს, მდაბალი დამღუპველი მიდრეკილებების ნაცვლად იგი სულიერი სიხარულისა და ნუგეშის ამოუწურავი წყაროსაკენ მოუწოდებს. იგი ამცნობს, რომ სულიერი შეწევნისა და მოწყალების შეუსმელი ბარძიმი გამზადებულია თითოეული მათგანისთვის, ვისაც კი ეს სურს.

სტატიაში გამოყეებულია მასალები ღია წყაროებიდან

 

23
თემები:
საეკლესიო კალენდარი

ქართულმა ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა ვიდეო

52
(განახლებულია 20:15 17.05.2021)
საქართველოში 2013 წლიდან 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ამ დღეს მღვდელმსახურები ღია ავტომობილებით უვლიან ქალაქს და ქუჩებს ნაკურთხ წყალს ასხურებენ.

მღვდელმსახურებმა დღესაც ჩაატარეს თბილისის ქუჩებისა და მოსახლეობის კურთხევა.

დილით მრევლიცა და ეკლესიის მსახურებიც სამების ტაძართან შეიკრიბნენ, წყალი აკურთხეს და ხუთი სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ ქალაქის მოსახლეობის საკურთხებლად.

პირველი მიმართულება საბურთალო იყო, მეორე — დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, მუხიანი და თემქა, მესამე — ორთაჭალა, ისანი და სამგორი, მეოთხე — მთაწმინდა, სოლოლაკი, ვაკე, ვერა და დიდუბე, მეხუთე − ჩუღურეთი.

პანდემიის გამო წელს მასშტაბური მსვლელობები და სხვა ღონისძიებები არ გაიმართა, როგორც ეს წინა წლებში იყო.

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე საქართველოში 2013 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ−თემის მოწინააღმდეგეებმა 17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია დაარბიეს. მაშინ 30-მდე ადამიანი დაშავდა. მომდევნო წლებში ლგბტ−თემის დამცველთა აქციები პოლიციის გაძლიერებული მეთვალყურეობით იმართებოდა.

52
სასწრაფო დახმარება

სამეგრელოში კორონავირუსს 79 წლამდე ქალი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 14:00 18.05.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 110-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი რვა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სამეგრელოს–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა,  იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.  

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლამდე ქალი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 161 კოვიდ-პაციენტი გადის, 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი,  „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები