სამების ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 9 აპრილი

244
(განახლებულია 23:23 08.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 აპრილს მოწამეების მატრონა თესალონიკელის (III-IV), მანუელის და თეოდოსის (304),  ასევე  წმინდა იოანე წინამხედველის  (დაახ. 395) ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
მატრონა თესალონიკელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი მოწამე მატრონა თესალონიკელის ხსენების დღეა.

 მატრონა თესალონიკში მცხოვრები ერთი დიდგვაროვანი ებრაელი ქალბატონის მხევალი იყო. ქალბატონს სურდა, იუდაიზმზე მოექცია იგი და ხშირად სცემდა, ბოლოს კი, გააფთრებისგან გონდაკარგულმა, დილეგში გამოამწყვდია და კარები დალუქა. წმიდა მოწამე მატრონა საკანში გარდაიცვალა (III ან IV საუკუნეში). მისი ცხედარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას. სხვა ცნობით, წმიდა მატრონა აწამეს წარმართებმა, რომელთაც იგი თავისმა ქალბატონმა გადასცა. მოგვიანებით თესალონიკში წმ. მატრონას სახელობის ტაძარი ააგეს და მისი პატიოსანი ცხედარი იქ გადააბრძანეს. წმიდა მოწამის ზოგიერთი ნაწილი დაცულია მაზერში, ტულუზის დიოცეზში (საფრანგეთი). 

იოანე წინასწარმხედველი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი წმიდა იოანე წინასწარმხედველის ხსენების დღეა.

იოანე წინასწარმხედველი (+395) დაიბადა IV ს-ის დასაწყისში. ცხოვრობდა ქალაქ ლიკოპოლისში (შუა ეგვიპტე). 25 წლის ასაკში წმიდა იოანე წავიდა მონასტერში და ბერად აღიკვეცა. 15 წლის განმავლობაში მოღვაწეობადა იგი სხვადასხვა სავანეში, შემდეგ კი განმარტოებით ცხოვრების მსურველმა თებაიდის ერთ-ერთ მთას მიაშურა. წმიდა იოანე 15 წელი ცხოვრობდა განდეგილად და არასოდეს ტოვებდა თავის სამყოფელს. მასთან მისულ ხალხთან ღირსი მამა პაწაწინა სარკმლიდან საუბრობდა, აქედანვე ღებულობდა მწირ საზრდოს. ოცდაათწლიანი დაყუდებული ცხოვრების შემდეგ წმიდა იოანემ ღვთისაგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. იმპერატორ თეოდოსი დიდს (379-395) მან უწინასწარმეტყველა მაქსიმესა და ევგენიზე გამარჯვება და ძლევამოსილი ომი გალების წინააღმდეგ. მასთან მისულებს წმიდა მამა მომავალს აუწყებდა და რჩევას აძლევდა, ავადმყოფებს მაკურნებელ ნაკურთხ ზეთს სცხებდა.
ღირსმა იოანემ მისი ცხოვრების აღმწერელს, ბერ პალადის ეპისკოპოსობა უწინასწარმეტყველა. მისი წინასწართქმა ახდა.
ღირსი იოანე აღესრულა ღრმად მოხუცი, 90 წლის ასაკში, 395 წელს. 

მანუელი და თეოდოსი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით  9 აპრილი მოწამეების მანუელისა და თეოდოსის ხსენების დღეა.

მანუელი და თეოდოსი დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამნენ. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ ხოცავდნენ ქრისტიანებს ყოველდღიურად, თვითონაც ქრისტესთვის წამების სურვილით აენთნენ და ნებით ჩაბარდნენ ჯალათებს. საშინელი წამების შემდეგ წმიდანებს თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა 304 წლის 26 მარტს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

244
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
წმინდა კვირიკესა და ივლისტას მონასტერი - ლაგურკა

საეკლესიო კალენდარი: 14 აპრილი

278
(განახლებულია 08:21 14.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია14 აპრილს  ღირსთა: იოანე შავთელისა და ევლოგი სალოსის, ღირსი მარიამ მეგვიპტელის და  ღირსი მაკარი იღუმენის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი.
საეკლესიო კალენდარში 14 აპრილი ღირსი მამა იოანე შავთელის და ევლოგი წინასწარმეტყველი -სალოსის, (თამარ მეფის თანამედროვე)  ხსენების დღეა.  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოანე შავთელს იხსენიებს ორჯერ: ძველი სტილით 1 აპრილს, ევლოგი სალოსთან ერთად და 9 ივნისს.

ღირსი იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო. „ქართლის ცხოვრება“ მას მოიხსენიებს, როგორც „ლექსთა გამომთქმელს და მოღუაწებათა შინა განთქმულს“. 

ღირსმა იოანემ ახალგაზრდობაში მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფოლოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მონასტერში.

ღირსმა იოანემ გამუდმებული სულიერი მოღვაწეობით, განუწყვეტელი ლოცვით და ღვთივსათნო ცხოვრებით უფლისაგან ბრძნადმეტყველების მადლი მიიღო.

როდესაც ქართველთა სპა დავით სოსლანის წინამძღოლობით ბასიანისკენ გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი ოძრხეში წავიდა სალოცავად. მას თან ახლდა ქართლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა „იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“.

აქ ერთი სასწაული აღსრულდა: ღვთისაგან წინასწარმცნობელობის მადლით დაჯილდოებული ევლოგი სალოსი წირვის დროს სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: „აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“. ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება მიიღო. 

ღვთის შეწევნით, ქართველებმა ბასიანში დაამარცხეს მტერი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

წმიდა ევლოგი, რომელიც ქრისტესთვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერი ღვაწლს, ამჯერად გაექცა კაცთაგან განდიდებას.

წმიდა იოანე შავთელმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების სამადლობელად დაწერა „გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“. მასვე ეკუთვნის ცნობილი ოდა „აბდულ-მესიანი“ (ქრისტეს, მესიის მონა).

ღირსი იოანე შავთელი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა და გარდაცვალებისთანავე შერაცხილ იქნა წმიდანთა დასში.

მარიამ მეგვიპტელი

საეკლესიო კალენდარში 14 აპრილი მარიამ მეგვიპტელის (+522) ხსენების დღეა. ღირს დედას ეკლესია დიდი მარხვის მე-5 კვირას იხსენიებს, აქედან გამომდინარე წმინდანის მოხსენიების თარიღი გარდამავალია.

პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, კესარიის მახლობლად, ცხოვრობდა ღირსი ზოსიმე. სიყრმიდან მონასტერში გაზრდილი ბერი სავანეში 53 წლამდე მოღვაწეობდა. ერთხელ მას გონებაში გაუელვა ფიქრმა: „ნეტავ მოიძებნება უშორეს უდაბნოში ღვთივსულიერი კაცი, ჩემზე აღმატებული მღვიძარებასა და ღვაწლში?“ 

როგორც კი ფიქრი დაასრულა, ღირს მამას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: „შენი ღვაწლი სათნოა უფლისათვის, მაგრამ „არავინ არს მართალ არცაღა ვართ“ (რომ. 3,10). ქვეყნად ცხონების უმჯობესი გზებიც არსებობს. გამოდი შენი სავანიდან, ვითარცა აბრაამ სახლითგან მამისა თვისისა (შეს. 12,1) და წადი იორდანეს მონასტერში“.

აბბა ზოსიმემ დატოვა თავისი სამყოფელი და იორდანეს მონასტერში მივიდა. აქ მან ნახა საოცარ ღვაწლში მყოფი უდიდესი ასკეტი მამები და მათთან დარჩა სამოღვაწეოდ.

გავიდა დრო. დადგა დიდი მარხვა. მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, დიდმარხვის პირველი კვირიაკეს საღმრთო ლიტურღიაზე ყველანი ეზიარებოდნენ. ლოცვისა და მეტანიების შემდეგ ბერები ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, იღუმენისაგან კურთხევას იღებდნენ და ფსალმუნის გალობით - „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?“ (ფს. 26,1), უდაბნოში გადიოდნენ.

ზოგ ბერს თან მიჰქონდა მცირედი საზრდელი, ზოგი კი მხოლოდ ბალახით იკვებებოდა. ისინი იორდანეს გაღმა გადიოდნენ, ერთმანეთს შორდებოდნენ და ბზობის დღესასწაულზე ბრუნდებოდნენ მონასტერში.

იმ წელს აბბა ზოსიმეც წავიდა უდაბნოში.

ერთხელ, როცა უდაბნოში გატარებული ოცი დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე მეექვსე ჟამის ფსალმუნებს და ლოცვებს გალობდა, მოეჩვენა, რომ მარჯვნივ ადამიანის ჩრდილი გაკრთა. ღირსი მამა შეძრწუნდა, იფიქრა, ეშმაკეული ჩვენება ვიხილეო, პირჯვარი გადაისახა, შიში უკუაგდო, ლოცვის დამთავრების შემდეგ კი იქითკენ გაიხედა და დაინახა უდაბნოში მიმავალი შიშველი ადამიანი, რომელსაც მზისგან სხეული გაშავებოდა და მოკლე, გახუნებული თმები კრავის მატყლივით გათეთრებოდა. აბბა ზოსიმემ გაიხარა ცოცხალი არსების ხილვით და მისკენ გაეშურა. 

როგორც კი შიშველმა მეუდაბნოემ მისკენ მიმავალი ზოსიმე დაინახა, სირბილით სცადა გარიდებოდა ღირს მამას. ზოსიმემაც უძლურება და დაღლილობა დაივიწყა და დაედევნა, უნდოდა ახლოს ენახა ის საოცარი განდეგილი. ბოლოს ღონემიხდილი დამშრალ წყაროსთან გაჩერდა და ცრემლებით შეევედრა მეუდაბნოეს: „რად გაურბიხარ უდაბნოში საცხონებლად მოსულ ცოდვილ ბერს? დამელოდე უძლურს და უღირსს, დამლოცე და მაკურთხე“.

უცნობმა უკანმოუხედავად დაუძახა: „მომიტევე, მამაო ზოსიმე, არ ძალმიძს მოგიახლოვდე,მე ქალი ვარ და არა მაქვს სამოსელი, რათა ხორციელი სიშიშვლე დავიფარო. თუ გსურს ილოცო უდიდესი ცოდვილისთვის, მიბოძე შენი სამოსელი, რომ შევძლო მოგიახლოვდე და კურთხევა გთხოვო“.

„სიწმიდისა და ფიცხელი ღვაწლის გამო უფალს სულიერი ჭვრეტის მადლით დაუჯილდოვებია, ალბათ ამიტომ იცის ჩემი სახელი“ - გაიფიქრა აბბა ზოსიმემ და ანაფორა გადაუგდო.

შემოსილი ქალი ღირს მამას მიუახლოვდა: „რამ გაფიქრებინათ, მამაო, დამლაპარაკებოდით მე, ცოდვილ და უგუნურ ქალს? რა უნდა ისწავლოთ ჩემგან, რად დახარჯეთ ამდენი ძალა?“

ღირსმა ზოსიმემ მუხლი მოიდრიკა და კურთხევა სთხოვა მეუდაბნოეს. ისიც მუხლებზე დაეცა. დიდხანს სთხოვდნენ ერთმანეთს კურთხევას. ბოლოს მეუდაბნოემ უთხრა: „აბბა ზოსიმე, შენ გმართებს კურთხევა და ლოცვის აღვლენა, რამეთუ ღირს იქმენ მოძღვრის ხარისხისა და მრავალი წელი ქრისტეს ტრაპეზთან მდგარი სწირავდი უფალს წმიდა ძღვენს“. 

ამ სიტყვებმა უფრო შეაშინეს ღირსი ზოსიმე: „სულიერო დედაო, ცხადია, შენ უფრო მიახლებიხარ უფალს და მომკვდარხარ სოფლისათვის, რადგან სრულიად უცნობს სახელით მომმართე და მოძღვარი მიწოდე, მაკურთხე, ღვთის გულისათვის“.

ბოლოს ღირსმა დედამ წარმოთქვა: „გაკურთხოს უფალმან, მაცხოვნებელმან ყოვლისა სოფლისამან“. აბბა ზოსიმემ მიუგო: „ამინ“ და ორივენი წამოიმართნენ. მეუდაბნოემ კვლავ მიმართა ზოსიმეს: „რისთვის მოხვედ, მამაო, ჩემგვარ ცოდვილთან? როგორც ჩანს, სულიწმიდის მადლმა მოგიყვანა, რომ ჩემი სულისთვის საჭირო სამსახური გასწიო. მაუწყე, მამაო, როგორ ცხოვრობენ ქრისტიანები, როგორ იზრდება ღვთის წმიდა ეკლესია?“

აბბა ზოსიმემ უპასუხა: „თქვენი წმიდა ლოცვებით უფალმა მომადლა მშვიდობა ეკლესიას და მთელს ქვეყანას. ყურადიღე უღირსი ბერის ვედრება, დედაო, ილოცე ქვეყნისთვის და ჩემთვის, ცოდვილისთვის, რათა ფუჭი არ მექნეს უდაბნოში მწირობა“.

წმიდა მეუდაბნოემ უპასუხა: „უფალს სათნო ეყოფა, აბბა ზოსიმე, შენი ლოცვა ჩემთვის და სხვებისთვისაც, რამეთუ ხელდასხმის მადლი გაქვს. მე კი მორჩილებით აღვასრულებ შენს სურვილს და ვილოცებ წმიდა გულით“.

მეუდაბნოემ აღმოსავლეთით იბრუნა პირი, თვალები და ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ლოცვად დადგა. ბერმა დაინახა, რომ ლოცვისას ღირსი დედა ჰაერში აიწია. სასწაულებრივი ხილვით შეძრწუნებული ზოსიმე პირქვე დაემხო.

ზოსიმეს გონებაში კვლავ გაკრთა ფიქრი: „ბოროტი ხომ არ მაცდუნებს?“ მაშინ ღირსმა დედამ ის წამოაყენა და უთხრა: „რატომ შეცბუნდი, მამაო, მე მოჩვენება კი არა, ერთი ცოდვილი, უღირსი დედაკაცი ვარ“, შემდგომ კი პირჯვარი გადაისახა. ამის შემყურე და გამგონე ცრემლმორეული ზოსიმე ფერხთით ჩაუვარდა მეუდაბნოეს: „გევედრები, ღვთის გულისათვის, არ დამიმალო შენი ამბავი, მაუწყე, რათა სხვებისთვისაც ნათელი გახდეს ღვთის განგებულების სიდიდე. უფალმა იმისთვის გამომგზავნა უდაბნოში, რათა გაცხადდეს დაფარული“. 

მეუდაბნოემ უთხრა: „მიმძიმს, მამაო, გაუწყო ჩემი უსირცხვილო საქმეები, რადგან გამერიდები, როგორც ასპიტს. მაგრამ მაინც მოგითხრობ ყოველივეს, შენ კი ლოცვა ჰყავ ჩემ ცოდვილისთვის.

ეგვიპტეში დავიბადე და მშობლების სიცოცხლეშივე, თორმეტი წლისა, ალექსანდრიაში გავიქეცი. აქ დავემონე დაუოკებელ, გაუმაძღარ სიძვისას ვნებას. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ცოდვებში და ამ უღირს საქმეს ვიქმოდი უფასოდ. ფულზე იმიტომ კი არ ვამბობდი უარს, რომ მდიდარი ვიყავი, არა, სარჩო არ მქონდა, სიღატაკეში ვცხოვრობდი, ქსოვით ვირჩენდი თავს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო.

ერთხელ დავინახე უამრავი ხალხი, რომლებიც ლიბიიდან და ეგვიპტიდან იერუსალიმს მიემგზავრებოდა წმიდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მეც მომინდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ დღესასწაულზე დასასწრებად კი არა, მამაო, ვიფიქრე, ალბათ იქ მეტ ადამიანს ვნახავ-მეთქი ცოდვით დაცემისათვის. ახლა მერწმუნეთ, მიკვირს, როგორ აიტანა ზღვამ ჩემი მრუშობა და ავხორცობა, როგორ არ ჩამიტანა მიწამ ჯოჯოხეთში, როგორ მაპატია ამდენი სულის ცდუნება და დაღუპვა, მაგრამ ჩანს, უფალს ჩემი სინანული უნდოდა და მოთმინებით ელოდებოდა ჩემს მოქცევას.

ჩავედი იერუსალიმში და დღესასწაულამდე ბილწ საქმეებს ვიქმოდი.

ჯვართამაღლებას მე, ჩვეულებრივ, ნორჩ სულთა წარსაწყმედად გამოვედი. ყველა ადრიანად წასულიყო ტაძარში, სადაც ცხოველსმყოფელი ჯვარი იყო დასვენებული. მეც იქით გავემართე და ეკლესიის კარიბჭესთან გავჩერდი. როდესაც წმიდა ჯვრის ამაღლების ჟამი დადგა, ტაძარში შესვლა მოვინდომე, მაგრამ ღვთის უხილავმა ძალამ გამაჩერა და კარებიდან უკუმაქცია. სხვები დაუბრკოლებლივ შედიოდნენ კარიბჭეში. კვლავ შევეცადე შიგნით შემეღწია, მაგრამ - უშედეგოდ, რაღაც ძალა ისევ უკან მაგდებდა, ასე განმეორდა რამდენჯერმე, ბოლოს ძალა გამომელია, კარებს მოვშორდი და შორიახლოს კუთხეში გავჩერდი. 

უცებ ვიგრძენი, რომ ტაძარში ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდიოდი. გული ღვთის მადლით ამევსო, ავტირდი და სინანულით მუშტი ჩავირტყი მკერდში. ჩემს წინ ღვთისმშობლის ხატი შევნიშნე და ლოცვით მივმართე: „ყოვლადწმიდაო ქალწულო, მშობელო სიტყვისა ღვთისაო, ვუწყი, რამეთუ უღირს ვარ ხილვად ხატისა შენისა; განგდებულ ვიქმენ შენი სიწმიდისაგან, მაგრამ განა ცოდვილთა სინანულად არ შეისხა ხორცი ღმერთმან ჩვენმან?! შემეწიე, ყოვლადწმიდაო, მომეც ნება ტაძარში შესვლისა და იმ ჯვრის ხილვისა, რომელზეც ჯვარცმულ-იქნა უფალი, მოსატევებელად ცოდვათა ჩვენთა, თვისი უცოდველი სისხლის დამთხეველი. მომეც ნება, თაყვანი-ვსცე წმიდა ჯვარს, მეოხ მეყავ წინაშე შობილისა შენისა. ამიერიდან აღარ შეურაცხვყოფ ჩემს სხეულს ხორციელ ვნებათაგან, ვიხილავ რა ყოვლადწმიდა ჯვარს ძისა შენისა, განვალ ამ სოფლისგან და წარვალ, საითკენაც მომიწოდებ“.

ლოცვის დამთავრებისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. ღვთისმშობლის მოწყალებას მინდობილი კვლავ კარისკენ გავემართე, დაუბრკოლებლად შევედი ტაძარში და უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ხილვის ღირსი შევიქენი.

ასე დავრწმუნდი ღვთის განგებულებასა და სახიერებაში. ქედი მოვიდრიკე, ვეამბორე სიწმიდეებს და მსწრაფლ გამოვედი ტაძრიდან. კვლავ დავიჩოქე ღვთისმშობლის ხატის წინ და ლოცვა აღვავლინე.

უცებ შორიდან შემომესმა ხმა: „თუ იორდანეს გადალახავ, ნეტარი აღსასრული მოგელის“. ვირწმუნე, რომ ეს ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი და ცრემლით შევევედრე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: „მოწყალეო დედაო, ნუ დამიტევებ მე, არამედ შემეწიე“. ტაძრის ეზოდან გამოსულს ვიღაცამ სამი სპილენძის მონეტა მომცა. იმ ფულით სამი პური ვიყიდე და იორდანეს გზა გავიგე.

მზის ჩასვლისას იორდანეს ნაპირას მდებარე წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას მივაღწიე. ტაძარში ლოცვის შემდეგ წმიდა მდინარის წყლით ხელ-პირი დავიბანე, ერთი პურის ნახევარი შევჭამე, წმიდა წყალი მივიღე და მიწაზე მივწექი დასაძინებლად. დილით პატარა ნავი ვიპოვე, იორდანეს მეორე ნაპირზე გადავედი და კვლავ ღვთისმშობელს შევთხოვე წინამძღვრობა. ასე მოვედი უდაბნოში“. 

აბბა ზოსიმემ მეუდაბნოეს ჰკითხა: „რამდენი წელია, დედაო, რაც უდაბნოში ცხოვრობ?“ - „ალბათ ორმოცდაშვიდი წელი გავიდა, რაც წმიდა ქალაქიდან წამოვედი“.

ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: „რას ჭამ, რას პოულობ ამ უდაბნოში?“ - „როცა იორდანე გადმოვლახე, ორნახევარი პური მქონდა. თანდათანობით უდაბნოს მცხუნვარებამ გამოაშრო და გააქვავა. ასე რომ, მცირედს ვღებულობდი და მრავალი წლის მანძილზე მეყო“. - „მერწმუნე, აბბა ზოსიმე, - განაგრძო ღირსმა დედამ, - ჩვიდმეტი წელი ისე ვებრძოდი ბოროტ ფიქრებს, როგორც ცოფიან ნადირებს. მახსენდებოდა ხორცი და თევზი, რომელსაც ეგვიპტეში მივეჩვიე. ღვინოც მენატრებოდა: მე ხომ ძალზე ბევრს ვსვამდი, აქ კი ხშირად მწირი საჭმელ-სასმელიც არ მქონდა და წყურვილისა და შიმშილისაგან ვიტანჯებოდი. უფრო დიდი უბედურების გადატანაც მიხდებოდა: ხანდახან ავხორცული სიმღერის ჟინი მომივლიდა, თითქოს ჩამესმოდა კიდეც, გულს და სმენას მიფორიაქებდა. მაშინ ცრემლებით ვიგონებდი ღვთისმშობლისთვის მიცემულ აღთქმას და მხურვალედ ვლოცულობდი. როცა ჩემი ლოცვა სათნოეყოფოდა უფალს, ვხედავდი ბრწყინვალე ნათელს, ქარიშხლის ნაცვლად კი დიდებული მყუდროება ისადგურებდა.

როგორ აღვიარო, მამაო, წინაშე შენსა ავხორცული ფიქრები ჩემი? უცებ სიძვის ცეცხლი მომედებოდა გულზე, ყოველივეს მუსრავდა ჩემში და ვნებას მიღვიძებდა. მაშინ პირქვე დავემხობოდი. ასე დამხობილი ვიყავ დღე და ღამ, სანამ არ მოვიდოდა სინანული და არ გამოჩნდებოდა ბოროტი ფიქრებისა და ზრახვების განმაბნეველი ნათელი.

ასე ვცხოვრობდი პირველი ჩვიდმეტი წელი: ბნელი - ბნელზე, უბედურება უბედურებაზე მემატებოდა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება მიფარავდა მარადის“.

აბბა ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: „ნუთუ არც საჭმელი დაგჭირდა, არც - სამოსელი?“

მეუდაბნოემ უპასუხა: ჩვიდმეტ წელიწადში პური დამიმთავრდა, ამის შემდეგ ფესვებით და ბალახებით ვიკვებებოდი. კაბა შემომეძარცვა, დიდხანს ვიტანჯებოდი ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სიცივეში. რამდენჯერ მკვდარივით დავცემულვარ მიწაზე, რამდენჯერ მიბრძოლია ცდუნებასთან, უბედურებასთან, განსაცდელთან, იმ დღიდან დღემდე ღვთის ძალა უხილავად იცავდა და იცავს ჩემს ცოდვილ სულსა და ხორცს. 

აბბა ზოსიმე გააკვირვა მეუდაბნოეს საღმრთო წერილში განსწავლულობამ და ჰკითხა: „სად ისწავლე, დედაო, წმიდა წერილი?“ მეუდაბნოემ გაიღიმა და უპასუხა: „მერწმუნე, რაც იორდანე გადმოვლახე, სულიერი არ მინახავს, წერა-კითხვაც არ ვიცი, საეკლესიო გალობაც არსად მომისმენია, მხოლოდ სიტყვა ღვთისა, ცხოველი და შემოქმედი, ასწავლის ადამიანს ყოველივეს (კოლ. 3,16; პტ. 1,21; 1 თეს. 2,13). მთელი ცხოვრება აღვიარე შენს წინაშე, მამაო, გევედრები, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის! კიდევ ერთს შეგთხოვ, აბბა, ნურავის მოუყვები ჩემს ამბავს, სანამ უფალი თავისთან არ მიმიხმობს. აღმისრულე, რასაც გეტყვი. მომავალ წელს, დიდმარხვას, უდაბნოში ნუ წახვალ, როგორც ამას მონაზვნური წესი გავალებს“. კვლავ გაუკვირდა ღირს ზოსიმეს, საიდან იცისო მონასტრის წესი?

მეუდაბნოემ გააგრძელა: „მამაო, მონასტერში დარჩი, თუმცა, რომც გინდოდეს, მაინც ვერ გახვალ. დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ხსენების დღეს, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ხორცი და სისხლი მომიტანე იორდანის ნაპირზე, რათა ვეზიარო. ახლა ჩემს შესახებ ნურაფერს მოუთხრობ, უფალი თვითონ გიჩვენებს დროს“.

მეუდაბნოემ ილოცა და უდაბნოს სიღრმეში გაუჩინარდა. მამა ზოსიმემ მთელი წელი მდუმარებაში გაატარა და უფალს ევედრებოდა, კიდევ ერთხელ შეეხვედრებინა წმიდა მოღვაწესთან.

როცა კვლავ დადგა წმიდა დიდმარხვის პირველი შვიდეული, ღირსი ზოსიმე ავადმყოფობის გამო მონასტერში დარჩა და გაახსენდა მეუდაბნოეს წინასწარმეტყველება. რამდენიმე დღის შემდეგ ის განიკურნა, მაგრამ ვნების კვირიაკემდე მონასტრიდან არ გასულა.

მოახლოვდა საიდუმლო სერობის ხსენების დღე. აბბა ზოსიმემ შეასრულა დაპირება: გვიან ღამით დატოვა მონასტერი და იორდანეს ნაპირას ჩამოჯდა მეუდაბნოეს მოლოდინში. ღირსი დედა იგვიანებდა. აბბა ზოსიმე უფალს ევედრებოდა, კვლავ გაეხადა მისი ხილვის ღირსი. ბოლოს ღირსი დედაც გამოჩნდა: ის იორდანეს მეორე ნაპირს მოადგა. ზოსიმემ ღმერთს მადლობა შესწირა, მაგრამ უეცრად მის გონებაში გაკრთა ფიქრი: „როგორ გადმოვა ნავის გარეშე მდინარეზე?“ მეუდაბნოემ კი ჯვარი გადასახა იორდანეს და წყალზე გაიარა. ბერმა მოინდომა თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსმა დედამ შეაჩერა: „რასა იქმ, მამაო, შენ ხომ მღვდელი ხარ - ღვთის საიდუმლოთა მტვირთველი“, თან კურთხევა სთხოვა. საოცარი ხილვით გაოგნებულმა ბერმა წმიდანი დალოცა. შემდეგ, მისი თხოვნით, „მრწამსი“ და „მამაო ჩვენო“ წაიკითხა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა. ზიარების შემდეგ მეუდაბნოემ ზეცისკენ აღაპყრო ხელი და ცრემლითა და სასოებით წარმოთქვა წმიდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილა თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“. შემდეგ ბერს მიმართა: „მომიტევე, მამაო, და ერთი სურვილიც აღმისრულე: მომავალ წელს კვლავ მოდი იმ დამშრალ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ილოცე ჩემი ცოდვილი სულისთვის“. შემდეგ კვლავ ჯვარი გადასახა იორდანეს, გაიარა წყალზე და უდაბნოს წყვდიადში მიიმალა. აღტაცებული მამა ზოსიმე სულიერი ზეიმით დაბრუნდა მონასტერში. 

გავიდა კიდევ ერთი წელიწადი. აბბა ზოსიმე კვლავ წავიდა უდაბნოში და დამშრალ წყაროსთან გულზე ხელდაკრეფილი გარდაცვლილი მეუდაბნოე იხილა. აბბა ზოსიმემ მას ცრემლებით დაბანა ტერფები. ფსალმუნები უგალობა და შესვენებულთა ლოცვა წაუკითხა, ოღონდ ვერ გადაეწყვიტა, დაემარხა თუ არა. უცებ ნახა, რომ წმიდანის შუბლზე დაწერილი იყო: „მამაო ზოსიმე, აქ დამარხე ცოდვილი მარიამის ცხედარი. ევედრე უფალს ჩემი ცოდვილი სულისთვის აპრილის პირველ დღეს“.

აბბა ზოსიმე განცვიფრდა: მან იცოდა, რომ წმიდანმა წერა-კითხვა არ იცოდა, ვის უნდა გაეკეთებინა წარწერა?

ზოსიმემ ღმერთი ადიდა, წმიდანის გვამი ცრემლებით დაასველა, შემდეგ კი გაიფიქრა: „როგორ გავთხარო საფლავი მე ცოდვილმა, ხელთ რომ არაფერი მაქვს!“ უცებ შორიახლოს ხის ტოტი დაინახა და იმითი დაიწყო თხრა, მაგრამ მიწა მშრალი იყო, არ ემორჩილებოდა. მხცოვანი ბერი წელში გაიმართა და დაინახა, რომ წმიდანის ტერფებს უზარმაზარი ლომი ლოკავდა. შიშმა შეიპყრო, პირჯვარი გადაისახა და ღვთის ნებას და წმიდანის მეოხებას მიანდო თავი. ლომი ბერს მიეახლა, აბბა ზოსიმემ, მას საფლავის ამოთხრა უბრძანა და ლომმაც თათებით გათხარა სამარე. ადამიანმა და ცხოველმა დაფლეს წმიდა მარიამის ნეშტი, შემდეგ კი ორივე თავის გზას გაუდგა: ლომი უდაბნოში წავიდა, აბბა ზოსიმე - მონასტერში.

სავანეში მოსულმა ზოსიმემ იღუმენს და ძმებს აუწყა, რაც იხილა და მოისმინა. შიშით, რწმენით და სიყვარულით დააწესეს ბერებმა წმიდანის ხსენების დღე. ღირსმა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა მიისვენა. 

ასე გადმოგვცეს წმიდა იოანე წინამორბედის მონასტრის მოღვაწეებმა ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. პირველად ის წმიდა სოფრონ იერუსალიმელმა  ჩაწერა.

ღირსი მაკარი იღუმენი

საეკლესიო კალენდარში 14 აპრილი ღირსი მაკარის (+830) - პელიკიტის მონასტრის იღუმენის ხსენების დღეა.  

მაკარი დაიბადა კონსტანტინეპოლში. იგი ადრე დაობლდა და გადაწყვიტა, ღვთის სამსახურისთვის შეეწირა თავი. ღირსი მაკარი ბითვინიაში, პელიკიტის მონასტერში წავიდა. აქ იღუმენი იყო სახელგანთქმული მოღვაწე ღირსი ილარიონი (+754;) იღუმენის გარდაცვალების შემდეგ ძმებმა მის ადგილზე ერთსულოვნად ღირსი მაკარი აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორების, ლეონ V სომეხი (813-820) და მიხეილ II (820-829) მეფობის დროს ღირსი მაკარი, წმიდა ხატთა თაყვანისცემის გამო, გადაასახლეს კუნძულ ათუსიაზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც დაახლოებით 830 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

278
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
საეკლესიო კალენდარი: 13 აპრილი

საეკლესიო კალენდარი: 13 აპრილი

272
(განახლებულია 09:11 13.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 აპრილს მღვდელმოწამე იპატიოსის, ღანგრის ეპისკოპოსის, ღირსი აპოლონ ეგვიპტელის,  მღვდელმოწამეების: აბდია ეპისკოპოსის და ბენიამენ დიაკონის, ღირსი იპატიოსისა, რუფიანელი იღუმენისა ხსენების დღეს აღნიშნავს

„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მღვდელმოწამე იპატიოსი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 13 აპრილი მღვდელმოწამე იპატიოსის, ღანგრის ეპისკოპოსის (დაახ.+326) ხსენების დღეა. 

მღვდელმოწამე იპატიოსი  პაფლაგონიაში მოღვაწეობდა. 325 წელს მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაში, რომელმაც ანათემას გადასცა არიოზის ერესი. 326 წელს, როცა წმიდა იპატიოსი კონსტანტინეპოლიდან ღანგრში ბრუნდებოდა, გზად თავს დაესხნენ მწვალებელ ნობათისა და ფელიცისმის მიმდევრები. ერეტიკოსებმა ეპისკოპოსი დაჭრეს და ჭაობში გადააგდეს. პირველმოწამე დიაკვნის სტეფანეს მსგავსად იპატი აკურთხებდა მკვლელებს. ერთი არიოზის მიმდევარი ქალის ნასროლი ქვა თავში მოხვდა წმიდანს და მოკლა. მწვალებლებმა წმიდა იპატიოსის ნეშტი გამოქვაბულში გადამალეს, სადაც ერთმა გლეხმა იპოვა. ღანგრელებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმთავრის ნაწილები. მღვდელმოწამე იპატიოსის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა

ღირსი აპოლონ ეგვიპტელი

საეკლესიო კალენდრში 13 აპრილი ღირსი აპოლონ ეგვიპტელის  (IV)  ხსენების დღეა. 

აპოლონი 15 წლის ასაკში განმარტოვდა თებაიდის უდაბნოში და იქ 40 წელი გაატარა. შემდგომ ღვთის მინიშნებით ჰერმოპოლთან ახლოს დააარსა მონასტერი, სადაც თანდათანობით 500-მდე ბერი შეიკრიბა. წმიდა აპოლონი მკაცრი მმარხველი იყო. ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს მხოლოდ კვირაობით ღებულობდა, სხვა დროს ბალახეულით იკვებებოდა.

ღირსი აპოლონის მაგალითს მიბაძეს სხვა ბერებმაც. წმიდა მოღვაწე მიიცვალა IV საუკუნეში.

მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსი და ბენიამის დიაკონი

საეკლესიო კალენდარში 13 აპრილი  მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსის და ბენიამის დიაკონის (+418-424) ხსენების დღეა. 

წმიდა აბდია სპარსეთში მოღვაწეობდა. მაზდეანური ტაძრის დანგრევისათვის მღვდელმთავარს სპარსეთის მეფემ, იეზდიგერდ I-მა (401-402) ტაძრის აღდგენა დაავალა. წმიდა აბდიამ უარყო შემოთავაზებული წინადადება, რასაც ქრისტიანული ეკლესიის დარბევა და ქრისტიანთა დევნა მოჰყვა. პირველი მსხვერპლი თვით აბდია იყო. ხანგრძლივი წამების შემდეგ, სპარსეთის ქალაქ სუზაში წმიდა აბდიას თავი მოკვეთეს. ერთი თვის მერე აწამეს სხვა ქრისტიანებიც, მათ შორის დიაკონი ბენიამინი.

ღირსი იპატიოსი, რუფიანელი იღუმენი

საეკლესიო კალენდარში 13 აპრილი ღირსი იპატიოსის, რუფიანელი იღუმენის (+446) ხსენების დღეა. 

იპატიოსი  დაიბადა ფრიგიაში (მცირე აზია) .ოჯახში მან კარგი განათლება მიიღო.  ერთხელ 18 წლის ჭაბუკი მამამ დასაჯა.  გაბრაზებულმა იპატიოსმა სახლი დატოვა და თრაკიაში (ბალკანეთი) გაემგზავრა. თავდაპირველად ღორებს მწყემსავდა, შემდეგ კი პრესვიტერთან დასახლდა, რომელიც ფსალმუნთა გალობას ასწავლიდა. მალე ღვთის რჩეული ერთერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა. სიძვის ცდუნებით შეშინებულმა 50 დღე უმკაცრეს მარხვაში გაატარა, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრის კურთხევით მწუხრის ლოცვაზე ნაკურთხი ღვინო და პური მიიღო და ცოდვისაგან განიწმიდა. მოღვაწეობისათვის ახალი ადგილის ძებნაში ღირსი იპატიოსი ორ ბერთან ერთად ქალკედონიის ახლოს, რუთინის მიტოვებულ სავანეში დასახლდა. მალე მონასტერი აღსდგა და აქ მრავალმა ბერმა მოიყარა თავი. 40 წლის ასაკში ღირსი იპატიოსი სავანის იღუმენად აირჩიეს და 40 წელი განაგებდა საძმოს. მკაცრი ცხოვრებისა და მოყვასის სიყვარულის გამო ღირსი იპატი უფლისაგან სასწაულმოწმედებისა და კურნების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით მონასტერში პური მრავლდებოდა, ეშმაკეულებს გონება უბრუნდებოდათ, ავადმყოფები იკურბებოდნენ. ღირსი იპატიოსი მიიცვალა დაახლოებით 446 წელს, 80 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან იწინასწარმეტყველა მომავალი უბედურებები: გამანადგურებელი სეტყვა, მიწისძვრა და ატილას თავდასხმა თრაკიაზე.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

272
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
ნუცა ბუზალაძე

„მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც...“ - ნუცა ბუზალაძე გათხოვებაზე საუბრობს

0
(განახლებულია 11:36 14.04.2021)
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ფიქრობს, რომ ოჯახის შექმნისთვის ქალიც და კაციც შემდგარი პიროვნება უნდა იყოს, რადგან ეს არის მყარი ოჯახის გარანტი

ნუცა ბუზალაძე „იმედის დღეში“ მიიწვიეს იმაზე სასაუბროდ, თუ როდისაა კარგი ოჯახის შექმნა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი აზრით, იდეალური ოჯახი მაშინ იქმნებოდა, როდესაც ორივე ადამიანი შემდგარია პროფესიულად. ნუცა ფიქრობს, რომ გათხოვება 30 წლის ასაკის შემდეგ არის კარგი.

მომღერლის თქმით, ორივე ადამიანი უნდა იყოს შემდგარი, როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამენ, რადგან გოგონები იმის გამოც თხოვდებიან, რომ სახლი არ აქვთ და უნდათ, სადმე თავი შეაფარონ. როცა გააზრებულად დგამ ამ ნაბიჯს და იცი, რომ შენ ეს გინდა, ასეთი ოჯახები უფრო არ არის განწირული.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

„მე ძალიან დიდხანს მიყვარს გამოცდა. ზოგადად კი, მგონია, რომ საკუთარ პროფესიაზე ვარ შეყვარებული და მაგაზე ვარ გადარეული. უკვე იმდენად მისაღები გახდა ერთად ყოფნა და შეყვარებულებად ყოფნა, რომ აღარ ჩქარობენ. უკვე მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც. ხომ არ დაკარგავენ შვილიშვილებს ამის გამო. მე, იცით, როგორი აზროვნება მაქვს? რადგან ერთხელ ვცხოვრობთ, მინდა, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ასე ფიქრობს ბევრი გოგო და ბიჭიც დღეს…“, - ამბობს მომღერალი.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები