საეკლესიო კალენდარი: 7 აპრილი

© photo: Sputnik / Boris Manushin / გადასვლა მედიაბანკშიხარების ხატი
ხარების ხატი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
მართლმადიდებლური სამყარო დღეს აღნიშნავს ხარებას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისა

ხარება ერთ–ერთია 12 ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის.

დღესასწაულის ისტორია ასეთია:
ზაქარიასთან მთავარანგელოზის გამოცხადებიდან მეექვსე თვეს გაბრიელ მთავარანგელოზი გალილეის ქალაქ ნაზარეთში იქნა მივლინებული ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.

უფლის წინაშე მდგომელმა მას ასე მიმართა: „გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეძრწუნდა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“. ზაქარია ურწმუნოების გამო არ ენდო მთავარანგელოზის სიტყვებს და დაისაჯა, მარიამი კი სიმდაბლის გამო დაეჭვდა, ამიტომ ზეციურმა მაცნემ კრძალვითა და მოთმინებით განაგრძო მისი დაჯერება: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“. იგი თანდათან უცხადებს ქალწულს, თუ ვინ იქნება მისი მუცლის ნაყოფი: „ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა იწოდის, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2019
„ღირსეული თაობა უნდა აღვზარდოთ“ – სრულიად საქართველოს პატრიარქმა მრევლს შობა მიულოცა

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა, ამიტომ ღვთისმშობელი კითხულობს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არ ვიცი?“ . ანგელოზი პასუხობს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“ და ნიშანსაც აძლევს – მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედიც, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია. ყოვლადწმიდას სისწორით უნდოდა შეტყობა ღვთის ნებისა, ეშინოდა, რომ არ შემცდარიყო, მაგრამ როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა და მიენდო უფალს: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა!“ . და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში და მისი ბუნება განწმიდა. რა იარაღითაც ჩვენი დაცემისათვის იღვაწა ეშმაკმა, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. შემთხვევითი არაა, რომ ღვთისმშობელს მარიამი – „განმანათლებელი“ ჰქვია: სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონებანი განანათლა.
უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც 25 მარტს (ძვ. სტილ. რედ. შენიშვნა) დღესასწაულობს წმიდა ეკლესია, ხარება ეწოდება, რადგან ამ დღეს არამხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, არამედ მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისაგან გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი, „თავი ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნითგან დამალულისა საიდუმლოჲსა“.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით!

 

ყველა ახალი ამბავი
0