ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ამბოხისთვის რამდენიმე სასულიერო პირი ეპარქიიდან განკვეთა

86
სტეფანეს მიერ განკვეთილები ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიმართ წაყენებული ბრალის დამტკიცებასა და პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდებებზე სინოდის სხდომაზე განხილვას ითხოვდნენ.

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ამბოხში მონაწილეობისთვის ეპარქიიდან ოთხი სასულიერო პირი განკვეთა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრძანება გამოსცა და მრევლს საკვირაო ქადაგებისას აუწყა.

მათ შორის არიან ის მღვდელმთავრები, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პროტესტს და არ ემორჩილენოდნენ მიტროპოლიტ სტეფანეს, რომელმაც ეპარქიაში პერტე (ცაავა) ჩაანაცვლა.

სტეფანეს მიერ განკვეთილები ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიმართ წაყენებული ბრალის დამტკიცებასა და პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდებებზე სინოდის სხდომაზე განხილვას ითხოვდნენ.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს“, - ნათქვამია ეპისკოპოსის ბრძანებაში.

ბრძანების თანახმად, ხსენებულმა არქიმანდრიტმა წოდებაც დაკარგა და ის მონაზონი ათინოგენი მდივანი გახდა.

ამავე დანაშაულებებისთვის მღვდელმსახურება აეკრძალა იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას). ამ ოთხ სასულიერო პირს საჯაროდ გამოთქმულმა სინანულმა შეიძლება დაუბრუნოს მღვდელმოქმედების უფლება, ხოლო მონაზონი ათინოგენი მღვდელმოქმედების დაბრუნებას ვეღარ შეძლებს, მას  მხოლოდ თავისი ცოდვების მონანიების და ზიარების საშუალება ექნება. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე 20-მდე სასულიერო პირს შეუჩერა მღვდელმსახურების უფლება.

ჭყონდიდის ეპარქიას წლების განმავლობაში პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე დანიშნა.

ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია. ისინი ითხოვენ, რომ მან ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს, საპატრიარქომ პეტრე ცაავას მიერ წაყენებული ბრალდება გამოიძიოს და მიტროპოლიტად კვლავ ის დააბრუნოს.

ნიკა ლატარია

86
სამების საკათედრო ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 18 აპრილი

370
(განახლებულია 23:12 17.04.2021)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონის, თეოდულე წიგნისმკითხველის, ღირსი პუპლიოს ეგვიპტელის, ღირსთა: ფეონასი, სვიმეონისა და ფორბინესი; ღირსი მარკოზ ათენელისა ღირსი პლატონის, სტუდიელი აღმსარებელის,  ღირსი თეოდორა თესალონიკელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

აღათოპოდი დიაკონი, და თეოდულე მკითხველი

საეკლესიო კალენდარში 18 აპრილი მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონისა, თეოდულე წიგნისმკითხველისა და მათთანათა (+303) ხსენების დღეა.

აღათოპოდი დიაკონი და თეოდულე მკითხველი თესალონიკში ცხოვრობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანესა (284-305) და მაქსიმიანეს (284-305) დროს. წმიდა დიაკონი აღათოპოდი ღრმად მოხუცი იყო, წმიდა თეოდულე მკითხველი კი - ახალგაზრდა. ისინი ღვთივსათნო ცხოვრებით და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ. 

ერთხელ წმიდა თეოდულემ ძილში იხილა, რომ სპეტაკი სამოსლით შემოსილმა უცნობმა რაღაც ნივთი გადასცა. როცა გამოიღვიძა, ხელში ჯვრის გამოსახულებიანი ბეჭედი ეჭირა. თეოდულე მიხვდა, რომ ეს იყო ნიშანი მომავალი წამებისა. ბეჭედზე გამოსახული ჯვრის ძალით მან მრავალი ავადმყოფი განკურნა და წარმართებიც მოაქცია.

როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ (303), ბევრი მორწმუნე დაიმალა, მაგრამ წმიდა აღათოპოდი და თეოდულე უშიშრად აგრძელდებდნენ ქადაგებას.

თესალონიკის მმართველმა ფაუსტინმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ქრისტიანები. ის გააკვირვა წმიდა თეოდულეს სილამაზემ და დაკანონებული მსხვერპლშეწირვის შესრულება ურჩია. თეოდულემ უპასუხა, რომ დიდი ხანია თავი დაანება უსჯულო ცხოვრებას და ეცოდება ფაუსტინი, რომელიც მარადიულ სიკვდილს უმზადებს სულს. მმართველმა მოწამეს არჩევანი შესთავაზა: მშვიდი სიცოცხლე, ან სიკვდილი. წმიდანმა უპასუხა, რომ ირჩევს მარადიულ სიცოცხლეს და წარმავალი სიკვდილის არ ეშინია. როცა ფაუსტინმა თეოდულეს სიმტკიცე დაინახა, გადაწყვიტა, წმიდა აღათოპოდი მოედრიკა და უთხრა, ახალგაზრდა თეოდულემ კერპებს მსხვერპლი შესწირაო, მაგრამ წმიდა დიაკონმა არ დაიჯერა.

მმართველმა მოწამეების საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა. ციხეში მოწამეები ისე ლოცულობდნენ და ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, რომ მრავალი პატიმარი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ციხის უფროსმა ევტინიმ ქრისტიანები მმართველთან დაასმინა. 

ფაუსტინმა კვლავ უხმო სამსჯავროზე წმიდა მოწამეებს. თეოდულეს თვალწინ ყოფილი ქრისტიანები აიძულეს მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის. „უძლურებზე გაიმარჯვეთ, ქრისტეს ერთგულ მხედრებს კი ვერაფერს დააკლებთ!“ - უთხრა წმიდანმა მმართველს.

მმართველის ბრძანებით ქრისტეს მხნე აღმსარებელი დასასჯელად გაიყვანეს. ჯალათმა მახვილი იშიშვლა. მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.

დილით ფაუსტინმა უკანასკნელად შესთავაზა მოწამეებს წარმართობაზე მოქცევა, მაგრამ პასუხად კვლავ უარი მიიღო. მაშინ მმართველის ბრძანებით წმიდანებს ქვები გამოაბეს ყელზე და ზღვაში ჩაყარეს (+303).

ზღვამ ნაპირზე გამორიყა წმიდანთა სხეულები სპეტაკი სამოსლებით, ქვებისა და თოკების გარეშე. ქრისტიანებმა წმიდა ნაწილები პატივით დაფლეს.

პუპლიოს ეგვიპტელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 18 თებერვალს ღირსი პუპლიოს ეგვიპტელის (IV) ხსენების დღეა. 

პუპლიოსი მოღვაწეობდა ეგვიპტის უდაბნოში იმპერატორ იულიანე განდგომილის დროს. სპარსელებზე გალაშქრების წინ იმპერატორმა გრძნეული გაგზავნა გზის დასაზვერად. ღირსმა პუპლიოსმა სული წმიდის მადლით გაიგო იმპერატორის განზრახვა და ლოცვად დადგა. იმპერიაში ცნობილი ჯადოქარი ათი დღის განმავლობაში ელოდა, როდის დაასრულებდა ღირსი მამა ლოცვას, ბოლოს კი იმპერატორთან მივიდა და აუწყა თავისი დამარცხება. გამძვინვარებულმა იულიანემ ფიცი დადო, რომ დაბრუნებისთანავე შურს იძიებდა წმიდანზე, მაგრამ ფიცის შესრულება ვერ შეძლო, რადგან მალე დაიღუპა. იულიანეს ერთ-ერთმა მხედართმთავარმა მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, წმიდა პუპლიოსთან წავიდა და ბერად აღიკვეცა.

ფეონა, სვიმეონი და ფორბინე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 2019 წლის 18 აპრილი ღირსი ფეონას, სვიმეონისა და ფორბინეს  (IV) ხსენების დღეა. 

ფეონას, სვიმეონისა და ფორბინეს შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, მათი სახელები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა. ცნობილია, რომ ისინი IV საუკუნეში მოღვაწეობდნენ და თავიანთი წმიდა ცხოვრებით საუკუნო სასუფეველი დაიმკვიდრეს. წმიდა ეკლესია სათუთად ინახავს მათ ხსოვნას და ყოველი წლის 5 აპრილს იხსენიებს და ითხოვს მათგან შეწევნასა და მეოხებას.

მარკოზ ათენელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 18 აპრილი ღირსი მარკოზ ათინელის (+400) ხსენების დღეა.

მარკოზ ათინელი (+400) დაიბადა ათენში. თავისი ცხოვრება მან მოუთხრო აბბა სერაპიონს, რომელმაც ღვთის ნებით სიკვდილის წინ მოინახულა. 

ბავშვობაში  მარკოზი ფილოსოფიას სწავლობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში წავიდა და დასახლდა თრაკიის მთის გამოქვაბულში. ღირსი მამა 95 წელი ცხოვრობდა დაყუდებულად და ამ ხნის განმავლობაში არამცთუ ადამიანები, ფრინველები და ცხოველებიც არ უნახავს. მოღვაწეობის პირველი ოცდაათი წელი ყველაზე მძიმე იყო ღირსი მარკოზისთვის. მისი საზრდელი იყო უდაბნოს მცენარეები და ზღვის მლაშე წყალი. არაწმიდა სულები დევნიდნენ ღირს მამას და უყვიროდნენ: „განვედ ჩვენი მიწისაგან! ქვეყნიერების დასაბამიდან ადამის ძეს აქ ფეხი არ დაუდგამს, შენ როგორ გაბედე მოსვლა?“

ოცდაათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მეუდაბნოეზე სულიწმიდის მადლი გადმოვიდა. ანგელოზებს საკვები მოჰქონდათ მასთან, სხეული თმებით შეემოსა, რაც ყინვისა და სიცხისგან იცავდა. „მე ვიხილე სამოთხე და ილია და ენოქ წინასწარმეტყველნი, რაც ვითხოვე, ყოველივე მაჩვენა უფალმა“, - უთხრა ღირსმა მამამ ბერ სერაპიონს. ღირსმა მარკოზმა სერაპიონს ჰკითხა, - თუ არიან ქვეყნად ისეთი წმიდანები, სასწაულთმოქმედნი, რომელთა შესახებაც უფალი ამბობს: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგვისაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“ (მთ. 17,20). როგორც კი წმიდანმა ეს სიტყვები წარმოთქვა, მთა იძრა და 5000 წყრთით გადაიწია ზღვისკენ. როდესაც ღირსმა მარკოზმა ეს დაინახა, მთას მიმართა: „მე არ მიბრძანებია შენთვის ადგილიდან დაძვრა, დაბრუნდი!“ მთა მართლაც დაბრუნდა ძველ ადგილას. აბბა სერაპიონი პირქვე დაემხო. ღირსმა მარკოზმა სერაპიონი წამოაყენა და ჰკითხა: „ნუთუ ასეთი სასწაულები არასოდეს გიხილავს?“ - „არა, მამაო“, - უპასუხა სერაპიონმა. ღირსმა მარკოზმა მწარედ ამოიგმინა: „ჰოი, უბედურო დედამიწავ, აღარ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები!“

ამის შემდეგ ღირსმა მარკოზმა აბბა სერაპიონი ტრაპეზზე დაპატიჟა. საჭმელი ანგელოზმა მოიტანა. სერაპიონმა თქვა, ამაზე ტკბილი საჭმელი არასოდეს მიგემიაო. „ძმაო სერაპიონ, - მიუგო ღირსმა მარკოზმა, - ყოველდღე უფალი თითო პურსა და თევზს მიგზავნის, დღეს კი ორი გამომიგზავნა, რადგან სტუმარი მყავს“.

მიცვალების წინ ღირსმა მარკოზმა უფალს შეავედრა ქრისტიანები და მთელი ქვეყანა, აბბა სერაპიონს კი სთხოვა, გამოქვაბულში დაემარხა იგი და შესასვლელი ქვებით ამოეგმინა. აბბა სერაპიონმა იხილა, თუ როგორ აღიყვანეს ცად ანგელოზებმა 130 წლის ბერის სული (+400).

პლატონ აღმსარებელი, სტუდიელი

საეკლესიო კალენდარში 18 აპრილი ღირსი პლატონ აღმსარებლის  (+814) ხსენების დღეა. 

პლატონი დაიბადა 735 წელს ღვთისმოსავ ქრისტიანთა, სერგისა და ეფემიას ოჯახში. ადრე დაობლებული ყმაწვილი ნათესავებმა აღზარდეს და კარგი განათლება მისცეს. სრულწლოვანებას მიღწეულმა პლატონმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მან თავიდან მემკვიდრეობით მიღებული მამულის მოვლას მიჰყო ხელი და თავისი შრომისმოყვარეობის წყალობით დიდძალი ქონება დააგროვა, შემდეგ კი ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მონები გაანთავისუფლა და მონასტერში განმარტოვდა.

მან ლოცვის მხურვალებით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით მთელი საძმოს სიყვარული დაიმსახურა. თავისუფალ დროს ღირსი პლატონი აღადგენდა კრებულებს წმიდა მამათა თხზულებებიდან, იწერდა ღვთისმსახურებისთვის საჭირო წიგნებს. 770 წელს გარდაიცვალა მონასტრის წინამძღვარი თეოქტიტე. ძმებმა ახალ იღუმენად ღირსი პლატონი აირჩიეს, თუმცა ის მხოლოდ 35 წლის იყო. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონომის (775) სიკვდილის შემდეგ წმიდანი კონსტანტინეპოლში ჩავიდა. მან უარი განაცხადა შემოთავაზებული ნიკომიდიის სამიტროპოლიტოს მართვაზე და ძმისშვილებთან, წმიდა თეოდორესთან (+826, ხს. 11 ნოემბერს) და იოსებთან (+830, ხს. 26 იანვარს) ერთად სოკუდიონის უდაბნოში განმარტოვდა. მათ მთაზე ააშენეს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და დააარსეს მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი პლატონი გახდა. ღირსმა მამამ მონაწილეობა მიიღო 787 წლის ნიკეის მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, სადაც ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და დაიცვა წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონი.

ასაკში შესულმა პლატონმა მონასტრის წინამძღვრობა ღირს თეოდორეს გადასცა.

795 წელს იმპერატორმა კონსტანტინე VI (780-797) თავისი მეუღლე, მარიამი, აიძულა მონაზვნად აღკვეცილიყო, თვითონ კი გადაწყვიტა ჯვარი დაეწერა თავის ნათესავ თეოდოტიაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ წმიდა პატრიარქმა ტარასიმ დაგმო ეს ქორწინება, კონსტანტინეპოლის ერთ-ერთმა ცნობილმა მღვდელმა იოსებმა დაარღვია ტარასის ბრძანება და ჯვარი დასწერა იმპერატორს.

ეს რომ ღირსმა პლატონმა და თეოდორემ გაიგეს, ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადეს იმპერატორი და ამის შესახებ ეპისტოლეები გაუგზავნეს ყველა მონასტერს. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა პლატონი საპყრობილეში ჩაეგდოთ, ღირსი თეოდორე კი თესალონიკში გადაესახლებინათ. ნეტარი მამები მხოლოდ იმპერატორის სიკვდილის შემდეგ, 797 წელს განთავისუფლდნენ. ღირსი თეოდორე კონსტანტინეპოლში გადავიდა და სტუდიონის მონასტრის იღუმენი გახდა, ღირსი პლატონი კი იმავე მონასტერში ცხოვრობდა უბრალო ბერად, თავისი ძმისწულის მორჩილებაში.

როდესაც ახალმა იმპერატორმა ნიკიფორემ (802-811) ეკლესიაში თვითნებურად დააბრუნა განკვეთილი ღვთისმსახური იოსები, ღირსმა პლატონმა და თეოდორემ კვლავ გაბედულად ამხილეს მისი უკანონო ქმედება. ამისთვის ღირსი მამები ისევ დასაჯეს. ოთხი წლის პატიმრობისა და იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, 811 წელს, ისინი გაანთავისუფლეს. ღირსი პლატონი სტუდიონის მონასტერში დაბრუნდა.

მან კიდევ სამი წელი გაატარა მონასტერში და მიიცვალა შობითგან 79-ე წელს, 814 წლის 8 აპრილს, ლაზარეს შაბათს.

ღირსი თეოდორა თესალონიკელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 18 აპრილი ღირსი თეოდორა თესალონიკელის (+892) ხსენების დღეა.

თეოდორა თესალონიკელი ქრისტიანი მშობლების, ანტონის და ქრიზანთას შვილი იყო. სრულწლოვანებას მიღწეული თეოდორა გათხოვდა და ეყოლა ქალიშვილი. სარკინოზთა შემოსევის (823) შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თესალონიკში გადასახლდა. აქ ღირსმა თეოდორამ თავისი ქალიშვილი მონასტერში მიაბარა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.

წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც. როდესაც მონასტრის იღუმენია გარდაიცვალა, მისი კუბოს დასვენება უნდოდათ ღირსი თეოდორას კუბოს გვერდით, ღირსმა დედამ ცოცხალივით გაიწია განზე კუბოსთან ერთად - სიკვდილის შემდეგაც მორჩილების მაგალითი აჩვენა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

370
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს ლავანდებისა და ვარდების არშია ამშენებს

საეკლესიო კალენდარი: 17 აპრილი

283
(განახლებულია 09:02 17.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 აპრილს ღირსი იოსებ მგალობელის, ღირსი გიორგი მალეიელის,  ღირსი ზოსიმეს და მოწამე ფერბუთა ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik საქართველო  მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

იოსებ მგალობელი

საეკლესიო კალენდარში წლის 17 აპრილი წმიდა იოსებ მგალობელის (+883) ხსენების დღეა.

იოსებ მგალობელი დაიბადა სიცილიაში, ღვთისმოსავი ქრისტიანის ოჯახში. მისი მშობლები, პლატონი და აღათია ბარბაროსების თავდასხმებს გაერიდნენ და პელოპონესში გადასახლდნენ. თხუთმეტი წლის იოსები თესალონიკეში წავიდა და მონასტერში დასახლდა. ღვთისმოსაობით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით გამორჩეული ღირსი იოსები პრესვიტერად აკურთხეს. 

ერთხელ მონასტერში მოვიდა ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი. მან შეამჩნია ახალგაზრდა ბერი და თან წაიყვანა კონსტანტინეპოლში. ეს იყო ლეონ სომეხის (813-820) მეფობის ხანა - ხატმებრძოლობის ერესის აღზევების ჟამი. ღირსი გრიგოლი და იოსები უშიშრად იცავდნენ წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონს. ისინი ქადაგებდნენ ქალაქის მოედნებზე, მიდიოდნენ მართლმადიდებლებთან და განამტკიცებდნენ მათ რწმენას. კონსტანტინეპოლის ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო: იმპერატორიც და პატრიარქიც ხატმბრძოლები იყვნენ.

მაშინ რომის ეპისკოპოსები ერთიანობაში იყვნენ მსოფლიო ეკლესიასთან და პაპ ლეონ III-ს, რომელიც დამოკიდებული არ იყო ბიზანტიის იმპერატორზე, შეეძლო დახმარების ხელი გაეწოდებინა მართლმადიდებლებისათვის. ბერებმა პაპთან გასაგზავნად ღირსი იოსები შეარჩიეს. ღირსმა გრიგოლმა აკურთხა წმიდა მამა.

გზად მიმავალი იოსები შეიპყრეს ხატმბრძოლებისაგან მოსყიდულმა არაბმა ყაჩაღებმა, კუნძულ კრეტაზე წაიყვანეს და ერეტიკოსებს გადასცეს. ტყვე საპყრობილეში ჩააგდეს. ღირსი იოსების ლოცვით და მაგალითით ერთი სულიერად მოუძლურებული ეპისკოპოსი ისე გამხნევდა, რომ მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. 

ღირსმა იოსებმა ექვსი წელი გაატარა საპყრობილეში. 820 წლის შობის ღამეს მას გამოეცხადა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი და აუწყა ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის გარდაცვალება და წმიდა ხატთა დევნის შეწყვეტა. წმიდა ნიკოლოზმა ღირს მამას გადასცა გრაგნილი, რომელზეც ეწერა: „მსწრაფლ ჰყვნენ, მოწყალეო, და შეგვეწიენ“. იოსებმა გრაგნილი გადაყლაპა და თქვა: „რაბამ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“ (ფს. 118, 103). ამ გალობის შემდეგ წმიდა იოსებს ბორკილები შეეხსნა, საპყრობილის კარები განიხვნენ, ქარმა წმიდა მამა ცაში აიტაცა და კონსტანტინეპოლის მახლობლად ჩამოსვა. ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი გარდაცვლილიყო, დარჩენილიყო მხოლოდ მისი მოწაფე ნეტარი იოანე ისიც მალე გარდაიცვალა. ღირსმა იოსებმა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ეკლესია ააგო და ღირსთა - გრიგოლისა და იოანეს წმიდა ნაწილები იქ გადაასვენა. შემდგომ ამ ადგილას მონასტერი გაშენდა.

ღირსმა იოსებმა ერთი ღვთისმოსავი კაცისაგან მიიღო ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილი, ააშენა ეკლესია წმიდა მოციქულის სახელზე და გადაწყვიტა, მის განსადიდებლად საგალობელი შეეთხზა. ორმოცი დღე ლოცვითა და მარხვით, ცრემლით ემზადებოდა ღირსი იოსები წმიდა ბართლომეს დღესასწაულისათვის. მწუხრის ლოცვაზე მას მოციქული გამოეცხადა, მკერდზე წმიდა სახარება დაადო და საეკლესიო საგალობლების შეთხზვის კურთხევა მისცა. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ ღირსმა იოსებმა დაწერა ჯერ წმიდა ბართლომეს, შემდეგ კი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა განსადიდებელი კანონები. 

ხატმებრძოლობის ერესის განახლებისას, იმპერატორ თეოფილეს (829-842) დროს, ღირსმა იოსებმა მეორეჯერ დაითმინა დევნა ერეტიკოსთაგან: თერთმეტი წელი ხერსონში იყო გადასახლებული; 842 წელს წმიდა თეოდორა დედოფლის ბრძანებით იგი გაანთავისუფლეს, მაგრამ დედოფლის ძმის, ბარდას მხილებისთვის კვლავ გადაასახლეს და დააბრუნეს მხოლოდ ბარდას გარდაცვალების შემდეგ, 867 წელს.

პატრიარქმა ფოტიოსმა (857-867, 877-886) წმიდანი ძველ ხარისხსა და უფლებებში აღადგინა და კონსტანტინეპოლელი ქრისტიანების მოძღვრად დანიშნა.

ღრმად მოხუცი ღირსი იოსები დაავადმყოფდა. დიდ პარასკევს უფალმა მას გამოუცხადა, რომ მალე განისვენებდა მართალთა ძილით. ღირსმა მამამ აღწერა სოფიის ტაძრის საგანძური და გაუგზავნა პატრიარქ ფოტიოსს; რამდენიმე დღე ემზადებოდა სიკვდილისათვის. ეზიარა, აკურთხა მასთან მყოფნი, ბოლოს კი სიხარულით შეავედრა სული უფალს.

გიორგი მალეიელი

საეკლესიო კალენდარში 17 აპრილი ღირსი გიორგი მალეიელის (IX) ხსენების დღეა.

გიორგი მალეიელი მონაზონი იყო. იგი მოღვაწეობდა პელოპონესში მალეის მთაზე და იქვე გარდაიცვალა. მას, წმინდა ცხოვრებისათვის, მიწიერ ანგელოზს უწოდებდნენ.

ზოსიმე პალესტინელი

საეკლესიო კალენდარში 17 აპრილი ზოსიმე პალესტინელის ხსენების დღეა. 

ზოსიმე პალესტინელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ძუნწი ცნობები შემონახულია წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში, საიდანაც ვგებულობთ, რომ აბბა ზოსიმე ადრეული ყრმობის ასაკში შესულა პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, სადაც მკაცრ ასკეტურ მოღვაწეობაში გაუტარებია 53 წელი, შემდეგ კი უფლის ჩაგონებით გადასულა იორდანიის მხარეშიდა იქ, უდაბნოში, შეხვედრია ღირს დედა მარიამ მეგვიპტელს, რომელსაც ბერისათვის მოუყოლია თავისი თავგადასავალი. წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში აბბა ზოსიმეს შესახებ ნათქვამია, რომ მას ჰქონდა მონასტრული ცხოვრების დიდი გამოცდილება და ამიტომაც მიმართავდნენ რჩევისათვის არა მარტო იმ სავანიდან, სადაც იგი მოღვაწეობდა, არამედ მეზობელი და შორეული მონასტრებიდანაც კი. ჩანს, რომ მას ზეპირი საუბრები უფრო ეხერხებოდა, ვიდრე წერა. წმიდა მარიამის შესახებაც მან მონასტრის ძმებს გადასცა ზეპირად და ერთ-ერთმა ძმათაგანმა - წმიდა სოფრონმა, გადაიტანა ქაღალდზე. წმინდანის საუბრების უმეტესობა ჩაწერილია გერასიმეს ლავრაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე აბბა ზოსიმეს საუბრების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია, ამ მცირეოდენითაც კარგად ჩანს, თუ როგორ განვლო წმიდა მამამ მრავალი წლის მანძილზე ბერული ცხოვრების გზა, როგორ გაიარა ქრისტიანულისრულყოფის ყველა ხარისხი და როგორ ავიდა სიწმიდის მწვერვალზე, რაც მიიღწევა ღვთის მადლის შეწევნით. ღირსმა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა მიისვენა.

წმიდა ზოსიმეს სწავლანი ქართულად ბრწყინვალედ უთარგმნია ღირს მამა ექვთიმე მთაწმინდელს XI საუკუნეში. 

ფერბუთა ქალწული

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 17 აპრილი წმიდა მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეა. 

ფერბუთა ქალწული დასთან და მხევალთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 341-343 წლებს შორის. ფერბუთა და მისი და, რომლის სახელიც უცნობია, იყვნენ ქრისტესთვის აღსრულებული სელევკიის ეპიკოპოსის სიმეონის ღვიძლი დები. ისინი მოსამსახურესთან ერთად წაიყვანეს სპარსეთის მეფის, საპორის კარზე. წმიდა ფერბუთა საარაკო სილამაზით გამოირჩეოდა. დედოფალმა მას ურჩია, გათხოვილიყო, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა, რადგან ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. მალე დედოფალი დასნეულდა. მის სამკურნალოდ მოწვეული მოგვი დაატყვევა ქალწულის სილამაზემ და ცოლობა სთხოვა. წმიდა ფერბუთამ კი უპასუხა, რომ ის ქრისტეს სასძლოა.

გაბოროტებულმა მოგვმა მეფეს მოახსენა, დედოფალი მოახლეების მიერ არისო მოწამლული, რის შემდეგაც, საპორის ბრძანებით, წმიდა ფერბუთა დასთან და მოახლესთან ერთად დაატყვევეს.

სასამართლოზე წმიდა მოწამეებმა უშიშრად აღიარეს ქრისტიანობა, განაცხადეს, რომ ბოროტება არ ჩაუდენიათ, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილის დასათმენად მზად არიან.

მთავარი მოსამართლე, მოგვი მავპტისიც დააბრმავა ქალწულის სილამაზემ და საიდუმლოდ შესთავაზა საპყრობილიდან განთავისუფლება, თუ ის ცოლობაზე დათანხმდებოდა. იმავე წინადადებით მიმართა ფერბუთას ორმა სხვა მსაჯულმაც. წმიდა ქალწულმა ყველა წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ქრისტეს სასძლოა და მიწიერ ქორწინებაზე არასოდეს დათანხმდება.

ამის შემდეგ მოწამეებს ჯადოქრობაში და დედოფლის მოწამლვაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს.

 ქრისტიანებმა მალულად ამოასვენეს წმიდა მოწამეთა ნეშტი და პატივით დაასაფლავეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

283
თემები:
საეკლესიო კალენდარი
კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდაში 39 წლის ექთანი დააკავეს

0
(განახლებულია 11:30 18.04.2021)
ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდის მკვიდრი ქალი დააკავა, იუწყება გამოცემა USA Today.

სამართალდამცველებმა 39 წლის ექთანი ნივიან პეტი ფელპსი (Niviane Petit Phelps) ხუთშაბათს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული „შეგნებულად და განზრახ იმუქრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოკვლით და სხეულის დაზიანების მიყენებით“.

საიდუმლო სამსახურის მონაცემებით, ბრალდებულმა მეუღლეს, რომელიც ციხეში პატიმრობას იხდის, რამდენიმე ვიდეო გაუგზავნა, სადაც გამოხატავდა რისხვას 2020 წლის არჩევნების შედეგების გამო, ასევე იარაღის ტარების ნებართვას მოითხოვდა. სასამართლოს ხელთ არსებული დოკუმენტებით, ფელპსმა ჩაწერა ხუთი ვიდეორგოლი, სადაც ჰარისის მოკვლით იმუქრებოდა და კონკრეტულ თარიღს ასახელებდა. აღნიშნულია, რომ ქალის მუქარას ამყარებდა მისი რწმენა, თითქოს ჰარისი „სინამდვილეში შავკანიანი არაა“.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომელშიც ფელპსი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ მას დაითხოვენ.

ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

0